”ხალხის გასულელებას ცდილობენ, ეს, უბრალოდ, დიზაინერების შეკრებაა”

”ხალხის გასულელებას  ცდილობენ, ეს, უბრალოდ, დიზაინერების შეკრებაა”

ნატალია სამადალაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამოდელო სააგენტო "ნატალის'' ხელმძღვანელი, პროფესიით ბალერინაა, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელი დაამთავრა და ახალგაზრდობაში თავად გახლდათ მოდელი.

სამოდელო სააგენტოს დაარსების შემდეგ საქართველოში მოდის კვირეულის ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სპონსორების დათანხმება გაუჭირდა. მისი თქმით, ყველა ბიზნესმენი სააკაშვილზე იყო დამოკიდებული და მის გარეშე არაფერი ხდებოდა, ამიტომ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე კვირეულის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიწვია.

ბოლო ერთი წელია, საქართველოს მოდის კვირეული აღარ ტარდება. შემოდგომაზე ნატალია სამადალაშვილი განახლებულ საქართველოს მოდის კვირეულს გვპირდება.

- როგორც ვიცით, თქვენ თავად მანეკენი იყავით ახალგაზრდობაში.

- 1970-იან წლებში საქართველოში მოდის სახლი ფუნქციონირებდა და იქ მიწვეული ვიყავი, როგორც მანეკენი, ტანსაცმლის დემონსტრატორი. ვმოგზაურობდი საზღვარგარეთ: საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთში, მსოფლიოს ქართულ და თანამედროვე სამოსს ვაცნობდით. ჩვენება დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, ყველას მოწონდა. მაშინ მოსკოვი იყო ცენტრი და მკერავები თუ კონსტრუქტორები იქ გადიოდნენ პრაქტიკას. საქართველოს საკუთარი წარმოების აბრეშუმი, შალი და ტრიკოტაჟი ჰქონდა. ქარხნები მუშაობდა და დიზაინერები გვყავდა. მაშინ გამოვიდა პირველი ქართული მოდის ჟურნალი და ქართულმა მოდამ განვითარება დაიწყო. ტარდებოდა საერთაშორისო გამოფენები, სამოსს ჩვენი მანეკენები აჩვენებდნენ.

- ბალერინობას მოდელობა რატომ არჩიეთ?

- ცეკვა და სცენა ძალიან მიყვარდა. ჩვენებები წელიწადში ოთხჯერ იმართებოდა და ელიტურად მიიჩნეოდა. რუსეთიდან და საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიოდნენ. ჩვენებები რუსთაველის თეატრში იმართებოდა. ნამდვილი შოუ იყო. ყველა დიზაინერი თავის თემას აჩვენებდა, ერთხელ ბრეჟნევიც ჩამოვიდა და პიონერთა სასახლეში ჩვენებას დაესწრო. საქართველოში ეს სფერო ძალიან კარგად ვითარდებოდა, ომი რომ არ დაწყებულიყო. შემდეგ დამდგმელი-ქორეოგრაფი გავხდი და მოდელებისთვის მეთოდიკა შევქმენი. შოუს ვდგამდი. როდესაც პოლიტიკური მღელვარება და სამოქალაქო ომი დაიწყო, არეულობამ ყველაფერი უკან დაწია და ყველაფერი დაანგრია.

- მას შემდეგ თითქმის 25 წელი გავიდა, ახლა რა უშლის ხელს ქართული მოდის განვითარებას?

- საქართველოში ბაზარი არ არის, არაფერი მუშაობს, არ გვაქვს ფაბრიკები. ეროვნული პროდუქცია უნდა იქმნებოდეს, ადგილობრივი მსუბუქი წარმოება უნდა განვითარდეს, პროფესიონალი კონსტრუქტორები, მკერავები და დიზაინერები უნდა გვყავდეს. არ გვაქვს ბაზარი და შესაბამისად, არ გვაქვს მოდა. სამწუხაროდ, რაც გვქონდა, ყველაფერი დაიშალა.

- თუმცა სამოდელო სააგენტო მაშინ გახსენით, როცა საერთოდ არაფერი არსებობდა.

- 1995 წელს გამოვაცხადე კასტინგი და გავხსენი სააგენტო ''ნატალი''. მაშინ მოვიდა დღეს ცნობილი ყველა მოდელი - თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, კრისტი და სხვები. ხალხს ფული ჰქონდა, მაგრამ მაინც დამცინოდნენ, რა დროს ეს არის, ყველაფერი უკან მიდისო. ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. ვასწავლიდი ქორეოგრაფიას, ეთიკას, ესთეტიკას, სიარულს, მეტყველებისა და ქცევის კულტურას.

შემდეგ პირველი ავანგარდული მოდის ფესტივალი ჩატარდა. საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ ცნობილი დიზაინერები, პირველად მაშინ გამოჩნდა ავთო, ბერგერი, რაღაც გაზეთებისგან დაამზადეს კოლექციები. ირაკლი ჩარკვიანი მღეროდა და მისი სიმღერის სტილით ხალხი გაოცდა. ამით მომავალი დღე ჩანდა და საფუძველი ჩაეყარა ახალს. მაშინ გამოჩნდა მაკა ასათიანი და მას ვეხმარებოდი. გამოიკვეთა რამდენიმე ტოპმოდელი. ისინი იმდენად პროფესიონალები გახდნენ, მაკამ რუსეთის მოდის კვირეულზე წაიყვანა. გოგონები თავიანთი კარგი გარეგნობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. მათ რუსული პრესა ''შავ მარგალიტებს'' უწოდებდა.

შემდეგ საქართველოში კრიზისი დაიწყო, ბევრი წავიდა ქვეყნიდან, უსინათლობა და გაჭირვება იყო. ხალხი თვითგადარჩენაზე ფიქრობდა და არაპროფესიონალიზმი ჩამოყალიბდა, ის, რაც დღეს ხდება მოდის სფეროში, მაშინ ჩამოყალიბებული სითავხედის ბრალია. იმხელა ინფორმაცია წამოვიდა, უვიცობის გამო არასწორად მიიღეს ყველაფერი.

მოდას საკუთარი კულტურა უნდა ჰქონდეს, რაც ახლა ჩვენ არ გვაქვს. მე არ მრცხვენია, როცა რამე არ ვიცი. ''სწავლა სიბერემდეო'', ვისწავლი, რაც არ ვიცი. თანამედროვე თაობამ ბევრი რამ არ იცის, არ არიან პროფესიონალები, მაგრამ მაინც წინ მიდიან. ამით რა მივიღეთ?! ფიასკო. მომავალ დღეზე არ ფიქრობენ, ერთი დღით ვცხოვრობთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება