ნინი დედალამაზიშვილს გოგონა შეეძინა

ნინი დედალამაზიშვილს გოგონა შეეძინა

ბუკლიკო მოგესალმებათ და საკაიფო ამბებს გადმოგილაგებთ. წინა კვირას სულ იმას ვიგებდი, რომ ვიღაცას ბავშვი შეეძინა, რის გამოც ძალიან გახარებული ვარ. ძლივს არ გავიგე სასიამოვნო სიახლეები?!.

დედალამაზიშვილების ოჯახი არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც მეტად საყვარელია, იქ მისულს ისე შინაურულად გექცევიან, თავი საკუთარ ოჯახში გგონია. ჰოდა, როგორ შეიძლება, ასეთი თბილი ხალხის სიხარული ჩვენც არ გავიზიაროთ და მათ ოჯახში შემატებული პაწაწინა წევრის შესახებ არ გიამბოთ. როგორც იცით, "მგზავრების" სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი, მოულოდნელად გათხოვდა, მალევე გავიგეთ მისი ორსულობის ამბავი, 10 მარტს კი ის პატარა გოგონას დედა გახდა. ბავშვს სახელად ელენე მამამ, კოტიკო ყიფიანმა შეურჩია, რომელიც მომღერალი გახლავთ და ჯგუფ "ალილოსთან" ერთად სიმღერას "წვიმს" ასრულებს. თურმე ნინის წინასამშობიარო პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა, ამასობაში სამშობიაროს ეზოში უამრავ ხალხს მოუყრია თავი, შეიკრიბნენ ნინის, მისი მეუღლის და ასევე გიგის მეგობრები. როგორც ნინი ამბობს, ბავშვის დაბადებისთანავე "მგზავრებსა" და მომღერალი მამის მეგობრებს "მრავალჟამიერი" დაუგუგუნებიათ.

ახალბედა დედას მისალოცად დავუკავშირდი და თან ამბებიც გამოვკითხე.

- ნინი, გილოცავ პატარის შეძენას. გაგვიზიარე შენი ემოციები..

- უღრმესი მადლობა, ჩემი პატარა 10 მარტს დავით გაგუას სამშობიაროში საკეისრო კვეთით გაჩნდა. სახელი - ელენე ჩემმა მეუღლემ შეურჩია, რომელიც წინასამშობიარო პერიოდში სულ ჩემთან იყო და მამხნევებდა. თურმე გიგი ისე ნერვიულობდა, მგონი, ჩემთან ერთად "იმშობიარა" (იღიმება). პატარა რომ დაინახა, თვალზე ცრემლი მოადგა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ. ელენეს რომ ვუყურებ, განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, სულ მგონია, რომ რაღაც უნდა და სათანადოდ ვერ ვუკეთებ, ძალიან საყვარელია. ახლა სამშობიაროში ვარ, აქედან ხუთ დღეში გამწერენ და დედასთან წავალ, ის მომეხმარება ბავშვის გაზრდაში.

- რას ფიქრობ, მალევე ჩადგები სამუშაო ფორმაში?

- კი, რადგან ძალიან მენატრება ძველებურად, რიტმში ცხოვრება. თან, ელენეს რომ ვუყურებ, უფრო მეტი რაღაცის გაკეთება მინდა, სტიმულს მმატებს, რომ კარგად ვიმუშაო. ბევრი კარგი იდეა და პროექტი მიტრიალებს თავში და იმედია, განვახორციელებ.

- ბავშვს ვის დაუტოვებ, ძიძას აიყვან?

- სიმართლე გითხრა, ძიძებს არ ვენდობი, ამიტომ ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ. გარკვეული პერიოდი თავიდან ბოლომდე თავად ვიზრუნებ ჩემს შვილზე, მერე კი ალბათ ციცი აიღებს საკუთარ თავზე ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს (იღიმის).

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება