რატომ გაყიდის ღვიძლს ინტერნეტით ნუკი კოშკელიშვილი

რატომ გაყიდის ღვიძლს ინტერნეტით ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობს და როგორც ამბობს, ამით დიდ სიამოვნებას იღებს. სურვილი აქვს, მოხუცებულობის დროს, დაგროვილი პენსიით იმოგზაუროს. უამრავ კურიოზთან ერთად, ნუკი გვიყვება, როგორ აღმოჩნდა თბილისის მაგივრად - პარიზში.

- სამი კვირის დაბადებული ვიყავი, პირველად რომ ვიმოგზაურე (იცინის). 15 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი და დედასთან ერთად სულ აქეთ-იქით დავდიოდი ხოლმე. ხუთი წლის, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ვიყავი ჰოლივუდის სანახავად. თუმცა, ქალაქზე მეტად, ჩემზე "დისნეილენდმა" მოახდინა შთაბეჭდილება. კომფორტი იყო ის, რომ ატრაქციონებზე დასაჯდომ ბილეთებს ერთიანად ვყიდულობდით და არ მიწევდა დედაჩემისთვის თხოვნა, ამა თუ იმ კარუსელზე დამსვი-მეთქი. მახსოვს, დედაჩემმა ამერიკაში ახალი ტანსაცმელი მიყიდა და მთხოვა, არ დაისვაროო. ზუსტად ორი წუთი იყო გასული, "ფანტანში" რომ შევძვერი. თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ახლომახლო არაფერი იყიდებოდა, გარდა მამაკაცის მაისურისა. საჩქაროდ მიყიდა და ჩამაცვა. მაისური კოჭამდე მწვდებოდა. მეგონა, რომ გრძელი კაბა მეცვა და ამითაც კი ბედნიერი ვიყავი. ამერიკაში მშობელს უფლება არ აქვს, შვილს ქუჩაში ეჩხუბოს. შესაძლოა, ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას დედობის უფლება ჩამოართვან. ამას რომ მივხვდი, დედაჩემის დაშანტაჟება დავიწყე - ეს მიყიდე, ის მიყიდე... თუ არ ყიდულობდა, ტირილს ვიწყებდი.

რა თქმა უნდა, იმ მომენტში დედა ვერ მიტანდა ხოლმე. ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი ცხრა წლის იუბილე. ცხრა ივნისს ოქროს დაბადების დღე მქონდა. მშობლებმა მითხრეს, რომ თბილისში უნდა გავფრენილიყავით და დაბადების დღესაც იქ გადავიხდიდი. თბილისამდე ორი საათი უნდა გვეფრინა. ექვსი საათი რომ გავიდა, მერე მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე და ავნერვიულდი. თვითმფრინავი რომ დაჯდა, დედამ მითხრა, პარიზში ჩამოვედითო. მოკლედ, ჩემი დაბადების დღე მე და დედამ პარიზის "დისნეილენდში" გავატარეთ. უამრავი საჩუქარი მივიღე. ვიძახდი - ეს საჩუქარი მამიკოსგან, ბებია, რომ ვერ ვნახე - მისგან, ეს - მამიდასგან. ბოლოს, ხუთი ჩემოდანი მხოლოდ სათამაშოებით მქონდა სავსე. ახლაც შენახული მაქვს ისინი, ჩემი და თამაშობს ხოლმე.

- როგორ ახერხებდით ასე ხშირად მოგზაურობას?

- მაშინ დედაჩემი არ მუშაობდა. მხატვარია და რაც საქმე ჰქონდა, ძირითადად, სახლში ასრულებდა ხოლმე. დროის დიდ ნაწილს მე მითმობდა. არდადეგებს სულ მოგზაურობაში ვატარებდით. მამაჩემი ყველგან გვიშვებდა. ბაბუაჩემს მანქანით სიარული ძალიან უყვარს. დღესაც კი, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი სამოგზაუროდ დადიან. თავიდან დავცინოდი, მანქანით რომ მიდიოდნენ ხოლმე. 16 წლის ვიყავი, რომ ვუთხარი, მეც წამიყვანეთ-მეთქი. ფინეთში წავედით. ნორვეგიაში რომ ჩავედით, ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. ფიორდებში რომ ავედით, თოვლი იყო და გაყინული წყალი, გარშემო კი - ბალახი და ყვავილები. ულამაზესი სანახაობა დაგვხვდა. გამაკვირვა გერმანელების წესრიგიანობამ და აკურატულობამ. ფეხსაცმელმა ფეხები მატკინა და რომ გავიხადე, ერთი ცალი დამეკარგა. დიდი გზა ფეხშიშველმა გამოვიარე. სასტუმროში მოსულს, ფეხები სუფთა მქონდა...

- რომელი ქვეყნის არქიტექტურას გამოარჩევდი?

- დანია ეროტიკული არქიტექტურით მოგხიბლავთ. მაგალითად, შუა მოედანზე დგას ქალისა და მამაკაცის ძეგლი სასიყვარულო აქტის დროს. ასევე, ორგიის ძეგლი. ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა. შვედებს ძალიან ლამაზი არქიტექტურა აქვთ, ასევე, იტალიელებსა და ფრანგებს. ბარსელონაში გაუდის სახლებია ულამაზესი, მსგავსი არაფერი მინახავს.

- ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაშია?

- ვფიქრობ, რომ ესპანეთში, იტალიასა და ფინეთში თბილი ხალხი ცხოვრობს. თუმცა იტალიაშიც მინახავს ცივი ადამიანები.

- მუზეუმების დათვალიერება გიყვარს?

- კი, ძალიან. ყველაზე მეტად კი საფრანგეთში, დორსესა და სალვადორ დალის მუზეუმი მიყვარს. მახსოვს, ფლორენციაში, კონფუცის მუზეუმის სანახავად მივედით, სადაც რიგს შვიდი საათი უნდა დავლოდებოდით. მეორე მხარეს კი დავინახე, ხალხი რიგის გარეშე, თავისუფლად შედიოდა. ვკითხე, - როგორ ახერხებთ შესვლას-მეთქი? - ტელეფონით წინასწარ გვაქვს დაჯავშნილი ბილეთებიო. დავრეკე, დავჯავშნე და იმწამსვე შევედი. არადა, ეს თავში არავის მოსვლია და საათობით ელოდებოდნენ ამხელა რიგს.

- შოპინგს თუ უთმობ დროს, როცა უცხოეთში ხარ?

- შოპოჰოლიკი ვარ. ინტერნეტში თუ ნახავთ, რომ ღვიძლს ყიდის ვინმე, ეს მე ვიქნები, რადგან ფული ფეხსაცმლისთვის მენდომება... როდესაც ერთი-ორი თეთრი ზედმეტი მაქვს, ყოველთვის რაღაცებს ვყიდულობ. უცხოეთიდან შოპინგის გარეშე არასოდეს ვბრუნდები. დროსაც ბევრს ვანდომებ ხოლმე. საქართველოში რამდენიმე მაღაზიაა, სადაც შემიძლია, ჩემი გემოვნებით ვიყიდო რაღაცები. ჩემი მშობლები ხშირად დადიან საფრანგეთში და ჩამოაქვთ ტანსაცმელი.

- საჩუქრები ჩამოგაქვს ხოლმე უცხოეთიდან?

- კი, ჩამომაქვს. ძალიან ბევრი მეგობარი არ მყავს, - სულ რამდენიმე. ვცდილობ, ისეთი რამ ჩამოვუტანო მათ, რაც გაუხარდებათ და გამოიყენებენ.

- კურიოზული შემთხვევები ალბათ თან ახლავს ხოლმე მოგზაურობას...

- არ არსებობს მოგზაურობა კურიოზების გარეშე. პატარა ვიყავი. მე და დედა ესპანეთში, სანტა სუსანას კურორტზე ვისვენებდით. მახსოვს, კლუბში მივდიოდით. შესასვლელთან დაახლოებით 15 საბავშვო ეტლი იდგა. მშობლები გარეთ ტოვებდნენ ბავშვებს. ამას მაშინვე მივხვდი და ცოტა შევშფოთდი, მეც იგივე ბედი არ მწვეოდა. საბედნიეროდ, გადავრჩი დაცვასთან დარჩენას და კლუბში აღმოვჩდი. შეკრებილი იყვნენ ფლამენკოს ცეკვის საუკეთესო რომლებიც რაღაც დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ერთ-ერთმა მოცეკვავემ თავისი კასტანიედა (მუსიკალური საკრავი) მაჩუქა. უამრავი ხალხი გარედანაც კი უყურებდა მათ ცეკვას. სწორედ ამ ბედნიერების ჟამს ჩამეძინა და ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამწყდა გული, სასტუმროს ნომერში რომ გამეღვიძა. ერთხელ ბებიაჩემი გაქურდეს - ჩანთა წაართვეს. მან ეს ისე სასაცილოდ შეიცხადა, რომ მე და ბაბუაჩემი სიცილით დავიხოცეთ, დასახმარებლადაც კი ვერ მივედით. ამის შემდეგ ბებია დიდხანს არ გველაპარაკებოდა. ისევ ბებიაჩემზე მახსენდება: სამოგზაუროდ რომ მივდიოდით, იმდენი კატლეტი შეწვა, ქვეყანა არ დარჩა, სადაც ხალხს არ გაუმასპინძლდა.

მახსოვს, მაღაზიიდან ტანსაცმელი მოვიპარე. დედაჩემი რომ აიღებდა რაიმეს და არ მოეწონებოდა, მე მაწვდიდა, - დაკიდეო. ისე მეძინებოდა, რომ გამოვიყოლე ყველაფერი. რა თქმა უნდა, უკან დავაბრუნეთ. ერთხელ მონტე-კარლოში, ფანტასტიკური გარეგნობის ბიჭი დავინახე. გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად, მისი ყურადღება მიმექცია. ვიფიქრე, წყალში ლამაზად შევცურავ და ეფექტს მოახდენს-მეთქი. ვერ გავთვალე, რომ წყალი ჯერ პატარაა და შემდეგ ღრმავდება. ქვიშაში პირდაპირ ცხვირით ჩავერჭვე. იმ ბიჭმა კი ძალიან ბევრი იცინა, შევეცოდე და ქვიშიანს მბერტყავდა.

- რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს?

- ჩინური და იაპონური სამზარეულო მიყვარს. ასევე მომწონს იტალიური საჭმელები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები. ებრაელებს აქვთ ძალიან გემრიელი სამზარეულო. კრუასანებს, ნამცხვრებსა და ფუნთუშებს ფრანგები ყველაზე გემრიელად ამზადებენ. გერმანელები ჭამენ ბევრს და საინტერესო კომბინაციები აქვთ. მაგალითად, თევზი - ყველით, კვერცხით და ა.შ. სხვათა შორის, მომეწონა... მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყნის სამზარეულოში აღმოაჩენთ გემრიელ კერძებს.

- რომელ ქვეყანაში გინდა ყველაზე მეტად მოგზაურობა?

- ძალიან მინდა ქალაქში - რიო-დე-ჟანეიროში და ბუენოს-აირესში წასვლა. ისე არ მოვკვდები, რომ რიოში იესოს ძეგლი არ ვნახო. თანაც წავიკითხე, რომ მაგ ადგილზე არქიტექტორის შვილი გარდაცვლილა, შემდგომ შეუძენია ის მიწა და შვილის პატივსაცემად, ეს ძეგლი აუგია. საინტერესოა, რომ მთელი ბრაზილიის სიმბოლო გახდა. რა თქმა უნდა, კარნავალზე დასწრებაც მინდა. სამწუხაროდ, არ მაქვს ახლა იმის საშუალება, რომ იმდენი ვიმოგზაურო, რამდენსაც ბავშვობაში ვმოგზაურობდი. კარგი იქნება, ყველამ თითო "კაპიკი" გადადოს ამ სიამოვნებისთვის. ხანდაზმულ ასაკში მინდა, ჩემი პენსიით შევძლო მოგზაურობა.

- რომელი ქვეყნის მცხოვრებნი გვგვანან ხასიათით?

- ბერძნები. ისინი ისეთივე ემოციურები და ჭორიკანები არიან, როგორც ჩვენ. აინტერესებთ, მეზობლის სახლში რა ხდება, ვის როგორი კაბა აქვს, ვინ ვის გაჰყვა ცოლად და ა.შ.

- უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მამაკაცებს გამოარჩევდი?

- შვედებს მაგარი კაცები ჰყავთ - ძალიან სიმპათიურები. ადრე ყველა ინტერვიუში ვამბობდი, ქერა მამაკაცები მომწონს-მეთქი. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ შავგვრემნები მირჩევნია. ამბობენ, შვიდ წელიწადში ერთხელ ადამიანის გემოვნება იცვლებაო და ალბათ მეც შემეცვალა.

- ბოლოს სად იმოგზაურე?

- ისრაელში ვიყავი. ებრაული სისხლი მაქვს და ეს ქვეყანა ისე მომეწონა, რომ ვამბობდი, - აქ ვრჩები-მეთქი. ბიზანტიური ელემენტები, რაც წმინდა მიწაზე ჭარბობს, ძალიან შთამბეჭდავია. ცხოვრებით, ამერიკაში ვიცხოვრებდი. თავისუფალი ცხოვრების სტილი ძალიან ახლოს არის ჩემთან. საქართველო იმდენად მრავალფეროვანია მენტალიტეტით, რომ თუ ოდესმე აქ გიცხოვრია, შემდგომ სხვაგან ცხოვრება აღარ გაგიჭირდება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- 22 აპრილს ჩეხეთში, პრაღაში, ჩემს ორ საუკეთესო მეგობართან ერთად მივდივარ. სპექტაკლი მიაქვთ და მეც მივყვები. კარიერას რაც შეეხება, სერიალ "შუა ქალაქში" ვარ. ძალიან მომწონს სიტუაცია, ხალხი. თავს კარგად ვგრძნობ. გარდა ამისა, მე და გიორგი ნაზღაიძეს რადიო "აფხაზეთის ხმაში" მიგვყავს გადაცემა: "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი". მეტ-ნაკლებად, პრესა ბოლო დროს პოლიტიკური გახდა, ჭორები ნაკლებად იბეჭდება. სამაგიეროდ, ჩვენ ვეტყვით, ვისაც დააინტერესებს, ვინ ვისთან დადის, ვის სად რა ეცვა და ა.შ. კიდევ არის სიახლეები ჩემს კარიერაში, თუმცა სიურპრიზად დავტოვებ.

- პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის?

- არა, სიახლეები არ არის. მარტო ვარ და დავდივარ აქეთ-იქით.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება