ნანა შონია - "ქუდს ძირს დავდებდით და "ტირილს" ვიწყებდით, გამვლელები კი "გვეხმარებოდნენ"

ნანა შონია - "ქუდს ძირს დავდებდით და "ტირილს" ვიწყებდით, გამვლელები კი "გვეხმარებოდნენ"

ლაღი ბავშვობა ჰქონდა. მართალია, მშობლები, განსაკუთრებით კი მამა მკაცრად ზრდიდნენ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი სიმკაცრის გამოჩენით შვილის სწორად აღზრდას ცდილობდნენ და მართლებიც იყვნენ, როცა მოზარდს სწავლისკენ, წიგნის წაკითხვისკენ, ავისა და კარგის ერთმანეთისგან გარჩევისკენ უბიძგებდნენ. ნანა შონია თინეიჯერებისთვის საინტერესო მსახიობია - ამაზე მეტყველებს ის მესიჯები, რომლებიც მის სახელზე მომივიდა.

ქალბატონი ნანა საკუთარ წარსულიდან ისეთ დეტალებს გვიმხელს, რაც ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა...

- მამის რიდი მქონდა. დედა, რა თქმა უნდა, შედარებით "რბილი" იყო და მასთან მეგობრობა თავიდანვე გამომდიოდა, მამას კი მას შემდეგ დავუმეგობრდი, რაც გავიზარდე, უფრო მეტიც - ის ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი გახდა. სამწუხაროდ, დღეს ჩემ გვერდით არ არის და ამას საოცრად განვიცდი; შეუძლებელია იმ ტკივილის აღწერა, რასაც მამის გარდაცვალების გამო ვგრძნობ. ხომ ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ტკივილი ჩემგან არასდროს წავა...

- მშობლების სიმკაცრე რაში გამოიხატებოდა?

- უნდოდათ, კარგად მესწავლა, ბევრი წიგნი წამეკითხა - ამ საკითხში სიმკაცრეს განსაკუთრებულად იჩენდნენ. მახსოვს, მუსიკაზეც კი ძალით მატარებდნენ, მაგრამ როცა ნახეს, რომ იქ სიარული მიჭირდა, გამომიყვანეს... მამას არ უნდოდა, სამსახიობოზე ჩამებარებინა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ პროფესიაზე ცუდი შეხედულება ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობდა, - თეატრალურში აუცილებლად ვიღაც უნდა გყავდეს, რათა ამ სფეროში გზა გაიკვალოო. არადა, მე თუ მკითხავთ, ყველაფერი იღბალზე, ადამიანის შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული...

- მსახიობობის სურვილი პირველად როდის გაგიჩნდათ?

- ბავშვობაში მქონდა ერთი უზარმაზარი ფუთა, რომელშიც ვტენიდი ქსოვილებს, სამკაულებს, რაღაც ნივთებს... მახსოვს, ხშირად ვიკეტებოდი ჩემს ოთახში, ამ ფუთიდან რაღაცებს ვიღებდი, ვიცვამდი, იმიჯს ვიცვლიდი და მერე ვიწყებდი თამაშს. მაშინ არ ვიცოდი, რას ვთამაშობდი, რა მინდოდა, უბრალოდ, სხვანაირად გამოწყობილი ვცეკვავდი, ვმღეროდი. მერე მივხვდი, ეს ყველაფერი ერთიანდება მსახიობობაში: ცეკვა, სიმღერა, თამაში, განცდები, ემოცია, ლექსებისა თუ ტექსტების ხმამაღალი კითხვა; რაღაც სიტუაციებს ვიგონებდი და მერე ამ სიტუაციების მიხედვით "ვცხოვრობდი". მოკლედ, ოთახში გამოკეტილი ათასნაირად გარდავისახებოდი ხოლმე (იღიმის).

- თქვენს ოთახში გამართული "სპექტაკლის" პირველი მაყურებელი, შემფასებელი ვინ გახდა?

- დედა, რომელიც მაშინვე მიხვდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ბავშვური თამაში, გატაცება... მანამდე მან მხოლოდ ის იცოდა, რომ იმიტაციის უნარი მქონდა და ხან ვის მიბაძვას ვცდილობდი, ხან - ვისას. ოჯახში ხშირად მეუბნებოდნენ: აბა, ამის იმიტაცია გააკეთე, ახლა - იმისიო. ჰოდა, მერე იყო ერთი ხორხოცი. შინ ხომ ასეთი თამამი ვიყავი, მაგრამ სტუმრად ყოფნისას, უცხო საზოგადოებაში ყოველთვის ჩუმად, წყნარად ვიყავი...

- ეს კომპლექსების ბრალი იყო თუ უბრალოდ, იცოდით, სად როგორ უნდა მოქცეულიყავით?

- ალბათ, კომპლექსის ბრალი იყო. სხვათა შორის, ეს სიმორცხვე დიდხანს გამყვა და ბევრ რეჟისორს უთქვამს ჩემთვის: ეს ხელს ძალიან გიშლისო... დღესაც, უცხო და ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნისას მირჩევნია, ჩუმად ვიყო, არ ვიაქტიურო. სამაგიეროდ, ახლობლების წრეში ფრთებს ვშლი და უფრო მეტიც - ზოგჯერ მათთვის ერთგვარ სპექტაკლსაც ვაწყობ. მაგალითად, ამას წინათ დაქალებთან ერთად ვიყავი და მათ რაღაცას ვუყვებოდი. ბოლოს, როცა დაშორების დრო მოვიდა, მითხრეს, - დღეს ჩვენ სპექტაკლზე ვიყავით და ძალიან ვისიამოვნეთო. ახლობელ ადამიანებთან ბოლომდე გახსნილი ვარ. შეიძლება, ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, მათთვის ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ ამ ადამიანებზე ყოველთვის ვფიქრობ.

- ყველა ადამიანისთვის ბედნიერებაა, როცა დღის განმავლობაში რაღაც საქმით არის დაკავებული და უსაქმურობა არ კლავს...

- ამ მხრივ ჩემი პროფესია არასტაბილურია. არის პერიოდი, როცა როგორც მსახიობს, საქმე არ მაქვს, მაგრამ მაშინაც ვერ ვანაწილებ დროს: მთლიანად ოჯახის საქმეებში ვერთვები. ქმარი, ორი შვილი მყავს და მათ დიდი ყურადღება სჭირდებათ. მიყვარს დიასახლისის ამპლუაში ყოფნა, კერძების მომზადება - ამით დედას ვგავარ. შეიძლება ძალიან მაგარი კულინარი არ ვარ, მაგრამ ოჯახი ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- როცა შემოქმედებითად ხართ დაკავებული და შვილებს თქვენი მზრუნველობით ვეღარ ანებივრებთ, ისინი არ გსაყვედურობენ?

- ამ ყველაფერს მიჩვეულები არიან და არაფერს მსაყვედურობენ. მათ იციან, რომ ეს არის ჩემი სამსახური და მე უბრალოდ, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია... ჩემი პროფესიის ადამიანებს ოჯახიდან ხელშეწყობა თუ არ ექნებათ, წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. გამიმართლა, რომ ქმარიც მიგებს და შვილებიც ხელს მიწყობენ. ჩემმა მეუღლემ იცის, რას ნიშნავს ხელოვანი ადამიანის ცხოვრება - ბოლოს და ბოლოს, ისიც ხელოვანია, თეატრის მხატვარი გახლავთ... მსახიობები გაუწონასწორებელი ხალხი ვართ, ყველაფერს ზედმეტად ემოციურად აღვიქვამთ, სულ ფაცი-ფუცში, ფორიაქში გახლავართ (ნუ, გამონაკლისებიც არსებობენ) და ექსტრემალური ცხოვრების სტილი გვაქვს, ეს ყველაფერი კი ცხადია, თავისებურ დაღს ასვამს ჩვენს პირად ცხოვრებას.

- ბავშვობისას, როცა საკუთარ ოთახში იკეტებოდით, ყველაზე მეტად, ვისი როლის მორგება მოგწონდათ?

- ძალიან მომწონდა ტრაგედიის გათამაშება - ტირილი, განცდები... პარალელურად, სულ ვცეკვავდი - ეს იყო ჩემი დიდი გატაცება. მინდოდა, ბალერინა გავმხდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, ეს ოცნება არ ამიხდა, თორემ ახლა კარიერა დამთავრებული მექნებოდა-მეთქი. ბალერინობას ისეთი მონაცემები სჭირდება, რომელიც ალბათ, მე არ მქონდა, თან - ძალიან ფუმფულა ვიყავი. მერე სამეჯლისო ცეკვებზე მიმიყვანეს, სადაც მთელი სულითა და გულით ვცეკვავდი, მაგრამ კონცერტებზე არ გავყავდით - იქაც გამხდარი გოგონები უნდოდათ. როცა ჩემს თანატოლებს ლამაზ კაბებს უკერავდნენ, მე ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებდი და ამის გამო რა თქმა უნდა, გული მტკიოდა, მაგრამ ამ ტკივილსაც მოთმინებით ვიტანდი და ჩემებურად ვიბრძოდი მიზნის მისაღწევად. ბრძოლისუნარიანი აღმოვჩნდი და სცენისკენ სავალი გზიდან არ გადავუხვიე... ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, მაშინაც ზედმეტ კილოგრამებზე მიმითითეს, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე იმდენი გავაკეთე, რომ მაინც ჩავაბარე და ცოტა ხანში წონაშიც დავიკელი. დღემდე ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო.

- ძლიერი ქალი ყოფილხართ...

- პირიქით - ჩემი და სულ იმას მეუბნება: ძალიან მგრძნობიარე, ჭიქის ადამიანი ხარ და შეიძლება, ერთ დღეს "გატყდეო". როცა რაღაც ცუდი ხდება, ოჯახის წევრები ცდილობენ, ეს ამბავი დამიმალონ, რადგან იციან, ყველაფერს საოცრად განვიცდი. მაგრამ მერწმუნეთ, როცა საჭიროა და საქმე საქმეზე მიდგება, შემიძლია ძალა მოვიკრიბო და გავძლიერდე... ცხოვრებაში რთული პერიოდიც მქონია, როცა ბევრი ტკივილის, იმედგაცურების გადატანა მომიხდა; იმდენად დიდი იყო ეს ტკივილი, რომ ვფიქრობდი, თეატრის სფეროში მუშაობის გაგრძელება ღირს თუ არა-მეთქი? ბევრი მეუბნებოდა: შენს ადგილას ამას ვერ გადავიტანდიო, ზოგი კი ამბობდა: ნანას ადგილას ბრიფინგებს მოვაწყობდიო. მე ჩუმად ვიყავი, ყველაფერი გადავიტანე და რაც მთავარია, ამ ამბის შემდეგაც არავინ შემძულებია. თქვენ წარმოიდგინეთ, მე არ ვიცი, სიძულვილი რა გრძნობაა. რა თქმა უნდა, გარშემო მყოფებიდან ზოგი უფრო მეტად მიყვარს, ზოგი - ნაკლებად, ზოგის მიმართ კი სრულიად გულგრილი ვარ, მაგრამ ბრაზს გულში ვერ ვიჩერებ... მე მივხვდი, გულის ტკივილი საჩემოდ როგორ გამომეყენებინა - ცხოვრებისეული გამოცდილება, ტკივილი თუ გადატანილი სიხარული მსახიობს ბევრ რამეში ეხმარება...

- ვინ არის თქვენთვის მოხუცი თინეიჯერი: ის, ვინც ვთქვათ, 60 წლის ასაკში 15 წლის გოგოსავით გამოიყურება თუ პატარა გოგონა, რომელიც მოხუცივით მსჯელობს და იცვამს?

- იდეალური ვარიანტია, როცა ადამიანი ასაკის შესაფერისად გამოიყურება. თუმცა, მეც მინახავს 15 წლის ბებერი ადამიანი და 75 წლის ახალგაზრდაც. პირადად მე, მხოლოდ ჩემი თაობის ადამიანებთან კი არა, ახალგაზრდებთანაც ვმეგობრობ და მათთან საუბრისას ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი არ არსებობს... ვიცნობ გოგონას, რომელიც თინეიჯერია, მაგრამ ისე ლაპარაკობს, როგორც გამოცდილი ქალი და ვგრძნობ, ზოგჯერ ჭკუას მარიგებს, ინტელექტის გამომჟღავნებით ცდილობს, ჩემზე ზეწოლა მოახდინოს. ვფიქრობ, ასეთი ადამიანი მოსაწყენია. როცა მას ვუსმენ, სურვილი მიჩნდება, გავიქცე და იმ თინეიჯერებთან ერთად გავერთო, რომლებიც სიგიჟეებს სჩადიან, ასაკის შესაფერისად იქცევიან...

- როგორც ვიცი, თინეიჯერ ვაჟთანაც მეგობრობთ. ამბობენ, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა და მათ შორის - არც შვილისა და მშობლის გადაჭარბებული მეგობრობა.

- ეს მართალია! არ ვიცი, ჩვენს ურთიერთობაში ზღვარი სად არის, მაგრამ როცა ზედმეტი მომდის, ამას ინტუიციით ვგრძნობ; როცა მის პირად ცხოვრებაში ზედმეტად ვერევი, შვილისგან რაღაც დოზით აგრესიას ვიღებ და ასეთ დრო ყოველთვის ვჩერდები. საერთოდ, თინეიჯერები უცნაური ადამიანები არიან და ჯობია, მათთან ურთიერთობისას დისტანცია დაიცვა... თავიდან ჩემი შვილის გატაცებებს "ცუდი თვალით" ვუყურებდი, მაგრამ მერე ამ პროცესში მეც ჩავერთე, დავიწყე იმის ყურება, რაც მას მოსწონს, იმაზე ლაპარაკი, რაც სიამოვნებას ანიჭებს და ბოლოს, მისი გაგებაც შევძელი.

- თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ახლანდელ და თქვენი თაობის მოზარდებს შორის?

- ბევრი არაფერი. უბრალოდ, ესენი ვირტუალურ სამყაროში არიან ჩართული, ჩვენ დროს კი ამის საშუალება არ იყო. ეს ყველაფერი ცხოვრებამ მოიტანა, სოციალური ქსელი კი უკვე ყველამ იცის, რომ ადამიანს იოლად ითრევს. ისევე, როგორც სხვა დედებს, მეც მაქვს სურვილი, ჩემი შვილი კომპიუტერით ნაკლებად იყოს გატაცებული, მაგრამ "ლეპტოპთან" ჯდომას მაინც ვერ დავუშლი; რომ წავართვა, ამას აუცილებლად გააპროტესტებს და არ მესმის, ამით რატომ უნდა გავაღიზიანო?!

- ეს იგივე იქნება, თავის დროზე მშობლებს თქვენთვის წიგნი რომ წაერთმიათ?

- იცი, რა, ბავშვობაში მქონდა პერიოდი, როცა წიგნების კითხვა არ მიყვარდა. 10 წლამდე სულ "მეჭიდავებოდნენ": გინდა თუ არა, რაიმე წაიკითხეო. როგორც კი ხელი ჩაიქნიეს და თავი დამანებეს, თავად გამიჩნდა კითხვის სურვილი...

- თქვენთვის რას ნიშნავს ვირტუალური სამყარო?

- ამ სამყაროსთან შეხებაც არ მაქვს!..

- საკითხავ ლიტერატურას ვინმე გირჩევდათ?

- საერთოდ, წიგნი მამამ შემაყვარა. მახსოვს, პირველად პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე" ხმამაღლა წამიკითხა, მერე კი ამ წიგნზე ბევრი ვისაუბრეთ... რაღაც პერიოდის შემდეგ ბრმანაწლავის ოპერაცია გავიკეთე და საავადმყოფში მომიტანა "სამი მეგობარი". მითხრა: ეს წაიკითხე, მოგეწონებაო... მამას აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც წავედი, როცა სამსახიობოზე ჩავაბარე. სამაგიეროდ, მსახიობის ოსტატობაში ყველაზე მაღალი ქულა რომ მივიღე, ამან ძალიან გაახარა და მას მერე ცდილობდა, წარმატების მიღწევაში შეძლებისდაგვარად დამხმარებოდა. ერთმანეთს ყოველთვის თვალებში ვუყურებდით. ყველა აღნიშნავს, რომ მამას ვგავარ არა მარტო არტისტობის ნიჭით, არამედ გარეგნობით, ხასიათით...

- როცა სცენაზე პირველად გნახათ, თუ გახსოვთ, რა გითხრათ?

- მაშინ ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. იზა გიგოშვილმა დადგა სპექტაკლი, რომელშიც მეც მათამაშა. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი ეპიზოდია. მახსოვს, სპექტაკლზე მამაც მოვიდა და იმ დღეს შემაქო კიდეც. მას უხაროდა, რომ ასეთ კარგ ოსტატთან - იზა გიგოშვილთან ერთად ვიდექი სცენაზე და მისი ხელი მეტყობოდა. ამ სპექტაკლით, იღბლიანად დაიწყო ჩემი კარიერა... ბოლო წლებში მამას ძალიან უჭირდა ჩემს სპექტაკლებზე მოსვლა. მეუბნებოდა: ვნერვიულობ, მამა და ამიტომაც ვიკავებ თავს თეატრში მოსვლისგანო. ბოლო სპექტაკლი, რომელიც მან ნახა, "ხანუმა" იყო... როცა ცუდი პერიოდი მქონდა ან რაღაც არ გამომივიდოდა, სულ იმაზე ვფიქრობდი: ვაიმე, მამა რას იტყვის-მეთქი?!

- როგორ მოსწავლე იყავით?

- ყოფაქცევაში ფრიადოსანი ვიყავი (იცინის), მაგრამ სხვა საგნების აბა, რა გითხრათ... ისე, ძალიან მიყვარდა მათემატიკა და თავისუფალი თემის წერა. ჩემს ნაწერებს მასწავლებლები ერთმანეთს უჩვენებდნენ და ამბობდნენ: ზარმაცია, მაგრამ ნახე, როგორ კარგად წერსო. მე, მერაბ ნინიძე, ქეთი ჩხეიძე კლასელები ვიყავით და ხულიგნური "პულკა" გვქონდა; მეათე კლასიდან არავინ არაფერს გვეკითხებოდა, რადგან იცოდნენ, რომ სამსახიობოზე ვაპირებდით ჩაბარებას.

- "შატალოზე" თუ დადიოდით ხოლმე?

- უფ, "შატალო" ძალიან გვიყვარდა. მე და მერაბი ერთმანეთს ზუბალაშვილის ქუჩაზე, სასამართლოსთან ვხვდებოდით და დავხეტიალებდით; დავხეტიალებდით მანამ, ვიდრე დედამისი სახლიდან წავიდოდა და მერე მასთან მივდიოდით ხოლმე... გვყავდა ერთი მეგობარი - ირინა, რომელიც საღამოს სკოლაში სწავლობდა. ჰოდა, ხან მას ვაკითხავდით, ხან ის მოდიოდა და სამივე ერთად მაგრად ვერთობოდით. გვიყვარდა კინოში, თეატრში სიარული ან სულაც, ქუჩაში წოწიალი. ყოველთვის რაღაცას ვყვებოდით, ვიცინოდით, ვმაიმუნობდით. მახსოვს, ზოგჯერ ქუჩაში უცნაურად ჩაცმულები გავდიოდით, დავრბოდით და ხალხს ვაწვალებდით. ხანდახან, როცა ქუჩაში მორიგი წოწიალისას მოგვშივდებოდა და ფული არ გვქონდა, რათა რაიმე გვეყიდა, გამვლელებს ვეუბნებოდით: "2-კაპიკიანი არ გაქვთ, დარეკვა მინდა, რა". ბავშვებს დახმარებაზე უარს არავინ გვეუბნებოდა (იცინის).

- ანუ სხვებისგან განსხვავებით, თქვენ არ გიკვირთ იმ მოზარდების საქციელი, რომლებიც ქუჩაში ხურდა ფულს ითხოვენ?

- არა, არ მიკვირს და უფრო მეტიც - მათ დახმარებაზე უარს ვერასდროს ვეუბნები. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ მეც გამოვიარე... სტუდენტობის პერიოდშიც ვმაიმუნობდით. მაშინ ეს ჩვენთვის ერთგვარი თამაში იყო: ქუდს ძირს დავდებდით და "ტირილს" ვიწყებდით, გამვლელები კი "გვეხმარებოდნენ". ასეთ დროს მე და ჭოლა საოცრებებს ვაკეთებდით. სხვათა შორის, ფული უკან ბევრჯერ დაგვიბრუნებია. მაგალითად, ერთხელ, მორიგი ასეთი თამაშისას ვიღაც გაჭირვებულმა ქალმა მანეთიანი მოგვცა. გავეკიდეთ და ფული დავუბრუნეთ, თან - ავუხსენით, რომ საამისო არაფერი გვჭირდა, რომ თეატრალურის სტუდენტები უბრალოდ, ვთამაშობდით. ის ქალბატონი გაოცებული გვიყურებდა და მგონი, ფიქრობდა: ესენი ვერ არიანო (იღიმის).

- თინეიჯერობის ასაკში სხვებისგან რაიმეთი - მაგალითად, ჩაცმის სტილით, ვარცხნილობით და ა.შ. გამორჩეული თუ იყავით?

- არასდროს მიცდია, სხვებისგან გამორჩეული ვყოფილიყავი. უბრალოდ, მაშინ ძალიან ჭირდა კარგი, ხარისხიანი ტანისამოსის შეძენა. ჰოდა, იყო ერთი ამბავი, ხელზე მოვაჭრეებთან სირბილი და უჭერდა თუ დიდი ჰქონდა, ყველა ყველაფერს ყიდულობდა, რაც ხელში ჩაუვარდებოდა. პირადად მე, ყოველთვის საკუთარი გემოვნებით შეკერილ ტანსაცმელს ვანიჭებდი უპირატესობას; მომწონდა თავად კერვის პროცესიც. ეს ახლაც მომწონს და როცა მზა ტანისამოსს ვყიდულობ, ყოველთვის მის გადაკეთებას, სამოსისთვის რაღაც დეტალის დამატებას ვცდილობ.

- რომ არა მსახიობი, ალბათ კარგი დიზაინერი იქნებოდით...

- ჰო, ასეა. თქვენ წარმოიდგინეთ, სხვებისთვის სამოსის შერჩევაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. შოპინგით, სამოსის შერჩევით ვერთობი. ვოცნებობ, მქონდეს ისეთი მაღაზია, სადაც ცნობილი ადამიანების ნაქონი ნივთები გაიყიდება... მეორე ოცნებაც მაქვს: მინდა გავხსნა მოხუცთა თავშესაფარი, ოღონდ ისეთი, როგორიც საზღვარგარეთ ყოფნისას მინახავს და სადაც მოხუცებს კომფორტი ექნებათ, სადაც ისინი თავს მარტო არ იგრძნობენ.

- დაბოლოს, რას ურჩევთ მოზარდებს?

- კომპიუტერში რამდენი ინფორმაციაც უნდა შეაგროვონ, რა ცოდნაც უნდა მიიღონ, ეს არ არის საკმარისი. მერწმუნეთ, წიგნთან ურთიერთობა სულ სხვა რამაა. კითხვის პროცესი ეს მთელი რიტუალია, თანაც - ძალიან სასიამოვნო რიტუალი! და კიდევ, ყველას ვურჩევ, იყვნენ უფრო მეტად გულისხმიერები გარშემო მყოფების მიმართ და რაც მთავარია, ადამიანები უყვარდეთ...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება