ჯესიკა ბილი: "წარსულში დავბრუნდებოდი, ინტერნეტი მაინც არ იქნებოდა"

ჯესიკა ბილი: "წარსულში დავბრუნდებოდი, ინტერნეტი მაინც არ იქნებოდა"

მას მერე, რაც გათხოვდა და ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ჯასტინ ტიმბერლეიკის ცოლი გახდა, ჯესიკა ბილს მუშაობა არ შეუჩერებია. წელს ერთდროულად ორი ფილმი გამოვიდა მისი მონაწილეობით. ერთი იყო ტრილერი "მაღალი კაცი". თებერვლის ბოლოს კი "ჰიჩკოკის" პრემიერა გაიმართა. ჯესიკამ ვერა მაილზი განასახიერა - დიდი რეჟისორის ერთ-ერთი ფავორიტი.

"ჰიჩკოკს უკეთ გავუგე"

- როგორ ირჩევთ როლებს?

- სხვადასხვანაირად! პირველ რიგში, ჩემთვის ადამიანები არიან მთავარი - როგორც ცოცხლები, ასევე ისინი, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ. შეიძლება რეჟისორის ენთუზიაზმი გადამედოს, ან პერსონაჟმა გამიტაცოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ვამჯობინებ, რაც შეიძლება საპირისპირო ადამიანის სახე იყოს. ძალიან მაგარია ისეთი ვინმეს ტყავში შეძრომა, რომელიც შენგან პრინციპულად განსხვავდება.

- ამიტომაც დათანხმდით ვერა მაილზის როლზე?

- გარკვეულწილად. თქვენ წაგიკითხავთ მსახიობების სია? ენტონი ჰოპკინსი, ჰელენ მირენი, სკარლეტ იოჰანსონი... მათთან შეხვედრა გადასაღებ მოედანზე დიდი სიამოვნებაა! და ბოლოს, უბრალოდ ვგიჟდები იმ ეპოქაზე - სამოსი, მუსიკა, გარემო ერთიანობაში...

- ფილმში ჰიჩკოკის ბნელი მხარეა ნაჩვენები. თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა?

- ასე ვთქვათ, უკეთ გავიგე მისი ხასიათი. მისი მბრძანებლობა, ადამიანების მანიპულირებისკენ მიდრეკილება - ეს ჰიჩკოკის პიროვნებისა და რეჟისორული სტილის ნაწილია. რასაკვირველია, ყველა ვერ ახერხებდა ასეთ მიდგომასთან შეგუებას - ბევრი ამბავი მომისმენია, როგორი პრობლემები ჩნდებოდა გადასაღებ მოედანზე... მაგრამ ის თავის ფილმებში იმდენ ძალასა და ვნებას დებდა, ამის გამო შეიძლება ყველაფერი აპატიო.

- ვერასთან მის ურთიერთობაზე რას იტყვით?

- მარტივს ვერ უწოდებ. ორივე ხედავდა ურთიერთში ნიჭს, ძლიერ შემოქმედებით საწყისს და პატივსაც სცემდა ამას.

"არ მიყვარს კომპიუტერი!"

- როგორ ფიქრობთ, მსახიობებს ახლა უფრო უიოლდებათ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება, ვიდრე იმ წლებში?

- მგონი, უფრო რთული გახდა - საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. საერთოდაც, ადრე ადამიანები ყველაფერს უფრო მშვიდად უყურებდნენ. სიამოვნებით დავბრუნდებოდი წარსულში თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ ინტერნეტი მაინც არ იყო.

- თქვენგან ამის მოსმენას არ ველოდი. ცოტა ხნის წინ "ტვიტერი" აამოქმედეთ...

- მეგობრებმა მირჩიეს... ახლა ვფიქრობ, მეგობრები არიან თუ მტრები? (იცინის)

- სოციალურ ქსელებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?

- ასე ვიტყვი - ისინი მომწონს, მაგრამ ყოველთვის ვერ ვუგებ. საბედნიეროდ, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს - კომპიუტერთან ძალიან ცოტა დროს ვატარებ.

- აბა, თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- ვკითხულობ! ბოლო დროს ძირითადად სცენარებს ვკითხულობდი, მაგრამ ახლა წიგნებსაც ვუბრუნდები. კიდევ მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან ერთად კონცერტებზე დავდივარ... მე ცხოვრების მარტივი სიამეების მომხრე ვარ.

"სულ მეშინია, წითელ ხალიჩაზე არ დავვარდე"

- გემოვნებით იცვამთ? სტილისტები გირჩევენ თუ თვითონ ირჩევთ სამოსს?

- საჯარო გამოსვლებისთვის პროფესიონალების რჩევებით ვსარგებლობ, წითელი ხალიჩა ხომ სამუშაოს ნაწილია, რომელიც უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულო. დღემდე ვღელავ ოფიციალური ღონისძიებების წინ - პრემიერაზე ან წვეულებაზე მიმავალი მანქანაში იმაზე ვფიქრობ, მაკიაჟი არ გამეთხაპნოს, კბილებში სალათის ფოთოლი არ გამეჩხიროს, ან უცებ არ დავვარდე... საშინელებაა!

- პაპარაცების შიში ხომ არ გალაპარაკებთ?

- შეიძლება, ოღონდ ცოტათი. უფრო მსურს, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო, და არა მხოლოდ ფოტოგრაფების ხროვაზე.

- თავს როგორ უვლით?

- სატრენაჟორო დარბაზი ჩემთვის ნარკოტიკივით არის. ყოველდღიური დატვირთვა მჭირდება. დიდხანს უმოძრაოდ ვერ ვძლებ.

- გამიგონია, გოლფი გიყვართ. თქვენი ქმარი ჯასტინ ტიმბერლეიკიც კარგად თამაშობს?

- ის ჩემთან შედარებით ნამდვილი პროფესიონალია!

- გასწავლით?

- არა, პირიქით - ჩვენ მეტოქეები ვართ. სხვადასხვა ინსტრუქტორთან ვსწავლობ. როცა გადაღებებზე მივდივარ, აუცილებლად ვპოულობ სადმე ახლოს გოლფკლუბს და ვვარჯიშობ. ასე რომ, ჯასტინს ჯერ კიდევ წინ აქვს მარცხი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება