წინასაარჩევნო ”მარგალიტები” ლეიბორისტების ფლაერიდან

წინასაარჩევნო ”მარგალიტები” ლეიბორისტების ფლაერიდან

არჩევნებამდე სამი დღით ადრე შალვა ნათელაშვილი ნაძალადევის ამომრჩევლებს ფლაერებს ურიგებს - სამად გაკეცილ შავ-თეთრ, ”ჭეშმარიტად ლეიბორისტულად” მოკრძალებულ ფლაერზე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი გუგავასთან ერთად არის გამოსახული. ფლაერს სლოგანი ამშვენებს - "მოვიცილოთ მძარცველები".

გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს ფლაერიდან (სტილი დაცულია).

"გიორგი გუგავას არჩევა იქნება ცივი შხაპი და დარტყმა ცრუ ხელისუფლებაზე"

"გიორგი გუგავას არჩევა იგივეა, რომ თქვენ აირჩიოთ შალვა ნათელაშვილი - ეს ნიშნავს თქვენი გულისცემის გაჟღერებას პარლამენტში"

"ჩვენზე ხმის მიცემით თქვენ შეგიძლიათ ამ მძიმე მარხვაში, სააღდგომოდ, მთელ საქართველოს მოწმინდოთ ნამუსი"

"პარლამენტში ჩვენი არჩევით შეგვიძლია ივანიშვილი ვაიძულოთ, გაიღოს მილიარდებიდან ის, რაც თქვენი წილია"

"გიორგი გუგავას პარლამენტში არჩევა ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს მოიყვანს"

გუგავას "გაპიარების" შემდეგ ნათელაშვილს არც საკუთარი პერსონის პიარი დავიწყებია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მშრომელთა ლიდერს საპრეზიდენტო არჩევნები ”უკან, მომავალში”, 2012 წელს დაუნიშნია. ”თქვენ იცით , რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დგას ჩემი კანდიდატურა…", - წერია ფლაერში.

ნათელაშვილმა წკეპლა გუგავას კონკურენტებსაც გადაჰკრა -"თამარ კორძაია - ჰომოსექსუალისტთა დედამთავარი, ქართველთმოძულე უსუფაშვილ-ხიდაშელის წარმომადგენელი"; "კახა კუკავა - ფარული "ოცნებისტი"

აი, ზვიად ჩიტიშვილს კი ძალიან არ გაუმართლა, ნათელაშვილს მისი სახელიც კი არ ახსოვს, თუმცა კარგად ერკვევა მის მრავალმხრივ პოლიტიკურ ორიენტაციაში.

"ვინმე ჩიტიშვილი - ფარული ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილის ფავორიტი, ყოფილი ბიძინისტ- ოცნებისტი"

და ბოლოს, ნათელაშვილი ნაძალადევის ამომრჩევლებს ყბადაღებული კოჰაბიტაციის დასრულებას ”ერთი მერცხლის ჭიკჭიკით” პირდება.

"ივანიშვილი-საკაშვილს ჩავუმწარებთ დამღუპველ თანამშრომლობა - კოჰაბიტაციის პროცესს!"

გუგავას ბედს ნაძალადევის ამომრჩეველი სამ დღეში გადაწყვეტს, მოიყვანს თუ არა გაზაფხულს პარლამენტში ”ერთადერთი ლეიბორისტი მერცხალი”,  27 აპრილს გახდება ცნობილი.

ნათია ლეშკაშელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს