რას ითხოვენ მამაკაცები მაკა ძაგანიასგან

რას ითხოვენ მამაკაცები მაკა ძაგანიასგან

სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობი, თინას როლის შემსრულებელი მაკა ძაგანია რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, შეყვარებულს დაშორდა. როცა თაყვანისმცემლების შესახებ ვკითხე, - "გაოცებულმა" მიპასუხა, - სადარბაზოსთან მათი რიგი ვერ შენიშნეთო? ამბობს, რომ თაყვანისმცემელი მამაკაცები არ ჰყავს და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ სერიალის მაყურებელი ბავშვები ეკონტაქტებიან... ფემინისტი თინასგან განსხვავებით, მაკა სასიამოვნო და მხიარული ადამიანი გახლავთ. თუმცა, მის მიერ ქართველი მამაკაცების შეფასებისას შესაძლოა, მაკას და თინას შორის მცირედი მსგავსებაც შენიშნოთ...

- პირველად, ბიჭი 17 წლისას მომეწონა და გავეპრანჭე, შემიყვარდა. მანამდე, ამისთვის დრო არ მქონდა და თან, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დავდიოდი, სადაც ძალიან ცოტა ბიჭი სწავლობდა.

- პირველი ინტერესის ობიექტის ყურადღების მისაქცევად რას აკეთებდით?

- არ მახსოვს. საერთოდ, ყურადღების მისაქცევად არასოდეს არაფერს ვაკეთებ. ყველაფერი თავისთავად ხდება.

- პირველ სიყვარულთან ურთიერთობა როგორ აეწყო?

- ცოტა ხანს ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით; სულ ეს იყო (იღიმის).

- პირველი პაემანი გახსოვთ?

- პაემანზე საერთოდ არ ვყოფილვარ. არ მქონია შემთხვევა, რომ უცნობ ადამიანს პაემანზე დავეპატიჟებინე, მე კი გამოვპრანჭულიყავი და მასთან შესახვედრად წავსულიყავი... უბედური ქალი ვარ, არა (იცინის)?

- თუ ადამიანს არ იცნობთ, მასთან პაემანზე რატომ უნდა წახვიდეთ?

- არის შემთხვევები, როცა ვიღაცის დაბადების დღეზე ვიღაცას გაიცნობენ, მერე ერთმანეთს 3 მესიჯს მისწერენ და ეს საკმარისია საიმისოდ, რომ გოგოსთან შეხვედრა მოინდომონ... რა თქმა უნდა, რომანტიკული საღამოც მქონია, მაგრამ ურთიერთობა ჯერ მოწონებაში გადაზრდილა, შემდეგ - სიყვარულში.

- ერთმანეთს გრძნობებში როგორ გამოუტყდით?

- არ მახსოვს. ასეთ დროს ადამიანი ეიფორიაშია და რომ ჰკითხოთ, - შენს თავს რა ხდებაო? - იმწუთას ყველაფერს დეტალურად მოგიყვებათ; გეტყვით, თუ როგორი ბედნიერია... მაგრამ ამდენი წლის მერე, იმ ემოციის აღდგენა და გახსენება მიჭირს. იმასაც ვერ ვიხსენებ, სიყვარული ჩემმა ქმარმა რა ვითარებაში ან როგორ ამიხსნა...

- სერიოზული გრძნობა როდის გეწვიათ?

- 18 წლისას, - ანუ მაშინ, როცა გავთხოვდი. ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან 3-4 თვის მერე, მას ძმა გარდაეცვალა, ამიტომ სხვა სიახლოვე, თანაგრძნობა, მხარში დგომა "წამოვიდა". უკვე მისი ოჯახის წევრივით ვიყავი, რადგან ვჭირდებოდი. ეს შეყვარებულების ჩვეულებრივი ურთიერთობა არ გახლდათ. წლისთავი არ იყო გასული, როცა დედამისს საბერძნეთში გამგზავრება მოუხდა. ჰოდა, გადავწყვიტეთ, რომ ოჯახური ცხოვრების ერთად გაგრძელება უკეთესი იქნებოდა... ბედნიერი პერიოდიც გვქონდა, ვარდებიც უჩუქებია, რომანტიკული ვახშამიც მოუწყვია, მაგრამ ტრაგედიამ ჩვენი ურთიერთობა დაამძიმა და აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადაიყვანა.

- მიგაჩნიათ, რომ ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღეთ?

- კი, ასე ვფიქრობ, რადგან ფაქტია, ოჯახი დაინგრა.

- ოჯახურმა თანაცხოვრებამ რამდენ ხანს გასტანა?

- ნუცა წლინახევრის მყავდა, როცა მეუღლეს დავშორდი.

- მარტოს, ბავშვის გაზრდა არ გაგიჭირდათ?

- არა. საბედნიეროდ, იმ პერიოდში დედა დამიდგა გვერდით, თორემ მარტო ალბათ, ვერაფერს ვიღონებდი. თან, მაშინ ინსტიტუტში სწავლას ვამთავრებდი და ნორმალურად პროფესიაც არ "მეჭირა ხელში". ბავშვზე რომ არაფერი ვთქვათ, ისიც კი არ ვიცოდი, საკუთარი თავის რჩენას შევძლებდი თუ არა. როცა ვიგრძენი, "ზურგი მქონდა" - დედის ნდობა შემეძლო, მეუღლესთან დაშორება გადავწყვიტე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ გავრისკავდი.

- ნუცას აღზრდაში აქტიურად იყავით ჩართული?

- რა თქმა უნდა! თუმცა, ძიძა მჭირდებოდა და მყავდა კიდეც...

- სიყვარულში იმედგაცრუების ან ოჯახის დანგრევის მერე, დეპრესიული პერიოდი გქონდათ?

- არა. ერთი ასეთი თვისება მაქვს: ზოგადად, თუ რამეს გადავწყვეტ, ეს ბოლო მომენტში მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ურთიერთობები შევინარჩუნო. თუკი ამას ვერ ვაღწევ, უკვე რადიკალურ გადაწყვეტილებას ვიღებ. მანამდე იმდენ რამეს ვითმენ და ვიტან, რომ ურთიერთობის დასრულებას აღარ განვიცდი - ამისთვის მზად ვარ...

- პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ქალები გათხოვებას თავს არიდებენ ხოლმე. ამ მხრივ, თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ადრე, ქორწილში მიმავალი ავტომობილების სიგნალი რომ მესმოდა, ვამბობდი, - ვიღაც გაუბედურდა-მეთქი, ახლა ასე აღარ ვფიქრობ... თუკი ჩემ გვერდით ჩემთვის შესაფერისი მამაკაცი იქნება, ალბათ, ოჯახს შევქმნი. ასაკის მატებასთან ერთად, კრიტერიუმები და მოთხოვნები იცვლება, ნაბიჯს დაუფიქრებლად ვეღარ გადადგამ... დღევანდელ საქართველოში რთულია ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელსაც წარმატებული, საკუთარ პროფესიაში "შემდგარი" და თან - მსახიობი ქალი მოსწონს.

- მამაკაცებთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმები გაქვთ?

- ჩემი აზრით, ევროპული ყაიდის ქართველი მამაკაციც კი ბუნებით მაინც, აზიატი გახლავთ და საბოლოო ჯამში, ითხოვს, რომ მისი ცოლი სამზარეულოში იყოს. XXI საუკუნეში ასეთი მოთხოვნები რატომ აქვთ, ძალიან მიკვირს... ვგრძნობ და ვამჩნევ, რომ მამაკაცს გვერდით სხვანაირი ქალი უნდა. შეიძლება მოვწონვარ - "ტიპაჟურად", ხასიათით მის "პარამეტრებში" "ვჯდები", მაგრამ თუ ოჯახურ თანაცხოვრებაში ჩავებმები, გამოთქვამს სურვილს, რომ ყველაფერს თავი დავანებო...

- თქვენს შეყვარებულთან - ტატო ჩახუნაშვილთან დაშორების მიზეზი ეს გახლდათ?

- არა. საერთოდ, ურთიერთობის დანგრევა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ ხდება, მით უმეტეს - თუ ისინი წლების განმავლობაში იცნობენ ერთმანეთს; როცა ასეთი ურთიერთობა ინგრევა, ქალიც დამნაშავეა და კაციც. უბრალოდ, ვიღაც რაღაცას იტანს, რაღაცას - ვერა. ეს ყველაფერი გროვდება და ბოლოს ხვდები, რომ ერთსულოვნება და კოჰაბიტაცია არ გამოდის (იღიმის)... მამაკაცები კონკრეტულად იმას ვერ ითხოვენ, რომ მათ გვერდით მყოფმა ქალმა სამსახურს თავი დაანებოს, მაგრამ საქმე ნელ-ნელა, სწორედ აქეთკენ მიჰყავთ... მთავარია ურთიერთგაგება და კიდევ, ისეთი უნდა მიმიღონ, როგორიც ვარ. მე კი არა, უკვე ნუცისაც კი ვეღარ შეცვლი - მას თავისი ხასიათი, მსოფლმხედველობა აქვს... არ მესმის, რატომ უნდა დავიგრძელო კაბა იმ მამაკაცთან ცხოვრების პერიოდში, რომელსაც სწორედ ამ მოკლე კაბაში გამოწყობილი მოვეწონე? ჩვეულებრივი ეჭვიანობის მომენტია, კომპლექსი უჩნდებათ...

- ყველაზე მეტად, მამაკაცები თქვენში რის შეცვლას ცდილობენ?

- თუნდაც, ჩაცმის სტილის.

- გამომწვევად იცვამთ?

- ვფიქრობ, რომ არა. მგონი, უფრო პირიქით არის - ჩემი მეგობარი, თათია ბუაძე სულ მეუბნება, - "ბარბის" ასაკიდან გამოდიო. ყოველთვის ფერადი სამოსი მეცვა. შეიძლება, მოკლე იყო, მაგრამ გამომწვევი - არა. მამაკაცებს მაინც უნდათ, რომ ჩემი კაბა დაგრძელდეს. ჩაცმის სტილი მაგალითად მოვიყვანე, თორემ ეს უმნიშვნელო თემა გახლავთ. ზოგადად, მამაკაცებს ქალის შეცვლა უყვართ. სურთ, "ოჯახის ქალი" გაგხადონ. თუმცა, ასეთი ისედაც ვარ: რადგან შვილი მყავს, სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება ადრეული ასაკიდან დავიწყე.

- თქვენ და ნუცი კარგი მეგობრები ხართ?

- ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ ვცდილობთ, კარგი მეგობრები ვიყოთ.

- თქვენს გოგონას რა ინტერესები აქვს?

- ამ ეტაპზე, "ფეისბუკის" გარდა, ყველანაირი ინტერესი გაუქრა! მიმაჩნია, რომ ეს სოციალური ქსელი დამღუპავს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ძალიან მჭირდება, უკვე იმ დონემდე მივედი, რომ მზად ვარ, გავთიშო. წინათ ნუცი ჭკვიანი, გონიერი ბავშვი იყო: სწავლობდა, კითხულობდა. ახლა "ფეისბუკზე" ყოფნის გარდა, არაფერს აკეთებს და ყველაზე ხშირად, ამის გამო ვკამათობთ.

- მის ვირტუალურ სამეგობროს თუ აკონტროლებთ?

- ნუცის გოგონები ხშირად სტუმრობენ. ინტერნეტშიც რეალურ სამეგობრო წრესთან აქვს კავშირი. მეტსაც გეტყვი: მისი მეგობრები აქ, ჩვენს სახლში რომ მოდიან და სხვადასხვა ადგილზე სხდებიან, ერთმანეთს "ფეისბუკზე" სწერენ. ხომ შეიძლება, ილაპარაკონ? მაგრამ - არა!

- მახსოვს, ნუცი ინტერნეტში "თინას" გულშემატკივრებს ყურადღებას აქცევდა, თეატრში თქვენი "ასისტენტი" იყო...

- ეგეც აღარ აინტერესებს. ინტერნეტში მეგობრებთან ჭორაობის გარდა, ყველანაირი ინტერესი დაკარგა...

- მაკა, ამ ეტაპზე თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- თამამად გეტყვით, რომ აბსოლუტურად არაფერი (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება