რომელია ყველაზე უსახური ქანდაკება?

რომელია ყველაზე უსახური ქანდაკება?

"ადამიანს, ისევე როგორც ქანდაკებას, ყველა მხრიდან უნდა შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად მოჩანს", - ეს სიტყვები შექსპირს ეკუთვნის. შევეცადეთ დაგვედგინა ათეული იმ ქანდაკებებისა, რომელიც ასე შეფასდა - "უსახური ქანდაკებები". ათეული ხელოვნებათმცოდნეებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევადგენინეთ.

1. წმინდა გიორგი

უსახურ ქანდაკებებში პირველი ადგილი წმ. გიორგის ქანდაკებამ დაიკავა. მონუმენტი 35 მეტრი სიმაღლისაა, ბრინჯაოს მოოქროებაზე 2 კგ. ოქროა დახარჯული. ხელოვნებათმცოდნეები ნამუშევარს ფორმასა და მასშტაბურობას უწუნებენ.

"საერთოდ ვერ აღვიქვამ, რომ ეს წმინდა გიორგია. მას ყველაზე ცუდ ქანდაკებად მივიჩნევ. ეს არის კლასიკური კიჩი, მდარე გემოვნება. სასიამოვნო იქნებოდა, როგორც მცირე ზომის სუვენირი. კაშკაშა ოქროსფერი ქართული კულტურისთვის უცხოა, ყალბია. არ შეიძლება ერთი და იგივე ქანდაკება რამდენიმე ადგილას დადგა. აიტანო ცაში და არაფერი შეცვალო."

"გარემოს არ შეეხამება, ერთიანი სივრციდანაა ამოვარდნილი. ხელოვნების ნიმუშს განსხვავებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს".

2. მედეა

მედეას ქანდაკება ბათუმში 2007 წლის 6 ივლისს მიხეილ სააკ­აშვილმა გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, სკულპტურის დამზადება 2,5 მილიონი ლარი დაჯდა. კოლხი ქალი ბათუმში, ევროპის მოედანზე, 25-მეტრიან სტელაზე დგას, ხელში კი ოქროს საწმისი უჭირავს. მედეას ქანდაკებამ დადგმისთანავე აღაშფოთა ბათუმელები. მიზეზი კი ერთი იყო: მათ ქანდაკება არ მოეწონათ! საზოგადოებრივ აზ­რს პროფესიონალებიც ეთანხმებიან.

"კატასტროფა - ასე შემიძლია შევაფასო ეს ქანდაკება. გაუმართლებელია, უზარმაზარ კვარცხლბეკზე აიტანო გაუგებარი სტილის ქანდაკება. მას ანტიქანდაკებას დავარქმევდი".

"ამ ქანდაკებას უამრავი ხარვეზი აქვს. სივრცე შთანთქავს ქა­ნდაკების სახეს. არ იკითხება, ვერ გაარჩევ, რისი ქანდაკებაა. მაღლიდან აგრესიულად კაშკაშებს ოქროსფერი და ცისფერი. ეს ფერები დამახასიათებელია რუსული კულტურისთვის, ჩვენი კულტურისთვის უცხოა".

3. პრომეთე

პრომეთეს ქანდაკების ესკიზური პროექტი (20 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. თავდაპირველად იგი თბილისში დაიდგა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ბორჯომის პარკში გადაიტანეს.

"ეს უგემოვნო ქანდაკებაა. ასეთმა ნამუშევრებმა თავისი დრო მოჭამა, მას არაფერი აქვს საერთო 21-ე საუკუნის ნამუშევართან. თამამად შემიძლია ვუწოდო მკვდრად შობილი ქანდაკება."

"გაუგებარია, საერთოდ რატომ დაიდგა ასეთი ძეგლი, ეს ნონსენსია. ანალიზს არ ექვემდებარება. თუმცა მასზე კოლოსალური თანხაა დახარჯული. სამწუხაროდ, ამ ძეგლების დადგმა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. არჩევნებამდე ნებისმიერ სფეროში ყველაფერი კეთდებოდა ისე, როგორც ეს ქვეყნის პირველ პირს სურდა, საზოგადოებრივი აზრი არავის აინტერესებდა".

4. მიმინო

"მიმაჩნია, რომ კინოგმირების ქანდაკების დადგმა იოლი გზაა თავის დასამკვიდრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგი ქანდაკებებიც გვაქვს, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაუდგა ძეგლი კინოგმირს. ეს ხომ გამზადებული სახეა, მასში ახალი არაფერია. ამას ემატება ისიც, რომ როგორც ძეგლი, არაფრის მთქმელია - არც ქანდაკებაა, არც მონუმენტია, ესაა ბრინჯაოს შენახვის ერთ-ერთი გზა, მეტი არაფერი".

"ძეგლმა უნდა გაგაჩეროს, დაგატყვევოს, ძალიან შთამბეჭდავი უნდა იყოს. რას ჰგავს ეს საბურავიანი გმირი? უმსგავსო ქანდაკებების უმეტესობა ერთსა და იმავე მოქანდაკეს ეკუთვნის, რაც დაუშვებელია. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, უკეთეს ქანდაკებას რომ შექმნის და მათი დანახვაც გულს გაგიხარებს, გაგაჩერებს, შემოგაბრუნებს და თავს შეგაყვარებს".

5. ელენე ახვლედიანის ქანდაკება

"როგორ შეიძლება ამას ქანდაკება უწოდო? უსახური ძეგლია. რომ შეხედავ, მზესუმზირის გამყიდველი ქალი გეგონებთ, ვერ მიხვდები, რომ მხატვარია. ესაა დილეტანტის მიერ შექმნილი ახვლედიანი. ვის ქანდაკებასაც ქმნი, მისი მთავარი თვისება შეუცვლელი უნდა იყოს. ამ ქანდაკების დასადგმელად კონკურსი იყო გამოცხადებული და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ნამუშევარმა გაიმარჯვა. ეს კი როგორ მოხდებოდა - ადვილი წარმოსადგენია".

6. თამარ მეფის ქანდაკება სვანეთში

"გაოცებული ვარ, რატომ იდგმება ასეთი ქანდაკებები, მიზანი რა არის? იცი ვინ არის თამარი და მაინც ასეთ უგემოვნო ქანდაკებას აკეთებ? ეს ისტორიის, ხალხის, კულტრის შეურაცხყოფაა. ამას ხელოვნება არ ჰქვია, ეს კატასტროფაა".

7. ბალანჩინის ქანდაკება

"ეს საშინელებაა! - გამიჭირდება სხვა სიტყვის მოძებნა. როგორ შეიძლება ასეთი უპროპორციო ქანდაკების დადგმა?! ეს არის ძალადობა ქალაქზე. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო წლებში ქანდაკებების დადგმისთვის მხოლოდ კონტაქტი იყო საჭირო. შედეგმაც არ დააყოვნა, ამიტომაა ამდენი უსახური ქანდაკება ქალაქში".

8. მერაბ მამარდაშვილის ქანდაკება

"გაუგებარია, რა უნდა ამ ქანდ­აკებას იმელის შენობასთან? ის კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, ცო­ტა მოსაბეზრებელიც კია. ქანდ­აკებას თავი უშნოდ აქვს გადმოკიდებული სივრცეში. ქანდაკება არ ვარგა".

9. იაკობ ნიკოლაძის ქანდაკება

"იაკობ ნიკოლაძის ქანდაკება უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა შექმნილიყო, ეს ხელოვანი ქართული ქანდაკების სულისჩამდგმელი იყო, როგორ შეიძლება მის პატივსაცემად დგამდე ძეგლს და ის უსახური იყოს?! მის შემქმნელი ძალიან დაბალ შეფ­ასებას იმსახურებს. იდეურად სხვანაირად უნდა დატვირთულიყო. პლასტიკურად უსუსტესი ქანდაკებაა".

10. წმ. ნინოს ქანდაკება

"წმინდანების ქანდაკების დადგმის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მათი შექმნისას მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. ამ ქანდაკებას წმინდანის არაფერი აქვს. ლენინის ძეგლი უკეთესი ნამუშევარი იყო, ვიდრე წმ. ნინოს ძეგლია. სამხატვრო აკადემიის ნებისმიერი მესამეკურსელი უკეთეს ქანდაკებას შექმნის. რაკი წმინდანის ძეგლს არავინ შეეხება, ავტორი ამით სპეკულირებს, რელიგიით, მართლმადიდებლობით სპეკულირების უფ­ლება კი არავის აქვს".

მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ყვითელი "მარშრუტკების" მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი

შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა