როგორ შეაშინა ახალაია თემურ გვალიამ

როგორ შეაშინა ახალაია თემურ გვალიამ

ძალიან დიდი ხნის წინ შევხვედრილვართ, ახლახან კი სოციალურ ქსელში გადავეყარე - საერთო მეგობრების კედლებზე უნიკალური ფოტოები დაეწყო: მიხეილ თუმანიშვილი და მისი მოწაფეები - ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, გია აბესალაშვილი, მიშო ჯოჯუა, ლევან აბაშიძე, გია როინიშვილი, ზაზა მიქაშავიძე, კიდევ რამდენიმე... და თვითონაც - ახალგაზრდა, სიმპათიური, მოღიმარი, ლაღი და უდარდელი. იქვე ეწერა, ეს ფოტოებიღა დამრჩა ჩემი ცხოვრებიდანო... ინტერვიუ ვთხოვე და, - არასდროს არავისთვის მიმიცია ინტერვიუ, ახლა მით უფრო არ მინდა, მაგრამ... - ჩანს, მაინც უნდოდა რაღაცის ამოთქმა და, - თუ არ დამცინებ ჩემი ცხოვრების გამო, იქნებ დაგთანხმდე კიდეცო... და მენდო. მალევე შინ ვეწვიე. ძალიან გამოცვლილა, სევდა და ტკივილი დატყობია, მაგრამ უწინდებურად უშუალო, თბილი და ყურადღებიანი მეჩვენა. და ახლა პირისპირ ვსხედვართ მე და ყოფილი ძალიან პოპულარული ბიჭი, კინომსახიობთა თეატრის ყოფილი მსახიობი თემურ გვალია და გულახდილად ვსაუბრობთ:

- ამხელა კაცი ვარ და, ისეთი რამეები გავიარე, დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. პირველად, რაა დასამალი, წამალზე დამიჭირეს, მეორედ - არც კი ვიცი, რატომ. ჩემი კამერა კარცერების გვერდით იყო და რაღაც საშინელება ტრიალებდა: ბღავილი, ყვირილი... თანაც, რომ ვერაფრით ეშველება?! 2007 წელს გლდანის ციხეში თვითონ ბაჩო ახალაიას ვყავარ "აგდებული". ერთ პატარა კამერაში 100 კაცამდე ვისხედით. სუნთქვაც კი არ შეიძლებოდა, დაწოლაზე არაფერს ვამბობ - ფეხზე ვიდექით და მონაცვლეობით თუ ჩავიკუზებოდით. იქაურ ე.წ. მაყურებლებს დააბრალეს, "ობშჩიაკს" აგროვებდითო, მეც ზედ მიმაყოლეს და შუაღამით ფეხშიშვლები, ცემა-ტყეპით ჩაგვყარეს მანქანებში და წაგვიყვანეს რუსთავის მეორე საპყრობილეში. ძმები ახალაიები "ჯიპებით" მოგვყვებოდნენ. 80 კაცი კედელთან მიგვაყენეს და გაიხადეთო, გვიბრძანეს. შიშვლები უნდა ვეცემეთ, მაგრამ ჩემი არტისტობის წყალობით თავიც გადავირჩინე და სხვებიც - "ვისიმულიანტე", ძირს გავგორდი, ვითომ ცუდად გავხდი, კრუნჩხვებში ჩავვარდი და - არ მოკვდესო, - ახალაიას შეეშინდა. თანაც გარეთ იმ ბიჭების ოჯახის წევრებიც დაეჭირათ და დიდი ამბავი იყო. მერე მართლა ცუდად გავხდი და ძლივს მომიყვანეს გონს. "კრიტში" შემაგდეს, 30-35 წელი რომ ჰქონდათ მისჯილი, ისეთ ხალხთან. არადა, ჯერ გასამართლებულიც არ ვიყავი. სამ დღეში შემომაკითხა ნიღბებიანმა "სპეცნაზმმა". გვალია რომელიაო, იკითხეს, ხელი დამავლეს, ისევ ფეხშიშველი გამომათრიეს და "მეექვსეში" წამიყვანეს. იქ 20-22 დღის განმავლობაში კარანტინში მამყოფეს. ბეტონზე გვეძინა, იმ სიბინძურეში მუნი გაგვიჩნდა. მერე თვითონვე შეშინდნენ, ასე ვერ აგვიშვებდნენ კამერებში და ოჯახის წევრებს წამლები მოატანინეს. გაგვაშიშვლეს და ვენახს რომ წამლავენ, ასე გვასხეს რაღაც... მოკლედ, საზიზღრობები გავიარე... როგორ მიყვარდა ელენე თევდორაძე და მისდამი პატივისცემა დავკარგე - საკნებიდან ვხედავდით, უცხოელები რომ მოჰყავდა ციხეში, გაატარებდა ჩვენს "კამერებს", სადაც გვემა და უბედურება ტრიალებდა და მიჰყავდა ე.წ. ფაშისტებთან - ფულიანი ხალხის საკნებში, ტელევიზორიც რომ ჰქონდათ და სხვა პრივილეგიებიც. ვყვიროდით, აქეთ შემოიყვანეთ-მეთქი, მაგრამ ვინ გვისმენდა!.. ოთხი ციხე გამომატარეს და თუ დაგაინტერესებთ, ამაზე ცალკე გიამბობთ.

- 2007 წელს "კრიტში" დაწერილი თქვენი ლექსები წავიკითხე "ფეისბუკზე": "ადამიანი კი არა, თითქოს გამხმარი ხე ვარ" ან კიდევ: "რა მემართება, არ ვიცი, მომავალს ვეღარ ვხედავ" - საშინელი განწყობაა, ტკივილი, პესიმიზმი...

- არ მინდოდა გამოქვეყნება, რომელი პოეტი მე ვარ, მაგრამ მეგობრებმა დაიჟინეს.

- საოცარია, წარსულის იმდენი ფოტო შემოგინახავთ, არქივარიუსიც კი გიწოდეს, "მოგონებების მინისტრად" დანიშვნას "გიპირებოდნენ". კომენტარში სინანულით წე­რთ:­ ასე მგონია, ნახევარი საუკუნე ქარს გავატანეო...

- არასდროს არავის ვაბრალებ რაიმეს, მხოლოდ საკუთარ თავს ვიდანაშაულებ ხოლმე. დღევანდელი გადასახედიდანაც, ცხოვრების რაღაც მონაკვეთი უკვე მიუღებელია ჩემთვის... განსაკუთრებული არასდროს ვყოფილვარ, ვიყავი ერთი თბილისელი კაცი, რომელსაც ძალიან გამიმართლა და ბატონ მიშა თუმანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯგუფში მოვხვდი. რამდენიმე მათგანი დღეს აღარცაა ცოცხალი: ლევან აბაშიძე, მიშო ჯოჯუა, ლალი კეკელიძე... ბატონი მიშას წყალობით, მართლა შემოქმედებით წვაში ვიყავით. 1980 წელს დადგა "დონ ჟუანი", ბიძაჩემი, მურმან ჯინორია თამაშობდა მთავარ როლს და პირველ კურსზე ვიყავი, პრემიერაშივე მეც მათამაშა სპექტაკლში... სხვათა შორის, მსახიობი სწორედ მურმანის დიდი ძალისხმევით გავხდი - არაფერი მაინტერესებდა და მამას მურმანისთვის შეუჩივლია, შვილი მეღუპებაო. მანაც სამეგრელოში, ჩვენს სოფელ სორტაში წამიყვანა, ბევრს მესაუბრებოდა, ლექსებს მიკითხავდა, მეც მაკითხებდა და მაქებდა, ძალიან ნიჭიერი ხარო. მოკლედ, მართლაც დამაინტერესა და ჩავაბარე კიდეც თეატრალურ ინსტიტუტში. სტუდენტობისას თეატრის რეპერტუარის თითქმის ყველა სპექტაკლში ვთამაშობდი. მერე სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავედი, თუმცა მამა სამხედრო კომისარი იყო და შეეძლო გავეთავისუფლებინე. გია აბესალაშვილი, ცხონებული დათო გოგიაშვილი - თავგასა, ერეკლე ბადურაშვილი და მე ერთად წავედით ჯარში. ცუდ პირობებში კი ვიყავით, ჯანმრთელობა გვარიანად შემერყა და ჰოსპიტალშიც მოვხვდი. გამოჯანმრთელებული კვლავ სამხედრო სამსახურს დავუბრუნდი, პირნათლად მოვიხადე და ისევ თეატრში მივედი. ამასობაში 1989 წელიც მოვიდა, ყველაფერი აირია, მერე ომიც დაიწყო და სამხედრო ფორმა ჩავიცვი. არ დავიბრალებ, აფხაზეთის ომში არ ვყოფილვარ, მაგრამ სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის შტაბში ვმუშაობდი კომენდანტის თანაშემწედ. ერთხანს თავდაცვის სამინისტროშიც ვიმუშავე. მამაჩემმა კი იომა, აფხაზეთში იყო. ომის შემდეგ, როგორც ბევრს, ჩვენს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა ცხოვრება, პურის ფული არ გვქონდა და ამიტომ ენთუზიაზმით ვეღარ ვიმუშავებდი თეატრში. შინიდან ლამის ყველაფერი გავყიდეთ, მეც, ხან სად ვმუშაობდი, ხან სად, მერე კი... დასამალი არაფერი მაქვს: საშინელი სენი შემეყარა, ნარკოტიკი რომ ჰქვია და უამრავი ჩემი მეგობარი, თაობები რომ შეიწირა... ახლა კი ვნანობ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება იყო...

"...როგორც კი უფლის გზას გადაუხვევ,/ წამს დაეშვება განგების ფარდა./ ალბათ, მეც შევცდი, გზა გამიმრუდდა..." (თემურ გვალია). ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდი სიცარიელეში დარჩა. ნარკოტიკი არ არის კაცური საქმე, მაგრამ მაგ დროს დაავადებული ხარ და ამას ვერ ხვდები... აღარ მინდა, ამას ჩავუღრმავდე, თავს გავიქნევ ხოლმე, ფიქრები რომ გავფანტო. მოკლედ, ასე ვცხოვრობდი. მერე, 2003 წელს მოვიდნენ ჩვენი ერის "საამაყო" შვილები - ნაციონალები და ბარამიძის თავდაცვის მინისტრობისას ბინის გაყიდვამ მომიწია - ჩემი და დარჩა უბინაოდ და მისთვის უნდა მეყიდა. ჩემთვისაც დავიტოვე ბინის საყიდელი ფული, ბინაც შერჩეული მქონდა და სწორედ იმ პერიოდში ძველი ბინიდან, სადაც ფულს ვინახავდი, "წამლის" გამო ამიყვანეს და სამი დღით შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში ჩამკეტეს. გამოსულს ფული აღარ დამხვდა და ბინაც დავკარგე. ამაზე აღარც მინდა ლაპარაკი, ვის რას დავუმტკიცებ?! მეორედ უკვე 2007 წელს ამიყვანეს და ორთაჭალაში მოვხვდი, მეხუთე საპყრობილეში. დანარჩენი კი, ციხიდან ციხეში როგორ დამატარებდნენ, უკვე გიამბე... "...მე კუზიანი, გზას აცდენილი,/ თავის მტერი და მოყვარე სხვისთვის,/ სამარის ნაცვლად ციხეში ვზივარ,/ თანაც არ ვიცი, რატომ და რისთვის?..." (თემურ გვალია)

- სხვათა შორის, სწორედ ციხეში გატარებულ წლებს არ ვნანობ, რადგან იქ იმ საშინელებებთან ერთად ბევრი კარგი რამ ვნახე - გავიცანი ლამაზი ადამიანები, ვინც იჯდა და ვინც ისევ ზის. ბევრი კარგი რამ ვისწავლე. კმაყოფილი როგორ უნდა იყო ციხეში ყოფნით, მაგრამ ამ ყველაფრის გამო, სადღაც კმაყოფილიც ვარ. იქაურ განწყობას, ფიქრებს კი ჩემს ლექსებში გადმოვცემდი. ლექსები ჩუმად გამოვაპარე, თორემ ვინ გამომატანდა! ოთხ თვეზე მეტია, რაც ციხიდან გამოვედი - ნევროზსა და ზოგადად, სულიერ მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ, ფიზიკურადაც დაავადმყოფებული ვარ. იქ ბევრი ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც იყო, ამიტომ ამ ადამიანებს მთავრობამ უნდა მიხედოს. ეს ხალხი მთავრობამ დააზიანა და მთავრობამ უნდა მიხედოს, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მთავრობა იქნება! მიხარია, რომ დღეს თავისუფალი ვარ. რამაც ცხოვრება დამინგრია, ყველაფერზე უარი ვთქვი. ჯანსაღად ვცხოვრობ, ჩემი მეგობრის, მსახიობ გოგა პიპინაშვილის წყალობით ძველ საქმიანობას - მსახიობობას დავუბრუნდი, თუმცა ჯერჯერობით პედაგოგის ამპლუაში - გოგას საყმაწვილო სტუდია "არტ ჰოლში" ვასწავლი. გვერდით მყავს უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი მეუღლე - თეა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ; მყავს შვილები პირველი ქორწინებიდან - სოფო და ოთო, მეორიდან - ჩემი და ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა, რომელიც უკვე ქართველმა მაყურებელმაც გაიცნო "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსით და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მოეწონათ. მყავს შვილიშვილები, ახლახან უკვე მესამეც გაჩნდა. როცა ამდენი ლამაზი ადამიანი გყავს გვერდით, უხერხულიც კია, ნარკოტიკზე იფიქრო და ჯანსაღად არ იცხოვრო. მე ეს გადავლახე და ღმერთს ვთხოვ, ეს მომენტი ყველას მალე დაუდგეს. სამწუხაროდ, გაცდენილ წლებს ვეღარ დავიბრუნებ, მაგრამ დღეიდან მხოლოდ იმისთვის ვიცხოვრებ, რაც შეიძლება მეტი სასარგებლო რამ გავაკეთო. ვეცდები, რაც ვიცი, ყველაფერი გადავცე ჩემს მოსწავლეებს და გამორიცხული არაა, თეატრშიც დავბრუნდე. ერთსაც ვიტყვი: სოფოსაც, ოთოსაც, ნუკასაც, თეასაც, ჩემს მეგობრებსაც, დედაჩემის სულს, რომელიც ჩემი ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა, და ყველას, ვისაც ჩემი ცხოვრებით გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)