"კომა" პროტესტის გამოხატვის ერთგვარი აქტია

"კომა" პროტესტის გამოხატვის ერთგვარი აქტია

ხელოვნება ხშირად ითავსებს საზოგადოების გამოფხიზლების ფუნქციას. ამჯერად ეს ფუნქცია ფილმს - "კომა" რეჟისორმა არჩილ ქავთარაძემ დააკისრა. უფრო მეტიც - მას მიაჩნია, რომ ამ სურათის ნახვა საზოგადოების მოქალაქეობრივი ვალია...

არჩილ ქავთარაძე:

- ეს სურათი 2011 წელსაა გადაღებული. ამდენად, ციხეში მომხდარი სადიზმის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება ჩვენთვის, შოკის მომგვრელი იყო: თემა, რომელიც მანამდე დახურული იყო, გვინდოდა, პირველად ჩვენ გამოგვეტანა სამსჯავროზე. ეს ძალიან მძიმე იყო ფილმის შემქმნელებისთვის. ამ დროს ფილმი თითქმის დასრულებული იყო და შეგვეძლო, მალევე გაგვეშვა ეკრანებზე, მაგრამ მაშინ ზედმეტად პოლიტიკურ დატვირთვას მიიღებდა, ამიტომაც შევიკავეთ თავი.

- ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. პერსონაჟებს პროტოტიპებიც ხომ არ ჰყავს?

- დიახ, ბევრი პერსონაჟი ასეა შექმნილი. მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პროფესიით მსახიობი არ არის. მთავარი გმირი, ტიტეც არ გახლავთ მსახიობი. ქუთაისელი ბესოია კი ფოთის თეატრის ძალიან კარგი არტისტი, ჯანო იზორიაა. ვფიქრობ, ამ მსახიობს დიდი მომავალი აქვს.

- რა გამოხმაურება მოჰყვა ფილმის გამოსვლას?

- იქიდან გამომდინარე, რომ ციხის კადრების ჩვენების შემდეგ, რაც დრო გადიოდა, ფილმის შინაარსი ჩვენს ქვეყანაში აქტუალობას კარგავდა, გადავწყვიტეთ, ჯერ ქართველი მაყურებლისთვის გვეჩვენებინა. ზოგჯერ პირიქით ხდება: ფილმი ჯერ ქვეყნის გარეთ გააქვთ და მხოლოდ ამის შემდეგ უჩვენებენ საკუთარ ქვეყანაში. ამჟამად, ფესტივალებიდან პასუხს (შესაძლო მოწვევებს) ველოდებით.

- როგორ ფიქრობთ - მძიმე სიუჟეტიდან გამომდინარე, "კომა" რეიტინგული იქნება?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენთან კინოში სიარულის კულტურა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აქ უფრო მხიარული ხასიათის ფილმებია რეიტინგული. მაგრამ ამ სურათის თემატიკა მეტად მტკივნეულია მთელი ქვეყნისთვის. ის ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს არა იმიტომ, რომ რეჟისორი არჩილ ქავთარაძეა, არამედ იმიტომ, რომ ფილმში წამოწეული პრობლემები საქართველოს მოსახლეობის თითქმის ყველა წარმომადგენელს შეხებია პირდაპირ თუ არაპირდაპირ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ მიზანი ისიც არის, რომ საათ-ნახევრით მაინც, თუნდაც რბილი სავარძლებიდან დავინახოთ ის მრავალმხრივი წნეხი, რომლის ქვეშაც ამ ადამიანებმა გამოიარეს. ჩემი მხრიდან, მისი გადაღება პროტესტის გამოხატვის ერთგვარი აქტია, ხმამაღალი სიტყვა იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კინოსურათი მაშინ შეიქმნა, როცა ეს სისტემა ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობდა.

- ამის გამო წინააღმდეგობები არ შეგხვედრიათ?

- რა თქმა უნდა, წინააღმდეგობები იყო, მაგრამ ამაზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებ. ფილმს ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა, იყო გარკვეული ტიპის მოთხოვნებიც...

- გადაღებები სად მიმდინარეობდა?

- ციხის კადრები თბილისში, ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზეა გადაღებული. ნაწილი კი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაუქმებულ ფლიგელში.

- ფილმის პოლიტიკური შეფასებები თუ გსმენიათ?

- პოლიტიკურ დინებებში მოყოლას, გარკვეულწილად, გადარჩა ფილმი. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ბევრი ბარიერი დაგვხვდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც გვქონდა სტრატეგია, რომ ფილმი მაყურებლამდე იმ ფორმით მისულიყო, რა ფორმითაც ჩვენ გვქონდა განზრახული. ეს არის ტკივილი და ამ ტკივილის გამოხატვა. ეს არ არის მხიარული სანახაობა, რომელსაც მხოლოდ დროის მოსაკლავად უნდა უყურო. არის ფილმში სატირული ელემენტებიც, ბუნებრივია, ესეც ტკივილნარევია. ეს ფილმი ჩემი მხრიდან არის მცდელობა, დავხმარებოდი ადამიანს, მეტად თუ ნაკლებად დაფიქრებულიყო იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

- სურათში ორი მნიშვნელოვანი სტრუქტურის - საპატიმროსა და საავადმყოფოს ნაკლოვანებებია ნაჩვენები. მაინც რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?

- ეს ჩემთვის ისაა, რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. რისი აღქმაც შევძელი, იმ კუთხიდან მივაწოდე მაყურებელს. ეს არ არის მხოლოდ სისტემის კონკრეტული რგოლის ბრალი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ, საზოგადოებრივი ინდიფერენტულობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა და ამგვარი სახე მიიღო.

- ფილმის შექმნისკენ რაიმე კონკრეტულმა ამბავმა ხომ არ გიბიძგათ?

- არა ერთმა, არამედ ბევრმა სხვადასხვა შემთხვევამ. დიდად ჩაღრმავება და ძიება არ იყო საჭირო ამ პრობლემების დასანახად, ყველაფერი ჩვენ ირგვლივ ხდებოდა, ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობდით და გარკვეულწილად, ახლაც ვცხოვრობთ.

- მკითხველისთვის, სათაურის თქვენეული ახსნაც საინტერესო იქნება...

- ეს სიტყვა ფილმს კონკრეტული მნიშვნელობითაც გასდევს - ერთ-ერთი გმირი კომაშია, თუმცა სათაურს, ბუნებრივია, უფრო დიდი დატვირთვა აქვს. კომა - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც საზოგადოება და მთელი ერი იმყოფება. ალბათ გამოფხიზლება და დაფიქრება გვმართებს - დიდი ხანია, ძილში ვიმყოფებით. რატომღაც გვგონია, რომ სხვამ უნდა გააკეთოს ჩვენი გასაკეთებელი, არადა, ეს თითოეული ჩვენგანის საქმეა. ყველას საკუთარი როლი აქვს ამ პროცესში. სანამ არ მივხვდებით, რომ ბრძოლა დღესვე უნდა დავიწყოთ, მანამ ვიქნებით კომაში...

- განგვიმარტეთ, რა დანიშნულება აქვს ფილმში შეტანილ მულტიპლიკაციურ ელემენტებს? ამით მძიმე შინაარსის გარკვეულ შემსუბუქებას ხომ არ ცდილობდით?

- დიახ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. მეორე მხრივ, ეს ჩემთვის მეორე სამყაროა. კონკრეტული ადამიანი ექცევა კონკრეტულ სივრცეში - ციხის საკანში, სადაც მოქმედება ვითარდება. არსებობს სხვა რაკურსი, რომელიც არის არა პატიმრის, არამედ მაგალითად, სისტემის თანამშრომლის მხრიდან დანახული. ვეცადეთ, ეს ამ ფორმით გვეჩვენებინა.

- ფილმის ბიუჯეტზე რას გვეტყვით?

- თავიდან რა ბიუჯეტიც იყო გათვალისწინებული, დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. გარკვეულ ეტაპებზე მძიმე პერიოდების გადატანა მოგვიხდა. ფილმი ძირითადად, ჩვენი პირადი რესურსითაა შექმნილი. იმ პერიოდში აბსოლუტურად ყველა ერიდებოდა ფილმის სახელთან ასოცირებას, ვერ ბედავდნენ პროექტში "შემოსვლას", მატერიალურ დახმარებას. ეს ძალიან მძიმე იყო, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც შეძლო იმ მომენტშიც კი, გაეწია თანადგომა. ტექნიკის გარკვეული რაოდენობა ჩვენ გვქონდა, გარკვეული ნაწილი გუკა რჩეულიშვილმა მოგვცა. ფილმის გადაღება სულ 2 თვეში გრძელდებოდა, მაგრამ მანამდე იყო ძალიან რთული მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც აბსოლუტურად ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული. ზოგჯერ გიჟის შთაბეჭდილებასაც ვტოვებდი...

- ფილმში ერთ-ერთი პატიმარი უკრაინელია. მაშინ, როცა სხვებს სასიკვდილოდ სცემენ, მას ხელს არ ახლებენ. ეს "ფასადური" საერთაშორისო პოლიტიკის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ?

- პოლიტიკურ ჭრილში, ასეა, მაგრამ განზოგადებაც შეიძლება: ეს არის ხაზგასმა "ინფანტილური" სტუმართმოყვარეობისა - შეიძლება, შენიანს მოექცე სადისტურად, ხოლო შენთვის აბსოლუტურად უცნობს, რადგან ის სტუმარია, ხელი არ ახლო. რას ეფუძნება, რა არის ეს, რა მორალურ ღერძზეა აგებული? მსგავსი კითხვები ისმის და ყველა ადამიანმა თავად უნდა გასცეს მათ პასუხი...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება