"ვანო ჯავახიშვილისა და გიორგი აფციაურის განცხადებები სამარცხვინოა"

"ვანო ჯავახიშვილისა და გიორგი აფციაურის განცხადებები სამარცხვინოა"

იუმორისტების დაპირისპირება გრძელდება. გიორგი აფციაურისა და ბაკურ სვანიძის განცხადებებს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა, არ არის გამორიცხული, იუმორისტების დავამ სასამართლოშიც გადაინაცვლოს. პირველი განხეთქილება "კომედი გრუპში" 2012 წელს მოხდა, როცა ფაქო, ამიკო, თემო მჟავია და დავით გოგიშვილი "რუსთავი 2"-დან ბერა ივანიშვილის სტუდია "ჯი დი ეს"-ში გადაბარგდნენ. მსახიობები ტელევიზიიდან წასვლის დეტალებზე დღემდე არ საუბრობენ. რამდენიმე კვირის წინ "ჯი დი ესის" არხზე გავიდა ახალი იუმორისტული გადაცემა "შოკ აუტი", რომლის წამყვანი და პროდიუსერი ფაქო, იგივე ლევან გოგორელიანი, დღეს ჩვენი სტუმარია:

- გადაცემა "შოკ აუტი" დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მზადდებოდა. სპეციალური კლუბიც კი შეიქმნა, გადაცემა ვიზუალურადაც ლამაზი რომ გამოსულიყო. არაერთ ადამიანზე მსმენია, რომ ნიჭიერია, აქვს კარგი იუმორი, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო არა აქვს საზოგადოებაში გამოჩენის საშუალება. ჩვენი გადაცემა ყველას აძლევს ამის შანსს, თან საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდიც გვაქვს - ის, ვინც საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს, საჩუქრად 17 ათას ლარს მიიღებს.

- დავით აქუბარდია და კახა კალაძე როგორ დაითანხმეთ იუმორისტულ გადაცემაში ჟიურის სტატუსით მონაწილეობაზე?

- ამ გადაცემას სამწევრიანი ჟიური ჰყავს. შალვა რამიშვილი და თემო მჟავია ჟიურის ძირითადი წევრები არიან, მესამე კი იცვლება. დავით აქუბარდია არც ერთ ტელეპროექტში არ მონაწილეობს, თუმცა შოუს გააჩნია (იცინის).

- გინდა თქვა, რომ ისეთი "მაგარი" პროექტი გაქვთ, ყველა თანახმაა სტუმრობაზე?

- რა თქმა უნდა, ვიხუმრე. უბრალოდ, აქუბარდიას ჩვენთან სტუმრობა შევთავაზეთ და დაგვთანხმდა. როდესაც დავით აქუბარდიამ ხმა ამოიღო, ლამის მთელი დარბაზი დაინგრა. ყველას დაამახსოვრა თავი იუმორით. წამყვანობისა და მსახიობობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ პროდიუსერის რანგში პირველად მომიწია მუშაობამ და მიღებული შედეგით ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.

- ფაქო, წინა კვირას გიორგი აფციაურმა განაცხადა, რომ შენ, ამიკო, თემო მჟავია და დავით გოგიშვილი "რუსთავი 2"-დან იძულებით წახვედით, ვანო ჯავახიშვილმა კი თქვა, რომ უკეთესი პირობების გამო გადახვედით ბერა ივანიშვილთან. რომელ ვერსიას დავუჯეროთ?

- ორივე ვერსია მართალია. ჩვენზე ფიზიკური ზემოქმედება არ ყოფილა, ვერც მოგვერეოდნენ (იცინის), მაგრამ იძულებული გავხდით, არხი დაგვეტოვებინა. ამ თემაზე საუბარი არ მსურს... გავეცანი ბაკურ სვანიძის, გიორგი აფციაურის და ვანო ჯავახიშვილის განცხადებებსაც და სირცხვილია ეს ყველაფერი. ჯობია, საქმე ვაკეთოთ და იუმორით ვთქვათ ჩვენი სათქმელი.

- ბაკურ სვანიძემ განაცხადა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს "კომედი გრუპის" შემადგენლობა ერთად უყურებდა ტელეეკრანზე და აცხადებდნენ, ყველა ჩასახოციაო, მართლა ასე იყო?

- მოვისმინე ეს განცხადება და არც კი ვიცი, რა ვთქვა. რაკი ბაკურ სვანიძე ამბობს, გასაგებია ყველაფერი, არა უშავს. შეიძლება მეტიც თქვას (იცინის). როცა ცრუობ, იმაზეც უნდა იფიქრო, რომ პასუხს მოგთხოვენ...

- გინდა თქვა, რომ აფციაური და ჯავახიშვილი მართლები არიან და ბაკურ სვანიძე ტყუის?

- სვანიძის ეს განცხადება სასაცილოა. მეც ვმუშაობდი იმ დროს "რუსთავი 2"-ში და ვიცი, რა და როგორ იყო. იმ დროს ჩემი ოჯახის წევრი იყო რუსთაველზე და ძალიან ვინერვიულე. ჯობია, სხვა რამ მოიფიქროს ბაკურ სვანიძემ, მისი განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მართლა ერთად ვუყურებდით ტელევიზორში 7 ნოემბრის მოვლენებს, მაგრამ მსგავსი არავის არაფერი უთქვამს. ეს განცხადება ისევ ბაკურისთვის არის შეურაცხმყოფელი. საერთოდ, აბსურდია ეს ყვალაფერი, რაც ამ ბოლო დროს მესმის.

- ვანო ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი აფციაურიც თქვენს არხზე გადმოდის სამუშაოდ...

- ეგ ინფორმაციაც სისულელეა.

- რომ გამოთქვას გიორგიმ თქვენთან თანამშრომლობის სურვილი?

- მხოლოდ სურვილი არ კმარა. ის ჩვენთან საქმით უნდა მოვიდეს და გვაჩვენოს, რისი გამკეთებელია.

- ერთად მუშაობდით და არ იცი, რისი გამკეთებელია?

- რა თქმა უნდა ვიცი, რისი გამკეთებელიც არის, მაგრამ ადამიანი ჩვენთან მზა პროექტით უნდა მოვიდეს. თუ მოგვეწონება, ვითანამშრომლებთ, მნიშვნელობა არა აქვს, ეს გიორგი აფციაური იქნება თუ ვანო ჯავახიშვილი - არავის მიმართ ჩამიდია გულში ბოღმა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები