"პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო"

"პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო"

მეზობლებს არ ირჩევენ, ამიტომ ყველაზე დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დარეგულირება კვლავ ქართული პო­ლიტიკის აქილევსის ქუსლად რჩება, არც რუსეთი მალავს, რომ კავკასიის რეგიონი მისი მუდმივი გეოპოლიტიკური ინტერესის სფეროა... ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი გვესაუბრება.

- როგორ აფასებთ ორ ქვეყანას შორის ამჟამინდელ ურთიერთობას?

- რთულია დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე ლაპარაკი, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს; მიმდინარეობს, ვიტყოდი, მცირე, მიკროსკოპული ძვრები, კერძოდ, რუსეთში ქართული პროდუქციის შემოტანის აკრძალვის გაუქმება, პირდაპირი საავიაციო რეისები, რომლებიც ადრეც იყო, თუმცა, ბოლო ხანს უფრო სისტემატური სახე მიიღო. სერიოზულ წინსვლაზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია. ქართულ საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე და ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამ ერთ-ერთი წამყვანი საკითხისადმი დამოკიდებულება უცვლელია. ამიტომ, ჩემი აზრით, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის სერიოზული გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს.

- საქართველოს მთავარი პროკურატურა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიებას აპირებს.

- ჩემი აზრით, ომის გაჩაღებაში ორივე დამნაშავეა - სააკაშვილიც და პუტინიც. სააკაშვილი იმიტომ, რომ ძალზე არაადეკვატური რეაგირება მოახდინა გამოწვევაზე, პუტინმა კი ქვეყნისთვის მრავალმხრივ საზიანო ნაბიჯი გადადგა.

- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასაც გულისხმობთ?

- სისულელეა, რომ დღეს რუსეთი უდიდეს ფულს ხარჯავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების შესანახად, მაშინ როცა ჩვენში ამდენი გადაუჭრელი პრობლემაა. გარდა ამისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენს გარდა, ფაქტობრივად, არავის უღიარებია, რაც საერთაშორისო თვალსაზრისითაც არახელსაყრელია. გაეროს რეზოლუციებით რუსეთმა არაერთხელ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გარდა ამისა, პერმანენტული დაძაბულობა კავკასიაში, რომელიც დღემდე არ ჩამცხრალა, ჩვენთვის არახელსაყრელია. ასე რომ, ამ ნაბიჯმა მხოლოდ თავის ტკივილი მოგვიმატა.

- რუსული პრესა, გაზეთი "იზვესტია" წერს "ბოსტონელი ტერორისტების" - ძმები ცარნაევების შესაძლო კავშირებზე საქართველოსთან.

- ამ პუბლიკაციაზე არაფერი მსმენია. რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ დიქტატურაა, რამზან კადიროვის დიქტატურა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მაგნიტსკის გახმაურებული სიის დახურულ, გასაიდუმლოებულ ნაწილშიც კი შეიყვანეს. ამასთანავე, ჩეჩნეთში მხოლოდ ერთი შეხედვით არის სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური, ის კვლავ ნელი მოქმედების ნაღმად რჩება, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება.

- ამ ფაქტორმაც განაპირობა ის, რომ ამჟამად კავკასიური წინააღმდეგობის ცენტრმა დაღესტანში გადაინაცვლა?

- დაღესტანში ხელისუფლების ტერორი, ზეწოლა მოსახლეობის მიმართ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კადიროვის ჩეჩნეთში, ამიტომ რადიკალების, ექსტრემისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იქ მოიყარა თავი.

- თქვენი აზრით, რა გავლენა მოახდინა სააკაშვილისა და პუტინის ურთიერთდამოკიდებულებამ, პიროვნულმა ფაქტორმა ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებაზე?

- ამ წლების განმავლობაში პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო. როცა ის ლანძღავდა სააკაშვილს, გამომწვევად იქცეოდა, ამით, ფაქტობრივად, ხელს უწყობდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას მის გარშემო, მათ შორის იმათიც, ვინც სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს მხარს არ უჭერდა.

- როგორია რუსული ოპოზიციის დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი?

- ვფიქრობ, რუსეთისადმი დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთ­ავრობას მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებია, მისი პოზიცია ცოტა უცნაურია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ცალსახად მხარს უჭერს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უფრო მჭიდრო იყოს და არ დარჩეს იმ უსახურ დონეზე, სადამდეც ის სააკაშვილმა და პუტინმა მიიყვანეს. ვიცით, რომ ივანიშვილი არაერთი თვალსაზრისით, ხელფეხშეკრულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინტერესებულია რუსეთთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობით.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა