ვინ არის ლიკა ლაბაძის შეყვარებული

ვინ არის ლიკა ლაბაძის შეყვარებული

"ფსიქოს" სტუმარია ყოფილი ბალერინა, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული და ახლა უკვე ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანი, მშვენიერი ლიკა ლაბაძე.

- ლიკა, დიდი ხანია, რაც ბალეტიდან ტელემედიაში გადაინაცვლე. არ გენატრება შენი ძველი პროფესია?

- ვიდრე ბალეტს თავს დავანებებდი, კარგად გავაცნობიერე, სწორ ნაბიჯს ვდგამდი თუ არა და ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. მართლა ძალიან მინდოდა პროფესიის შეცვლა. ბალეტს ნახევარი ცხოვრება მივუძღვენი, მაგრამ დღეს ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ბალეტში აღარ ვარ. თან ისე მომწონს ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა, რომ ტელევიზიის გარეშე არსებობა ვეღარ წარმომიდგენია.

- ერთხელ თქვი კიდეც, ხინკალში გავცვალე ბალეტიო...

- (იცინის) ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბალეტს რომ შევეშვი, სახინკლეში 17 ხინკალი შევჭამე. მართალია, კუჭების გარეშე, მაგრამ მაინც (იცინის). ხინკლის კუჭები თეფშზე მთასავით დავახვავე. სხვათა შორის, ახლაც შემემთხვა მსგავსი ამბავი. ნაყინის ერთი უშველებელი ბურთულა მამაკაცებმაც ვერ შეჭამეს მთლიანად, მე კი სამ ბურთულას გავუმკლავდი. მერე ხმამაღლა ვთქვი, კიდევ კარგი, ბალეტში აღარ ვარ და "გედების ტბაში" არ მაქვს საცეკვი, თორემ პაჩკას რა ჩამაცმევდა-მეთქი. ასე რომ, მიხარია - ადრე რისი უფლებაც არ მქონდა, ახლა თამამად ვაკეთებ.

- რომ არა ბალერინა და ტელეწამყვანი, ვინ იქნებოდი პროფესიით?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ვაპირებდი კიდეც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას, მაგრამ საბალეტო თეატრში ისე დაკავებული ვიყავი, ვერ მოვახერხე. თუმცა მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა ოცნებას ისრულებს და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩავაბარებ სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვათა შორის, ხუთ საკურსო ფილმში ვარ გადაღებული. ახლახან კი გადამიღეს ფილმში "რა მოხდა კიევში", რომელიც ძალიან მალე გამოვა კინოთეატრებში.

- სერენადა უმღერიათ შენთვის?

- არა, რატომ უნდა ემღერათ?

- რა ვიცი, რომანტიკული თაყვანისმცემელი არ გყოლია?

- არაა, როგორც ჩანს, არ მყოლია (იცინის).

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- რაღაც სიახლეები არის, თუმცა არ მსურს ამაზე საუბარი.

- ანუ შეყვარებული ხარ?

- (იცინის)...

- ვინ არის შენი რჩეული, ცნობილი ადამიანია?

- საზოგადოება მას იცნობს.

- მიხეილ სააკაშვილმა ძვირფასი ნივთი რომ გაჩუქოს, რა რეაქცია გექნება?

- ვააა, მოიცა, წარმოვიდგინო... რატომ უნდა მაჩუქოს?

- სააკაშვილს ხომ იცნობ?

- მისალმების დონეზე ვიცნობ. მაჩუქოს, გამოვართმევ. ძალიან მიყვარს საჩუქრები.

- და ეს ნივთი საქართველოს ბიუჯეტიდან რომ იყოს ნაყიდი?

- უი, ამ ამბავს როგორც კი გავიგებ, დიდი ხანიც რომ იყოს გასული, საჩუქარს უკან მივუბრუნებ, ან პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში დავაბრუნებ.

- თაყვანისმცემლისთვის უკან დაგიბრუნებია საჩუქარი?

- თუ ადამიანი არ მომწონდა, მისგან ყვავილსაც კი არ ვიღებდი, არათუ ძვირფას ნივთს.

- ვინ არიან შენი საყვარელი მსახიობი მამაკაცები?

- ჯონი დეპი და ლეონარდო დიკაპრიო.

- წარმოიდგინე, შენ გამო ჯონი დეპი დიკაპრიოს დუელში იწვევს, როგორი რეაქცია გექნება?

- და ამათგან ვინც გადარჩება, ის მე დამრჩება (იცინის)? არ მინდა არც მოკლული და არც მკვლელი. აზრი არ ექნება მათ დუელს, მაინც არ ვისურვებდი გადარჩენილთან ურთიერთობას (იცინის). სხვათა შორის, ჩემი ბედნიერებისთვის სასიკვდილოდ ვერავის გავიმეტებ.

- წარმოიდგინე, დილით ყიდულობ ჟურნალს და ხედავ, რომ გარეკანზე შენი შიშველი ფოტოა დაბეჭდილი. როგორი რეაქცია გექნება?

- სულ შიშველი? ლამაზი მაინც ვარ? ამ ჟურნალს აუცილებლად ვუჩივლებ, რადგან სხვის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. სხვათა შორის, ამაზე ხშირად მიფიქრია. ჩემი სახლის ფანჯრებს ერთადერთი სახლის ფანჯრები უყურებს და იქიდან შეიძლება ჩემთვის ვინმეს მოეკრა თვალი, მთლად შიშველისთვის თუ არა, შილიფად ჩაცმულისთვის მაინც (იცინის).

- წარმოიდგინე, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად გყავს კახა ბენდუქიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვების კორიანტელს აყენებს. როგორ რეაქცია გექნება?

- მაყურებელს ბოდიშს მოვუხდი და ბენდუქიძეს კორექტულობისკენ მოვუწოდებ. საბედნიეროდ, ასეთი რესპონდენტი არ მყოლია.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრე­ზიდენტს?

- ვააა, რა ვაჩუქო? პუანტებს ხომ არ ვაჩუქებ? არა, სჯობს, მსოფლიოში ცნობილი მომღერლის კონცერტის ბილეთი ვაჩუქო. მას ხომ უყვარს ასეთი რაღაცები (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად გულწრფელიც. არის ერთგული და საუკეთესო მეგობარი. არ უყვარს ტყუილი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება