"ხატი" - ქართულ-რუსული მეგობრული ფილმი

"ხატი" - ქართულ-რუსული მეგობრული ფილმი

რამდენიმე დღის წინ, კინოთეატრ "ამირანში" მხატვრული ფილმის - "ხატის" დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი ადამიანი, მათ შორის - სასულიერო პირები ესწრებოდნენ. "ხატის" რეჟისორები და სცენარის ავტორები რეზო ჩხეიძის ყოფილი სტუდენტები - ზაზა მერაბიშვილი და ჯაბა რუაძე არიან. სიუჟეტი ორი მიმართულებით ვითარდება: ასახულია წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის მოგზაურობისა და ქართველი და რუსი გოგონების მეგობრობის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთი ბავშვობისას, შავი ზღვისპირეთში, საზაფხულო ბანაკში გაიცნეს. ხატი ბოლშევიკების დროს იკარგება და ქართველი მღვდელმსახური მის მოსაძებნად მოსკოვში, თვითმფრინავით მიემგზავრება. ამავე რეისით, რუსეთში სამკურნალოდ მიფრინავს ქართველი გოგონა, რომელსაც უცხო ქვეყანაში დიდი ხნის უნახავი მეგობარი ელოდება...

"ხატში" ქართველი და რუსი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: ლევან ხურცია, ნატო გაგნიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ნიკა ჩხიკვაძე, ნიკა თავაძე, ვიქტორ ვასილევი, სერგეი კნიაზევი, ეკატერინა რედნიკოვა, ანდრეი პანინი, ანატოლი პაშინინი, სტანისლავ ბონდარენკო და სხვები. ზურა ყიფშიძე კი ფილმის "ხმა" გახლავთ.

ზაზა მერაბიშვილი, რეჟისორი, სცენარის ავტორი:

- ჩემს მეგობარს - ჯაბა რუაძეს იდეა მოუვიდა, ისეთი ფილმი გადაგვეღო, რომელიც არ იქნებოდა ომსა და პოლიტიკაზე. ჰოდა, ვინაიდან რუსეთიც და საქართველოც მართლმადიდებლური ქვეყნები ვართ, რელიგიური თემატიკა ავარჩიეთ. ფილმში ასახულია ამბავი იმისა, თუ როგორ იმოგზაურა წმინდა გიორგის სასწაულმოქმედმა ხატმა, რომელმაც უცხო ადამიანები ერთმანეთთან ჯადოსნურად და სამუდამოდ დააკავშირა. მე და ჯაბამ სცენარი ერთად დავწერეთ, მერე კი ის ჩვენს პედაგოგს - რეზო ჩხეიძეს წავაკითხეთ. ძალიან მოეწონა და დაგვპირდა, - იდეის განხორციელებაში დაგეხმარებითო. მართლაც, ის ამ პროექტს დიდი გულისხმიერებით მოეკიდა, მხარში ამოგვიდგა და საქმე ბოლომდე მიგვაყვანინა. მინდა, მას ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

- როგორ მოახერხეთ რუს მსახიობებთან ურთიერთობის დამყარება და მათი დათანხმება ფილმში მონაწილეობაზე? რამდენად დადებითად იყვნენ ისინი განწყობილი თქვენ მიმართ?

- ჩვენ შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, იმდენად სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა გადასაღებ მოედანზე. გადაღებები მოსკოვსა და პოდმოსკოვიეში მიმდინარეობდა, ასევე - საბერძნეთში. როდესაც სცენარს ვწერდით, გონებაში უკვე წარმოგვედგინა, თუ ვის შევარჩევდით ამა თუ იმ როლზე და სხვათა შორის, ზუსტად ისინი ავიყვანეთ, ვისზეც ვფიქრობდით. გაგვიმართლა, რომ იმ პერიოდში, როცა მათ როლები შევთავაზეთ, დაკავებულები არ იყვნენ და სცენარიც მოეწონათ.

- როგორც რეჟისორისთვის, რამდენად საინტერესო იყო მათთან მუშაობა? რა გამოცდილება შეიძინეთ რუსი პარტნიორებისგან?

- სხვათა შორის, მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ხომ იცით, ანდრეი პანინს ამ სფეროში როგორი გამოცდილება აქვს და მასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. უნდა აღვნიშნო ჩვენი დამდგმელი ოპერატორის - ნუგზარ ნოზაძის შრომა: ზოგიერთი სცენა საკმაოდ რთულ პირობებში გახლდათ გადასაღები, მან კი ყველაფერი მაღალპროფესიონალურად გააკეთა. სამუშაო ჯგუფში ქართველებიც იყვნენ ჩართული და რუსებიც. ჩვენ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. გული მწყდება, რომ ფილმი კინოგაქირავებაში ჯერ ვერ გამოვა, რადგან ფესტივალებზე უნდა გავიტანოთ. მინდა, ეს ფილმი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს და შეაფასოს. უახლოეს პერიოდში ვენეციის ფესტივალია და კარგი იქნება, თუ "ხატის" იქ გაგზავნას მოვახერხებთ...

- გადაღებებთან დაკავშირებული ხარჯები ვინ უზრუნველყო?

- ყველაფერი ბატონმა რეზომ გაგვიკეთა. მოგეხსენებათ, მას რამდენად დიდ პატივს სცემენ თბილისში, მაგრამ რუსეთში - ასჯერ უფრო მეტად აფასებენ. რეზო ჩხეიძე თუ რამეზე იტყვის, - კარგიაო, - ეს მათთვის კანონივით არის. მოკლედ, ამ ფილმის სულისჩამდგმელი ბატონი რეზო გახლავთ.

- თქვენი აზრით, მსგავსი პროექტები რამდენად მნიშვნელოვანია ორი ერის მეგობრობისთვის?

- ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ეს ერთი ფილმი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გააუმჯობესებს, თუმცა ყოველი მსგავსი პროექტი პატარა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხალხის დასაახლოებლად. მგონია, რომ როცა რუსი მაყურებელი ამ ფილმს ნახავს, მოეწონება. თავად მსახიობებმა "ხატი" უკვე იხილეს და მიხარია, რომ ყველა კმაყოფილი დარჩა.

ნატო გაგნიძე, ლალი ჯანდიერის როლის შემსრულებელი:

- ამ ფილმში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. ჩემი გმირი - ლალი საკმაოდ დრამატული პერსონაჟია. როლზე მუშაობისას დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგანაც ეს ჩემი პირველი სერიოზული კინოროლია. მეტიჩრობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, საკუთარ თავთან ბევრი შენიშვნა მაქვს... საბოლოო ჯამში, ფილმი შედგა. ნიჭიერ და გამოცდილ კოლეგებთან მოგვიწია თანამშრომლობამ და იმედი მაქვს, ეს ფილმი უფრო მეტად საინტერესო პერსპექტივების დასაწყისი იქნება. რუს კოლეგებთან ურთიერთობა შესანიშნავი იყო! ალბათ, მსგავსი ღონისძიებები რუს და ქართველ ხალხს გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენაში დაგვეხმარება. სხვათა შორის, 2011 წელს, როცა გადაღებები მიმდინარეობდა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტად რთული სიტუაცია იყო, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს რაიმე დაძაბულობა ან ერთმანეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არც ერთი წუთით არ გვიგრძნია. რუსები ძალიან გახსნილები, მეგობრულები, კარგები იყვნენ და რაც მთავარია, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რადგან კინოს "კეთების" დიდი კულტურა აქვთ.

ლევან ხურცია, ნიკას როლის შემსრულებელი:

- ამ ეტაპზე ერთი რამის თქმა შემიძლია - იმ მსახიობებთან მუშაობა, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობენ, ჩემთვის დიდი გამოცდილების მომცემი, პარალელურად კი სასიამოვნო და საინტერესო იყო. ფილმში კარგად ჩანს ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობა და რაც მთავარია, ეს არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას...

ნიკოლოზ ჩხიკვაძე, სასულიერო პირის - მამა დიმიტრის როლის შემსრულებელი:

- ჩემს პერსონაჟს დიდი მისია აკისრია - სასულიერო პირია და დაკარგული სასწაულმოქმედი ხატის მოსაძებნად შორეულ რუსეთში მიემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საქმესთან შეჭიდება უდიდესი მადლია, ამავდროულად, ძალიან რთულია. ჩემს გმირს ბევრი სიძნელის გადალახვა უწევს, თუმცა ყველაფერს უმკლავდება და გზადაგზა კეთილი საქმეების კეთებასაც ახერხებს. გადაღებებით იმდენად ვარ აღფრთოვანებული, რომ ყველაფრის გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. რუსი მსახიობები ნამდვილი პროფესიონალები არიან, ანდრეი პანინი კი ამომავალი ვარსკვლავია. მათთან ურთიერთობა სასარგებლო იყო - ამ ფილმმა ქართველი და რუსი ხელოვანები დაგვაახლოვა... ზაზა მერაბიშვილი ჩემი მეგობარია და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაგარი ადამიანი და კარგი რეჟისორია, როგორც კი რაიმე როლზე მიმიწვევს, სიამოვნებით ვთანხმდები ხოლმე. "ხატი" კი ალბათ, მის ფილმებს შორის ყველაზე გამორჩეულია. მიხარია, რომ ამ ფილმში მონაწილეობის პატივი მხვდა წილად.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება