"საპრეზიდენტო კანდიდატებად ბაქრაძე, ბარამიძე და მერაბიშვილი განიხილებიან"

"საპრეზიდენტო კანდიდატებად ბაქრაძე, ბარამიძე და მერაბიშვილი განიხილებიან"

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე, რომელთანაც ინტერვიუ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და მინისტრის გადადგომის შეფასებით დავიწყეთ:

- ახალი მთავრობა იმით გამოირჩევა, რომ რას აკეთებს, თვითონ არ იცის. ვფიქრობ, ეს პროცესი უფრო მეტად წილების გადანაწილებას უკავშირდება. როგორც ჩანს, რაღაც თანხა ვერ გაიყვეს. ის სისტემა, რომელსაც სოფლის მეურნეობაში აგებდნენ და რასაც ამ სფეროში აკეთებენ, სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს, რასაც კარგად ვნახავთ შემოდგომაზე, როცა დაითვლება ისიც, რა თანხა დაიხარჯა და ისიც, რა მიიღო ამისგან თითოეულმა მოქალაქემ და ზოგადად სახელმწიფომ. როდესაც სისტემას აწყობ ძველ მენეჯმენტზე დაყრდნობით, იქ ქრთამის აღებაც ხშირი იქნება და კორუფციაც.

- რას გულისხმობთ ძველ მენეჯმენტში?

- ვგულისხმობ არა მხოლოდ ძველ კადრებს, რომლებიც ამა თუ იმ უწყებაში დააბრუნეს, არამედ მართვის სტილსაც. ბევრ სამინისტროში მიმდინარე პროცესები 2003 წლამდელ, ანუ შევარდნაძის დროს არსებულ მართვის სისტემას მაგონებს. მაგალითისთვის ავიღოთ ფინანსთა სამინისტრო, საიდანაც პირველი კვარტალის ბოლოს ბიზნესმენებს ურეკავდნენ და სთხოვდნენ, წინასწარ გადაეხადათ გადასახადები, ბიუჯეტი რომ როგორმე შეევსოთ.

- ეს უარყო ფინანსთა სამინისტრომ.

- ხალხი ბრმა და ყრუ არ არის და ყველამ მშვენივრად იცის, რომ ფინანსთა სამინისტრო ამას აკეთებდა. ასეთი რამ 2003 წლის შემდეგ საქართველოში არ მომხდარა. ამგვარი მართვის არასწორი მეთოდების დამკვიდრება ხელისუფლებას მიიყვანს კრიზისამდე, რომლის მსხვერპლი მინისტრი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი არა, საქართველოს მოსახლეობა იქნება.

- წილების გადანაწილება ახსენეთ, ამაზე ხშირად ლაპარაკობენ თქვენი თანაპარტიელებიც, იქნებ კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ?

- კონკრეტულ მაგალითებს ვერ დაგისახელებთ, რადგან სამართალდამცავი სტრუქტურები ჩვენ არ გვექვემდებარება, შესაბამისად, ამ საქმეებს თავიდან ბოლომდე ჩვენ ვერ გამოვიძიებთ. ჩვენი ოპონენტების მსგავსად, ზედაპირულად ვერ ვილაპარაკებთ და ცრუ ბრალს ვერავის დავდებთ. ზოგადად კი შემიძლია გითხრათ, რომ ბიზნესი სერიოზული წნეხის ქვეშ არის, რის შედეგადაც ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა - საინვესტიციო აქტიურობა არ ჩანს, ეკონომიკა არ ვითარდება, მშენებლობა გაჩერებულია, ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, მეფრინველეობის ფაბრიკები იკეტება, კვერცხის წარმოება გაჩერების პირასაა… ისმის კითხვა: რატომ ხდება ეს ყველაფერი? პასუხი ერთია - იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ადამიანებმა იფიქრეს, რომ რადგან ხელისუფლებაში არიან, შეუძლიათ ბიზნესისგან გარკვეული წილები მოითხოვონ.

- ბატონო გიორგი, წილების გადანაწილების სქემებში მონაწილეობაში ძირითადად წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებდნენ ხოლმე.

- კი, ადანაშაულებდნენ, თუმცა დღეს ხომ გამოჩნდა, რომ ეს აბსურდია. გამოძიებით დადგინდა, რომ ვინმეს რაიმე წილი ჰქონდა სადმე? მარტო ბენზინის მაგალითმა გამოაჩინა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ხომ იძახდნენ, რომ სააკაშვილს რაღაც წილი ჰქონდა ნავთობის ბიზნესში. სად არის ახლა ეს წილი? თუ ეს ასე იყო, რატომ არ გაიაფდა საწვავი და დღითი დღე რატომ ძვირდება? მიდით და თვითონ ბიზნესმენებს ჰკითხეთ, არიან თუ არა ზეწოლის ქვეშ.

- რას ფიქრობთ ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების განცხადებებზე, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას და მისთვის სახის შენარჩუნებას...

- (იცინის) ძალიან დიდსულოვანი განცხადებებია. კარგი იქნება, საკუთრ თავს თუ მიხედავენ. იმაზე იფიქრონ, რაც "ქართული ოცნების" შიგნით ხდება და თავიანთი კოალიცია გადაარჩინონ, ჩვენზე ნუ ინერვიულებენ.

- "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი თეა თუთბერიძე, რომელიც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" მომხრედ მიიჩნეოდა, ბოლო ხანს მწვავე განცხადებებს აკეთებს თქვენი პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ.

- (მაწყვეტინებს) რაღა დაგიმალოთ და, თეა თუთბერიძეს "ნაციონალური მოძრაობის" მომხრედ არასდროს მივიჩნევდი.

- მისი თქმით, ცნობილი ციხის კადრები სააშკარაოზე არ გამოვიდოდა, ამისთვის ვანო მერაბიშვილს რომ არ შეეწყო ხელი...

- თეა თუთბერიძის განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ყველა ადამიანს აქვს გონებაც, ენაც და რაც გაუხარდება, ის ილაპარაკოს. ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლება.

- რას იტყვით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებაზე, რისი მოწმეც ამ რამდენიმე დღის წინ გავხდით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარი ფარული თვალთვალით წინა ხელისუფლება იყო დაკავებული.

- ვფიქრობ, რომ ახალ ხელისუფლებას აზროვნების პრობლემა აქვს. უპირველესად ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამგვარი მასალა ჩაწერა, მოიპოვა და გამოაქვეყნა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და ეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენი ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არასდროს გასაჯაროებულა, ეს ხდება სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში ის არის, რომ გამორიცხულია, სპეცსამსახურებთან კავშირის გარეშე გაებედა ვინმეს სკანდალური კადრების გამოქვეყნება, რადგან დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ადვილი შესაძლებელია იმის გარკვევა, რომელი სერვერიდან და რომელი კომპიუტერიდან გამოქვეყნდა მსგავსი რამ. თუ ახლანდელ ხელისუფლებას სურს დაადგინოს, ვინ გადაიღო და ვინ გამოაქვეყნა ეს ყველაფერი, ამის საშუალება არსებობს. ისე, ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინათ. სამწუხაროდ, ამ საქმეს ალბათ ისევე მიჩქმალავენ, როგორც ბარბარე რაფალიანცის საქმე მიჩქმალეს გურჯაანში. ლამის რვა თვე გავიდა ამ საშინელების შემდეგ და ახალი არაფერი მსმენია. ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა სწორედ ციხის კადრების საშუალებით. სამწუხაროა, რომ მსგავსი სადისტები მუშაობდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, მაგრამ ამ ყველაფრის გადაღება-გამოქვეყნება დაგეგმა და განახორციელა იმ ძალამ, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ის ადამიანები, რომლებიც ამ კადრების გადაღებასა და მომზადებაში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი, იმის ნაცვლად, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ, ლამის გმირებად გამოაცხადეს. ახლა რაც ხდება, სწორედ ამის შედეგია.

- რას იტყვით იმაზე, რომ ადამიანებზე ამგვარი თვალ­თვალი სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხორციელდებოდა და როგორც ამბობენ, შექმნილია მთელი არქივი...

- (მაწყვეტინებს) შეიძლება წინა ხელისუფლებაში მუშაობდა კიდეც რომელიმე ავადმყოფი, ვინც ამისთანა რამეს იღებდა. ეს ავადმყოფი სამუდამოდ ციხეში რომ ჩასვან, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ იმ ავადმყოფის გაკეთებულს რომ ეს ხელისუფლება იყენებს, ეს არის სამწუხარო. მე არც ამ არქივის არსებობის შესახებ ვიცოდი რამე და არც მასზე მიმიწვდებოდა ხელი. ეს რომ მცოდნოდა, მე თვითონ მივიტანდი ამას სამართალდამცავ ორგანოებამდე. ვიმეორებ, იმ არაკაცს თუ არაკაცებს, რომლებიც ამას თუნდაც ჩვენი ხელისუფლების დროს აკეთებდნენ, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ.

- საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი?

- ჩვენ ვთქვით, რომ ვაპირებდით პრაიმერის ჩატარებას. ამისთვის საჭიროა კარგი მენეჯმენტი და ფული, ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება და მართლაც პარაიმერი გადაწყვეტს ჩვენი კანდიდატის ბედს. რაც შეეხება კანდიდატებს, განიხილება როგორც დავით ბაქრაძის, ასევე გია ბარამიძისა და ვანო მერაბიშვილის კანდიდატურები. საბოლოოდ არჩევანი შეიძლება 5-6 ადამიანს შორის გავაკეთოთ. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, არ გვაინტერესებს, ვინ იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი-მეთქი, თუმცა ეს საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ვაცადოთ, რას იტყვის და მერე შევაფასებთ მათი კანდიდატის შანსს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა