რატომ ვერ მოვუგეთ რუსეთს ომი და რა მიზნით შეიქმნა პარლამენტში საგამოძიებო კომისია

რატომ ვერ მოვუგეთ რუსეთს ომი და რა მიზნით შეიქმნა პარლამენტში საგამოძიებო კომისია

"პრეზიდენტი სააკაშვილი დამფრთხალი მოწმესავით იქცევა", - ეს განცხადება პოლიტიკურმა ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ახალი ხელისუფლების მხრიდან აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების სურვილს "ნაციონალების" მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი გაღიზიანება კი იმან გამოიწვია, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე ილაპარაკა. თავად პრეზიდენტმა ომის დეტალების ხელახალი გამოძიება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შეაფასა. "ნაციონალები" ირწმუნებიან, რომ გამოძიება ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას ისახავს მიზნად. რა არის გამოძიების დაწყების რეალური მიზანი და რა შეცდომები დაუშვა სააკაშვილის გუნდმა ომის დროს, ამის გარკვევას, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან და პარლამენტარ შოთა მალაშხიასთან საუბრისას შევეცადეთ.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ რამდენად შესაფერისი დრო აირჩია 2008 წლის ომის გამოსაძიებლად? როგორია თქვენი დამოკიდებულება და ემხრობით თუ არა ამ გადაწყვეტილებას?

- ჩემი აზრით, არაერთი გამოძიება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოსარკვევად ჩატარდა, ძირითადად, საერთაშორისო ინტერესის საგანი გახლდათ და მაშინ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები იყო აქტუალური. ის, რაზეც დღეს ახალი ხელისუფლება საუბრობს, შიდასახელმწიფოებრივი თემაა და გარჩევის საგანი ომის პერიოდში საქართველოს წინა ხელისუფლების ქმედებები და ყველაფრის სამართლებრივი შეფასება იქნება და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხს არ უკავშირდება. როდესაც ქვეყანა ომობს და მარცხდება, შიდა გამოძიება ობიექტური უნდა იყოს, რათა სამუდამო გაკვეთილად დარჩეს. მართალია, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა ასეთი საგამოძიებო კომისია თითქოს შექმნა, მაგრამ ეს მორიგი სიყალბე გახლდათ. ისინი თვითონ არჩევდნენ საკუთარი ნაბიჯების სისწორეს. ასე კი ჭეშმარიტებამდე ვერ მივიდოდით. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ისევ ომი დაიწყოს, მაგრამ თუ ჩვენს სახელმწიფოს რაიმე საფრთხე შეექმნება, ის მაინც გვეცოდინება, რა არ უნდა გავაკეთოთ. წინასწარ ისტერიკის ატეხა იმაზე, რომ ეს გამოძიება საქართველოს შეარცხვენს და რუსეთს ახეირებს, პოლიტიკური მოტივაციითაა შეკაზმული და სხვა არაფერი. დაბომბვის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფარი რომ აღარ არსებობს, ამას ხომ უნდა დაფიქსირება? იმასაც ხომ უნდა მოძიება, სად წავიდა და რატომ გაიყიდა ეს თავშესაფრები? რატომ შეეცვალა ფუნქცია? რატომ არ ხდებოდა მოსახლეობის დროული ევაკუაცია და ა.შ. დიახ, რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ საკუთარი თვალით უნდა დავინახოთ ის, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ჩემი აზრით, ეს იქნება ანალიზი და არა - რაიმე ტიპის სისხლის სამართლის გამოძიება და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოსთვის იქნება სასარგებლო. არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიების შედეგები გასაიდუმლოებული იყოს, რადგან ეს ჩვენი შიდა პრობლემებია და ჩვენს სუსტ მხარეებზე პოტენციური მტრების წინაშე, საჯაროდ არ უნდა ვიმსჯელოთ. მიმაჩნია, რომ ხელახალი გამოძიება ახალი ხელისუფლებისთვის დამატებითი თავის ტკივილი უფროა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ვალდებულებაა საკუთარი მოსახლეობის წინაშე.

- როგორ ფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობა" ასე რატომ ეწინააღმდეგება ხელახალ გამოძიებას? ისინი ათასგვარ ეპითეტს იშველიებენ - ბრიყვული საქციელი, რუსეთის დავალება, დასავლეთისთვის სახეში სილის გაწვნა და ა.შ. შესაძლებელია, რომ დასავლეთმა რეალურად ასე მიიჩნიოს?

- ნათქვამია, შიშს დიდი თვალები აქვსო და "ნაციონალებს" ამ ტონით სწორედ ეს ალაპარაკებს. დასავლეთისგან რომ თავის დროზე არაფერი შეისმინეს და არაფერი დაიჯერეს, იქნებ ესეც გახდეს გამოძიების საგანი. რატომ არ მოხდა იმ საფრთხეების გათვალისწინება, რომელზეც პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ესაუბრებოდნენ? ამიტომ, ამ გამოძიებაში დასავლეთის რაიმე კომპონენტად მოყვანა მართებული არ არის, ეს უბრალოდ, მაშველი რგოლის ძიებაა იმ ადამიანთაგან, რომლებიც უკვე იძირებიან პოლიტიკურ წარსულში.

- რა აზრის ხართ პრეზიდენტის გამოსვლაზე ამ საკითხთან დაკავშირებით? რატომ გაღიზიანდა?

- როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან რის დამალვასაც ცდილობდა, სააშკარაოზე გამოვა და ბოლოს და ბოლოს, გაირკვევა, რას დაჰპირდნენ ან რით შეაშინეს, რომ კოდორის ხეობა ერთ ღამეში დააცლევინეს, თანაც ისე, რომ მას შემდეგ, უკან დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოსახლეობას ამის უფლებას არ აძლევენ.

- უნდა ითანამშრომლოს თუ არა პრეზიდენტმა გამოძიებასთან და საერთოდ, როგორი უნდა იყოს წინა მთავრობის როლი ამ საქმეში?

- პრეზიდენტს რომ გონიერება ჰყოფნოდა და საკუთარი თავი ოპოზიციონერად არ გამოეცხადებინა, ასეთი გამოძიების ინიციატორი თვითონ უნდა ყოფილიყო და თავადვე უნდა გასძღოლოდა მას. საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი გამოძიებასთან არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს, თვითლუსტრაციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ხელისუფალის ნათქვამს. მან კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი დაარღვია და ეს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ 2009 წელს გამოცემულ კრებულშია აღწერილი. ავტორებმა - ზაქარია ქუცნაშვილმა და ვახტანგ ხმალაძემ დეტალურად აღწერეს, თუ რომელი კონსტიტუციური ნორმა არ დაიცვეს ან უარყვეს საომარი ქმედებების დროს. ეს იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი.

- თქვენ რა კითხვა გექნებოდათ პრეზიდენტთან?

- მაინტერესებს, რას ერჩოდნენ კოდორს? რატომ ხდებოდა მანამდე, ორი თვის განმავლობაში დიდი რაოდენობით იარაღის შეტანა? 5-6 ხიდი აშენდა და ადამიანების გამოყვანა უსწრაფესად მოხდა. საწყობებიც ხელუხლებელი დარჩა და არც ერთ ხიდს ზიანი არ მიადგა. გალამაზებულ-გამშვენიერებული კოდორი კი აფხაზებს ჩაჰბარდა, რომლებსაც იქ არასდროს უცხოვრიათ. ხვდებოდა თუ არა ხელისუფლება, რა რისკზე მიდიოდა, როდესაც ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალგორი სამხრეთ ოსეთს მიაწერა?

- თომას ჰამარბერგი (ევროკავშირის წარმომადგენელი) ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე საუბრობს. შესაძლებელია თუ არა, საქართველოსაც დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა?

- მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ პასუხისმგებლობას რუსეთი საკუთარ თავზე აიღებს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ეთნიკური წმენდის შედეგების გამოსწორების კუთხით. თუ ვინმეს არა აქვს ხმა ამოსაღები, სწორედ რუსეთია. მათი ყოვლად უპასუხისმგებლო, ბოროტი ნაბიჯები, რაც საქართველოს მიმართ გადადგეს, შეფასების საგანი არ არის. რუსეთმა თავის მხრივ უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულზე, ამის დრო დადგება, ოღონდ საჭიროა ერთი აუცილებელი წინა პირობა - ხალხის გონიერება.

- ბატონო სოსო, რა კომენტარს გააკეთებდით დათა ახალაიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული განცხადების შესახებ? როგორ ფიქრობთ, მსგავსი შიდა დაპირისპირება ადრეც არსებობდა "ნაციონალურ მოძრაობაში"?

- თუ ვივარაუდებთ, რომ ის სიტყვები ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ როგორც ყველა მაფიოზურ დაჯგუფებაში, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" დაიწყება რღვევა, რადგან ამ გაერთიანების წევრები სხვადასხვა სტატუსის მქონენი აღმოჩნდნენ - ზოგი ციხეში ზის, ზოგი პრეზიდენტობისთვის ემზადება და ა.შ. ის შიდა დაპირისპირება, რომელიც უთუოდ არსებობდა წლების განმავლობაში და ტაბუდადებული იყო, მაფიოზური თუ ქურდული მენტალიტეტის გამო, ახლა იცვლება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამ შემთხვევაში მოწმენი გავხდებით, თუ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიანდებოდნენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დაჰპირისპირებოდნენ და მათი უბედურების ხარჯზე, საკუთარი ბედნიერი ცხოვრება მოეწყოთ.

შოთა მალაშხია, პარლამენტარი:

- ბატონო შოთა, რატომ არ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები, რატომ არის ეს ანტისახელმწიფოებრივი საქმე?

- აგვისტოს ომზე, როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის - ევროკავშირის სპეციალურ კომისიას დასკვნა უკვე გაკეთებული აქვს. იქ ცალსახად წერია, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და აქ ეთნოწმენდა მოხდა. პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილი კი ამბობს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და გამოძიებით ამის დამტკიცება უნდა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ივანიშვილი რუსეთის მოთხოვნას ასრულებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პუტინის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავისი ხალხი გაასამართლებს.

- როგორც პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ამ გამოძიების მიზანი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება კი არა, იმის გარკვევაა, თუ რატომ შევხვდით რუსეთის აგრესიას ასეთი მოუმზადებლები და თავად სამხედრო ოპერაციის დროს რატომ დავუშვით ამდენი შეცდომა...

- ისინი, ვინც ამას ამბობენ, ექსპერტები კი არა, უცოდინარები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის ისტორია ეცოდინებოდათ და ისიც ემახსოვრებათ, რომ საბჭოთა კავშირმა სადაც ჩაიფიქრა, ყველგან განახორციელა აგრესია და ყოველთვის მისთვის სასურველ შედეგს მიაღწია. მაგალითად, ბალტიისპირეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთსა და ავღანეთში. ერთადერთი შემთხვევა, სადაც ეს ვერ განახორციელა, საქართველო იყო. მოსკოვმა ჩვენი ქვეყნის მხოლოდ 20%-ის ოკუპაცია მოახერხა. ამ მონსტრმა საქართველოს ხელისუფლების დამხობა ვერ შეძლო. კრემლის განზრახვა რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო, ამას ამბობს კონდოლიზა რაისი, ბუში, კუშნერი... ამასვე მოწმობს პუტინის განცხადება, სადაც აღიარებს, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს ჰქონდა შემუშავებული.

- დიახ, მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ მედვედევი და ლავროვიც, თუმცა ქართული არმია რუსულ აგრესიას მაინც მოუმზადებელი დახვდა. რა იყო ამის მიზეზი?

- მოდი, მივყვეთ თანამიმდევრულად: საბჭოთა ხელისუფლებამ ბალტიისპირეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთსა და ავღანეთში ერთ დღეში განახორციელა ოკუპაცია. ამ სახელმწიფოს მეთაურებმა არ იცოდნენ, რომ რუსეთი სამხედრო აგრესიისთვის ემზადებოდა? სხვათა შორის, საქართველოში რუსეთს კიდევ ერთი კოზირი ჰქონდა: მისი სამხედრო ბაზები, ე.წ. სამშვიდობოების სახით უკვე იდგნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ამას გარდა, ოჩამჩირეში დამატებითი კონტინგენტი ანუ სადესანტო, სარკინიგზო და 22-ე მოტომსროლელი არმია ჰყავდა შემოყვანილი. ეს კიდევ არაფერი, ცხინვალში 58-ე არმია გადიოდა წვრთნებს. წვრთნა დამთავრდა 1-ელ აგვისტოს და ომი დაიწყო 7-ში. ნუთუ ეს არაფერს გეუბნებათ? ე.ი. ფრონტი, რომელზეც საქართველოს თავდაცვითი სამხედრო ოპერაცია უნდა განეხორციელებინა, იმდენად დიდი იყო, რომ არათუ არმია, მთელი საქართველოს მოსახლეობაც კი არ ეყოფოდა. ის ფაქტი, რომ ქართულმა ჯარმა 5 დღის განმავლობაში შეაჩერა რუსეთის აგრესია, უკვე დიდი მიღწევა იყო. სწორედ ქართველმა გმირმა ჯარისკაცებმა და შემდეგ უკვე საერთაშორისო საზოგადოების მონდომებამ უზრუნველყო, რომ კრემლმა საქართველოს სრული ოკუპაცია ვერ მოახერხა.

- ე.ი. საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო აგრესიის განხორციელებისთვის ემზადებოდა?

- დიახ, არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება რუსი მაღალჩინოსნების გამოთქმულ მუქარებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ვაფრთხილებდით, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია იყო მოსალოდნელი. მეტსაც გეტყვით, - გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა თავის მოხსენებაში ჩაწერა, რომ ქართული მხარე აჭარბებს, როდესაც ამბობს, - რუსეთის მხრიდან აგრესიას ველითო. ანუ საერთაშორისო საზოგადოება არ იყო მზად იმისთვის, რომ კრემლისთვის სათანადო პასუხი გაეცა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ქართული სახელმწიფოს დასაცავად შესაბამისი მექანიზმები არ ჰქონდა.

- თუ საქართველო რუსეთის აგრესიას ელოდა და ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აფრთხილებდა, რატომ არ უზრუნველყო კონფლიქტის რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა?

- თქვენ ხომ იცით, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლები ჭადრაკისებურად არის განლაგებული. იმ ტერიტორიას თუ მთლიანად არ გაწმენდდი ოსი სეპარატისტებისგან, ისე მოსახლეობას ვერ გამოიყვანდი. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიებს, ამასაც არ ჰქონდა აზრი. სად უნდა წაგვეყვანა ეს ხალხი? რუსებს მთელი საქართველოს დაბომბვა შეეძლოთ. ასეც იყო, იბომბებოდა როგორც კონფლიქტის ზონები, ისე აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, ქვემო ქართლი... ასე რომ, აზრი არ ჰქონდა.

- სამხედრო ექსპერტების თქმით, როდესაც ქვეყანა ომში ებმება, სამხედრო მეთაურებს უპირველესად სამხედრო დანაყოფები გაჰყავთ მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან შეკრების სათადარიგო რაიონში, რადგან მოწინააღმდეგის ავიაცია შეეცდება, მაშინვე დაბომბოს წინასწარ ცნობილი მუდმივი დისლოკაციის ადგილები - სამხედრო ბაზები, აეროდრომები. საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობამ რატომ არ გაითვალისწინა ეს ფაქტი და რატომ დაიწყო რეზერვისტების შეკრება სწორედ მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე - ვაზიანსა და სენაკში?

- რეზერვისტები სადაც უნდა შეკრებილიყვნენ, ყველგან დაბომბავდნენ. აბა, მითხარით, რომელი ქალაქი არ დაბომბეს? რუსებმა არა მარტო სამხედრო ბაზები და აეროპორტები, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლებიც კი დაბომბეს. საომარი მოქმედება მხოლოდ ცხინვალში რომ ყოფილიყო, კიდევ მოვახერხებდით რამეს, მაგრამ ასეთი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიზამდით. ქართულმა მხარემ ამ ომში ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უნდა გაკეთებულიყო.

- რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ქართულმა მხარემ მტერს კოდორში, გორსა და სენაკში დიდძალი სამხედრო ალაფი ხელუხლებლად დაუტოვა? თუ მათ გამოტანას ვერ ვახერხებდით, რატომ არ გავანადგურეთ მაინც, რომ ვერც მტერს გამოეყენებინა?

- ბარემ ის მკითხეთ, რატომ ვერ მოვუგეთ რუსეთს ომი და რატომ ვერ ავაფრიალეთ კრემლის თავზე ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დამიჯერეთ, შეუძლებელი იყო, რომ ხუთ დღეზე მეტხანს რუსული არმიისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. რაც იყო შესაძლებელი, იმაზე მეტი გავაკეთეთ.

- რამდენად მართებულად მიიჩნევთ იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო პირები - გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი და გიგა ბოკერია უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ოპერაციებს?

- ეს არის ჭორი, რომელიც საპარლამენტო კომისიის გამოძიების დროს (რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა) არ დადასტურდა. გვინდოდა, რომ ომის დროს დაშვებული შეცდომები კარგად გაგვეანალიზებინა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პარლამენტში საგამოძიებო კომისია.

- და გამოძიებამ დაადგინა, რომ ომის დროს ქართულ მხარეს შეცდომები საერთოდ არ ჰქონდა დაშვებული?

- კი, შეცდომა იყო. სწორედ ამ გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ რეზერვმა არ გაამართლა...

- თუ ფიქრობთ, რომ თქვენს გუნდს შეცდომები არ დაუშვია, ზოგიერთ თქვენგანს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია და არც მტრის წისქვილზე დაუსხამს წყალი, რატომ არ გინდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა?

- იცით, ეს ამბავი რას ჰგავს? გამოძიება რომ დაიწყოს იმის შესახებ, ჰოლოკოსტის დროს გერმანელებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული. "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ იმ დანაშაულის გამო, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს მოხდა, მსხვერპლმა აგოს პასუხი.

- ჰოლოკოსტის დროს ებრაელების მიმართ არავის გასჩენია კითხვები. სააკაშვილის გუნდის მიმართ კი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს კითხვა...

- ვიღაც "თავგაცხელებულებს" ებრაელების მიმართაც გაუჩნდათ უაზრო კითხვები, მაგრამ არც ერთ ოფიციალურ პირს არ მოუთხოვია ამ ამბის გამოძიება. "ქართული ოცნება" კი ამბობს, მოდი, ქართველებმა თავზე ნაცარი წავიყაროთ, ყველაფერი საკუთარ თავს დავაბრალოთ, იქნებ მართლაც ჩვენი ბრალია, რუსეთმა რომ დაგვიპყროო. საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს მსხვერპლისთვის მოეთხოვოს პასუხი.

თამთა დადეშელი

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა