ნიკა ლომიძე - "ზოგჯერ ქალს კომპლიმენტს ზრდილობის გამო ვეუბნები"

ნიკა ლომიძე - "ზოგჯერ ქალს კომპლიმენტს ზრდილობის გამო ვეუბნები"

"იცოდი, რომ ინტელექტუალური თამაშები მიყვარდა და ამიტომ დამირეკე? "რა? სად? როდის?" არც ერთი ქართული და რუსული გადაცემა არ გამომიტოვებია. ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებ", - მითხრა ტელეწამყვანმა ნიკა ლომიძემ. ერუდიტის კითხვებმა ის ძალიან გაამხიარულა, მე კი - მისმა პასუხებმა.

პრეამბულის მაგიერ

- ინტელექტუალურ კლუბში თავად არასდროს გითამაშია?

- არა, ზოგადად ბევრი რამ ვიცი, ერუდიციას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ ჩემი პრობლემა ის არის, რომ სახელებს, თარიღებს ვერ ვიმახსოვრებ. ამბები ვიცი, კვანტურ ფიზიკასა და ფარდობითობის თეორიაზე ლაპარაკიც შემიძლია. ძალიან მაინტერესებს ასტროლოგია, სულ ვეძებ ლიტერატურას და ვკითხულობ. როცა გადაცემაში რაღაც ამბავს ვყვები, აუცილებლად მაქვს შპარგალკა, რომ წლები სწორად ვთქვა, მაგრამ უცნაურობა მჭირს, - ფურცელზე თარიღს დავხედავ, მერე კამერას შევხედავ და უკვე დავიწყებული მაქვს. ვერც ფილმების სათაურებს ვიმახსოვრებ.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ამ ბოლო დროს აქტიური ვეღარ ვარ. საერთოდ, წიგნების კითხვა კანტის, ფროიდისა და ნიცშეს გაცნობით დავიწყე. ადრეულ ასაკში მსგავსი რამ არ უნდა წაიკითხო. მერე სამყარო სხვაგვარად აღვიქვი. ბოლო პერიოდში ნოველებმა გამიტაცა, მათ მე "სემიჩკებს" ვეძახი. დავინტერესდი პიესებითაც. სულ ვკითხულობ, რომ მერე კლიპისთვის, კინოსთვის კარგი ეპიზოდი ამოვიღო. ასე ბევრი საინტერესო თემა მიპოვია. ზოგჯერ წასაკითხ ნაწარმოებებს ავტორების მიხედვითაც ვირჩევ. მომწონს მაკდონახის პიესები.

- რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?

- ზუსტად ვიცი, დონ კიხოტთან არასდროს ვიმეგობრებდი.

- რას უწუნებ? მას სასურველ მეგობრად ჩემი ბევრი რესპონდენტი ასახელებს.

- ჰალუცინაციებიან ადამიანთან ურთიერთობა არ შემიძლია. სიამოვნებით ვიმეგობრებდი შერლოკ ჰოლმსთან, გამოძიებები და ჩაძიებები მეც ძალიან მიყვარს.

- თავად, რომელ პერსონაჟს ჰგავხარ?

- ვინმეს ვგავარ? არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია.

- რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როცა პიროვნება რაიმე საინტერესოს ისმენს?

- მგონი ფართოვდება, ხომ?

- დიახ. დაასახელე როკვარსკვლავი, რომელიც სცენაზე დააპატიმრეს.

- კარგი რაა!!! ხომ გითხარი, სახელებსა და გვარებს ვერ ვიმახსოვრებ-მეთქი?

- მიგანიშნებ...

- (მაწყვეტინებს) მინიშნება არ მინდა, ვიცი, ვისზეც არის ლაპარაკი. ჟგუფ "დორსის" სოლისტი იყო. რა ერქვა (ფიქრობს)? ჯიმ მორისონი. აი, ასე, ხომ მაინც გავიხსენე!

- ქალბატონებს კომპლიმენტს ხშირად ეუბნები?

- საკმაოდ.

- ყოველთვის გულწრფელი ხარ?

- ამ შემთხვევაში გულწრფელად უნდა გიპასუხო (იცინის)?

- აუცილებლად.

- ზოგჯერ ზრდილობის გულისთვის ვამბობ.

- სახელმწიფო ტოგოში თუ კაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, რა ვალდებულება ეკისრება მის წინაშე?

- ცოტა ხნის წინ, რომელიღაც ტომის ჩვეულებებზე ვკითხულობდი: კაცი ქალს თავში თუ ჩასცხებს, მათთან კომპლიმენტად ითვლება. ტოგოში რა ხდება? ცოლად ხომ არ უნდა მოიყვანოს?

- გამოიცანი. ადამიანის ეს ორგანო სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 3 მილიარდ დარტყმას აკეთებს.

- გული.

- რომელი ითვლება მდინარის თევზებიდან ყველაზე დიდ თევზად?

- არ ვიცი.

- ლოქო. რომელია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა?

- იუპიტერი.

- რით არის გამორჩეული ჩიტი კოლიბრი?

- პატარა და ძალიან საყვარელია, ყვავილის ნექტარს ჭამს, ჰაერში ერთ ადგილზე გაჩერება და უკან ფრენა შეუძლია.

- დაასახელე სოფელი, რომელიც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღლა მდებარეობს.

- არ ვიცი.

- ეს სოფელი საქართველოშია.

- ა! უშგული აღარ გამახსენდა.

- რისი შიშია ასტროფობია?

- ასტროლოგების, მიხეილ ცაგარელის შიშია (იცინის)... არ ვიცი.

- ჭექა-ქუხილის.

- მართლა? ეს პირველად გავიგე. შიშების ჩამონათვალს რამდენიმე დღის წინ გადავხედე, მეგონა, ეს თემა ნაკლებად მიტაცებდა, მაგრამ ბევრი უცნაური რამ წავიკითხე. თავადაც მილიარდი შიში მაქვს. ყველაზე მძაფრად უფულობის მეშინია (იცინის).

- ვარაუდობენ, რომ მილიონობით მცენარე ამ ცხოველის დარგულია. ოდესღაც მათ დამალეს კაკალი და შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაავიწყდათ.

- ციყვი.

- დაასრულე სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამი: "ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ"...

- სულელს თავი ჭკვიან ადამიანად მოაქვს.

- "...მე სულელი არ ვარ".

- ძალიან მარტივად დაუსრულებია.

- სად მოკლეს ლინკოლნი?

- არ მახსოვს.

- თეატრში. ბავშვობაში მას ეძახდნენ "ანგელოზს მოგრეხილი ფეხებით". შემდეგ კი სპორტის ერთ-ერთ სახეობაში გაითქვა სახელი. ვისზეა ლაპარაკი?

- გარინჩაზე.

- ბერტრან რასელმა მასზე ასეთი განმარტება გააკეთა: "მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შედგება 4 ინგრედიენტისგან: ჯანმრთელობის, თბილი პირადი ურთიერთობის, არსებობის ღირსეული საშუალებებისა და წარმატებული სამსახურისგან". რა განმარტა ასე რასელმა?

- ოჯახი...

- ბედნიერება.

- მერე, ოჯახი ხომ ბედნიერებაა? ნახევრად გამოვიცანი.

- ბიჭს ჰყავს იმდენივე და, რამდენიც ძმა, ხოლო მის დას 2-ჯერ ნაკლები და ჰყავს, ვიდრე ძმა. რამდენი და და რამდენი ძმაა მათ ოჯახში?

- ვაიმეე! ეს რა ჩახლართული სიტუაციაა, გგონია, ვერ გამოვიცნობ? მადროვე (ფიქრობს) 2 და და 3 ძმა.

- სწორი პასუხია 3 და და 4 ძმა.

- თითო-თითო შემეშალა, აღარ მაპატიო.

- აზიის ბევრ სასტუმროში მასაჟისტებად ბრმები აჰყავთ. რატომ?

- კლიენტებს სიშიშვლის რომ არ შერცხვეთ.

- კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგებში, წერენ წერილებს და ქურდობასაც არ ერიდებიან, რაზეა ლაპარაკი?

- ავტოგრაფებზე.

- რომელ ტაძარში იყო შემორჩენილი ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ერთადერთი გამოსახულება, რომელიც ახლახან განადგურდა?

- ვერ გიპასუხებ.

- ბედიის ტაძარში. რა განაპირობებს კანის, თვალისა და თმის შეფერილობას?

- პიგმენტები.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- დიდი ბოდიში (იცინის), ეგ რომ ვერ გავიხსენო, არ მაპატიო. რა გაცინებს?

- ძალიან მარტივი კითხვა დაგისვი.

- არ ვიცი, სოლომონის მამის კი არა, მამაჩემის სახელი ძლივს დავიმახსოვრე.

- კითხვა გაგიმეორო?

- გამეორება არ მინდა, სახელებთან დაკავშირებული კითხვები აღარ დამისვა, თორემ ჩემი პასუხები იქნება, - არ ვიცი, არ ვიცი...

- სიტყვა ისაკიჩი არაფერს "გეუბნება"?

- უი!!! (იცინის) მართლა რა მარტივი ყოფილა?!

- ცეცხლსასროლ იარაღებში კარგად ერკვევი?

- ცოტა რამ გამეგება.

- რუსული წარმოების პისტოლეტებიდან რომელია ავტომატური წარმოების - "მაკაროვი", "სტეჩკინი" თუ "ტეტე"?

- "სტეჩკინი".

- არაბეთის ქვეყნებში მამაკაცები გრძელ თავისუფალ თეთრ ტანსაცმელს ატარებენ. ქალები კი - შავ სამოსს. არაბების თვალთახედვით, რატომ უნდა ატარებდეს ქალი მხოლოდ შავ სამოსს?

- იქ ხომ ქალი ნივთია.

- ისინი თვლიან, რომ ქალი მამაკაცის აჩრდილია. X საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა დახმარებისთვის დავით კურაპალატს მიმართა. ვინ მეთაურობდა ბიზანტიაში გაგზავნილ ჯარს?

- თორნიკე ერისთავი.

- რომელ ქვეყანაში გარდაიცვალა ბაირონი?

- არ მახსოვს.

- საბერძნეთში. ის პირველად გვხვდება ძველ ეგვიპტეში, მისი ტარება ფარაონთა და მათთან დაახლოებული პირების პრივილეგია იყო. ძველ საბერძნეთში კი ნებადართული იყო ყოველი ზრდასრული ადამიანისთვის, მონების გარდა. რაზეა ლაპარაკი?

- თმაზე.

- თმას ყველა არ ატარებს.

- ქალი, კაცი, ბავშვი - ყველა ატარებსო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო? ფეხსაცმელი ხომ არა?

- გამოიცანი. დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც კინოში იმედა კახიანმა, ხოლო თეატრში გოგი გეგეჭკორმა განასახიერა.

- რომელი ავტორის პერსონაჟია?

- დავით კლდიაშვილის.

- პლატონ სამანიშვილი.

- დაბოლოს, დაასრულე იტალიური ანდაზა: "არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად..."

- კისერს მოიტეხ.

- "...აუცილებლად მოვა შემდეგი".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები