"საუკუნის რომანი" - ქალი, რომლის გამო ედუარდ მერვემ ტახტი დათმო

"საუკუნის რომანი" - ქალი, რომლის გამო ედუარდ მერვემ ტახტი დათმო

მათ სიყვარულს "საუკუნის რომანი" დაერქვა. მართლაც დაუჯერებელია, ქალისთვის მეფემ მსხვერპლი გაიღოს, გვირგვინი დათმოს და სახელმწიფოს მართვაზე უარი განაცხადოს! არადა, სწორედ ასე მოხდა. მაშ, ასე! - უინძორების დინასტიის მეფეყოფილი ედუარდ მერვე და მისი მეუღლე უოლის სიმფსონი არაამქვენიური სიყვარულის ისტორიით...

უინძორების სამეფო კარისთვის, წარმომავლობითა და ცხოვრების წესით, იმთავითვე მიუღებელი აღმოჩნდა მომავალი ჰერცოგინია უოლის სიმფსონი. ედუარდს მასზე დაქორწინების უფლება არ მისცეს. ვინ იყო უოლისი და რატომ მიიჩნევდნენ მას შეუფერებელ სარძლოდ უინძორები?

უოლის სიმფსონის დაბადების ზუსტი თარიღი არავინ იცის. იგი დაიბადა 19 ივნისს ან 1895, ან 1896 წელს. გოგონა მანამ მოევლინა ქვეყანას, სანამ მისი დედ-მამა დაქორწინდებოდა.

არაოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ მამა მაშინვე გაიქცა, როგორც კი ელის უორფილდის დაორსულების ამბავი გაიგო. დარჩა ელისი მარტო, უკანონოდ გაჩენილ ქალიშვილთან ერთად. თუმცა, ქალს მალევე გაუმართლა. იგი გათხოვდა. ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა. მამინაცვალი არაფერს იშურებდა იმისთვის, რომ საყვარელი მეუღლე და პატარა უოლისი ბედნიერი ყოფილიყვნენ.

უოლისი 18 წლისა გათხოვდა. ფლორიდაში, ბიძაშვილის სანახავად ჩასულმა მფრინავი ვინ სპენსერი გაიცნო და ორ თვეში ცოლად გაჰყვა. თუმცა, მათ ვერ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება და 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. უოლისი ვაშინგტონში გაემგზავრა, ერთ-ერთ გაზეთში დაიწყო მუშაობა და შესაფერისი საქმროს კანდიდატურის ძებნას შეუდგა.

სიმფსონი დახვეწილი გემოვნების გოგონა იყო, ჭკვიანი, კარგად აღზრდილი, არისტოკრატული მანერებით. მიუხედავად იმისა, რომ დამაბრმავებელი სილამაზით არ გამოირჩეოდა, განუმეორებელი შინაგანი ხიბლით იყო დაჯილდოებული. სწორედ ამ თვისების გამო, მდიდარი უცოლო მამაკაცები სიამოვნებით მეგობრობდნენ მასთან და მომხიბვლელი უოლისი, მეგობარი ქალის სტატუსით, ელიტურ საღამოებზე დაჰყავდათ.

სწორედ ერთ-ერთ ასე საღამოზე, უკვე 26 წლის უოლისმა 35 წლის არგენტინელი დიპლომატი, მდიდარი და ერთობ სიმპათიური დონ ფელიპ ესპილი გაიცნო. თავდაპირველად მხოლოდ მასზე დაქორწინება ჰქონდა მიზნად დასახული, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე შეუყვარდა, რომ თავგზააბნეული საყვარლობაზეც კი დასთანხმდა. იმედოვნებდა, რომ ფელიპს თავს აუცილებლად შეაყვარებდა და ეს უკანასკნელი ცოლადაც ითხოვდა. სამწუხაროდ, მისი იმედი არ გამართლდა. მდიდარი არგენტინელი ახალგაზრდა მზითვიან საცოლეზე ოცნებობდა და არა ღარიბ, ქმარგაშორებულ ქალზე. მათი რომანი მხოლოდ წელიწადს გაგრძელდა, სანამ ფელიპემ სასურველი საცოლე არ იპოვა. შეურაცხყოფილი უოლისი დეპრესიაში ჩავარდა, რადგან ელიტურ წრეებში ეს ამბავი ხანგრძლივი ჭორაობის საგნად იქცა.

უოლისი შეეცადა, დაეტოვებინა ამერიკა და სიამოვნებით დათანხმდა შემოთავაზებას, ემუშავა ჩინეთში, ამერიკის საკონსულოში. სწორედ აქ გაიცნო ერნესტ სიმფსონი, ინგლისელი ბიზნესმენი, წარმოსადეგი და განქორწინებული მამაკაცი. მათ მოეწონათ ერთმანეთი და 1928 წელს დაქორწინდნენ კიდეც. წყვილი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც უოლისმა სერიოზული ელიტური სალონი შექმნა, რომელშიც მაღალი ფენის საზოგადოება და იმდროინდელი ბოჰემის წარმომადგენლები იყრიდნენ თავს.

უოლისის სალონმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და თავადაც საქვეყნოდ ცნობილი ქალბატონი გახდა. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბოლოს და ბოლოს, 1934 წელს, მან უელსის პრინციც გაიცნო. მომავალი მეფე ედუარდ მე-VIII-ის მშობლები იყვნენ პრინცი გეორგი და პრინცესა მარია ტოსკანელი, ხოლო მისი დიდი ბებია გახლდათ ინგლისის დიდი დედოფალი ვიქტორია...

ბიჭუნა 1894 წლის 23 ივნისს დაიბადა. მას შინაურები დევიდს ეძახდნენ.

როდესაც დედოფალი ვიქტორია მიიცვალა, რომელიც 50 წელი მართავდა ინგლისს, ტახტზე მისი ძე, ედუარდ მე-VII ავიდა. იგი 1910 წელს გარდაიცვალა და ამჯერად გვირგვინოსანი მისი მემკვიდრე, დევიდის მამა გეორგ მე-V გახდა. აქედან გამომდინარე, წესით და რიგით, უელსის პრინცი დევიდი, იგივე ედუარდი გახდა. ტახტის მემკვიდრეობაც სწორედ მასზე გადადიოდა.

ედუარდი მორცხვი, ჩუმი, ამასთან, მშიშარა უფლისწული იზრდებოდა. ჭაბუკიც კი თავის თავში ჩაკეტილი დარჩა და ვერავისთან მეგობრობდა - არავის ენდობოდა და ამის გამო გაურბოდა თანატოლებთან ურთიერთობას.

სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქალს პირველად 24 წლისა დაუახლოვდა და პირველადაც მაშინ შეუყვარდა. ეს ქალბატონი გახლდათ ფრიდა დადლი უორდი, რომელიც 16 წლით იყო უფროსი დევიდზე, ამასთან სრულიად განსხვავებული ხასიათის - პირდაპირი, პრინციპული, თავდაჯერებული, გამჭრიახი გონების ინტელექტუალი. იგი დაქორწინებული გახლდათ ლორდთა პალატის ერთ-ერთ წევრზე, რომელიც გაგებით ეკიდებოდა მეუღლისა და ტახტის მემკვიდრის სასიყვარულო კავშირს.

ამ ურთიერთობამ 10 წელი გასტანა და წყვილი მხოლოდ მაშინ დაშორდა, როცა ედუარდმა ფრიდას ცოლად შერთვა განიზრახა. მისმა გადაწყვეტილებამ სამეფო კარი შოკში ჩააგდო. არავის სურდა, მომავალ დედოფლად ეხილა ქმარს გაცილებული და ედუარდზე ბევრად უფროსი ქალი, რომელიც ალბათ ბავშვსაც ვერ გააჩენდა.

ეს არ სურდა ფრიდას ქმარსაც, რომელიც საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა.

არც ფრიდას სურდა, რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში ხვდებოდა. გამოსავალი ისევ და ისევ დადლი უორდმა გამონახა. მან გაწყვიტა ურთიერთობა ედუარდთან და მეუღლის მამულში გადასახლდა.

ამ ამბავმა პრინცს თავზარი დასცა. იგი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო...

მშობლებმა სასწრაფოდ დაიწყეს მომავალი მეფისთვის შესაფერისი საპატარძლოს ძებნა, მაგრამ პრინცს დინასტიური ქორწინების გაგონებაც არ სურდა. ის დიდ სიყვარულზე ოცნებობდა. მალე იპოვა კიდეც - ორჯერ განათხოვარი ამერიკელი უოლის სიმფსონი.

იმ დროს ედუარდს ახალი საყვარელი ჰყავდა - ლორდ ფერნესის მეუღლე ტელმა ფერნესი, არც ისე ჭკვიანი, მაგრამ მოსიყვარულე ქალი. ედუარდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, თუმცა სიყვარულით არასდროს ჰყვარებია. მას სხვანაირი ბუნების ქალები აღაფრთოვანებდა, ისეთი, როგორიც - ფრიდა უორდი იყო, ან უოლის სიმფსონი...

უცნაური ის არის, რომ ედუარდს უოლისი სწორედ ტელმამ გააცნო, მისმა "მოქმედმა" საყვარელმა. პრინცს ერთი ნახვით შეუყვარდა სიმფსონი. არც უოლისს დაუხევია უკან. ქალს იდეა - ტახტის მემკვიდრის საყვარლობა - ფრიად ხიბლავდა.

უოლისის მეუღლე, მისტერ სიმფსონიც ისეთივე მოთმინებით შეხვდა ამ ამბავს, როგორითაც თავის დროზე ლორდი დადლი უორდი. როგორც ჩანს, ქმარს დიდი იმედი ჰქონდა, რომ პრინცს მისი ცოლი მალევე მოსწყინდებოდა. არც თავად უოლისი აპირებდა ედუარდთან ხანგრძლივი რომანის გაბმას.

სამაგიეროდ, ედუარდისთვის იყო ეს ურთიერთობა სერიოზული. 40 წლის მომავალმა მეფემ ნამდვილი რომანტიკული სიყვარული განიცადა. უოლისი მასზე მხოლოდ ერთი თუ ორი წლით იყო უმცროსი.

ედუარდ მე-VIII 42 წლის იყო, ტახტზე რომ ავიდა. იგი ჯერ კიდევ უცოლო გახლდათ. როდესაც მინისტრებმა ლაპარაკი მის დაქორწინებაზე ჩამოაგდეს, ედუარდმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ უოლის სიმფსონს შეირთავდა ცოლად.

ამ ამბავმა მორიგი სახელმწიფო მნიშვნელობის სკანდალი გამოიწვია. მეფე მზად იყო, ქალის გამო გვირგვინზეც კი ეთქვა უარი, რითაც სამეფო კარის რისხვა დაისახურა.

უინძორებისთვის უოლისი დედოფლად მიუღებელი აღმოჩნდა - მათი აზრით, ის ვულგარული ქალი იყო და არისტოკრატთათვის მიუღებელი მანერებით და ქცევებით გამოირჩეოდა.

კარის დიდებულები ღვარძლიანი იუმორით ალაპარაკდნენ მეფის საცოლეზე. "იგი ედუარდს იმ სექსუალური აღვირახსნილობით აგიჟებს, რომელიც ჩინურ საროსკიპოში შეისწავლა, თანაც კარგა ხანია, ღალატობს მას მეორადი მანქანების გადამყიდველთან", - ახალ-ახალ ჭორს თხზავდნენ მასზე სასახლის კარზე.

ჭეშმარიტება კი ერთი იყო - მეფის საგვარეულო ოჯახს დედოფლად ორჯერ განათხოვარი, თანაც ამერიკელი, არ სურდა, ისინი "ნამდვილ" დედოფალს ეძებდნენ.

ერთხანს მანიფესტაციებიც კი იმართებოდა უოლისის წინააღმდეგ. ედუარდი ძრწოდა შიშისგან, სიმფსონი კი შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უამრავ შეურაცხმყოფელ წერილს თუ მუქარას იღებდა უცნობი ადამიანებისგან.

ბოლოს ედუარდმა, ცხოვრებაში პირველად, საოცრად თამამი ნაბიჯი გადადგა - მან მისტერ სიმფსონს ცოლის ხელი სთხოვა... ეს უკანასკნელი ადვილად დათანხმდა მეტოქეს, ოღონდ კი აგორებული სკანდალი ჩაწყნარებულიყო...

1936 წლის 10 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის მეფემ, ედუარდ მე-VIII-მ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, გვირგვინზე უარი თქვა და ტახტი ძმას, გეორგ მე-VI-ს გადაულოცა, მას კი უინძორის ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.

ედუარდმა იმეფა 325 დღე, 13 საათი და 57 წუთი...

ყოველივე ამის შემდეგ მან ინგლისი დატოვა. წყვილმა ჯვარი საფრანგეთში დაიწერა. წესით, უოლის სიმფსონი ჰერცოგინია უნდა გამხდარიყო, თუმცა შესაბამისი პრივილეგიები პრინციპულად არ მიანიჭეს.

მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ბულონის ტყესთან მდებარე პატარა ბინაში დასახლდა და მშვიდად განაგრძო ცხოვრება. ისინი ბედნიერი იყვნენ.

1970 წელს ედუარდს ყელის სიმსივნე აღმოაჩნდა. მიუხედავად მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჰერცოგი ედუარდი 1972 წელს გარდაიცვალა. ამბობენ, უოლისი ყოველ საღამოს, ძილის წინ, მეუღლის ბალიშს კოცნიდა და შემდეგი სიტყვებით ემშვიდობებოდა გარდაცვლილ მეუღლეს: "ღამე მშვიდობისა, საყვარელო დევიდ"...

ქმრის გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე უოლისმა ინფარქტი მიიღო და სხეულის მარცხენა მხარე წაერთვა... 14 წელი იცოცხლა არშემდგარმა დედოფალმა. იგი განმარტოებულად ცხოვრობდა და 6 წლის განმავლობაში ედუარდზე წიგნს წერდა...

გარდაიცვალა 1986 წლის 26 აპრილს... ედუარდის ანდერძის თანახმად, დასაფლავებულია მეუღლის გვერდით, სამეფო განსასვენებელში...

უოლისი საოცრად ელეგანტურად იცვამდა. მის გარდერობზე ლეგენდები დადიოდა. ეს ქალბატონი უძვირფასესი სამკაულების სიყვარულითაც იყო ცნობილი. ედუარდი თავს დამნაშავედ გრძნობდა ცოლის წინაშე, რომ ვერ შეძლო მისთვის ჰერცოგინიას წოდება მიენიჭებინა. ამიტომ მთელი 35 წლის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ საყვარელ მეუღლეს ყველაზე ძვირად ღირებული Cartier-ის და Van Cleef & Arpels-ის სამკაულებით ასაჩუქრებდა. სხვადასხვა ფერის ჯვრებისგან ასხმული ბრილიანტის ყელსაბამი, ფლამინგოს ფორმის ბროში, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ელვაშესაკრავის ფორმის ყელსაბამი იუველირ ოსტატთა ნამდვილი შედევრებია.

გარდა სამკაულებისა, უოლისი უპირატესობას ანიჭებდა მკაცრი სტილის კაბებს, ბაფთიან ბლუზებს, ფანქარ-ქვედაბოლოებს, საშუალოქუსლიან ფეხსაცმელებს, მრგვალმინებიან სათვალეებსა და შლაპებს, რომელიც მის ელეგანტურობას აგვირგვინებდა.

სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში გაატარა, გარიყულად, ყველასგან მოშორებით. "ინგლისმა არ მაპატია, - ამბობდა იგი, - და არც მე ვაპატიე მას"...

სვეტა კვარაცხელია

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი