გვანცა ჯაფარიძე - "საქართველოში სამოდელო ბიზნესი უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან"

გვანცა ჯაფარიძე - "საქართველოში სამოდელო ბიზნესი უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან"

სანამ გვანცა ჯაფარიძეს ფართო საზოგადოება ახლოს გაიცნობდა, უამრავი გატაცება ჰქონდა, ძალები მოსინჯა ცეკვაში, ხატვაში, სამოდელო ბიზნესში, ასევე სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, მათ შორის "ჯეოსტარსა" და "ახალ ხმაში", საიდანაც იმედგაცრუებული გამოუშვეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და დღეს უკვე "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. მიუხედავად ბევრი ფიქრისა, პროფესიული არჩევანი ჟურნალისტიკაზე გააკეთა და არ ნანობს, მოსწონს ეს პროფესია. დღევანდელი გადმოსახედიდან ამბობს, რომ შეყვარებული ერთხელ იყო. მოსწონს ინტელექტუალი, თავმდაბალი და იმავდროულად სიმპათიური, ოღონდ არა "კრასავჩიკი" ბიჭები.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობიდან ვმღეროდი, მაგრამ ამ საქმისთვის ხელის სერიოზულად მოკიდება არ მიფიქრია, რადგან სხვა ბევრი გატაცება მქონდა. მე და ჩემი და დედამ გაგვზარდა, მე 3 წლის, ჩემი და კი 6 წლის გახლდათ, როცა მამა ლეიკემიით გარდაიცვალა, დედამ კი მთელი ცხოვრება ჩვენ მოგვიძღვნა და პირადი გვერდზე გადადო, მას შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნია.

გერმანული სკოლა დავამთავრე, ვერ ვიტყვი, კარგი მოსწავლე ვიყავი-მეთქი, მაგრამ ბოლო წლებში, აბიტურიენტობისას სერიოზულად მოვკიდე ხელი სწავლას და გამიმართლა კიდეც. სკოლაში არსებობდა გუნდი და იქ ვმღეროდი, ასევე დავდიოდი ყველანაირ ცეკვაზე, ქართულზე, ლათინურზე, მოკლედ ყველაფერს ვედებოდი, კონკრეტული მიზანი არ მქონდა. ბავშვობიდან ვხატავ, როცა დრო მაქვს, ახლაც ვუბრუნდები ამ საქმეს, რადგან მომწონს. პროფესიის არჩევაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, თავიდან სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მერე გული ამიცრუვდა, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, სერიოზულად დავიწყე მომზადება, ხატვაზეც დავდიოდი, მაგრამ ბოლოს ამაზეც უარი ალბათ უპერსპექტივობის გამო ვთქვი. ჩემი შემდეგი გადაწყვეტილება თეატრალურ ინსტიტუტს დავუკავშირე, მინდოდა, მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ვოკალის განხრით მესწავლა, დავიწყე ვოკალში მომზადება, თან "ჯეოსტარში" მონაწილეობის სურვილიც მქონდა, გავიარე კასტინგი, მაგრამ არ ამიყვანეს, ჟიურიმ ძალიან სწორად შემაფასა, პატარა ხარ და დახვეწა გჭირდებაო. იმ ეტაპზე ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, მოტივირებული გავედი კასტინგზე, შედეგმა კი გული დამწყვიტა, ისე განვიცადე, ერთი თვის განმავლობაში სერიოზულ დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობდა. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, ბევრი ფიქრის შემდეგ, ბოლოს ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. ძალიან მომწონს ეს პროფესია.

- გარდა იმ გატაცებებისა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვალე, ვიცი, რომ აქტიურად იყავი ჩართული სამოდელო საქმიანობაშიც.

- კი, ასეა. მოდელობაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ბავშვობაში ჩემი ტანი არ მომწონდა, ზედმეტად გამხდარი გახლდით და დაკომპლექსებული ვიყავი ხალხის რეაქციით - ვაიმე, შვილო, რა გამხდარი ხარ (იღიმის). აქედან გამომდინარე, თავში აზრად არ მომსვლია პოდიუმზე დგომა, თუმცა რომ წამოვიზარდე, ჩემი დისა და მისი მეგობრის თხოვნით მიმიყვანეს სამოდელო სააგენტო "ამსაში", ჯიჯი რეჯინისთან და სოფო ჭყონიასთან, სადაც ძალიან კარგად შემხვდნენ და მითხრეს, კარგი მონაცემები გაქვს და ბევრს მიაღწევო, ამან, რასაკვირველია, ჩემზე იმოქმედა და ამ საქმეში ჩაბმა გადავწყვიტე. დროთა განმავლობაში საუბარი დაიწყო ჩემს საფრანგეთსა დ მილანში გამგზავრებაზე, მაგრამ საამისოდ სოფო ჭყონიამ პირობა წამიყენა, ცხვირის ოპერაცია უნდა გაიკეთოო. ბავშვობაში ცხვირი გავიტეხე და კეხი მაქვს, სწორედ ამის გამო მთხოვდა სოფო ცვლილების შეტანას, რაც ჯიჯის არ მოეწონა, ამბობდა, საოპერაციო არაფერი სჭირს, სახასიათო ცხვირი აქვსო. როგორც ხელოვანი, სხვაგვარად უყურებდა, სოფოს კი თავისი არგუმენტი მოჰყავდა, პოდიუმსა და ფოტოებზე ეს ცუდად გამოჩნდებაო. საბოლოო ჯამში ვერ გავიკეთე ეს ოპერაცია, რადგან საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდებოდა. თუ სააგენტოს უნდა, რომ წაგიყვანოს უცხო ქვეყანაში და გაგაპიაროს, თავადვე უნდა იზრუნოს იმის შეცვლაზე, რაც შენს გარეგნობაში არ მოსწონს, მე არ ვიყავი ვალდებული, ეს გამეკეთებინა, მოკლედ, საზღვარგარეთ ვერ გავაგრძელე საქმიანობა. საქართველოში ჩვენებებსა და რეკლამებში ვმონაწილეობდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა ჩამოვშორდი ამ საქმეს, რადგან უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან.

- როგორც ვიცით, "საქართველოს ვარსკვლავამდე" "ახალ ხმაში" მონაწილეობდი. როგორ დაძლიე "ჯეოსტარით" მიყენებული იმედგაცრუება და როგორ გადაწყვიტე ისევ კონკურსში მისვლა?

- იმ პერიოდში უკვე სერიოზულად ვფიქრობდი "ჯეოსტარის" ახალ სეზონში ბედის ცდას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ "ახალი ხმა" ქართული რეალობისთვის მართლაც ახალი პროექტი იყო, გამიჩნდა მონაწილეობის სურვილი, წარმატებით გავიარე რამდენიმე ტური, მაგრამ არ მეგონა, თუ ბრმა კასტინგზე არავინ შემოტრიალდებოდა, ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის, წინასწარ ავაგე ოცნებები, მეგონა, ჩემი ცხოვრება ამით შეიცვლებოდა, მაგრამ... მართლა ძალიან დამწყდა გული, იმდენად, რომ ვთქვი, სიმღერას თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ასეთმა დაბრკოლებებმა ადამიანებს სტიმული უნდა მისცეს და ასეც მოხდა, არ გავჩერდი, მივედი "საქართველოს ვარსკვლავში" და გამიმართლა. სხვათა შორის, ამ პროექტის შესახებ "ახალი ხმის" სცენარისტმა, ჩემმა მეგობარმა მანანა დოიაშვილმა შემატყობინა, მითხრა - იწყება, წინანდელთან შედარებით უკეთესი იქნება და აუცილებლად გადი კასტინგზეო. ასეც მოვიქეცი და გამიმართლა. ქართულ შოუბიზნესში არაფერი ხდება, ასეთი კონკურსები კი არა მარტო ახალბედა მომღერლებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა გამოცდილების მისაღებად და საკუთარი თავის რეალიზებისთვის...

- დეჟა გომესთან მუშაობაზე და მის მიერ ჩატარებული მასტრეკლასის მოსმენაზე ალბათ ნებისმიერი მომღერალი ოცნებობს, მათ შორის პროფესიონალებიც კი. როგორია დეჟა პირად ურთიერთობებში?

- ამ ადამიანზე გაცნობის წამიდან დავაფანატე, ყველა კონკურსანტს თან გადაგვყვა, თითოეულთან იმუშავა მანამ, სანამ ის შედეგი არ დაინახა, რაც თავად სურდა. გულთან ახლოს მიიტანა პრობლემები, რაც იმ მომენტში გვაწუხებდა. საოცარი იყო მასთან მუშაობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება