ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი

ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი

მალე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი გაჩაღდება. თუ იმ შედეგს გავითვალისწინებთ, რაც შუალედურ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, ანუ სრულ გამარჯვებას სამივე საარჩევნო ოლქში, ადვილად სავარაუდოა, რომ შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში ფავორიტი კოალიციის კანდიდატი იქნება, იმის მიუხედავად, თუ კონკრეტულად ვინ დასახელდება.

როგორც ამ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მას უკვე ჰყავს შერჩეული კანდიდატურა, ოღონდ ეს ჯერ კოალიციაში არ განხილულა და გადაწყვეტილება ორ-სამ კვირაში გახდება ცნობილი. ვინ იქნება კოალიციის კანდიდატი? - ამაზე მსჯელობა საზოგადოებამ და მედიამ უკვე კარგა ხანია დაიწყეს. ეს თემა დროდადრო აქტიურდებოდა, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას შორის არსებული დაპირისპირების საჯაროდ გამჟღავნებისას, რომლის მიზეზად სწორედ ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციები დასახელდა. თავდაპირველად, როდესაც ივანიშვილმა უპირველეს თანამებრძოლებად "რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" დაასახელა, მაშინვე ითქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უმაღლესი თანამდებობები ასე გადანაწილდებოდა: პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტი კი - ირაკლი ალასანია. შესაბამისად, საზოგადოება ელოდა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ალასანია იქნებოდა, თუმცა ამას რომ არ აპირებდა, ბიძინა ივანიშვილმა ამაზე ჯერ კიდევ არჩევნებში გამარჯვებამდე მიანიშნა, როდესაც თქვა, რომ მისთვის პრეზიდენტად ყველაზე მისაღები ვახტანგ ხმალაძის ტიპის პოლიტიკოსი იქნებოდა და ეს სხვადასხვა დროს გაიმეორა. ალასანია რომ არ სურდა პრეზიდენტად ეხილა, თითქმის გადაჭრით ითქვა ზემოთ ნახსენები კონფლიქტისას. მაინც რატომ იქცა ალასანია ივანიშვილისთვის ასე მიუღებლად პრეზიდენტის რანგში? ამ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: - პრეზიდენტობის კანდიდატს ხელისუფლებისკენ მანიაკური სწრაფვა არ უნდა ჰქონდესო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პრემიერმა ამგვარი სწრაფვა შენიშნა ალასანიას, ან ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ ალასანიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მოსაზრებით, საქართველო ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ივანიშვილი. მოკლედ, ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ალასანია კოალიციის კანდიდატი არ იქნება. გაბედავს თუ არა ის ამ ეტაპზე თავისი თამაშის წამოწყებას და პრეზიდენტობის კანდიდატობას მხოლოდ თავისი პოლიტიკური პარტიის სახელით - ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ეს ამჟამად, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ძნელად წარმოსადგენია.

მოდი, ჩამოვთვალოთ ყველა ის სავარაუდო კანდიდატი, ვისზეც უკვე წერდა მედია: პოეტი დავით მაღრაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლებისა დ მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. ამ უკანასკნელს ისე ხშირად აქებს პრემიერი, რომ ეს, შესაძლოა, რამეზე მიანიშნებდეს. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მარგველაშვილს არათუ ხელისუფლებისკენ მანიაკური სწრაფვა, ხელისუფლებაში ყოფნა საერთოდ არ სურდა: თუ ისევ პრემიერს დავესესხებით, მან ის განათლების მინისტრობაზე დიდი ხვეწნა-მუდარით დაითანხმა. მარგველაშვილისადმი პრემიერს განსაკუთრებული სიმპათია რომ აქვს, ეს მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ვიცეპრემიერობიდან გადაყენებული ალასანიას ნაცვლად ამ თანამდებობაზე სწორედ მარგველაშვილი დანიშნა. პრემიერი ასევე ხშირად გამოხატავს კალაძისადმი საკუთარ კეთილგანწყობას და მის პოლიტიკურ ფიგურად ქცევაზე ბევრსაც ზრუნავს. ამდენად, იმ რამდენიმე კანდიდატს შორის, რომლებიც პრემიერმა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს უნდა წარუდგინოს, შესაძლოა, სწორედ კახა კალაძეც იყოს. ფაქტობრივად, ერთდროულად გავრცელდა ინფორმაცია "პოლიტიკური სწავლების სკოლის" დამაარსებლისა და ყოფილი დირექტორის, არმაზ ახვლედიანის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივნად მოსალოდნელ დანიშვნასა და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატობაზე. თავდაპირველად ახვლედიანი ერთსაც უარყოფდა და მეორესაც, მაგრამ საბოლოოდ პირველი გამართლდა. ასრულდება თუ არა მეორე ვარაუდი, ძნელი სათქმელია, თუმცა ივანიშვილის საპრეზიდენტო გემოვნებას ახვლედიანი, სავარაუდოდ, სათანადოდ უნდა აკმაყოფილებდეს. ის პოლიტიკურ ასპარეზზე ასლან აბაშიძის ორბიტაზე გამოჩნდა, იყო პარლამენტის წევრიც. ახვლედიანი თან ახლდა პრემიერ-მინისტრს სტრასბურგში ვიზიტისას, ესწრებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას და იქ ივანიშვილის გამოსვლას. ასეა თუ ისე, უკვე რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, გვეცოდინება კოალიციის კანდიდატის ვინაობა, თუმცა საკითხავია, იქნება თუ არა იგი ერთნაირად მისაღები კოალიციაში შემავალი ყველა პარტიისთვის, მით უფრო, ალასანიას ხმამაღლა ჯერ არსად უთქვამს, რომ საპრეზიდენტო ამბიციაზე უარი თქვა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა