გოგიტა აბაშიძის ოჯახს ოთხი წლის წინ ახალშობილი გოგონაც დაეღუპა

გოგიტა აბაშიძის ოჯახს ოთხი წლის წინ ახალშობილი გოგონაც დაეღუპა

24 მარტს 3 საათი სრულდებოდა, როცა ახალგაზრდა ქალის სულისშემძვრელი "იავნანა" გაისმა. შვილის ცხედარზე დამხობილმა დედამ შიმშილით გარდაცვლილ გოგიტას ტირილნარევი ხმით უკანასკნელად უმღერა.

მთელი საზოგადოება შეძრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში დატრიალებულმა ტრაგედიამ. თითქოს ბუნებამაც დაიტირა პატარა - დაკრძალვის დღეს სოფელში გადაუღებლად წვიმდა... 1 წლის გოგიტა აბაშიძე 4 კილოსა და 200 გრამს იწონიდა ანუ ახალშობილობის წონაზე ნაკლებს: 4 კილო და 400 გრამი დაიბადა.

შესაძლოა, ამ პატარას ტრაგიკული ამბავი საზოგადოებას არც გაეგო, რომ არა ერთი შემთხვევითობა. სოფელ მახოში, აბაშიძეების სახლთან მდებარე ჩაის პლანტაციას ხანძარი გაუჩნდა. პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში ასული, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე უმძიმესი სანახაობის მომსწრე გახდა: დედას მომაკვდავი შვილი ხელში ეჭირა და შველას ითხოვდა. თავმჯდომარემ თავისი მანქანით ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა. შოკურ მდგომარეობაში მყოფი გოგიტა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და 3 დღე და ღამე ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ. ექიმების დასკვნა შემაძრწუნებელი იყო: ბავშვი შიმშილის გამო ჩავარდა შოკურ მდგომარეობაში; ცილაენერგეტიკისა და წონის დეფიციტი ჰქონდა, პნევმონია და ანემია განუვითარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მესამე დღეს პატარა გარდაიცვალა.

"არანაირი დახმარება არ მეძლეოდა, ნახევრად მშიერი იყო ჩემი შვილი. ამიტომ მივიდა ბავშვი ამ მდგომარეობამდე. რამდენჯერმე მივმართე სოციალურ აგენტს, აქტს შეადგენდნენ, აღწერდნენ ყველაფერს და რომ მოვიკითხავდი, მეუბნებოდნენ ქულა მაღალია და დახმარება არ გეკუთვნისო. პირად ნომერს მთხოვდნენ, მაგრამ დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანას უსახსრობის გამო ვერ ვახერხებდი. იმის საშუალება არ მქონდა, წამალი მეყიდა და ექიმთან მიმეყვანა", - ამბობს ჩვილის დედა.

აბაშიძეების ოჯახში კიდევ ორი პატარა იზრდება - 5 წლის გიორგი და 3 წლის თამარი. მათ 29 წლის მშობლებს, ლევან აბაშიძესა და ინგა დავითაძეს რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდათ თავს: 2008 წელს 6 დღის ჩვილი, თამუნა გარდაეცვალათ. ახალშობილის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ბავშვების მამა ამბობს, რომ გოგონას თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა, თუმცა რა დაავადება, არ იცის, რადგან ჩვილი ექიმთან არ მიუყვანია და ექიმი არც მის მშობიარობას დასწრებია. თამუნაც თავისი და-ძმის მსგავსად, სახლში გაჩნდა.

ლევან აბაშიძე, ბავშვების მამა:

- სამშობიაროში მხოლოდ უფროსი ბიჭი, გიორგი დაიბადა. დანარჩენები მეუღლემ სახლში გააჩინა. დედაჩემი მაშინ ცოცხალი იყო. დედაჩემის დედა ბებიაქალი იყო და დედასაც ასწავლა. კარგად იცოდა, როგორ მიეღო მშობიარობა, სხვებსაც დახმარებია სოფელში... 2008 წელს ჩვენი მესამე შვილი, თამუნა დაიბადა. მის მშობიარობაშიც ჩემს ცოლს დედაჩემი დაეხმარა. ბავშვი ჯანმრთელი არ იყო, თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდა, მეექვსე დღეს გარდაიცვალა... დედაჩემი 2009 წელს გარდაიცვალა. თიაქრის ოპერაცია გავუკეთეთ. წამალი ვერ ვუყიდე და უფულობის გამო, ისიც დამეღუპა. შარშან, 19 მარტს გოგიტა დაიბადა. ჩემს ცოლს მშობიარობა რომ დაეწყო, "სასწრაფო" გამოვიძახეთ. სოფელში დიდი თოვლი იყო, "სასწრაფოს" მანქანამ სახლამდე მოსვლა ვერ შეძლო. ექიმი თოვლში ფეხით ძლივს მოვიყვანეთ სახლამდე. ინგა ნამშობიარები დახვდა. ექიმმა ბავშვს ჭიპლარი დაუმუშავა, ყველაფერი მოაწესრიგა და მითხრა, ახლა დედა-შვილს საავადმყოფოში გადავიყვანო. წინააღმდეგი წავედი. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, 4 კილო და 400 გრამი იყო. სიცივეში სად წამეყვანა ახალნამშობიარები ქალი? 40 დღემდე გოგიტა ძუძუზე ჰყავდა, მერე რძე გაუფუჭდა და ბავშვს სხვა საჭმელს ვაძლევდით.

- რითი კვებავდით?

- მეზობელი ლიტრიანი "ბანკით" მაწონს გვაძლევდა, მისგან სიროფს ვუკეთებდით და ვაჭმევდით. მერე პურის ფქვილის ფაფებს უკეთებდა. 2012 წლის ოქტომბერში ბავშვი ცუდად გაგვიხდა, "სასწრაფო" გამოვიძახეთ და ინფექციურში გადაიყვანეს. გამოკვლევები რომ ჩაუტარდა, გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის ანთება აქვსო: საკვებმა კუჭი დაუზიანა. 5 დღე საავადმყოფოში ვიწექით. გოგიტა მძიმედ სუნთქავდა. პირველი გადასხმა რომ გაუკეთეს, მთლიანად დასივდა. ექიმებმა არაფერი დაიშურეს. მერე გამოკეთდა. მეორე გადასხმაც გაუკეთეს. 5 დღის შემდეგ სახლში წამოვიყვანეთ. არ მქონდა იმის საშუალება, რომ იქ დავრჩენილიყავით.

- ბავშვს სტაციონარში მკურნალობა სჭირდებოდა?

- უკეთესად იყო. ფული არ მქონდა, კიდევ რომ დავრჩენილიყავი. იმ დღეების 76 ლარი ვერ გადავიხადე. ხელწერილით გამომიშვეს. 4 დღე მომცეს ვადა, მაგრამ ფული ვერ ვიშოვე. საავადმყოფოში ჩავედი და ბოდიში მოვუხადე, - როგორც კი ვიშოვი, მოგიტანთ-მეთქი, - მაგრამ დღემდე არ მიმიტანია. არც მათ დაურეკავთ, ხედავდნენ, რა დღეში ვიყავით. საავადმყოფოს მერე ბავშვი კარგად იყო. ექიმმა "ჰუმანა" გამოუწერა, იმას ვაჭმევდით. ერთი კოლოფი 12 ლარი და 70 თეთრი ღირდა, მიჭირდა, მაგრამ ვყიდულობდი. 2 თვე ის ვაჭამეთ. თავიდან კარგად ჭამდა, მომჯობინდა. მინდოდა, ჯანმრთელი ყოფილიყო, ფულს ხან ნათესავი მასესხებდა, ხან მე გამოვიმუშავებდი. კარგად რომ გახდა, მერე მიატოვა "ჰუმანას" ჭამა. ჩემმა ცოლმა შეუცვალა სხვა საჭმლით. აფთიაქში ბანანის ფაფებიც ვუყიდე. ერთი დღე შეჭამა, მეორე დღეს "სოსკა" პირში არ ჩაიდო. ამის შემდეგ ცოლმა ისევ დაუწყო მოხალული ფქვილის ფაფის მომზადება და იმას აჭმევდა.

- ეს ექიმს აცნობეთ?

- არა. ფქვილს ძალიან მაგრად ხალავდა და კარაქში უკეთებდა. რძეს მეზობელი გვაძლევდა. როცა რძე არ გვქონდა, მაშინ კარაქში უმზადებდა და ბავშვი სახეზე მოპუტკუნებული იყო. ხელში რომ ავიყვანდი და ვეთამაშებოდი, მიცინოდა. მერე ბავშვმა გახდომა დაიწყო. ცოლმა მითხრა, ორი კბილი ამოუვიდაო. სისუსტე კბილების ბრალი გვეგონა. კუჭიც არ აშლია, არც სიცხე ჰქონია, თორემ ისევ წავიყვანდი ექიმთან. ვიფიქრეთ, კბილის ამოსვლის შემდეგ ისევ მოსუქდებოდა. ნუნები მთლიანად დასივებული ჰქონდა. ბოლოს საჭმელს საერთოდ არ ჭამდა. პირში თავისი პატარა თითი ედო, იმას წუწნიდა და ისე იძინებდა.

- ტკივილის გამო ხშირად ტიროდა?

- ტირილით ტიროდა, მაგრამ საჭმელს რომ ვაჭმევდით, ჩუმდებოდა. ბოლოს სულ თითი ედო პირში... ექიმთან მისაყვანი კი იყო, მაგრამ საშუალება არ მქონდა, ამიტომ ვერ წავიყვანე. 500 ლარი მაინც დამჭირდებოდა, ეს კი არ მქონდა. როცა ფულს ვერ ვიხდიდი, მერე სირცხვილისგან ცუდად ვიყავი, ვდარდობდი. ფიზიკურად ვმუშაობდი, ოჯახისთვის რაიმე პროდუქტი რომ მომეტანა. მეც არ ვარ ჯანმრთელი. მძიმე ტვირთის აწევა არ შემიძლია, წელის პრობლემა მაქვს, ამიტომ თავსაც ვუფრთხილდებოდი და მძიმე სამუშაოზე ვერ მივდიოდი. მეშინოდა, - თუ ლოგინად ჩავვარდი, მერე ჩემს შვილს საჭმელს ვინ მოუტანს-მეთქი?!

- რას საქმიანობთ?

- ძირითადად, ბოსტანში ვმუშაობ, ბაღჩებს ვთოხნი. მაგრამ ეს ძალიან პატარა შემოსავალია. ბოლო დღეებში ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მეც ლოგინად ჩავვარდი. 15-დან 19 მარტამდე ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. საშინელი წელის ტკივილი მქონდა, გულზეც მომიჭირა. იმ დღეებში სახლიდანაც ვერ გავედი, ბავშვებისთვის საჭმელი რომ მომეტანა. მეზობელმა რომ დამინახა ასეთ დღეში, თავისი ფულით მიყიდა წამალი, ნემსი გამიკეთა და ფეხზე ძლივს წამოვდექი.

- რამდენია თქვენი ოჯახის შემოსავალი? ბავშვის საჭმლისთვის დახმარება არავისთვის გითხოვიათ?

- ჩემი სახლიც არ მაქვს, ძმის სახლში ვცხოვრობ. ის უცოლოა. ხედავდა, ბინის ქირის გადამხდელი არ ვიყავი და მითხრა, - სანამ შენი ჭერი არ გექნება, აქ იცხოვრეო. ისიც აქ ცხოვრობს, ხან ჩემს დასთან დადის თურქეთში. და იქ არის გათხოვილი. მეუბნებოდნენ, მეც თურქეთში წავსულიყავი სამუშაოდ, მაგრამ ვერ წავედი, ჯანმრთელობის გამო. ვიცოდი, ვერ გავუძლებდი. მერჩივნა, აქ ერთი ლარი მეშოვა და ჩემი შვილების გვერდით ვყოფილიყავი. პატარა ეზო მაქვს, მაგრამ გამოფიტულია მიწა და რაც უნდა დარგო, არაფერი მოდის. ხან დედაჩემის მხარე მეხმარება შვილების გამოკვებაში, ხან ჩემი მეზობლები, ხან მე ვმუშაობ და ასე გამქონდა დღეები. ზაფხულში, მაისიდან მწვანილები არის ეზოში. სამი ძირი ლეღვი მიდგას, ცოტა ხილია. ლეღვს სეზონზე ვკრეფდი და ბაზარში მიმქონდა... ყველას გულს არ ვუხსნიდი, მეზობლებსაც არ ვეუბნებოდი, რა მიჭირდა. არ იცოდნენ, რეალურად რა დღეში ვიყავით. მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გიჭირსო, მაგრამ მერიდებოდა: ეს ხალხი ისედაც მეხმარება, კიდევ რა მეთქვა?!. ისინიც წვალობენ ოჯახები რომ არჩინონ და მეც ვერ დავამძიმებდი ჩემი პრობლემებით.

- მაგრამ აქ ბავშვის სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, ალბათ დახმარებაზე უარს არავინ გეტყოდათ... აცრებს თუ უკეთებდით პატარას?

- უბნის ექიმები მითვლიდნენ ბავშვი აცრის გასაკეთებლად მიმეყვანა, მაგრამ ვერ მიმყავდა. გოგიტასთვის არც ერთი აცრა არ გაგვიკეთებია. შორს იყო ლაბორატორია, ორკილომეტრ-ნახევარია იქამდე. ფეხით უნდა წაგვეყვანა. აქ სულ ქარია, ხან სიცივე; საშინელ ადგილას ვცხოვრობთ. ვფიქრობდი, არ გამიცივდეს-მეთქი. სახლში სითბო მქონდა... გოგიტა უკვე ლაპარაკს იწყებდა. "მამას" მეძახდა. სულ ვეთამაშებოდი. იცინოდა, მაგრამ ბოლოს წუხდა ტკივილის გამო. სახე სულ დანაოჭებული ჰქონდა ტკივილისგან. მე რომ ლოგინად ჩავვარდი, ვფიქრობ, ესეც იყო პრობლემა. ეტყობა, ამის გამო ბავშვს ვეღარ მივაქციე სათანადო ყურადღება. რაც შეეხება ჭამას, ჩემმა ცოლმა უფროსი ბავშვებიც მოხალული ფქვილის ფაფით გაზარდა, მაგრამ არასოდეს ჰქონიათ ჯანმრთელობის პრობლემა. უკვე დიდები არიან, მოსუქებულები, ჯანმრთელები, ახლა ყველაფერს ჭამენ. ბიჭი ზამთარში წინდის გარეშე დადის. თამრიკო უპრობლემო ბავშვია... ძალიან გვიჭირს, მაგრამ სოციალური დახმარება საერთოდ არ მიმიღია.

- მიზეზი რა არის?

- 2005 წელს დახმარებების გაცემა რომ დაიწყო, განაცხადი დედაჩემმა შეიტანა. მივაკითხე. მითხრეს, მაღალი ქულები გაქვთო. მერე ჩემმა ცოლმაც დაწერა რამდენჯერმე განცხადება, იგივე გვითხრეს. მივხვდით, აზრი არ ჰქონდა იქ სიარულს და რაიმეს თხოვნას. ბოლოს პირადი ნომრები მოგვთხოვეს. ჩემმა ცოლმა ბაღნები სახლში გააჩინა და პირადი ნომრები არ გვქონდა. საჯარო რეესტრში რომ გაგვეკეთებინა და სურათებიც გადაგვეღო, ფული უნდოდა. ვფიქრობდი, ამ ზაფხულს ფულს მოვაგროვებდი და ამას გავაკეთებდი... ისე ჩემნაირ გაჭირვებულს რომ არ მისცემენ დახმარებას, აბა, ვის აძლევენ?.. ძალიან მადლობელი ვარ საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის. შემთხვევით წააწყდა ჩვენს ამბავს. ბავშვი რეანიმაციაში რომ მოათავსეს, მერე დამირეკა. სახლში არ ვიყავი. მითხრა, - ლევან, გული არ გაგისკდეს, ბავშვი საავადმყოფოშია და აქ მოდიო. სულ მამხნევებდა, - ნუ გეშინია, რაც გასაკეთებელი იქნება, ყველაფერს გავუკეთებ შენს შვილსო. 3 დღე გვერდიდან არ მომშორებია, როგორ შეიძლება ეს სიკეთე მას დავუკარგო?! სისხლის ბანკშიც წავედით, იქიდან მოტანილი სისხლით გოგიტას სისხლი მთლიანად გამოუცვალეს, მაგრამ მაინც, გული გაუჩერდა...

აბაშიძეების ოჯახის ტრაგედიამ საზოგადოება შეაძრწუნა. თბილისსა და ქუთაისში აქციებიც გაიმართა ლოზუნგით - "ყველა ბავშვი ყველას ბავშვია". ხალხი ხელისუფლებას სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სთხოვს.

ხელვაჩაურის სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ოჯახს საბუთების მოწესრიგება სთხოვეს, მაგრამ ვერ შეძლო და პრობლემა ამიტომ ვერ მოგვარდაო. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ოჯახი საყოველთაო ყურადღების არეში მოექცა. სასწრაფოდ შეივსო განაცხადი სოციალურ სააგენტოში სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. პირადობის ნომრის მინიჭების საკითხიც სააგენტომ თავად მოაგვარა.

სააგენტოში იმასაც ამბობენ, - არ ვიცოდით ბავშვის დაბადების ამბავი, თორემ ბავშვთა ზრუნვის სამსახურიც არსებობს და ოჯახი კვების ვაუჩერს მაინც მიიღებდაო...

სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ ერთეული შემთხვევა. ბევრს ახსოვს 2011 წლის მარტში გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ზუბალაშვილების ოჯახში 1 წლისა და 7 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ცენტრში ბავშვს გართულებული პნევმონია ანუ ფილტვების ანთების, ასევე კახექსიის დიაგნოზი დაუსვეს - კახექსია კი, ექიმ-პედიატრის განმარტებით, "ნიშნავს, რომ ბავშვს კვება აკლდა და მისი ფიზიკური განვითარება ასაკს ჩამორჩებოდა. თუკი ჩვილს წონის დეფიციტი ჰქონდა, სისხლის ფორმაში ჰემოგლობინის დეფიციტიც ექნებოდა და ნებისმიერი დაავადება ადვილად მოერეოდა".

შარშან დიდი რეზონანსი მოჰყვა კახეთში მცხოვრები 2 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ამბებს.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ქალქვაში მცხოვრები რეხვიაშვილების 8-სულიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე იყო დარჩენილი. ბავშვების დედა, შორენა ოთიაშვილი თავის სიდუხჭირეზე ჟურნალისტს გულახდილად ესაუბრა. ისიც უთხრა, - რამდენიმე წლის წინ, გაჭირვების გამო 7 თვის შვილი დამეღუპა და ახლაც ისე მიჭირს, რომ ხშირად 5 შვილს ქატოს ვაჭმევო. რეხვიაშვილების შემოსავალი, ბავშვების ბებიის პენსია - 80 ლარი იყო. მაშინ შორენა ოთიაშვილსაც სოციალური დახმარება მე-5 შვილის დაბადების შემდეგ, პირადი ნომრის უქონლობის გამო შეუწყდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი იხსენებს, რომ დიდი ბრძოლის შემდეგ შეძლეს, ამ ოჯახისთვის სოციალური დახმარება განეახლებინათ.

გელა მთივლიშვილი:

- საშინელი სურათი დაგვხვდა. რეხვიაშვილების ავარიული სახლის სახურავიდან წყალი ჩადიოდა, კიბის საფეხურები ჩანგრეული იყო. ფანჯრებზე ცელოფანის პარკები ჰქონდათ აკრული. საკმარისი საწოლებიც კი არ ჰქონდათ. 3 საწოლში 8 ადამიანს ეძინა და ერთადერთი სკამი იყო სახლში. დედა ამბობდა, შვილები მშივრები მყავსო. გიორგი აბაშიძის ტრაგიკული შემთხვევის ზუსტი ანალოგი იყო. საჭმელმა, რასაც ის ბავშვებს აჭმევდა, დაავადებები გამოიწვია და წლების წინ ერთი შვილი გარდაეცვალა. როცა სააგენტოს ვთხოვდით, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ ჰქონდა ამ ოჯახს დახმარება, არაადეკვატურ პასუხებს გვაძლევდა. მერე საქმეში იურისტები ჩაერთვნენ. საბოლოოდ, ეს პრობლემა მოგვარდა და მათ დახმარება დაენიშნათ. სიმართლე გითხრათ, ახლა არ ვიცი, ამ ოჯახის მდგომარეობა როგორია.

ასევე უკიდურესად მძიმე იყო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მცხოვრები მაკიევების ოჯახში არსებული ვითარება. 7 ბავშვს გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა. გამაოგნებელი იყო მეზობლების მონათხრობი: იმასაც ამბობდნენ, ბავშვებს პური ხშირად არ აქვთ და ბალახსაც კი ჭამენო... მაკიევების ოჯახში მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის არიან. მათი საცხოვრებელი სახლიც დაზიანებული იყო, ოთახებში ანტისანიტარია სუფევდა. სიღატაკის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილებამ 2011 წლის ივნისში მათაც სოციალური დახმარება შეუწყვიტა და შვიდშვილიანი ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა. ბავშვებს პურს მეზობლები აძლევდნენ. ჩვენი ცენტრის მიერ მომზადებულმა ფოტორეპორტაჟმა გულგრილი არავინ დატოვა. ამის შემდეგ ოჯახი განმეორებით შეამოწმა სოცაგენტმა და დახმარება დაენიშნათ. ამ ფაქტს მაშინ ლაგოდეხის საკრებულო გამოეხმაურა და ბავშვები მიმღებ ოჯახებში გადაიყვანეს.

ამ ორი ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობით დავინტერესდით და სოფლის საკრებულოებს დავუკავშირდით.

მამუკა ხიდაშელი, ლაგოდეხის სოფელ გიორგეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

- მაკიევების სახლში ამჟამად მხოლოდ ბავშვების მამა ცხოვრობს, სოციალური დახმარება ეძლევა. მისი მეუღლის ადგილსამყოფლის შესახებ კი ინფორმაციას არ ვფლობთ - ბავშვების დედა სოფლიდან წავიდა და სად არის, არავინ იცის. მათ 4 გოგო ჰყავთ. ბავშვები ამჟამად ლადოდეხში არიან, კარგ ოჯახში იზრდებიან. მათი ორი ძმა სამტრედიაშია გადაყვანილი. ისინიც კარგ პირობებში, უსაფრთხოდ არიან. მიმღები ოჯახები მათ განათლებაზე ზრუნავენ.

რაც შეეხება ჯემალ რეხვიაშვილის ოჯახს - სოფელ ლელიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ქალბატონი ნინო კაპანაძე ამბობს, რომ ამ ოჯახის პრობლემაც მოგვარდა:

- მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ოჯახის თანხმობით, ორი ბავშვი ლაგოდეხში ძალიან კარგ ოჯახში იზრდება. იღებენ განათლებას, წრეებზეც დაჰყავთ - მუსიკაზე, ცეკვაზე. რეხვიაშვილების ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა. სახლის სახურავი მთლიანად შეუცვალეს. ოჯახმა კომპენსაციის სახით, 1.500 ლარიც მიიღო. ერთი მეწველი ძროხა ჰყავთ. დიდი ხანია, ვთხოვთ, მაგრამ ბოსელი ვერ ავაშენებინეთ: ზარმაცობენ, ყველაფერი სხვისი ხელით უნდათ გაკეთდეს... სახლის მდგომარეობა შიგნით იგივეა, რაც ადრე იყო.

- ქალბატონო ნინო, ამ ოჯახს სიდუხჭირის გამო, პატარა გარდაეცვალათ?

- ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ: 6 წელია, აქ ვარ და ამ პერიოდში არ ყოფილა ასეთი ფაქტი, ალბათ უფრო ადრე იყო. ვფიქრობ, გახმაურებული ამბავი, რომ ისინი ქატოთი კვებავდნენ ბავშვებს, გაბუქებული იყო. ალბათ ვიღაცამ ურჩია მათ, ასე ეთქვა. ბავშვები ჩაპუტკუნებულები არიან. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს.

შემაშფოთებელია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში იყო მოყვანილი: საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 77.000-მდე ბავშვი ცხოვრობს; ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე, უმეტესად ქალი და ბავშვი, კვების დეფიციტს განიცდის; ყოველწლიურად, 5 წლამდე ასაკის თითქმის 300-მდე ბავშვი იღუპება სხვადასხვა დაავადებისა თუ არასრულფასოვანი კვების გამო. გაეროს ბავშვთა დაცვის პროგრამის მესვეურთა მაშინ გამოთქმული რეკომენდაციით, აუცილებელია მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდა და ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება. როგორც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარება ოჯახის პირველ შვილზე 30 ლარს, თითოეულ დამატებით წევრზე კი - 24 ლარს შეადგენს. რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებში სიღარიბის დასაძლევად, ამ თანხების მნიშვნელოვანი გაზრდაა საჭირო. დასკვნის თანახმად, 100-პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში, ყოველი მეხუთე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეს დააღწევს თავს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გასაჭირი ქართული პრესის ფურცლებზეც სისტემატურად შუქდება; "გზის" ფურცლებზეც არაერთი წერილი დაბეჭდილა. საზოგადოების გულისხმიერებით და დახმარებით, ჩვენი პუბლიკაციების შემდეგ, ბევრი პატარა გადარჩენილა. მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ეს გამოსავალი არ არის: ამ ოჯახებს სახელმწიფოსგან სერიოზული დახმარება და სტაბილური შემოსავალი სჭირდებათ, რათა შვილების გამოკვება შეძლონ.

იმედია, საზოგადოებაც უფრო მეტად გააქტიურდება ამ მიმართულებით და ხელისუფლებაც ასეთი ოჯახების დასახმარებლად მეტს გააკეთებს, რომ საქართველოში ბავშვებს აღარ შიოდეთ და შიმშილით არ იღუპებოდნენ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"