ვანო ჯავახიშვილს ორეული ჰყავს

ვანო ჯავახიშვილს ორეული ჰყავს

"სად უნდა ვიპოვოთ მეორე ვანო?" - ალბათ გახსოვთ ეს ფრაზა, რომელსაც იუმორისტი და "დემოკრატიის შუქურა" ვანო ჯავახიშვილი თავისი შოუს სარეკლამო ბლოკში ამბობდა. არ ვიცი, ამ სიტყვებში რეალურად რას გულისხმობდა, მაგრამ ძალიანაც ნუ ჩავუღრმავდებით: ვფიქრობ, ამით მაინც, საკუთარ განუმეორებლობას უსვამდა ხაზს...

ახლა ეს იმიტომ გამახსენდა, რომ მოულოდნელად, "მეორე ვანო" ვიპოვე! დიახ, ის სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" შემთხვევით აღმოვაჩინე.

შოთა ადეიშვილი, შეიძლება ითქვას, ვანო ჯავახიშვილის ორეულია და ცნობილ შოუმენთან გარეგნული მსგასების გამო, თანამშრომლები ვანოს ეძახიან!..

- შოთა, შენსა და ვანო ჯავახიშვილს შორის გარეგნულ მსგავსებას თუ ადასტურებ?

- კი (იცინის), მამსგავსებენ; მეუბნებიან, რომ ვანოს ვგავარ, რაშიც მეც ვრწმუნდები. ის კი არა, ვანო ტელევიზორში რომ გამოჩნდება, ჩემი უფროსი შვილი მეუბნება: აი, მამიკო, შენ ხარო...

- ვანოსთან მსგავსება მაშინვე აღმოაჩინე, როგორც კი ტელეეკრანზე გამოჩნდა?

- კი, მაშინვე და იმ პერიოდიდან მოყოლებული, ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსში ხალხი დაჟინებით მიყურებს ხოლმე, ბავშვები ჩემკენ ხელს იშვერენ: შეხედეთ, ვანოს როგორ ჰგავსო!.. ზოგს თვითონ ვანოც ვგონივარ... მაღაზიაში მოსული კლიენტებიც მეუბნებიან, რომ ვგავარ...

- როგორ შეაფასებ შოუმენს, რომელსაც ჰგავხარ?

- მშვენიერი იუმორი აქვს. სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე მის გადაცემას. ბოლო დროს უფრო დაიხვეწა... თავიდან ხომ იცით, ყველას ეშლება ხოლმე რაღაცები...

- პირისპირ არასდროს გინახავს ვანო? ან იქნებ აქაც ყოფილა რაიმეს შესაძენად მოსული?

- ვანო არა, მაგრამ მიშა ანდღულაძე კი იყო ბიჭებთან ერთად მოსული, ჩემს დახლთან ჩაიარა, ჩემკენ არც გამოუხედავს...

- ამ ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ ვფიქრობ, მათ შენი გაცნობა მოუნდებათ. გადაცემაში რომ მიგიწვიონ...

- მივიღებ მიწვევას და ვესტუმრები (იღიმის), პრობლემა არ არის.

- რას გვეტყვი შენზე?

- აბა, რა გითხრათ? 26 წლის ვარ, წარმოშობით, ვანის რაიონის სოფელ შუამთიდან გახლავართ. მყავს მეუღლე და ორი ვაჟი (5 და 4 წლის). უკვე 5 წელია, რაც ვაგზალზე ვმუშაობ, სამშენებლო მასალებს ვყიდი, ჩემი ბიზნესი მაქვს.

- ეს მაღაზია შენია?

- დიახ, მაღაზია ჩემია და ოჯახს ამით ვინახავ. მეუღლე უმუშევარი მყავს... ბევრს კი ვწვალობ, ყოველდღე აქ ვარ, მაგრამ რას ვიზამ, ოჯახს რჩენა უნდა.

- აქ შენზე მითხრეს, კარგი იუმორი აქვსო...

- (იღიმის) ხუმრობა მიყვარს... მაგრამ საკუთარი იუმორის შეფასება ცოტა ძნელია...

- ისე, ვანელ კაცს იუმორის გრძნობა რომ არ გქონდეს, ალბათ გასაკვირიც იქნებოდა...

- (იცინის)...

- მაგრამ ვანელებზე იმასაც ამბობენ, რომ...

- (მაწყვეტინებს) ვიცი ეგ ამბავი: ხონელმა რწყილი გაატყავა, ვანელმა კი უთხრა, - რა გიქნია, რამდენი ქონი გაგიყოლებიაო (იღიმის). ვანელებზე ანეკდოტიც ბევრია...

ამ ლაპარაკში მყოფებს უამრავი ადამიანი შემოგვეხვია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა როგორც კი გაიგეს, შოთასთან ინტერვიუს იღებენო, თითქმის ყველა გამყიდველი იქ მოვიდა. სიცილისა და შეძახილების ფონზე, მე და ჩემს რესპონდენტს სურათებს გვიღებდნენ. შემდეგ ერთ-ერთმა, ყველაზე ენაკვიმატმა, კობა არჩაიამ ღიმილით მომმართა:

- ჩვენ "რუსთავი 3"-დან ვართ და ამ ყველაფერზე სიუჟეტს ვაკეთებთ... არ არის ახლა ეს პატარა ვანო?.. აბსოლუტურად მსგავსი ადამიანები ალბათ არც არსებობენ, მაგრამ ეს კაცი ვანოს მართლაც ჰგავს. ჰოდა, წაიყვანეთ, წაიყვანეთ და მიხედეთ. ცოდვაა, აქ რომ იკარგება მისი ტალანტი... ვანო ჯავახიშვილის "თავგასივებული დვაინიკია", რა!.. ალბათ ლავრენტი ბერიას არ ჰყავდა ასეთი "დვაინიკი". წაიყვანეთ აქედან ვანელი "მაჩვი"!

- შოთა, "თავგასივებულსაც" გეძახიან?

- (იცინის) აქ შინაურები ხანდახან ასეც მომმართავენ...

- არ ბრაზდები?

- არა, იუმორში "მოსულა"... თან, ხუმრობა მეც მიყვარს...

- რა განათლება გაქვს?

- უმაღლეს სასწავლებელში არ მისწავლია. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და დამოუკიდებლად დავიწყე ჩემი ცხოვრების აწყობა. ბავშვობაში აქტიურად ვიყავი დაკავებული სპორტით: 8 წლიდან მძლეოსანი გახლდით, მერე ფეხბურთს ვთამაშობდი და კარატეშიც ვვარჯიშობდი. მძლეოსნობაში სიგელები მაქვს აღებული. ერთხელ ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში II ადგილი დავიკავე. მოკლედ, 15 წლამდე სპორტსმენი გახლდით.

- სპორტისთვის ახლა ვეღარ იცლი?

- ხანდახან - კი, მაგრამ სიგარეტს რომ ვეწევი, "დიხანიე" არ მყოფნის...

- იმიტაციის, პაროდიის უნარიც ხომ არ გაქვს?

- კი, შემიძლია ამა თუ იმ ადამიანის პაროდიის გაკეთება. სხვისი ხმითა და მანერებით ლაპარაკი, ოღონდ, ცოტა წავარჯიშება მინდა ხოლმე.

საუბარში ისევ ჩაერთო კობა არჩაია:

- ამას რომ უყურებთ, მსახიობია. ვაჭარს იუმორიც სჭირდება და არტისტულობაც. ჰოდა, ამ ამბავში "მაჩვი" მაგარია! პროდუქციას, რომელიც დახლზე უწყვია, ისე ფუთავს, რომ ოქროს ფასად ყიდის (იცინის). კი, მსახიობობის უნარი აქვს.

შოთა:

- მოკლედ, თქვენი მოსვლის შესახებ მთელმა ბაზარმა გაიგო და ხედავთ, რა გამოცოცხლებაა?

- ჰო, მართლაც დიდი აჟიოტაჟია... ვანოსავით შენც თემქაზე ხომ არ ცხოვრობ?

- არა (იცინის), ვარკეთილში, ცოლოურში ვცხოვრობ.

- შენი მეუღლე თბილისელია?

- კი და დედაც თბილისელი მყავს. ოღონდ თავის დროზე ვანში გათხოვდა... ჩემი მშობლები რაიონში ცხოვრობენ. ვანოს ისინიც მამსგავსებენ. მამა სულ იმას მეუბნება, მეორე ვანო ხარო... ისე, გარეგნულად დედის ნაკვთები უფრო მაქვს.

- დედმამიშვილები გყავს?

- ჩემი და 16 წლის იყო, მოულოდნელად რომ გარდაიცვალა. მფრინავი მენინგიტი დაემართა. მაშინ 17 წლის გახლდით... დაზე ერთი წლით ვიყავი უფროსი...

საუბარში მანანა ბეგლარაშვილი (სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი) ჩაგვერთო:

- შოთიკო კარგი ადამიანია. დიდი ხანია, ვიცნობ და რამდენი წელიწადია, "ვანოს" ვეძახით. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც მისი ნამდვილი სახელი. რაც დრო გადის, ვანოს მეტად ემსგავსება... თქვენ მშობლებზე ჰკითხეთ და უნდა გითხრათ, რომ კარგი მშობლები ჰყავს: ეს იქიდან ჩანს, რომ ზრდილობიანი ბიჭია. არ მახსოვს, ვინმესთვის ენა შეებრუნებინოს და რაიმე ურიგო ეთქვას. ხანდახან რომ გამოვექომაგები, აქ მეუბნებიან, შენი შვილიაო...

მურმან მოდებაძე:

- ჭიათურელი კაცი ვარ, გენაცვალე. მე და შოთიკო გვერდიგვერდ ვმუშაობთ. მშვენიერი სამეზობლო ადამიანია, პატიოსანი ბიჭია. არც იუმორში უჭირს, მის ხუმრობაზე გულიანად ვიცინი ხოლმე. ადამიანებს ადვილად ეკონტაქტება, მაგრამ როგორც ქალბატონმა მანანამ თქვა, ზედმეტს არასდროს იტყვის. კარგი გაზრდილია და კარგი მშობლების შვილია. პატარა ბიჭი იყო, აქ რომ მოსულა, არავინ შეუწუხებია. ახლა თავის საქმესა და ოჯახს მშვენივრად უძღვება. წარმატებები მინდა ვუსურვო.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები