ნუკა მარგველაშვილი - "მაქვს თვისება, რომელიც მსახიობისთვის დამღუპველია"

ნუკა მარგველაშვილი - "მაქვს თვისება, რომელიც მსახიობისთვის დამღუპველია"

"ბაბუა ოპერის მომღერალი, თენგიზ ზეინკლიშვილი გახლდათ. ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა. სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს მქონია სურვილი, სცენაზე მემღერა", - მითხრა მსახიობმა ნუკა მარგველაშვილმა, რომელსაც როგორც მომღერალს, მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობენ. ის ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო...

- სამი წლის წინ, მიშა მდინარაძის სიმღერა ჩავწერე, რომელმაც ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, ცოტა ხნის წინ კი მეგობრებმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, კონცერტის ჩატარება გადამაწყვეტინეს. ჰოდა, ვინაიდან პროფესიით მსახიობი ვარ, თეატრალიზებული საღამო "გავაკეთეთ"... ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და გული მწყდება, რომ ახლა თეატრში არ ვარ დაკავებული... თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონი გოგი ქავთარაძის ჯგუფში ვსწავლობდი. მან არა მარტო სპეციალობა, სტუდენტებს ცხოვრებაც გვასწავლა. ჩემი კარიერა "თეატრალურ სარდაფში" დაიწყო.

- როგორ მოხვდი სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან"?

- კასტინგზე მივედი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი გამომივიდოდა. მითხრეს, - უზნეო, ცუდი ენის პატრონი და გათავხედებული გოგონას როლი გვაქვსო. რა დავალებაც მომცეს, შევასრულე და ამიყვანეს. მე და სალომე ნინუა პარტნიორები ვიყავით და ჩვენს გმირებზე თავადვე ვხალისობდით.

- ბაბუა თუ გახსოვს?

- სამწუხაროდ, 2 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მან ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა... დედამ ბაბუს პატივისცემა და სიყვარული თავიდანვე ჩაგვინერგა. ბაბუ თურმე, ყოველთვის ამბობდა, - მომღერლობა დიდ თავგანწირვას მოითხოვს და ამ საქმიანობას დიდი გულისტკივილიც ახლავსო. ალბათ, ერთგვარად, ამანაც განაპირობა, რომ სიმღერას არ გავყევი... სადაც ბაბუს სახელს ვახსენებ, ყველა პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებს. მეც გამოვხატე მისდამი პატივისცემა და ჩემს შვილს თენგიზი დავარქვი... ბაბუს ბევრი მეგობარი ჰყავდა, ამიტომ ჩვენს სახლში თურმე, ყოველთვის ქეიფისა და სიმღერის ხმა ისმოდა და სტუმრისთვის კარი დღემდე ღია გვაქვს... ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჯანო კახიძე გვესტუმრა და თამადობაც მას "მიუსაჯეს". მან დანა-ჩანგლით თეფშზე ისეთი მუსიკა დაუკრა, რომ შთაბეჭდილება დიდხანს გამყვა... დედა ხშირად მიყვება ძველ ამბებს. ერთხელ მიამბო: ზღვაზე ვისვენებდით და მეზობლებმა დაიჩივლეს: ზეინკლიშვილებთან ქეიფი დილიდან იწყებაო. მერე დავაკვირდით და მივხვდით, დილით ჩაის რომ შევექცეოდით, ჯერ ბებო წაიმღერებდა, მერე მამა შეუერთდებოდა და მთელი ოჯახი ნელ-ნელა, მათ ავყვებოდით ხოლმეო. თურმე, ბაბუს შეეძლო, ყველა ასაკის ადამიანთან ისე ემეგობრა, როგორც თანატოლთან.

- პირად ცხოვრებაზე რას მეტყვი?

- ჩემი ვაჟის მამასთან დაშორებული ვარ. ჩვენ ოჯახი პატარა ასაკში შევქმენით... ბავშვს გაჩენის დღიდან ზრდასრული ადამიანივით ველაპარაკები. ცხოვრებაში როგორ წარმატებასაც უნდა მივაღწიო, ჩემს შვილზე მნიშვნელოვანსა და ძვირფასს ვერაფერს შევქმნი. დედობა უმაგრესი გრძნობაა; გარდა იმისა, რომ შვილზე ზრუნავ, გულში იმის განცდაც გაქვს, რომ ამქვეყნად შენს ცხოვრებასაც ჰქონია აზრი, რადგან მოგეცა საშუალება, სხვა ადამიანსაც უბოძო სიცოცხლე.

- ვოკალური კარიერის მხრივ რა გეგმები გაქვს?

- სურვილი მაქვს, ალბომი გამოვუშვა, რადგან ჩემი სიმღერები დასაკარგად არ მემეტება. თანაც, ამბობენ, რომ ამ სიმღერებს გაჰიტების დიდი შანსი აქვს. ჩემი რეპერტუარი ძირითადად, ძველი სიმღერების ახლებური ვერსიებია, რომელიც მიშა მდინარაძემ "გააკეთა"...

- მღერი, პროფესიით მსახიობი ხარ. მიუზიკლში მონაწილეობაზე არასოდეს გიფიქრია?

- როგორ არ მიფიქრია, მაგრამ "თეატრალურ სარდაფში" 5 წელი ისე ვთამაშობდი, რომ არავინ იცოდა, სიმღერა თუ შემეძლო... დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე არაპოლიტიკური გადაცემის წამყვანიც. მაგალითად, სიამოვნებით გავაკეთებდი ფინჯან ჩაისთან გატარებულ ქართული სიმღერის საღამოს... მაგრამ მაქვს საშინელი თვისება, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მსახიობისთვის, დამღუპველია: თუ რაღაც ერთხელ არ გამოვა, ბედს მეორედაც ვცდი, მაგრამ თუ მიზანს ამ შემთხვევაშიც ვერ მივაღწევ, მერე ყველაფრის გაკეთების ხალისს ვკარგავ; ასე მგონია, არასოდეს არაფერი გამოვა და ვეღარაფერი მაიძულებს, კიდევ ერთხელ ვცადო ბედი. რატომღაც მგონია, ვინმეს თუ დავჭირდები, თავად გავახსენდები. არ ვარ "ჟილკიანი". ხშირად ვამბობ, - რად უნდა ხელოვნებას "ჟილკა"? თუ კარგი ხარ, ისედაც მოგაგნებენ-მეთქი, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ მთლად ასეც არ არის საქმე... პოპულარობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა; იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და თუ ვინმეს ამით სიამოვნებას ვანიჭებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნიერი ვარ.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"