ლანა ქუთათელაძის პასუხი გიორგი ხაბურზანიას

ლანა ქუთათელაძის პასუხი გიორგი ხაბურზანიას

გასულ კვირას ჟურნალ "რეიტინგში" გიორგი ხაბურზანიას ინტერვიუ დაიბეჭდა. გიორგი ამბობდა, რომ "მაგთიფანი", რომელიც მალე "მაესტროს" ეთერში გავა, ძალიან ჰგავს "ვარსკვლავების აკადემიას". შესაბამისად, "მაგთიფანის" შემქმნელებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ. გიორგის თქმით, მას "ვარსკვლავების აკადემიის" ლიცენზიის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია "ენდემოლი" დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ახალი პროექტი მზადდებოდა "მაესტროზე". ამ საკითხთან დაკავშირებით "მაგთიფანის" მთავარ პროდიუსერ ლანა ქუთათელაძეს დავუკავშირდი.

- ლანა, გიორგი ხაბურზანიას თქმით, "მაგთიფანს" შეიძლება, პრობლემები შეექმნას "ენდემოლთან", რადგან პროექტი მათგან არ გიყიდიათ. რამდენად შეიძლება გამართლდეს გიორგი ხაბურზანიას პროგნოზი?

- ვერ ვხვდები, რატომ უნდა გვეყიდა "ენდემოლისგან" პროექტი?

- გიორგის თქმით, "მაგთიფანის" რეკლამები რომ ნახა, გაუჩნდა აზრი, რომ თქვენი პროექტი ძალიან ჰგავს "ვარსკვლავების აკადემიას".

- "ვარსკვლავების აკადემიასთან" დაკავშირებით ყველაფერი კარგად ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტზე მე თვითონ ვმუშაობდი. გასაგებია, რაზეცაა საუბარი. რეკლამებიდან გააკეთოს ადამიანმა დასკვნა იმის შესახებ, რამდენად ჰგავს "მაგთიფანი" რომელიმე პროექტს, არ გეჩვენებათ, რომ ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა? რეკლამებიდან ვერანაირად ვერ გააკეთებ დასკვნებს, "მაგთიფანი" რომელიმე პროექტის ანალოგი არის თუ არა. "ვარსკვლავების აკადემიასთან" მისი მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ ორივე მუსიკალური რეალური შოუა. ამით ამ ორ პროექტს შორის ყველანაირი მსგავსება მთავრდება. თუკი ჩვენ შეგვექმნება პრობლემები "სტარ აკადემიის" ავტორებთან, მგონი, ეს ჩვენი საქმეა და არა სხვა არხების. ჩვენ გავარკვევთ ურთიერთობას "ენდემოლთან".

- გიორგი "რეიტინგთან" ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ "ენდემოლიდან" უკვე დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, რა პროექტი მზადდებოდა "მაესტროზე", რადგან "რუსთავი 2" ყოველთვის ნოვატორია და ახალი პროექტები შემოაქვთ საქართველოში.

- ძალიან ცდებით, როდესაც ამ საკითხს ასეთ ფორმულირებას აძლევთ. საქართველოში რეალური შოუს ნოვატორი მამუკა ღლონტი იყო.

- გიორგი ამ შემთხვევაში მუსიკალურ პროექტებს გულისხმობდა.

- გასაგებია, რომ გიორგი არის მაღალი დონის პროდიუსერი, რომელიც ბევრი წელია, "ენდემოლთან" ურთიერთობს. ყიდულობს მათგან ლიცენზიებს, რის შემდეგაც "რუსთავი 2"-ზე არაჩვეულებრივი პროექტები კეთდება, მაგრამ ეს პროექტი არის "მაგთიფანი" და არა "ვარსკვლავების აკადემია", რომელსაც აქვს თავისი ფორმატი და თავისი წესები, ამიტომ ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ "ენდემოლისგან" უნდა გვეყიდა. გამომდინარე აქედან, ეს არაა "ვარსკვლავების აკადემია". ესაა "მაესტროს" პროექტი, ავტორი კი, შეიძლება ითქვას, "მაესტროს" მთლიანი შემოქმედებითი გუნდია.

- როდის გავა "მაგთიფანი" ეთერში?

- 15 აპრილს გავალთ ეთერში საპრეზენტაციო ფილმებით და 24 აპრილს იქნება პირველი ლაივკონცერტი.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები