"არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა"

"არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა"

რამდენიმე კვირაა მითქმა-მითქმა არ წყდება: გადაცემაში - "რა? სად? როდის?" მკერდმოშიშვლებული გოგონა გამოჩნდაო. გოგონა ნახევრად გადაპარსული ვარდისფერით თმით, "მოაზროვნე" თამთა ჭალიძეა.

როგორც გავარკვიეთ, მას ბავშვობიდან გამორჩეულად და ექსტრავაგანტურად ჩაცმა ჰყვარებია. თამთამ ისიც გვითხრა, - არ მეგონა, ამ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდაო.

თამთა ჭალიძე:

- 22 წლის ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ერთი პერიოდი ვმუშაობდი, ახლა კი აღარ ვმუშაობ და მაგისტრატურაში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის ვემზადები. 2008 წელს ჩემმა კურსელმა და მეგობარმა მიმიყვანა კლუბში თამაშზე - "რა? სად? როდის?" ამ დღემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ მეც ჩავერთე. ძალიან აზარტული ვარ, დღემდე არც ერთ თამაშს არ ვაცდენ. ბევრი მეგობარი შევიძინე. საკუთარი ცოდნის გამოსავლენად და ახალი ინფორმაციის მისაღებად, ყველაზე საუკეთესო გზაა. ჩემზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ჯერ არ დავმჯდარვარ სარკისებრ მაგიდასთან. ამჟამად სუპერლიგაში ვთამაშობ. სატელევიზიო გადაცემების ჩაწერას კი, მხოლოდ ვესწრები. მეგობრებს ვგულშემატკივრობ. ინტელექტუალურ კლუბში ჩემი გარეგნობა სხვებისაგან განსხვავდება. ხშირად ვიცვლი ხოლმე როგორც ვარცხნილობას, ასევე სტილს. ამ ბოლო დროს თმის ფერი ხშირად შევიცვალე. გუშინ კი თმა საერთოდ გადავიპარსე.

- ბავშვობიდან განსხვავებული გემოვნება გქონდა თუ ახლა შეგეცვალა?

- ბავშვობაში იმდენად არა. ყოველთვის სპორტულ სტილს ვანიჭებდი უპირატესობას. მიყვარდა მოკლე შორტები და კედები. სტუდენტობის საწყის ეტაპზე კი "პანკობის" პერიოდიც მქონდა.

- ალბათ პირსინგი და სვირინგი ბლომად გაქვს, არა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, პირსინგი არ მაქვს. ყურებიც კი გვიან, 14 წლისამ გავიხვრიტე. ცოტა მეშინოდა და ალბათ მაგიტომ. სურვილი მაქვს, რომ გავიკეთო. ალბათ ოდესმე ამიხდება. ტატუები ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით ორი მაქვს. კიდევ რამდენიმეს გაკეთებას ვაპირებ.

- შენი მშობლებისთვის არასდროს ყოფილა მიუღებელი შენი განსხვავებული გარეგნობა?

- ჩემს ოჯახში ამ თემის გამო პრობლემა არასდროს ყოფილა. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, ვცეკვავდი, ვცურავდი. ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი და არა ის, თუ რა ფერის თმა მექნებოდა.

ქუჩაში თვალის გამოყოლება კი - ჩვეულებრივი ამბავია. აპარსული თავის გამო ჩემი გუნდის კაპიტანი "ჯარის ძმაკაცს" მეძახდა. ჩემი გარეგნობის გამო მძაფრი რეაქცია არასდროს არავის ჰქონია გადაცემის - "რა? სად? როდის?" გასვლამდე.

- "რა? სად? როდის?" გასვლის შემდეგ ყველა შენზე ლაპარაკობდა: როგორც წესი, მოაზროვნეებსა და დამსწრე საზოგადოებას მკაცრი სამოსი აცვიათ, შენ კი რამდენიმე გადაცემაში მკერდი გიჩანდა. ხალხს ვერ გაერკვია, ვინ იყავი.

- დიახ. რამდენიმე დღე სხვა საჭორაო თემა მგონი, არ ყოფილა. ინტერნეტი ჩემი სურათებით იყო გადაჭრელებული. გულწრფელად გეტყვით, რომ უკვე შევწუხდი ამაზე ლაპარაკით. არ ვთვლი, რომ იმ კაბას ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი რაიმე სჭირდა. შეიძლება, ვიღაცა თვლის, რომ იმ გარემოსთან, სადაც ის კაბა მეცვა, შეუთავსებელი იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან ლამაზი კაბაა. დავინახე თუ არა, მომეწონა და მაშინვე ვიყიდე. თანაც მგონია, რომ მიხდება. მათ კი, ვინც ჩემმა ჩაცმულობამ გააღიზიანა, მინდა ვუთხრა - გადაცემის ყურებისას "მოაზროვნეებზე" გადაერთონ, კითხვების გამოცნობა სცადონ. ჩემი აზრით, ამ შოუში მთავარი - ინტელექტია და ხალხი ვიღაცის დეკოლტეს ვერც უნდა ამჩნევდეს. თამაშებს რომ ვუყურებდი ხოლმე, იმდენად კონცენტრირებული ვიყავი მოთამაშეებზე, უკან მდგომი ხალხი არც შემიმჩნევია. თანაც, ჩემთვის და ჩემ გარშემო მყოფთათვის სულაც არ არის ეს კაბა "თამამი". მაგრამ ამის შემდეგ მეცოდინება, როგორ უნდა ჩავიცვა (იცინის).

- თმაც ძალიან ექსტრავაგანტურად გქონდა - ვარდისფრად შეღებილი და ნახევრად გადაპარსული...

- თავის გადაპარსვა ჩემი მეგობრის იდეა იყო, რომელიც ძალიან მომეწონა. თმის ფერი ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიცვალე, რა გითხრათ. ძალიან მიყვარს ლურჯი ფერი. ამ ფერის თმა კი არასდროს მქონია. რომ გამეზრდება, ალბათ შევიღებავ. ვუფრთხილდები ხოლმე, არ დამიზიანდეს, მაგრამ გადაპარსვაც არ არის მერე პრობლემა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- როგორც გითხარით, მაგისტრატურისთვის ვემზადები. რა თქმა უნდა, განვაგრძობ თამაშს - "რა? სად? როდის?" სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ მინდა წასვლა და ვნახოთ, რა იქნება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"