"აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო"

"აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო"

გადაცემა "შუადღე" რადიო "პალიტრის" ეთერში წლებია, არსებობს. ინტერნეტის მეშვეობით, მას თვალყურს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც ინტერესით ადევნებენ. მრავალფეროვანი, საინტერესო, ზოგჯერ - "ლიტერატურული" და "შეუცნობელიც". გადაცემის ხილვა უკვე "პალიტრა TV"-ის ეთერშიც შესაძლებელია... "გატელევიზორებული" "შუადღის" რამდენიმე წამყვანს გადაცემის დაწყებამდე ვესაუბრეთ:

მარიკა დარჩია:

- რადიო "პალიტრის" შექმნიდან, ანალიტიკური გადაცემები ეთერში მალევე გავიდა, მაგრამ შემეცნებითი გადაცემა პრაქტიკულად, არ არსებობდა. "შუადღის" შექმნის იდეა 2008 წელს გამიჩნდა. გადავწყვიტეთ, რომ გადაცემა რადიოს ეთერში შაბათს უნდა გასულიყო. მის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია.

გაგა გობრონიძე:

- თითქოს "რუსთავი 2"-მა სახელიც და ფორმატიც ჩვენი გადაცემისგან აიღო (იცინის).

- როგორც ვიცი, სატელევიზიო სივრცეში 2 "შუადღის" არსებობას სოციალურ ქსელში გაუგებრობაც ახლავს ხოლმე...

მარიკა:

- ჩვენი "შუადღე" ერთად იწერება, მათი - ცალ-ცალკე. როგორც ჩანს, ამაზე იფიქრეს, რომ მაყურებლებს სოციალურ ქსელში გადაცემების გვერდები ერთმანეთში არ არეოდათ.

გაგა:

- კონფლიქტი არ ყოფილა (იცინის).

მარიკა:

- პირიქით, "შუა დღეში" დაგვპატიჟეს კიდეც. რა თქმა უნდა, ვესტუმრე.

- ქალბატონო მარიკა, დღეს ბევრი საინტერესო თანაწამყვანი გყავთ. შემოქმედებითი გუნდი როგორ შეიკრიბეთ?

- ძირითადი ავტორები მე და გაგა გობრონიძე ვიყავით. გაგა მართლაც გამორჩეული ადამიანი გახლავთ: უნიკალური მეხსიერება და მრავალფეროვანი ცოდნა აქვს. ისეთი ვინმეს პოვნა გამიჭირდება, რომელიც გაგას მსგავსად, სპორტულ ინფორმაციასაც კარგად ფლობს და ისტორიულსაც... დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. რადიო "მწვანე ტალღაშიც" ერთად ვმუშაობდით. მინდოდა, რომ გადაცემა ერთად მოგვემზადებინა. შეთავაზებაზე დამთანხმდა. ძალიან მიხარია, რომ დღეს ერთად ვმუშაობთ გადაცემაზე. სხვა ავტორებიც ძალიან ყურადღებით და პროფესიული ნიშნით ავარჩიეთ.

გაგა:

- მარიკა მხოლოდ წამყვანი არ არის, "მოზგია"! ყოველდღე სწავლობს, ვითარდება... ხანდახან ისეთი კუთხით წარმომიდგება, გაოცებული ვარ! იცის, რა არის საჭირო.

მარიკა:

- დღეს "შუადღეში" გვყავს წამყვანები, რომლებიც გადაცემაში რეგულარულად მონაწილეობენ: რამაზ გიგაური რუბრიკა "რეალურ და შეუცნობელს" ხელმძღვანელობს, ლაშა გაბუნია - "მუსიკალურ მასკულტურას", ზაალ ჩხეიძე - "ლიტერატურას", შალვა ბუაჩიძე - "ავტობილდს", გია ბარამიძე კი რუბრიკის - "ჩვენი მეგობრები" (ძაღლების შესახებ) წამყვანი გახლავთ. პერიოდულად, გადაცემაში კულინარიის თემაც გვაქვს, რომელიც თავდაპირველად, ეთერში რეგულარულად გადიოდა, ასევე იყო სპორტი და მოდაც.

გაგა:

- "შუადღე" ეთერში 3 საათის განმავლობაში გადის, კულინარიის რუბრიკა - სულ ბოლოს გადიოდა. მშივრები ვისხედით, ნერწყვს ვყლაპავდით და ძლივს ვუსმენდით (იცინის).

მარიკა:

- "შუადღეში" უყურადღებოდ არც ახლა გვრჩება რაიმე, მოკლედ, გადაცემის არსი არ შეცვლილა - მნიშვნელოვან თარიღებს "მივყვებით": მაგალითად, ამას წინათ "დედამიწის საათთან" (რომელშიც 157 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის - საქართველოც) დაკავშირებით, ამ ღონისძიების ორგანიზატორები მოვიწვიეთ... ასე ხდება სისტემატურად. მსმენელები და მაყურებლები ხშირად გვირეკავენ და ეთერში საკუთარი იდეებით "შემოდიან".

გაგა:

- გადაცემის ინტერაქტიულობა ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა.

მარიკა:

- მიუხედავად ამისა, მაინც გვირეკავენ. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მამუკა ხაზარაძე გვყავდა, რომელიც ანტარქტიდაზე მოგზაურობის შესახებ გვიამბობდა. უცებ, ეთერში მაყურებელი ჩაგვერთო, რომელმაც გვითხრა, რომ 30 წლის წინ, ანტარქტიდაზე კიდევ ერთი ქართველი იყო და მის მიგნებაშიც დაგვეხმარა. ასე რომ, მსმენელები აქტიურად გვგულშემატკივრობენ. გადაცემა სახალისოა - გააზრებულად "ჩადებული" მუსიკა ახლავს. "შუადღე" მართლაც "პალიტრასავით" არის: აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო...

გაგა:

- გარკვეული მიზეზების გამო, საზოგადოების ნაწილი არაადეკვატურია: ერთხელ ეთერში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ვსაუბრობდით. ორმა მაყურებელმა - ქალბატონმა და ბატონმა დაგვირეკა. ამბობდნენ, - ეგ სატანური ამერიკაო!

მარიკა

- შეიძლება, "შუადღეში" პოლიტიკასაც შევეხოთ, მაგრამ - სხვა კუთხით, მსმენელები კი მაინც ჩვეული კითხვებით "შემოდიან". ასეთ სატელეფონო ზარებს რომ ავყვეთ, გადაცემა თავის ხიბლს - განსხვავებულობას დაკარგავს.

- გადაცემისთვის თემებს მთელი შემოქმედებითი გუნდი არჩევთ?

- თემებს ვათანხმებთ, მაგრამ წამყვანებს არ ვზღუდავთ: თემა "ჭრელი" რომ იყოს, ავტორებისთვის გარკვეული თავისუფლება აუცილებელია. მგონი, გადაცემა კარგი ამიტომაც გამოდის.

გაგა:

- იმპროვიზაცია ბუნებრივად ხდება. კარგ იმპროვიზაციას პროფესიონალები ახერხებენ.

- ბატონო გაგა, "შუადღის" წამყვანობის გარდა, რას საქმიანობთ?

გაგა:

- აჩიკო ბენაშვილთან ერთად, გადაცემას - "გამარჯვების ფასი" - ვამზადებდი. ისევ ვცდილობთ, რომ ამ ტიპის სპორტულ-შემეცნებითი გადაცემა აღდგეს. ჟურნალისტური განათლება არ მაქვს. სამხედრო საქმის სპეციალისტი ვარ.

მარიკა:

- გაგა ძალიან განათლებული, "სწორად ნასწავლი" ადამიანი გახლავთ. შეუძლია, საინტერესოდ წეროს. ჟურნალ "...და ქალისთვის" და "ათიანისთვის" წერდა კიდეც...

ამასობაში, რუბრიკა "რეალური და შეუცნობელის" ავტორი და წამყვანი - ბატონი რამაზ გიგაურიც შემოგვიერთდა, რომელიც გადაცემა "შუადღეში" მუშაობის გარდა, გაზეთ "ყველა სიახლესთანაც" თანამშრომლობს:

- 10 წელია, რაც ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოებთან, ტელევიზიებთან ვთანამშრომლობ. "შუადღეში" გადაცემის დაარსების დღიდან ვმუშაობ. ეთერში 2009 წელს გავედით. ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ არის რეალური და იმავდროულად, შეუცნობელი. სამყაროს 2 მხარე აქვს: ფიზიკური და მეტაფიზიკური. ვცდილობთ, მეტაფიზიკური მხარე ავხსნათ...

გაგა:

- რთულ თემებზე აბსოლუტურად "კომიქსური" ენით, ყველასათვის გასაგებად საუბრობს.

რამაზი:

- ადამიანებს ასეთი თემებისადმი ინტერესი უჩნდებათ. წინათ შეუცნობელ სამყაროზე ინფორმაცია თუ საერთოდ არ იყო, ახლა ინტერნეტში უამრავი მასალაა, რომელში გარკვევაც ხალხს უჭირს, ამიტომ ვცდილობთ, მათ მიმართულება მივცეთ, სამყაროს შეუცნობელ მხარეებზე ვესაუბრებით...

- ასტროლოგი ბრძანდებით?

- დიახ. ამ სფეროში 1993 წლიდან ვმუშაობ. მედიასთან 2001 წლიდან ვთანამშრომლობ... ისე, კიდევ ბევრი პროფესია მაქვს...

- რადგან გადაცემა ამდენ ხანს არსებობს, ე.ი. ხალხს აინტერესებს...

- ალბათ. მაყურებლები "ფეისბუკზეც" მწერენ, თუ რა თემები აინტერესებთ. ინტერნეტის მეშვეობით, თვალყურს მთელ მსოფლიოში გვადევნებენ.

მარიკა:

- პარიზში, დილით, სირბილისას "აიფონით" გვისმენენ ხოლმე (იღიმის)... ახლა თუ არ გაგვიშვებთ, გადაცემას ვერ დავიწყებთ.

- წარმატებულ ეთერს გისურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები