რას სთავაზობს პარლამენტარი ანი მიროტაძე გოგა ხაჩიძეს

რას სთავაზობს პარლამენტარი ანი მიროტაძე გოგა ხაჩიძეს

ანი მიროტაძე ახალი მოწვევის პარლამენტში "ეროვნული ფორუმის" კვოტით მოხვდა. საქართველოს პარლამენტი ქალბატონების სიმცირით გამოირჩევა, ამიტომ თითქმის ყველა მათგანი მალე გავიცანით და ადვილად დავიმახსოვრეთ. მართალია, ძალიან უჭირს კვირაში სამჯერ თბილისი-ქუთაისის მარშრუტზე სიარული, მაგრამ "ქართული ოცნების" წევრებს პრეზიდენტის მიერ მოწყობილი სიურპრიზის ატანა უწევთ და ბოლომდე იბრძვიან პარლამენტის თბილისში გადმოსატანად.

-  პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვხვდი. მანამდე თხუთმეტი წელი მედიაში გავატარე. ბოლო ხუთი წელი ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან.

-  "ნაციონალიური მოძრაობიდან" არ გქონიათ შეთავაზება?

-  არა, რადგან მათ კარგად იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება. 2003 წელს, როდესაც ნაციონალური ერა დადგა ქვეყანაში, მე ჟურნალისტიკიდან წავედი, მინდოდა, პროცესებისთვის თვალი გვერდიდან მედევნებინა. იმ პერიოდში ერთი წინადადებაც კი არ დამიწერია. ორწლიანი პაუზის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. რევოლუციური ტალღა ჩაქრა და ხალხი მიხვდა, რომ მთლად ისე არ იყო საქმე, როგორც მაშინდელი ხელისუფლება აჩვენებდათ. დავბრუნდი და რამდენიმე თვე ტელევიზია "202"-ში ვმუშაობდი, რომელიც შემდეგ დაიხურა. მერე გავაკეთე საინფორმაციო სააგენტო და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ წავედი პოლიტიკაში.

-  რატომ "ეროვნული ფორუმი"?

-  ამ ადამიანებს პირადად ვენდობოდა. კახა შარტავას ოჯახთან მანამდე ვმეგობრობდი, სანამ პარტიაში მოვიდოდი. ის ერთ-ერი ყველაზე სანდო, სუფთა, წესიერი და ჭკვიანი პოლიტიკოსია. აღარ ვლაპარაკობ რეზო შავიშვილზე, რომელიც თანამედროვე ქართული პოლიტიკის პატრიარქია და ამ ფაქტორებმა გადამაწყვეტინა, მეცადა. პირობა დავდეთ, ორი თვის განმავლობაში არ ვიტყოდით, რომ "ეროვნულ ფორუმში" მივედი. თუ პოლიტიკა არ გამომივიდოდა, უკან დავბრუნდებოდი. კარგად რომ გავიაზრე, გადავწყვიტე, პარტიაში დავრჩენილიყავი.

-  როგორ წარგადგინათ "ეროვნულმა ფორუმმა" საპარლამენტო არჩევნებზე?

-  გულწრფელად რომ გითხრათ, ყოველთვის მინდოდა, ჩემი სტატუსი სახელი და გვარი ყოფილიყო და არა პარლამენტარობა. ვიღაცებს თუ ღამე არ ეძინათ პარლამენტში შესვლაზე ფიქრით, მე ასე არ ვყოფილვარ. პირიქით, პირად საუბრებში ვთქვი, რომ სადაც ჩემს ადგილს დაინახავდნენ, იქიდან ვიბრძოლებდი. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. როდესაც კოალიციაში შემავალი პარტიების კვოტები განისაზღვრა, ყველას ჩვენი უნდა აგვეთვისებინა. ერთმა ჩვენმა თანაპარტიელმა, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრია, მითხრა, რომ არ გამორიცხავდა სიაში ჩემს შეყვანას. კარგად მახსოვს, კვირა დღე იყო და მთხოვეს, რეზო შავიშვილის დავალებით ოფისში მივსულიყავი. მაშინ მითხრეს, რომ სია უკვე წაღებული იყო და ფორუმის კვოტით სიაში რიგით მესამე ვიყავი, საერთო სიაში კი - 27-ე. ბოლოს 30-ე აღმოვჩნდი, იმიტომ, რომ სამი კაცი ჩაემატა. ნებისმიერი არითმეტიკული გათვ­ლით, ყველა ამბობდა, რომ დეპუტატი გავხდებოდი.

-  თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

-  ბოლო პერიოდი ძალიან ვნერვიულობდი. ყველა ამბობს, რომ ციხის სკანდალმა გადაწყვიტა არჩევნების შედეგები. რეალურად ამ სკანდალამდეც ყველა მონაცემით 80% ჩვენი იყო. მაშინ ვფიქრობდი, როგორ დაგვეცვა ჩვენი ხმები და ციხის სკანდალი იყო იმის გარანტია, რომ ამას შევძლებდით. ბოლო კვირა ძალიან დაძაბული ვიყავი, საერთოდ არ მეძინა. როდესაც პირველი შედეგი გამოცხადდა და გაირკვა, რომ პარლამენტში მოვხვდი, აზრზე ვერ მოვედი. ვფიქრობდი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი უსისხლოდ, როგორ დათმო მიშამ და ამის მაინც არ მჯეროდა. ვერ ვაცნობიერებდი, რომ რაღაც კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. სახლში რომ მივდიოდი და მამას ვხედავდი, ისეთი ამაყი და გაბრწყინებული იყო, ვხვდებოდი, ჩემი პირადი წარმატება როგორ აისახა მამას განწყობაზე.

-  დაოჯახებული არ ხართ?

-  არა, მშობლებსა და დასთან ერთად ვცხოვრობ.

-  ახალ პარლამენტში თქვენი მოღვაწეობა საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში დაიწყო...

-  მე გამიმართლა, რადგან არც თაგვი შემხვედრია და არც სამშენებლო ნარჩენები დამცემია თავზე, ელისო ჩაფიძეს დაეცა ჩემ თვალწინ, იმას კი ბევრჯერ შევესწარი, როგორ ჩამოდიოდა პარლამენტის ფოიეში წვიმა.

-  როგორი ურთიერთობა გაქვთ ნაციონალ დეპუტატებთან?

-  კოაბიტაცია შედგა თუ არა? ძალიან მეცოდებიან მიშას ხელში. ყველას არ ვგულისხმობ, რადგან იქ არის რამდენიმე კოლეგა, ვისაც უნდა, იყოს ქართული პოლიტიკური საქმიანობის სრულფასოვანი წევრი და შედარებით ადეკვატურად აღიქვამს ქვეყანაში არსებულ რეალობას. უმეტესობა ადეკვატური არ არის, ან ვერ არის. ამ ადამიანებს თითქმის ყველას ვიცნობ ჟურნალისტიკიდან.

-  სხდომათა დარბაზში ხშირად ცხარე დებატები მიმდინარეობს, შესვენებაზე რა თემებზე საუბრობთ ნაციონალებთან?

-  თავიდან სულ ერთად დადიოდნენ. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, მათი მოკითხვებით არ ვარ დაკავებული, მაგრამ როდესაც საქმეს ეხება, ჩვეულებრივ ვკონტაქტობ.

-  ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქზე" აქტიურად აშუქებს პარლამენტში მომხდარ ამბებს...

-  ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. გოგას მინდა ვუთხრა, ჟურნალისტობა თუ უნდოდა, მე გავუწევდი რეკომენდაციას და სადმე კარგად მოვაწყობდი, იმიტომ, რომ ძირითადად პარლამენტარების სურათებისა და ვიდეორგოლების გადაღებით არის დაკავებული.

-  თუ არ ვცდები, თქვენთვისაც აქვს ერთი ფოტო გადაღებული.

-  არა მხოლოდ ერთი, ბევრი ფოტო აქვს. პარლამენტარებს უხერხულ სიტუაციაში თუ ნახავს, ძილის დროს, ან მთქნარების პროცესში, სურათებს უღებს. გვაკონტროლებს, თუ რამე გამორჩათ ჟურნალისტებს, გოგა ხაჩიძეს არაფერი გამორჩება.

-  ვიდეოს გადაღება თქვენთვის არ შემოუთავაზებია?

-  დიახ, საახალწლოდ გადაიღო, პარლამენტარების მილოცვები, მე არ მოვინდომე (იცინის). ამ კუთხით ყველაზე აქტიურია და როგორც ამბობენ, ველოსიპედით დადის, მაგრამ მე არ მინახავს.

-  თქვენ ქუთაისში ცხოვრობთ?

-  დიახ, მარტო მაქვს ბინა დაქირავებული. ძალიან რთულია თბილისი-ქუთაისის მარშრუტით სიარული. მარტო იმიტომ არა, რომ ვიღლები, პარლამენტი არ მუშაობს იმ დატვირთვით, როგორც უნდა მუშაობდეს. რაღაც საკითხზე აუცილებლად გჭირდება კონსულტაციები, რისი კეთებაც ტელეფონით წარმოუდგენელია. იქ ჩასულს უამრავი წერილი მხვდება, თბილისში მომაქვს და აქ გავდივარ კონსულტაციებს.

-  მოსახლეობამ ამნისტიის პროექტის განხილვის დროს დაგიმახსოვრათ, როდესაც აქტიურად უჭერდით მხარს იმ ფორმით მიღებას, რომელიც საბოლოოდ დაამტკიცეს.

-  ვამაყობ, რადგან ამ კანონპროექტით ბევრ ადამიანს მივეცით იმის საშუალება, რომ წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის გადაეხედათ. მიმაჩნია, რომ ახალმა პარლამენტმა თუ რამე კარგი გააკეთა, ერთ-ერთი ამნისტიის პროექტია. მაშინ კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარეს, მაგრამ დადებითი ენერგეტიკა მოდიოდა, არა მარტო პატიმრების ახლობლებისგან, არამედ ქუჩაში მოსიარულე ადამიანებისგან. მადლობას გვეუბნებოდნენ სამართლიანობისთვის. შეიძლება ათი პატიმრიდან ექვსი იყოს დამნაშავე და ოთხი უდანაშაულო და სწორედ იმ ოთხის გათავისუფლებისთვის ღირს ამის გაკეთება. თან ამ დროს მაგალითი უნდა მისცე დამნაშავეებს, ისინი ხომ ასეთებად არ დაბადებულან?!.

-  სერიოზული კანონპროექტების გარდა, ქუთაისის პარლამენტში საკმაოდ უცნაური კანონპროექტების განხილვაც მიმდინარეობს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ბუსუსებიანი პრეზერვატივების თემა და ეროვნული სამოსის დაშვება პარლამენტში.

-  ჩიხტიკოპზე მეც მეცინება, წარმოვიდგინე საკუთარი თავი (იცინის). ეს კანონი არ გავალდებულებს, ჩაიცვა ეროვნული ტანსაცმელი. მე ჩემი მოსაზრება მაქვს და მხარი არ დამიჭერია. მიმაჩნია, რომ ეროვნული ტანსაცმელი ძალიან ლამაზია, მომწონს, სიამოვნებით ჩავიცვამ, მაგრამ არა პარლამენტში. მაგრამ თუ ვინმეს უნდა, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩოხით მოვიდეს, რა პრობლემაა! რაც შეეხება პრეზერვატივების თემას, ძალიან სასაცილოა. კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რეალურად სექსუალური პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას ეხება განსაზღვრულ ადგილებში, მაგრამ განხილვა მართლა სასაცილოდ ჩანდა. სრულიად სერიოზული სახით ადამიანები ლაპარაკობდნენ, როგორი უნდა იყოს პრეზერვატივი.

-  ჩიორა თაქთაქიშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, პირადად იცნობთ?

-  ვესალმები, როდესაც ვხვდები და მერე ვემშვიდობები.

-  თქვენთან დებატები არ გაუმართავს? ყველამ ვნახეთ მისი და ეკა ბესელიას საკმაოდ მწვავე კამათი.

-  ეკასთან კომიტეტშია. მიჩენილი ჰყავს ჩიორა და მკაცრად აკონტროლებს. ეკამ დაიმსახურა, რომ ჰყავდეს ჩიორა (ხმამაღლა იცინის).

-  ცოტა ხნის წინ თქვენზე სახალისო ვიდეო გავრცელდა. გადაცემა "პოლიტმეტრში" პაატა ზაქარეიშვილის საუბრის პარალელურად თქვენი თმის შესწორების კადრები გადიოდა, პირდაპირ ეთერში.

-  როგორც მითხრეს, ამ ვიდეომ ნახვების ყველა რეკორდი მოხსნა, 20 ათასმა ადამიანმა გაიზიარა ერთ საათში. სტუდიიდან რომ გამოვედი, "მაესტროში" ძალიან შეწუხებულები დამხვდნენ, კადრი გაეპარათ. პირდაპირ ეთერში პაატა ზაქარეიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ მივდივართ მატარებლით აფხაზეთისკენ და ამ დროს ეკრანზე ჩანდა, როგორ ვისწორებდი თმას (იღიმება). თუკი ვინმე არ მიცნობდა სახეზე, ახლა ყველა მიცნობს.

-  წინასაარჩევნოდ კურიოზულ თემად იქცა ელისო ჩაფიძის გათხოვების ამბავი, თქვენც დასაოჯახებელი ყოფილხართ. ალბათ ახლა თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზარდა.

-  მანამდეც არ ვუჩიოდი თაყვანისმცემლების სიმცირეს...

-  თუმცა ახლა კარგ სარძლოდ მიიჩნევით...

-  (იცინის) მეგობრები მეუბნებიან, ჩვენი დედამთილები თუ იმით ამაყობდნენ, ჩვენს რძალს დიპლომი აქვსო, შენი დედამთილი იტყვის, მანდატიანი რძალი მყავსო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მარტო არ ვარ. არსებობს ადამიანი, რომელსაც სერიოზული გრძნობები აქვს ჩემ მიმართ. ის პოლიტიკოსი არ არის, ამას ყოველთვის გავურბოდი. იმ ადამიანს დიდი ხანია ვიცნობ. რაც შეეხება დაოჯახებას, ჯერ არ მცალია, თუმცა სერიოზულად ვფიქრობთ ამ თემაზე.

-  დასასრულ, როგორც პოლიტიკოსს გკითხავთ, 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც თავად აანონსებენ, ფართომასშტაბიან აქციას მართავს.

-  ძალიან მეცინება ამ ამბავზე და სერიოზულად კომენტარის გაკეთება მიჭირს. პატრიოტიზმის სახელით, რუსთაველის გამზირზე ვანო მერაბიშვილი, სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია აქციას ატარებენ და იმ ხალხს ეძახიან, რომლებიც იმავე გამზირზე არაერთხელ დაარბიეს. 26 მაისს ხალხი დახოცეს, სახურავზე შემოაწყვეს, სისხლი გადარეცხეს და რამდენიმე საათში აღლუმი ჩაატარეს. თუ ამ ადამიანებს ამ ყველაფრის მერე სჯერათ, რომ ხალხი მივა და მოუსმენენ, ღმერთმა დიდი წარმატება მისცეს.

-  ჭორი გავრცელდა, მომიტინგეებს ათას ლარს ურიგებენო და ამაზე თავადაც ბევრი იცინეს ნაციონალებმა.

-  სერიოზულად ვიტყვი, არ ღირს ამისთვის ფულის გაღება, არ დაურიგონ, სხვა საქმეებისთვის შეინახონ ეს თანხა.

-  გირაოს გულისხმობთ, რომელიც არაერთხელ გადაიხადეს?

-  ბევრი, ბევრი საქმისთვის დასჭირდებათ ეს თანხა და ნუ გაანიავებენ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"