როგორ დაუსვეს პაციენტებს კიბოს ცრუ დიაგნოზი და დაუთრომბეს ღვიძლი

როგორ დაუსვეს პაციენტებს კიბოს ცრუ დიაგნოზი და დაუთრომბეს ღვიძლი

"ექიმი ყოველთვის უნდა ამკვიდრებდეს პროფესიული საქმიანობის უმაღლეს სტანდარტებს, ფინანსურმა ინტერესებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პაციენტის ინტერესების შესაბამისი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაზე. ექიმი პატიოსანი უნდა იყოს პაციენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, უნდა ებრძოლოს სხვა ექიმების პროფესიულ და პიროვნულ ნაკლს, უნდა ამხელდეს სიცრუესა და თაღლითობას" - ეს გახლავთ ამონარიდი სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსიდან, რომელიც მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ ლონდონში, 1949 წლის ოქტომბერში მიიღო. საბედნიეროდ, საქართველოში არიან ექიმები, რომლებიც არც ამ კოდექსს ღალატობენ და არც ჰიპოკრატეს ფიცს, თუმცა ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიდან ჩანს, რომ საპირისპირო შემთხვევებიც ხდება. მათ ნაამბობს ყოველგვარი ანალიზისა და შელამაზების გარეშე გაგაცნობთ:

მიხეილ ერაძე, იურისტი, 26 წლის: - 23 წლის ვიყავი, როცა წნევის პრობლემები დამეწყო და ოჯახში გადავწყვიტეთ გამომეკვლია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი მქონდა და რადგან პროტრომბინის ინდექსი დაბალი იყო, მირჩიეს გამოკვლევა სისხლის სპეციალისტთანაც ჩამეტარებინა. მოგვიანებით, თურქეთის კლინიკაში გავიგე, რომ ბავშვობიდან გამოყოლილი დისბაქტერიოზის გამო ორგანიზმი K ვიტამინს ვერ ითვისებდა და პროტრომბინიც ამის გამო მქონდა დაბალი, აქაურმა ექიმებმა კი ეს აღიქვეს, როგორც სისხლის პათოლოგიის ნიშანი. ერთ-ერთ კლინიკაში პროფესორმა მამუკა ზ.-მ, რომელიც უშუალოდ ჩემი მკურნალი იყო, მითხრა, რომ ეს იყო ლეიკემიის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ჰქვია ლიმპო ერითრემია, თუმცა ჩემი ანალიზი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს დანამდვილებით ეთქვათ. დამატებითი ანალიზები ჩამიტარეს და რადგან მასალა ვერ მოიპოვეს, მითხრეს - ისეთ პროცედურებს ჩაგიტარებთ, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანებიც იკეთებენ პროფილაქტიკისა და გაახალგაზრდავების მიზნითო. ეს პროცედურები ტარდება სისხლის გამათხელებლების ფონზე და რადგან პროტრომბინი დაბალი მქონდა, გამათხელებლები არ გამიკეთეს. ამის გამო ღვიძლი დამეთრომბა. სხვათა შორის, ჩემი სისხლის მდგომარეობა მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს მაქვს, ანუ ეს პროცედურები საერთოდ არ იყო საჭირო. ღვიძლის დათრომბვის შემდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში საკუთარ თავს მე თვითონ ვაკონტროლებდი, რადგან კოლეგიალობის გამო აქ არც ერთი ექიმი ხელს აღარ მკიდებდა - ჩავდიოდი თურქეთში, იქ ვიკეთებდი ანალიზებს და შემდეგ ამის მიხედვით ვმკურნალობდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დათო ნემსაძეს, რომელიც მაშინ დავით ტატიშვილის კლინიკაში მუშაობდა და სწორედ მან გადამარჩინა, მან დამაყენა გზაზე და მირჩია, საკუთარი თავისთვის როგორ მომევლო. მგონი ასეთი რამ არსად მომხდარა, რომ ადამიანის­თვის ორგანო ძალით დაეთრომბათ. ექვსი პრ­ო­ცედურა ჩამიტარეს, რომლის დროსაც ჩემი ღვიძლი თანდათან კვდებოდა, ერთი თვის თავზე კი მეც მოვკვდებოდი. ღვიძლი მინსკში გადამინერგეს, ჯერ მხოლოდ 26 წლისა ვარ და ექიმების შეცდომის გამო უკვე II ჯგუფის ინვალიდი მქვია. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ სულ სხვაა, როცა პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ხდება ძალიან ბინძური მეთოდებით. ფეხზე რომ წამოვდექი, მივედი მამუკა ზ.-სთან და მოვთხოვე ექსპერტიზა დაენიშნათ, მაგრამ ექსპერტიც მისი მეგობარი იყო, რომელმაც მას ხელი დააფარა. ციროზი გქონდა და ჩემს ხარჯზე გინდოდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაგეკეთებინაო - ასეთი პასუხით გამომისტუმრეს. ახლა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ.

ანა კ., ფსიქოლოგი, 56 წლის: - საჩივრის შეტანას ვაპირებ იმ ექიმების წინააღმდეგ, რომლებზეც უნდა გიამბოთ, ამიტომ გთხოვთ, ჩემი ვინაობა ჯერჯერობით არ გაამხილოთ. 2010 წელს ტუბდისპანსერში დამისვეს ადენოკარცინომის, ანუ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. შემდეგ გამგზავნეს სხვა კლინიკაში, სადაც ეს დიაგნოზი დაადასტურეს. როგორც შევატყვე, ექიმები ახლობლები ან კარგი ნაცნობები არიან, ერთმანეთთან კავშირში არიან და პაციენტებსაც უგზავნიან. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ობობას ქსელს, ამიტომ იგივე მითხრეს ყველგან - მათ შორის ონკოლოგიურ საავადმყოფოშიც და სასწრაფოდ ქიმიის გასაკეთებლად გამგზავნეს. ჩემს ახლობლებს კი უთხრეს: რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, მაგრამ ოპერაციას მაინც გავუკეთებთო. თურმე ძლიერი ქიმიის გაკეთებას ჰქონია თავისი სქემა: ვიდრე ქიმიას გაუკეთებ, ადამიანს უნდა გადაუსხა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომ ორგანიზმი მომაგრდეს. მხოლოდ მესამე დღეს აკეთებენ ქიმიას, მე კი პირდაპირ გამიკეთეს, ყოველგვარი გადასხმების გარეშე. ჩემი ექიმი, ლია ნ. ამტკიცებდა, რომ ფილტვის კიბოს მეოთხე სტადია მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ქიმიის გაკეთებამდე არც სისხლის ანალიზმა, არც ექოსკოპიამ არ აჩვენა არავითარი ცვლილებები. მოგვიანებით, თურქეთის კლინიკაში მითხრეს, რომ ჯანმრთელი ვყოფილვარ და ყველაფერი რიგზე მქონია. ნეტავი სად ხედავდნენ ამ მეტასტაზებს? ქიმიის შემდეგ დასხივებაც ჩამიტარეს, როცა ეს საერთოდ არ იყო საჭირო. 2010 წლიდან მოყოლებული ვმკურნალობდი. უკვე მეოთხე წელია მას შემდეგ, რაც მითხრეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი, ჩემი ყოფილი ექიმი კი დღესაც უტიფრად იმეორებს, რომ მან მომარჩინა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ფულის გამო ჩაიდინეს.

P.S. როგორც იტყვიან, ასეთ დროს კომენტარი ზედმეტია, ამიტომ შესაბამისი დასკვნების გამოტანა ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"