ჩააგდებს თუ არა საზოგადოებას "კომა" კომაში - "ციხის კადრების" სკანდალი ახალი ფილმით გრძელდება

ჩააგდებს თუ არა საზოგადოებას "კომა" კომაში - "ციხის კადრების" სკანდალი ახალი ფილმით გრძელდება

ბუკლიკო იმით დაინტერესდა, როგორ მიიღებს საზოგადოება ფილმს, რომელიც მას თითქოს უკვე შეხორცებისკენ წასულ ჭრილობას კვლავ გაუხსნის. მოგეხსენებათ, ციხის კადრების ნახვის შემდეგ ადამიანებს დაძინება უჭირდათ და ვინც იმ დროს, არცოდნით, ტელევიზორს ბავშვები არ მოარიდა, მოგვიანებით ძალიან ნანობდა. ალბათ სწორედ ამიტომაც ფილმზე მხოლოდ მათ შეუძლიათ დასწრება, ვისაც 18 წელი უკვე შეუსრულდა და ეს ფილმის ავტორებისა და კინოთეატრების მესვეურების სწორი გადაწყვეტილებაა. ფილმი საკმაოდ მძიმე ისტორიას ასახავს, რომელიც აჩიკო ქავთარაძემ, ლაშა ბუღაძესთან ერთად, გაგონილი თუ უშუალოდ მოსმენილი ციხეში მომხდარი სხვადასხვა ამბის გაერთიანებით შექმნა. როგორც აჩიკო ამბობს, ამ ისტორიებით სპეციალურად არ დაინტერესებულა, უბრალოდ, ყველა ჩვენგანი ამ ინფორმაციის მორევში ცხოვრობს და როგორც ჩანს, რეალური ამბები, რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ფილმი, მასთან "თავისი ფეხით მივიდნენ".

ვატო ქავთარაძემ, ფილმის პროდიუსერმა, განგვიმარტა, რომ ზოგადად, ფილმი არა მხოლოდ ციხის ცხოვრებაზეა, არამედ იმ ტაბუირებულ თემებზეც, რომლებზე საუბარსაც საზოგადოება გაურბის. როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ ციხის კადრებს და სხვა პრობლემებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აქვს, თავიანთი ფილმით კიდევ ერთხელ დაანახვებენ ადამიანებს. ვატოს თქმით, შესაძლოა, ის ჯალათი, რომელიც ციხეში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდა, დასჯილია, მაგრამ არავინ ლაპარაკობს ექიმებზე, რომლებიც არანაკლებ დანაშაულს სჩადიოდნენ... აშკარაა, რომ "კომის" ავტორებისთვის ციხის სკანდალი რეალური კადრების გამოქვეყნებით არ დასრულებულა და სურთ, ამ თემაზე დისკუსია საზოგადოებაში ფილმით განაგრძონ.

ორიოდ სიტყვა ფილმის შინაარსზე - "კომა" მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას შესახებ. საავტომობილო ავარიის შემდეგ ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება და ნახავს, როგორია რეალობა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა - ახალ სამყაროში ადამიანებს ცინიკურად და არაადამიანურად ეპყრობიან. ამას საკუთარ ტყავზეც გამოცდის და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. პარალელური ამბავი ვითარდება საავადმყოფოში, სადაც ავარიის მსხვერპლები წვანან, ერთ-ერთი მათგანი კი კომაშია...

პრესკონფერენციის შემდეგ ლაშა ბუღაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

-  თქვენი აზრით, 2012 წელს იმდროინდელი ხელისუფლება რამდენად კარგად შეხვდებოდა ამ ფილმის პრემიერას?

-  ვიცი, რომ პროდიუსერებს არ უნდოდათ, ამ ფილმის პრემიერით პირდაპირი პოლიტიკური ასოციაციები გაჩენილიყო და ის სხვა პოლიტიკურ ძალებს არ გამოეყენებინათ. შესაძლოა, მაშინდელ პრემიერას უფრო შოკის მომგვრელი ეფექტი ჰქონოდა, მაგრამ მგონია, რომ პრემიერის გადადებით სწორად მოიქცნენ. ცივ გონებაზე შეგვიძლია, უფრო კარგად გავაანალიზოთ, რამდენად არსებობდა ეს ყველაფერი წარსულში და დარჩა თუ არა იქ. ეს განცდა უნდა გაუჩნდეს მაყურებელს.

-  ძალიან მძიმე თემაა და სცენარზე მუშაობა როგორი იყო?

-  ნამდვილად მძიმე თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დრამატული სიტუაციაა, რეალურიცაა. მისი პერსონაჟები პირდაპირ რეალობიდან არიან გადმომხტრები. როდესაც აჩიკო მიყვებოდა ამ ამბავს, პერსონაჟების, სხვადასხვა სივრცის რუკა ჰქონდა დახატული. ყველაზე მძიმე იყო საგიჟეთის ეპიზოდი. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც არ ვიცი, რის გამო, სიმულაციით, თავის გადარჩენის მიზნით თუ მართლაც შექმნილი ფსიქიკური პრობლემების გამო მოხვდნენ საგიჟეთში. აჩიკომ, მგონი, პოსტმოდერნისტული ხერხი აირჩია, ეს ფილმი გამოკვეთილი დრამა არ არის და რეჟისორი თამაშობს ჟანრებით, ფორმებით, სტილიც მსუბუქად იცვლება, ტრაგედია მოულოდნელად შეიძლება გადავიდეს თითქმის გროტესკულ აბსურდში, შემდეგ სატირის სფეროში, დაუბრუნდეს დოკუმენტალიზმს, როგორც თავად რეალობები ინაცვლებს, ციხიდან საგიჟეთში, საგიჟეთიდან საავადმყოფოში, თუმცა აქ ზღვარი წაშლილია, როდესაც ვერ იგებ, სად მკურნალობენ და სად სჯიან.

-  თავად ხართ ამგვარი ფილმების მაყურებელი?

-  თუკი ჩავთვლით, რომ ეს სოციალური კინოა, მე ვარ ამგვარი ფილმების მაყურებელი. რომ არ ვყოფილიყავი სცენარისტი, აუცილებლად წავიდოდი კინოში და დიდი ინტერესით ვნახავდი.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება