"გიორგი აფციაურმა ქართლოს ნატროშვილი დაბლოკა"

"გიორგი აფციაურმა ქართლოს ნატროშვილი დაბლოკა"

იუმორისტი გიორგი აფციაური "რუსთავი 2"-დან წამოსვლის მიზეზად ვანო ჯავახიშვილთან დაპირისპირებას ასახელებს. ამბობს, რომ "კომედი შოუს" განაგებს ვანო ჯავახიშვილი, რომელმაც მას სააკაშვილის პაროდირება აუკრძალა. აფციაურის ამ განცხადებაზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ:

- გიორგი აფციაური ორჯერ გახდა ძალიან პოპულარული და ორჯერვე ჩემი დამსახურებით. პირველად მაშინ, როცა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მე და ალეკო მალხაზიშვილმა სამსახურში მი­ვიღეთ და ხელმძღვანელობას ვთხოვეთ მისთვის ხელფასი დაენიშნათ, მეორედ კი ამჯერად. ეს ადამიანი ჩემს გარეშე ვერ ძლებს. ის ამბობს, რომ არჩევნებამდე ტაბუ დაედო სააკაშვილის პაროდიას. აფციაური 2011 წლის დეკემბრიდან აღარ არის ჩვენი გუნდის წევრი და შესაბამისად, მის სარედაქციო საქმიანობაშიც ვერ ჩავერეოდი.

- რა გახდა თქვენი გაყოფის მიზეზი?

- 2011 წელს მან გამართა "სხვა კონცერტი". ჩვენი გუნდის დახმარებით "რუსთავი 2"-მა მას გაუწია ძალიან დიდი სარეკლამო დახმარება. პროექტმა გაამართლა, გაჩნდა იდეა, მოგვემზადებინა მსგავსი ტიპის სატელევიზიო გადაცემა სახელწოდებით "თქვენი შოუ", რომელსაც "კომედი ჯგუფის" მსახიობები - ამიკო და ფაქო უძღვებოდნენ. ამ პროექტზე მუშაობდნენ ჩვენი სცენარისტები და ამ საქმეში ყველა ჩართული ვიყავით. ამის გამო ხელფასსაც კი არ ვიღებდი. ორი თვის შემდეგ აფციაურმა განაცხადა, თქვენ მე თავისუფლებას ვერ მაძლევთო და დამოუკიდებლად დაიწყო პროექტის გაკეთება, ისე რომ სახელწოდებაც კი არ შეუცვლია. ეს იყო არაკოლეგიალური საქციელი.

- ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებაში პრეზიდენტიც ჩაერთო და სწორედ სააკაშვილის ძალისხმევით დარჩა არხზე "თქვენი შოუ", რომელსაც გიორგი აფციაური ამზადებდა...

- რა სისულელეა? რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სააკაშვილს? აფციაურს, ცოტა არ იყოს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ჯობია, ექიმს მიაკითხოს და დაალაგოს, რას ამბობს. გაჩვენებთ "თქვენი შოუს" რეიტინგს და ნახავთ, რომ ყველა გადაცემაზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდა. გადაცემების დახურვა ტელევიზიაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენც არაერთი პროექტი დაგვიხურეს. მე რომ სააკაშვილის პაროდია ამეკრძალა, ქართლოს ნატროშვილს არ ავიყვანდი. ის ინტერნეტით აღმოვაჩინეთ. მანამდე დიდი კასტინგიც ჩავატარეთ, მაგრამ ბოლოს ქართლოსი შევარჩიეთ. ნატროშვილი მანამდე მივიდა აფციაურთან, ვიდრე "რუსთავი 2"-დან წავიდოდა და გიორგიმ ის უარით გაუშვა, ისე რომ არაფერი გაგვაგებინა. ამ საქციელს არ ჰქვია ადამიანის დაბლოკვა? ეს რატომაც გააკეთა, ალბათ, ხვდებით! ეს არ არის ვაჟკაცური საქციელი. გაესაუბრეთ მისი გუნდის წევრებს და შეიტყობთ, როგორ ექცეოდა მათ გიორგი. 2011 წელს სააკაშვილმა ბევრი ახალი ობიექტი გახსნა. ამიტომ სკეტჩები ერთმანეთს მიეწყო. ხალხს რომ ეს ყველაფერი ყელში არ ამოუვიდეს, ვცდილობთ, რაღაც პერიოდით შევაჩეროთ. ამიტომაც უთხრა მიშა ანდღულაძემ, ერთი თვე სააკაშვილის პაროდია არ გავაკეთოთ, შევისვენოთო. ეტყობა, ეს ჩაიდო გულში.

- თუ სააკაშვილის პაროდისტი გჭირდებოდათ, რატომ არ დატოვეთ თქვენთან გიორგი აფციაური?

- აფციაურმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩვენი გუნდიდან წავიდა. ჩვენთვის ფულს არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია გადაცემა ხარისხიანი იყოს. გიორგი უსინდისოდ აცხადებს, რომ თითქოს მე განვაგებ "კომედი შოუს". ეს სამსახური დააარსა 11-მა ადამიანმა და ჩვენთვის ეს ბიზნესიც არის. პერიოდულად შემოდიან დაქირავებული თანამშრომლები. ჩვენს ბო­რდს აქვს უფლება, დაითხოვოს ის, ვისი მუშაობაც არ მოსწონს. შეგვეძლო, გიორგი აფციაურსაც ასე მოვქცეოდით, მაგრამ გვჭირდებოდა, კარგ პაროდიას აკეთებდა, კარგი ურთიერთობა გვქონდა და არ გავუშვით. არ მიყვარს სკანდალები, მაგრამ იძულებული ვარ, პასუხი გავცე. აფციაურს უნდოდა სკანდალით წასულიყო "ჯი-დი-ეს-ზე" ან "მაესტროზე", ამიტომ გააკეთა ეს. თუ ის "ჯი-დი-ეს"-ზე გადადის, მინდა ვუთხრა, რომ სკანდალების გარეშეც აჰყავთ იქ თანამშრომლები. ჩვენ გაცილებით უკეთესი პაროდისტი ვიპოვეთ ნატროშვილის სახით, ძალიან რეიტინგულები ვართ და ალბათ, ამის გამო დიდი პრობლემები აქვს აფციაურს. მიხვდა, რომ უფრო "ჩაჩოჩდა". გეფიცებით, გიორგი აფციაურისთვის 2011 წლის ნოემბრიდან ხმა არ გამიცია, ამის სურვილიც არ მქონია. მე არც არავის ვბლოკავ და არც გავლენას ვახდენ თანამშრომლებზე. მიშა ანდღულაძე, თათია სულუაშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და სხვები ჩემი მეგობრები არიან, ერთი გუნდი ვართ და როგორ უნდა მქონდეს მათზე გავლენა? არხზე ერთი რიგითი თანამშრომლის სტატუსი მაქვს. თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე გია ხუხაშვილი ვარ "რუსთავი 2"-ზე?! (იცინის).

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები