რატომ არ გადაუხადა თაკო ჩხეიძემ 20 ათასი დიზაინერ ბესარიონს

რატომ არ გადაუხადა თაკო ჩხეიძემ 20 ათასი დიზაინერ ბესარიონს

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დასრულებული მოდის კვირეულის შემდეგ, 23-26 აპრილს თბილისის მოდის კვირეული გაიმართება. როგორც ცნობილია, მოდის კვირეული თებერვალსა და სექტემბერში ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში იმართება. დანარჩენი ქვეყნები, რომელთაც მოდაზე პრეტენზია აქვთ, ძირითადად ამ პერიოდს ამთხვევს საკუთარ ქვეყანაში მოდის კვირეულის გამართვას. ოთხ ძირითად ქალაქში გამართულ მოდის კვირეულში მონაწილეობა უცნობი დიზაინერებისთვის ძალიან რთულია, თუ ისინი განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევიან. რთულია ისიც, რომ კვირეულზე გამოსული ყველა დიზაინერის ჩვენება მსოფლიოს წამყვან მოდურ არხებზე მოხვდეს.

როგორც ცნობილია, ბევრი მცდელობის მიუხედავად, წამყვანი ქართველი დიზაინერებიდან მოდის ცნობილ კვირეულებზე ვერავინ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გასულ ზაფხულამდე ორი მოდის კვირეული იმართებოდა - თბილისის მოდის კვირეული და საქართველოს მოდის კვირეული, ორგანიზატორების დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, ვერც ეს ჩვენებები გაშუქდა მსოფლიოს წამყვან მოდურ არხებზე.

ცნობილია, რომ საქართველოს მოდის კვირეულს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი ატარებდა. მისი ღონისძიება სპონსორების სიუხვით გამოირჩეოდა. ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტებით კი ისიც გაირკვა, რომ, სასპონსორო თანხების მიუხედავად, მაკა მეტრეველის ღონისძიებას ბიუჯეტიც აფინანსებდა.

გასული გაზაფხულიდან საქართველოს მოდის კვირეული აღარ ტარდება. როგორც ამბობენ, დავით ბაქრაძეს მეუღლისთვის უთქვამს, რა დროს მოდაა, არჩევნები მოდის, კომპანიებს ზედმეტად ნუ შეაწუხებო.

თბილისის მოდის კვირეულს უკვე რამდენიმე წელია ატარებს ყოფილი მოდელი თაკო ჩხეიძე. ჩვენს პატარა და ეკონომიკურად არცთუ ძლიერ ქვეყანაში ორი მოდის კვირეულის ერთდროულად არსებობა ბევრს აოცებდა და ხშირად ეს თემა საკამათოც ხდებოდა. სპონსორები და მხარდაჭერა არც თაკო ჩხეიძის მოდის კვირეულს აკლდა, ქართველი დიზაინერების ძირითადი ნაწილი კი ორ ბანაკად იყო გაყოფილი, ვინც თბილისის მოდის კვირეულზე გამოდიოდა, საქართველოს მოდის კვირეულში აღარ მონაწილეობდა.

რაც შეეხება ჩვენებებს, დიზაინერების დაბალხარისხიანი კოლექციების გარდა, მსოფლიო მოდასთან გათანაბრებული, ინოვაციური ან ახალი ხედვა მაყურებელს თითქმის ვერავინ შესთავაზა. პრობლემები იყო ჩვენებების დადგმის და ორგანიზაციულ საკითხებშიც, ბევრი დიზაინერი პოდიუმზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კულისებში ამთავრებდა კოსტიუმებს. რის დამთავრებასაც ვერ ასწრებდა, ქინძისთავებით დამაგრებული, ან უბრალოდ დაბლანდული გაჰქონდა პოდიუმზე. ამის გამო დამსწრე საზოგადოებამ პოდიუმზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მოდელებიც იხილა, რომლებსაც პირდაპირ პოდიუმზე შემოერღვათ სამოსი.

ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ჩვენება თბილისის მერიის ბიუჯეტმა დააფინანსა, რამაც სხვა დიზაინერების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთ მოდის კვირეულზე კი ცნობილი სახეების დაპატიჟებაც გამორჩათ ორგანიზატორებს. მოკლედ, როგორც ამბობენ, მოდის კვირეულები ბოლოს იმდენად უინტერესო გახდა, აღარც ქართული ბომონდი სტუმრობდა, არც მედიაში შუქდებოდა. ზოგჯერ მოდის ბევრი აქტიური მიმდევარიც კი ვერ იგებდა, რომ საქართველოში მოდის კვირეული ჩატარდა.

წელს თაკო ჩხეიძე კონკურენციის გარეშეა დარჩენილი და თბილისის მოდის კვირეულს კვლავ ატარებს.

როგორც ცნობილია, თაკო ბიზნესმენ სერგო აბაშიძის რძალი და დიპლომატ რუსლან აბაშიძის მეუღლეა. რუსლან აბაშიძე ესტონეთში საქართველოს ელჩი გახლავთ, მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მუშაობდა შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში კონსულად. 2006-2009 წლებში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

რუსლან აბაშიძის 2012 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თაკო ჩხეიძის 2011 წელს შპს "ჯეო მოდელსის" დირექტორად მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში მიღებულმა თანხამ 8 ლარი და 96 თეთრი შეადგინა. ეს კომპანია მან 2007 წელს დააფუძნა. თაკო მეორე კომპანიის "თაკო მოდელ სტუდიოს" დირექტორი და დამფუძნებელიცაა, რომელიც 2006 წელს დააარსა და საიდანაც 2011 წელს მისი შემოსავალი 5602 ლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში რუსლან აბაშიძეს ფრიად წარმატებული დიპლომატის კარიერა ჰქონდა, როგორც ამბობენ, თაკო ჩხეიძე გასული წლის მოახლოებული არჩევნების წინ გააქტიურდა და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სააკაშვილის მთავრობის საწინააღმდეგო გამონათქვამებსა და ფრაზებს არ იშურებდა.

წელს თბილისის მოდის კვირეული მერვედ გაიმართება. ქართველ დიზაინერებთან ერთად მოწვეული არიან აინურ ტურისბეკი ყაზახეთიდან, ქსენია შნაიდერი უკრაინიდან და მარკ ბაუერი ამერიკიდან, რომლებიც რამდენიმე კოსტიუმს წარადგენენ.

თბილისის მოდის კვირეულზე დაგეგმილი იყო მოსკოვში მცხოვრები ქართველი დიზაინერის ბესო რაზმაძის, იმავე ბესარიონის სტუმრობა და მასთან აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ბესარიონმა 1997 წელს საქართველოში გამართულ ავანგარდული მოდის ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. 1999 თბილისში "რუსკი სილუეტის" შესარჩევ კონკურსზე პირველი ადგილი აიღო, პრიზად სლავა ზაიცევის მოდის სახლში სწავლა გადაეცა და მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა. იყო პირველი რუსული მიუზიკლის "მეტროს" მსახიობების იმიჯმეიკერი. რუსეთის მთავარ დიზაინერ ვლადიმერ იუდაშკინთან მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, სწორედ იუდაშკინმა შესძინა მას თავდაჯერებულობა. ამჟამად ის "ა-სტუდიოს" იმიჯმეიკერია. "რეიტინგის" ინფორმაციით, თბილისის მოდის კვირეულზე მისი ჩამოყვანა 20 ათასი ლარი ჯდებოდა, რის გამოც კვირეულის ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ თავი შეიკავა. როგორც შევიტყვეთ, მან ბესარიონს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ მის ჩამოსაყვანად ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდა.

თანხის ოდენობამ ჩვენც გაგვაკვირვა და დავინტერესდით, რატომ სჭირდებოდა ქართველი დიზაინერის ჩამოყვანას ამხელა თანხა, თანაც, ისიც შევიტყვეთ, რომ თავად დიზაინერს ძალიან უნდოდა თბილისში ჩამოსვლა და ოთხი თანმხლები პირიც მოჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო რანგის რუსი მოდელი. ჩვენ ბესარიონს ინტერნეტით დავუკავშირდით:

- ბესო, ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, ახალი სეზონისთვის, გაზაფხული-ზაფხული 2014.

- პირველად გეგმავდით ამდენი წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას თქვენი კოლექციით?

- დიახ, 14 წლის შემდეგ.

- რა კოლექცია ჩამოგქონდათ თბილისის მოდის კვირეულზე?

- რა თქმა უნდა, შემოდგომა-ზამთარი 2013-2014.

- ვინ ჩამოგყავდათ და რა შოუს დადგმას აპირებდით?

- ვფიქრობ, ეს უკვე აღარ არის საინტერესო, ამას მოგვიანებით შეიტყობთ.

- რატომ ვერ მოხერხდა თქვენი ჩამოყვანა?

- როგორც ჩანს, საქართველოსთვის ძალიან ძვირი ვღირვარ. ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში გაქვთ ენთუზიაზმი და არ გაქვთ შესაძლებლობა, გადაიხადოთ ის ჰონორარი, რომელიც სჭირდება ჩემს ჩამოსვლას და ჩემს პროექტს.

- რა მოთხოვნები გაქვთ ასეთი?

- ეს არ განიხილება, რადგან კომპანიის შიდა საქმეებია.

- როგორც გავიგეთ, 20 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო თქვენს ჩამოყვანაზე, აქედან რისთვის რამდენი იყო განკუთვნილი?

- ეს შეგიძლიათ, ორგანიზატორებს ჰკითხოთ.

- ახლა თუ ვერ მოხერხდა თქვენი ჩამოყვანა, მოგვიანებით თავად ხომ არ გეგმავთ პერსონალური ჩვენების მოწყობას თბილისში?

- ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე. კომპანია "ბესარიონი" თბილისის მოდის კვირეულს უსურვებს სამომავლო წარმატებებს და მიზნების მიღწევას, მადლობთ ყურადღებისთვის.

ბესარიონის სახელის გაგონებამ ძალიან გააღიზიანა თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი და კონკრეტული პასუხები ვერც თაკო ჩხეიძისგან მივიღეთ.

- თაკო, გამარჯობა, ჟურნალ "რეიტინგიდან" გირეკავთ, მოდის კვირეულზე ბესარიონის ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

- მე ძალიან დაკავებული ვარ, პიარს დაელაპარაკეთ (სხვას აწვდის პირად ტელეფონს - ავტ.)

- გისმენთ!

- მოდის კვირეულზე ბესარიონის ჩამოყვანასთან დაკავშირებით გვინდა თქვენი კომენტარი.

- კითხვები გამოგზავნეთ.

- თქვენი მეილი დაგვიმესიჯეთ.

- ჩვენი მეილი თბილისის მოდის კვირეულის საიტზე წერია. თქვენ მოდის კვირეულის გაშუქება

გინდათ თუ ბესარიონის ჩამოყვანის?

- ამჯერად ბესარიონის ჩამოყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რომ ჩაიშალა, იმაზე ვისაუბროთ, მოდის კვირეული რომ დაიწყება, შემდეგ მოდის კვირეულს გავაშუქებთ.

- ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციები ორი კვირის წინ დამთავრდა.

- ანუ ჩვენ ვეღარ მოვასწრებთ აკრედიტაციის აღებას?

- ვერა, დამთავრდა. აქამდე უნდა მოგემართათ.

- მიაწოდეთ ტელეფონი, ვისაც დავურეკეთ.

- უკვე გიპასუხეთ.

ვურეკავთ ისევ თაკო ჩხეიძეს...

- თუ შეიძლება თქვენი მეილი მოგვეცით, შეკითხვებს გამოგიგზავნით, რომ თქვენ გვიპასუხოთ.

- მე ახლა ძალიან დაკავებული ვარ. ცოტა კულტურულად უნდა ელაპარაკოთ ჩვენს თანამშრომელს.

- თუ უსმენდით, თვითონ გველაპარაკა უხეშად. ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ აკრედიტაციები დამთავრდა?

- თუ ჟურნალისტი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ მოდის კვირეული ტარდება.

- ეს ვიცით, მაგრამ აკრედიტაციები რომ დაამთავრეთ, საიდან უნდა გაგვეგო?

- თქვენი სახელი და გვარი მითხარით...

- ზაზა გიგაური.

- რა გაინტერესებთ, შემიძლია, ახლა გიპასუხოთ.

- ბესარიონის ჩამოყვანის დეტალები, რატომ სჭირდებოდა 20 ათასი ლარი და რატომ ვერ შედგა მოლაპარაკება?

- უნდა ჩამოგვეყვანა და აღარ ჩამოგვყავს, სულ ეს არის.

- მოლაპარაკების დეტალებს ვერ გაგვიმხელთ?

- ვერა, ასე ბევრ რამეს ვგეგმავთ და ზოგი გამოდის, ზოგი - არა. მოდის კვირეული რომ დამთავრდება, მერე მოვიცლი და მოგცემთ ინტერვიუს, თუ გინდათ. ოღონდ არა ბესარიონზე და მის ჩამოყვანაზე, სულ ეს არის.

- მოდის კვირეული რომ დამთავრდება, ყველა ყველაფერს გააშუქებს. ჩვენ მანამდე ვწერთ, სანამ სხვა გამოცემები დაბეჭდავენ და ეს თემა ახლა გვაინტერესებს. როგორც გავიგეთ, მისი ჩამოყვანა 20 ათასი ლარი გიჯდებოდათ და ამის გამო თქვით უარი?

- თქვენ მოდის კვირეული გაინტერესებთ თუ ბესარიონის ჩამოყვანა?

- ამჯერად ბესარიონის ჩამოყვანა გვაინტერესებს ორშაბათის ნომრისთვის, შემდეგ, თუ სურვილი გექნებათ, მოდის კვირეულსაც გავაშუქებთ, როცა დაიწყება. მაგრამ, როგორც ჩანს, დაგვაგვიანდა აკრედიტაციის გავლა.

ასე დასრულდა ჩვენი საუბარი, თუმცა, როგორც წესი, თუ ვინმე რაიმე ღონისძიებას ატარებს, გარკვეული პერიოდით ადრე მედიას აცნობებს, პრესრელიზს უგზავნის, სადაც ატყობინებს, რას გეგმავს, ვისი მონაწილეობით და აკრედიტაციის გავლასაც სთავაზობს, თუმცა თბილისის მოდის კვირეულის აკრედიტაციები ისე დაიწყო და დამთავრდა, არაფერი გაგვიგია. სავარაუდოდ, თბილისის მოდის კვირეული წელსაც ტრადიციულად ვერაფრით გაგვაოცებს და გულდასაწყვეტი არ იქნება აკრედიტაციის გარეშე დარჩენა.

თაკოს პიარზე კი, რომელმაც თავად არ წარმოგვიდგინა თავი და ჯაბა სიხარულიძეა, ის გავარკვიეთ, რომ ბევრი მევალე ჰყავს, რომელთაც აღარც ტელეფონზე პასუხობს და არც ფულს უბრუნებს. მისმა მეგობარმა ისიც შეგვახსენა, ქუჩაში ღამით მთვრალი როგორ უყვებოდა, თაკო სალაყაიას საღამოზე ვიყავი და მე და თაკო ტეკილით ჩავითხლიშეთო.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება