მარიკო ებრალიძე: ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა

მარიკო ებრალიძე: ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა

მომღერალ მარიკო ებრალიძეს სურათების გადაღება ძალიან უყვარს. ცდილობს, ყველა სასიამოვნო წუთი ფირზე აღბეჭდოს, მის ცხოვრებაში კი ასეთი ბევრი წუთი ყოფილა. მომღერალი განსაკუთრებული ხალისით "ვარსკვლავების აკადემიაში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

- მარიკო, შენს ფოტოალბომს გადავხედოთ. როგორი ბავშვი იყავი?

- როგორც დედა მეუბნება, - პატარაობისას ძალიან მიყვარდა რუსულად ლაპარაკი და ამით თავის მოწონება. საკმაოდ ხალისიანი, მოძრავი და კომუნიკაბელური ბავშვი გახლდით. ერთადერთი პრობლემა, რის გამოც დედას ვაწვალებდი, ჭამა გახლდათ, ახლა კი პირიქითაა - გემრიელი კერძების მირთმევაზე უარს ვერ ვამბობ. ბავშვობის დროინდელი ეს სურათი ძალიან მიყვარს. აქ დათვთან ერთად ვარ. ეტყობა, მაშინ უშიშარი ვიყავი, თორემ რა დამაყენებდა ამ ბაჯგვლიან დათვთან ასე ახლოს?!.

- პრანჭია თუ იყავი?

- ნამდვილად, პრანჭიკელა ვიყავი. აი, იმ დღეს, როცა ამ ფოტოს მიღებდნენ და სადაც ორი მარიკოა აღბეჭდილი, ფოტოგრაფი ძალიან დავღალე. ჰოდა, ბოლოს ასეთი ორიგინალური ფოტო გამიკეთა და მითხრა: აი, ეს შენ და თავი დამანებეო! ამ სურათის ნახვისას ბევრს უკითხავს, - ტყუპისცალი გყავსო?.. ისე, ჩემი პრანჭიკელობა მხოლოდ მანერებით გამოიხატებოდა, თორემ ნამდვილად არ ვიქცეოდი იმ ბავშვებივით, რომლებიც დედის კოსმეტიკას იყენებენ და აფუჭებენ. თუმცა, ერთ-ერთ სურათში კარგად ჩანს, რომ მაკიაჟი მაქვს გაკეთებული და მორაგბე ბიჭთან ერთად ვცეკვავ. მახსოვს, ბაკურიანში ვიყავით, ეს ბიჭი მომეწონა და მის გამო მაკიაჟიც გავიკეთე. ამ სურათს რომ ვუყურებ, მიჩნდება კითხვა, - ნეტავ, ვინ გამიკეთა მაკიაჟი-მეთქი, მაგრამ ეს ვერავინ გაიხსენა (იცინის).

- ახლა მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- მაკიაჟს მხოლოდ სცენაზე გასვლის დროს ვიკეთებ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრიობა მირჩევნია... მიყვარს ზღვაზე, მზის ქვეშ წოლა და ნამზეურის მიღება. როცა გარუჯული ვარ, მაკიაჟს საერთოდ არ ვიკეთებ.

- ეს დასთან ერთად გადაღებული ფოტოა, არა?

- ჩემი და ჩემზე 13 წლით უფროსია. ვინაიდან დედა მუშაობდა, ჩემს დას უწევდა ჩემი ბაღში მიყვანა და გამოყვანა. მოკლედ, ის ჩემთვის დედასავით არის.

მახსოვს, მას და მის მეგობრებს სულ უკან დავდევდი... თურმე, იმ დღეს, როცა მე უნდა დავბადებულიყავი, ჩემი დის კლასელები სამშობიაროსთან მოსულან და "დედა", "დედას" გაიძახოდნენ. ექიმები გაგიჟებულან და უკითხვათ: ესენი თქვენი შვილები არიანო?..

- აქ კი დედასთან ერთად ხარ აღბეჭდილი...

- ასეა. დედა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, მასზე დღემდე მიჯაჭვული ვარ. ის არის იმ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა, რაც დღემდე გამიკეთებია ან უნდა გავაკეთო. ყველაფერში გვერდით მიდგას, მამხნევებს და სტიმულს მაძლევს.

- ეტყობა, გარეგნულად მამას ჰგავხარ...

- დიახ, მამას ვგავარ! სამწუხაროდ, მასთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი არ მაქვს. დედა და მამა გაშორებულები არიან. თუმცა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ არის. მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ეს კი სკოლის პერიოდში გადაღებული ფოტოა, არა?

- ეს ფოტო დაახლოებით, მეხუთე კლასში ყოფნის დროს არის გადაღებული. ამ ზეიმისთვის ცეკვები ბავშვებმა მოვამზადეთ და ტანისამოსიც თავად შევარჩიეთ. სკოლაში გამართულ თითქმის ყველა ზეიმზე მიწევდა სცენაზე გასვლა, რადგანაც კარგად ვმღეროდი.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონები იმიჯს რადიკალურად იცვლიან. საკუთარ გარეგნობაში შენ თუ შეიტანე კორექტივები?

- სკოლის პერიოდში მსუქანი ვიყავი და ჩემი ფორმების გამო, კომპლექსი მქონდა. თუმცა, მაინც ყველანაირ სტილის სამოსს ვირგებდი, სპორტულსა და კლასიკურს ერთმანეთს მშვენივრად ვუთავსებდი. "ვარსკვლავების აკადემიაში" მონაწილეობის დროს კი ვფიქრობ, ჩემი ჩაცმის სტილი უფრო მეტად დაიხვეწა. სწორედ ამ პროექტმა მიმახვედრა, რომ თურმე, ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა (იცინის) და კომპლექსები გამიქრა. საერთოდ, "ვარსკვლავების აკადემიამ" არა მარტო ჩემს იმიჯზე იქონია გავლენა, არამედ როგორც ადამიანი, უკეთესობისკენ შემცვალა. ადრე თმას გამუდმებით ვიკრავდი, მაგრამ აკადემიაში გამაშლევინეს. ჰოდა, ეს გაშლილი, ხვეული თმა ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა.

- თუმცა, ამ სურათში თმა გასწორებული გაქვს...

- მე მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თმა გამისწორეს. ბავშვობაში ჩემი ხვეული თმა არ მომწონდა და თმის დავარცხნაც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. საერთოდ, ძნელად გასასწორებელი თმა მაქვს და იმისთვის, რომ ასეთი ვარცხნილობა მქონოდა, ორი სტილისტი ერთდროულად მუშაობდა. ვფიქრობ, სწორი თმა ასაკს მმატებს.

- წონას აკონტროლებ?

- კი, ზედმეტ კილოგრამებს გამუდმებით ვებრძვი. ვცდილობ, საღამოობით არ ვჭამო. როდესაც სცენაზე დგახარ, ვალდებული ბრძანდები, ლამაზად, მოხდენილად გამოიყურებოდე. მშურს იმ ადამიანების, ვისაც წონის პრობლემა არ აქვს.

- მარიკო, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი "ვარსკვლავების აკადემიაში" მონაწილეობისას გახდი...

- ასეა და მაგ პერიოდს ჩემი ცხოვრების "ოქროს ხანას" ვეძახი. ამ პროექტმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. იქ გატარებული ყოველი დღე და წუთი მახსოვს. ამ პერიოდის ბევრი ფოტო მაქვს და თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. აი, ეს ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა ანი სუბელიანმა და ლევან დობაძიშვილმა ტყემლის საწებლითა და მაიონეზით წუწაობა გადაწყვიტეს. ჩვენ ამ ყველაფერს გაოცებულები ვუყურებთ. იმ დღეს დაგვსაჯეს და დამლაგებელი არ შემოუშვეს, ყველაფრის მოწესრიგება თავად მოგვიხდა.

- სამკაულები გიყვარს?

- აქსესუარებიდან მხოლოდ სამაჯურს და საათს ვანიჭებ უპირატესობას. საყურე არ მიყვარს და არც ყურები მაქვს გახვრეტილი.

- ტანია მარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რას გვეტყვი?

- "ვარსკვლავების აკადემიაში" მონაწილეობის დროს ბატონი ზაზა შენგელია დაგვპირდა, ტანია მარიასთან შეხვედრას მოგიწყობთო და დანაპირები შეგვისრულა კიდეც. იმ ზაფხულს ტანია საქართველოში გამართულ ჯაზფესტივალზე ჩამოვიდა და მის კონცერტს დავესწარით, შემდეგ კი მასთან მასტერკლასი გავიარეთ. ეს შეხვედრა დაუვიწყარი და ენით აუწერელი სიამოვნება იყო ჩემთვის. ერთსაათიანი შეხვედრის დროს მომღერალმა უამრავი რჩევა მოგვცა; გვითხრა: "სიმღერის დროს რასაც ორგანიზმი და სხეული მოგთხოვთ, ის გააკეთეთ, ტანით გადმოეცით სრულყოფილი ემოციაო". ძალიან ლაღი, თავისუფალი და ემოციური ადამიანია. ეს დღე ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად დარჩა ჩემს ცხოვრებაში.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება