მაკა შალიკაშვილი - ღმერთმა მიმრავლოს თაყვანისმცემლები

მაკა შალიკაშვილი - ღმერთმა მიმრავლოს თაყვანისმცემლები

"მზესუმზირების" დახურვის შემდეგ მსახიობი მაკა შალიკაშვილი ტელეკომპანიიდან - "მზე" წამოვიდა და სხვა ტელევიზიაში განაგრძნო მუშაობა. ამბობს, რომ აპოლიტიკურობის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე ცვლილებებს, უმოქმედობას უარყოფითად აფასებს. მაკა ჩაცმისა და ცხოვრების სტილზე, გემოვნებასა და პირად ურთიერთობებზე გვესაუბრება...

- სამწუხაროდ, ამ წუთისთვის მხოლოდ ერთ სპექტაკლში ვმონაწილეობ. სამაგიეროდ, "აჭარის ტელევიზიაში" "დილის ტალღის" რუბრიკას - "ბათუმური ისტორიები" ვუძღვები, სადაც ცნობილი თუ უცნობი ადამიანები ბათუმთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს გვიყვებიან. რუბრიკის ხანგრძლივობა მხოლოდ 2-3 წუთია და სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მეუფლება. მინდა, რესპონდენტს დიდხანს ვესაუბრო, მაგრამ ამ ტოტალური უმუშევრობის პერიოდში, ჩემთვის ეს სამსახური მისწრებაა და მადლობელი ვარ, რომ იმის გაკეთების საშუალება მომცეს, რასაც ვაკეთებ. მე კიდევ არა მიშავს - სამსახური და "ორი კაპიკი" მაქვს, ბევრი დარჩა უმუშევარი. ზოგს მთავრობის შეცვლა კარგად შეეხო, ზოგს - ცუდად; ის, ვინც მღეროდა, ვეღარ მღერის ან პირიქით - ზოგი ახლა ამღერდა... იმის ფონზე, რა გადაცემებიც დღეს ქართულ ტელესივრცეში გვაქვს, ვფიქრობ, "მზესუმზირებსაც" ჰქონდა არსებობის უფლება. ბოლოს და ბოლოს, მას მაყურებელი ჰყავდა და რეიტინგიც ჰქონდა. რატომ დავრჩით უმუშევრები? ვინ გამცემს ამ კითხვაზე პასუხს? ამ ქვეყანაში სტაბილურობის შეგრძნება არ არსებობს: ყოველ წუთს შეიძლება დაკარგო საარსებო წყარო. ძალიან, ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით!

- რომელიმე სხვა ტელევიზიაში მისვლა არ გიცდია?

- არასდროს, არავისთვის არაფერი მითხოვია. "აჭარის ტელევიზიის" მთავარმა პროდიუსერმა - ზვიად ცირაბიძემ კეთილი ნება გამოიჩინა და სამუშაო შემომთავაზა, გადამარჩინა. შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიიდანაც მაქვს. ისინი ახალი სერიალის გადაღებას აპირებენ და ჩემი ბედი ჩანასახშივე გადაწყვეტილი იყო - ერთ-ერთ მთავარ როლში ვიქნები. მიხარია, რომ ტელევიზიაში ჩემი პროფესიით ვიმუშავებ. გარდა ამისა, ივნისში აზერბაიჯანულ-რუსულ სერიალზე დავიწყებთ მუშაობას, რომელსაც გია კიტია და ოთარ შამათავა იღებენ. მე "ხულიგანკას" როლი მექნება; ჩემი გმირი ისეთი ნაგიჟარია, რომ ბოლოს კლავენ. მაგარი როლია და სერიალის დაწყებას ინტერესით ველოდები.

- საზაფხულოდ, გარდერობი თუ განაახლე? ვიცი, რომ შოპინგის მოყვარული ხარ.

- მე ვარ ადამიანი, ვისაც შოპინგი და კარგად ჩაცმა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამით დაავადებული ანუ შოპოგოლიკი ვარ (იცინის). შესაძლოა, მშიერი დავრჩე და მაინც ვიყიდო ის, რაც მომეწონება - ეს კარგ ხასიათზე მაყენებს. უკვე იმდენი ტანსაცმელი მაქვს, რომ გადავწყვიტე, ამ ზაფხულს აღარაფერი შევიძინო.

- როგორია შენი ჩაცმის სტილი?

- ბევრი აღნიშნავს, რომ სპორტულ-აკადემიური სტილი მაქვს. ჯინსი, კედი ძალიან მომწონს. ხშირად მეუბნებიან, - გემოვნებიანად იცვამო. აქსესუარებიდან ძალიან მომწონს საათი, ქამარი, სათვალე, საყურე... მადლობელი ვარ "მზესუმზირის" პროდიუსერების, რომლებიც ეთერში სპორტული ტანსაცმლითა და კედით არ მაჭაჭანებდნენ; მკაცრ "დრესკოდს" ვიცავდი, ნაზი და ქალური უნდა ვყოფილიყავი. ზოგჯერ, როცა ლაპარაკისას ექსტაზში შევდიოდი, ემოციურად და ხელებით ვიწყებდი საუბარს, ყურში პროდიუსერის ხმა მესმოდა: - "მაკა, დანაზდი, ხელები დაუშვი, დაწყნარდი!" გარდა იმისა, რომ ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბა უნდა მცმოდა, მანერებითაც ძალიან დახვეწილი უნდა ვყოფილიყავი. ამ ადამიანებმა ემოციების მართვა მასწავლეს. ვამაყობ, რომ ინდივიდუალური სტილი მაქვს. შესაძლოა, ჩემი ასაკისთვის რაღაცები შეუფერებელია, მაგრამ ვფიქრობ, ჯერჯერობით კარგ ფორმაში ვარ და შემიძლია, თავს მოკლე შორტებისა და კაბების ჩაცმის უფლება მივცე. ძალიან მომწონს კოკო შანელის სტილი. ბოლო დროს მივხვდი, რომ ყველაზე მაგარი ფერი, მაინც შავია... წლების წინ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების საშუალება არ მქონდა, მერე კი, კარგი სამსახურის წყალობით, სურვილების ხორცშესხმას ვახერხებდი და ისეთი გავხდი, როგორიც ყოველთვის მინდოდა რომ ვყოფილიყავი. ფული მაგარი რამ არის და ღმერთმა ყველას მისცეს იმის საშუალება, რომ სურვილები დაიკმაყოფილონ.

- თავის მოვლას ბევრ დროს უთმობ?

- გარუჯვა და სალონებში სიარული მიყვარს. კოსმეტოლოგიურ პროცედურებს ჯერჯერობით, არ ვიტარებ, მაგრამ მაგარი კოსმეტოლოგი მყავს - დაშა ტაკიძე, რომელთანაც ტუჩი "გავიკეთე" და ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. მოვლილი თმა, რუჯი და "შალური" ჩაცმა - ეს არის მთავარი საიმისოდ, რომ ამაყი, თავაწეული და თავდაჯერებული ვიყო. ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ მყოფნის (იცინის). რაც მთავარია, გადასარევი შვილი მყავს - ჩემი თინანო, რომელიც ექვსი წლისაა, პირველ კლასშია. ცხოვრებას მილამაზებენ საყვარელი მეგობრები და ის ადამიანები, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდები.

- კარგი ტატუ გაქვს - პატარა ვარსკვლავი.

- ჰო, ვარსკვლავები ხელზე და მუცელთან ამოვისვირინგე. მხარზე დრაკონის ტატუ მქონდა, მერე პეპლად გადავაკეთეთ და ახლა არც ერთს ჰგავს, არც - მეორეს. მოშორება მინდა და ვისაც ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია, ძალიან ვთხოვ, გამომეხმაუროს...

- ეს ტატუ თავის დროზე რატომ გაიკეთე?

- ფილმისთვის მჭირდებოდა და ტატუს ოსტატმა მომატყუა, - სამთვიანიაო. ის ტიპი საქართველოში აღარ ცხოვრობს, ამერიკაშია გადახვეწილი და ურჩევნია, აქ არც ჩამოვიდეს, არ დამენახვოს!

- სოლარიუმში ხშირად დადიხარ?

- ისედაც მუქი კანი მაქვს და ხშირად არ დავდივარ, დოზირებულად ვირუჯები.

- თბილისის აუზებს თუ სტუმრობ?

- რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი აუზი უკვე გაიხსნა - "ივენთიზეც" ვიყავი და მაგრადაც "ვიგრიალე". საერთოდ, გართობა მიყვარს, კლუბებშიც ხშირად დავდივარ. იქაური სიტუაცია მომწონს, რადგან ბევრ ნაცნობსა და მეგობარს ვხვდები. დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთ კლუბში, აღფრთოვანებული ვუყურებდი ბარმენის ტრიუკებს; პირიდან ცეცხლი რომ გამოუშვა, მე წამეკიდა და უცებ ყველაფერი "გაითიშა", ტანსაცმლიანად, თავ-პირიან-თმიანად დავიწვი! მერე დაცვა მომვარდა, "მაქრობდნენ" და იქიდან მაგარი "ნაცემი" გამოვედი.

როცა ცუდად ვარ, ძალიან ბევრს ვცეკვავ. ზოგიერთი ადამიანი კლუბში "ზმანის" "გასამარიაჟებლად", საჭორაოდ დადის. ტიპები სხედან, არ ცეკვავენ და აკრიტიკებენ, სხვები როგორ ერთობიან; ადამიანი რომ მღერის, ტაშსაც არ უკრავენ. მათგან განსხვავებით, კომპლექსები არ მაწუხებს და იმისთვის, რომ გავერთო, არც ალკოჰოლი მჭირდება. კლუბში ყოფნისას შეუჩერებლად ვცეკვავ, ბოლომდე ვიხარჯები და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ამ დროს ზოგ-ზოგიერთებს მთვრალი ან რაიმეს ზემოქმედების ქვეშ ვგონივარ იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, ადამიანი ალკოჰოლის გარეშე როგორ შეიძლება, ასე კარგად გაერთოს. კლუბში სპორტული "ზმანებით" მივდივარ - კედი, შარვალი, ფართხუნა მაისურით. როცა ცეკვით გულს ვიჯერებ, ყველას მადლობას ვუხდი, შინ მოვდივარ, "დავეგდები" და ვიძინებ.

- კლუბში სპორტული ტანსაცმლის გამო "ფეისკონტროლისგან" პრობლემა არ გექმნება?

- როგორ არა! რაღაც პერიოდი "ფეისკონტროლი" არსად მიშვებდა, მერე ავდექი და ისე ჩავიცვი, როგორც ამას წესი მოითხოვდა, მაგრამ მაინც არ შემიშვეს. მიზეზი რომ ვიკითხე, მიპასუხეს: - არ "ევასები" "ფეისკონტროლს" და არ შეგიშვებთო. დაცვას მაგრად ვეჩხუბე და შეურაცხყოფაც მივაყენე, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით.

- მამაკაცთან ურთიერთობისას პირველ რიგში, რას აქცევ ყურადღებას? როგორი ადამიანი შეიძლება მოგეწონოს?

- რთული შეკითხვა დამისვი... ბევრნაირი მამაკაცი შეიძლება მომეწონოს, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ის მიიქცევს, ვისაც ნამდვილად ვეყვარები, ვინც "დამამუღამებს" და მიხვდება, როგორი ვარ სინამდვილეში. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დარწმუნებული იყოს, რომ ჩემთან ყოფნა უნდა და მაღალი იქნება, დაბალი, შავგვრემანი, მელოტი თუ მსუქანი, რა მნიშვნელობა აქვს?

- რომანტიკული ხასიათი თუ გაქვს?

- მაქვს, როგორ არ მაქვს, ოღონდ - დოზირებულად.

- მოგწონს თუ არა, როცა მამაკაცი შენ გამო რაიმე სიგიჟეს სჩადის?

- იმაზე დიდი სიგიჟე რა უნდა იყოს, მაკა შალიკაშვილთან რომ გადაწყვეტს ურთიერთობას (იცინის)?!

- საკუთარი ემოციების მართვას თუ ცდილობ?

- ჩემი მეგობრები ცდილობენ ამაში დამეხმარონ, განსაკუთრებით კი ჩემი ჯაჯო - გია ჯაჯანიძე მეხმარება. ეს ადამიანი უზომოდ მიყვარს, ბევრ კარგ რჩევას მაძლევს და "მალაგებს" ხოლმე.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

- ზოგადად, ბევრნი არიან და ღმერთმა მიმრავლოს მათი თავი. ისინი თავიანთი ყურადღებითა და ტკბილი სიტყვით მანებივრებენ ხოლმე და ადამიანს მეტი რა უნდა? მათი დამოკიდებულება ცხოვრების სტიმულს მაძლევს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები