გიორგი მარგველაშვილის "საპრეზიდენტო" შანსები და იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრება

გიორგი მარგველაშვილის "საპრეზიდენტო" შანსები და იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრება

"ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და რას შეიძლება ველოდოთ მისგან?" - ეს კითხვა საზოგადოებაში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, 44 წლის გიორგი მარგველაშვილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1993-1994 წლებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, კერძოდ - პრაღაში, სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი პირველი სამუშაო გამოცდილება იწყება კომპანია "კავკასუს თრეველში". 1992-1994 წლებში ამ კომპანიაში სამთო გიდის (ჯგუფის ლიდერი) პოზიციაზე მუშაობდა. მარგველაშვილის შრომით ბიოგრაფიაში კიდევ ერთი კომერციული დაწესებულება - "ბიზნეს დღიურები" ფიგურირებს: პრეზიდენტობის კანდიდატი ამ კომპანიაში 1994-1995 წლებში, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ("ჯიპა") გაატარა. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2000 წელს მივიდა და 2006 წლამდე რექტორის პოსტზე მუშაობდა. შემდეგ, "ჯიპაში" კვლევითი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2010-დან 2012 წლამდე დღევანდელი მინისტრი ისევ "ჯიპას" რექტორი გახლდათ. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის თებერვალში კი ვიცე-პრემიერის პოსტიც შეუთავსეს. მარგველაშვილი სრულყოფილად ფლობს ორ უცხო ენას - ინგლისურსა და რუსულს.

ცნობილი ფაქტია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, ამიტომ მის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულის თანახმად, საყვარელ ქალბატონთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ცხოვრობს. ჟურნალისტებმა მაკა ჩიჩუას შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია "პიკში" მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. "ელექტროტალღები" - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ტრიალებდა...

"გიორგის ყველა კარგად იცნობს. მას ჩემი აზრით, აქვს ყველა ის თვისება, რომელიც კარგ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ეს იდეალური ვარიანტია. მას აქვს შესაფერისი განათლება, კრეატიულობა, ასევე, კრიზისულ სიტუაციაში უნიკალურია. არის კარგი ანალიტიკოსი, ექსპერტი. თუ რაიმე გამიჭირდება, ყოველთვის რჩევისთვის გიორგის და მასთან ერთად, სულ რამდენიმე ადამიანს მივმართავ. გარდა ამისა, ის მაგარი ოპონენტია, არაფერს შეგარჩენს და გაპატიებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ", - ასე დაახასიათა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის პოსტზე წარდგენისას.

რას ფიქრობენ "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის არჩევანზე პოლიტოლოგები?..

გია ნოდია:

- მარგველაშვილი ჯერ კიდევ იქიდან მახსოვს, ინსტიტუტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გამოცდებს რომ აბარებდა. ის და ირაკლი კაკაბაძე თანაკლასელები და მეგობრები იყვნენ. გიორგი ჩემი სტუდენტი არ იყო და კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, რომ ინტელექტუალი, ჭკვიანი ადამიანი იყო, ხშირად საუბრობდა ფილოსოფიაზე... მასზე კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას არ მივცემ. მართალია, პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური ადამიანი იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. ეს ადამიანი პრემიერმა პირადი სიმპათიის მიხედვით აირჩია. პოლიტიკური ბიოგრაფიის არმქონე ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ასევე პოლიტიკური გამოცდილების არმქონე პრემიერმა.

ირაკლი კაკაბაძე:

- გიორგის დიდი ხანია, ვიცნობ. ერთ კლასშიც ვიყავით და ერთ კურსზეც. ყოველთვის ძალიან ნიჭიერი და განათლებული კაცი იყო. 1988 წელს იმ მცირერიცხოვან ჯგუფში იყო, რომელმაც კომკავშირის კრიტიკა გაბედა. მერე ამ ორგანიზაციას დაუპირისპირდა კიდეც. კომკავშირი მაშინ ისეთივე მონსტრი გახლდათ, როგორიც სულ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობა"' იყო. გიორგის ძალიან კარგი მენეჯმენტის გამოცდილება აქვს. 1990-იან წლებში მან დენიელ კუნინთან და ტედ ჯონსთან ერთად, პრაქტიკულად ააწყო NDI-ის (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი) საქართველოს ოფისი. ეს ორგანიზაცია საქართველოში დღეს ასეთი გავლენიანი რომ არის, სწორედ მისი დამსახურებაა. "ჯიპას" რექტორი რომ იყო, მასთან დაახლოებით 6 წელი ვიმუშავე. ძალიან კარგ პირობებს ქმნიდა პროფესორებისთვის. ლექტორებს სრულ პედაგოგიურ დამოუკიდებლობას აძლევდა და სტუდენტებსაც ყოველმხრივ უწყობდა ხელს. მოკლედ, 1988 წლის ანტისაბჭოთა მოძრაობით დაწყებული, უმაღლესი განათლების ინსტიტუტის რექტორობით დამთავრებული, ყოველთვის კარგი პროფესიონალი და მენეჯერი იყო. მისი სიხისტე მისი პლუსიც არის, რადგან არ ეშინია მძიმე ბრძოლაში ჩაბმის. ამის კარგი მაგალითია ის, რომ კახა ბენდუქიძეს კარგად შეასრულებინა კანონის მოთხოვნები.

სოსო ცისკარიშვილი:

- შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მარგველაშვილი ყველაზე ძნელად დასათანხმებელი პიროვნება აღმოჩნდა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას. როგორც ჩანს, მარგველაშვილს სწორედ ეს გამოარჩევს ზოგიერთი კოლეგისგან. გარდა ამისა, ეჭვგარეშეა გიორგის განათლება, მაღალი კულტურა, ინტელექტუალური პოტენციალი და მოქალაქეობრივი მრწამსი. ჩემთვის მისი კანდიდატურის დასახელება მოულოდნელი არ იყო. უფრო მეტიც, რაღაც მენიშნა კიდეც, როდესაც პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრსა და განათლების მინისტრებს შორის არსებული დავა ძალიან მარტივად გადაწყვიტა.

- რა დავას გულისხმობთ?

- დავას შრომის კოდექსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი, რომლის ავტორიც იუსტიციის მინისტრია, პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა. ხოლო მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა კანონპროექტი გააკრიტიკა, პრემიერმა განათლების მინისტრს დაუჭირა მხარი.

- თქვენი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზოგადოება მარგველაშვილის პერსონას მიაქცევს ყურადღებას თუ ისევ ივანიშვილის ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი?

- რასაკვირველია, ივანიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს არჩევნებამდე, ეს უკვე მომავლის გადასაწყვეტია. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილი დასახელდა, საზოგადოება მას იმ მოთხოვნებს წაუყენებს, რაც აქამდე "ქართული ოცნების" მიმართ ჰქონდა. თუ ხალხის მოლოდინი არ გამართლდა და დანაპირები არ შესრულდა, ეს ივანიშვილის რეიტინგზე პირდაპირ აისახება. ნებისმიერ შემთხვევაში, მარგველაშვილს გაცილებით მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე მის კონკურენტებს, თუნდაც - რესურსის კუთხით. ამიტომ, თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გარკვეულ კოორდინაციას ვერ მოახერხებს და საერთო წარმომადგენელზე ვერ შეთანხდება, წარმატებაზე ფიქრიც კი არ შეეძლება.

- როგორ გგონიათ, საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვებას დასავლელი პარტნიორები როგორ შეხვდებიან?

- თუ გავითვალისწინებთ, რა პოპულარობა მოიპოვა სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთი მარგველაშვილსაც კარგად მიიღებს. მას ამერიკასა და ევროპაში სააკაშვილზე არანაკლები კომუნიკაციები აქვს. მართალია, ამერიკული უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, მაგრამ ის თანამშრომლობდა ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტთან და მუშაობდა "ჯიპაში".

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა