ჯორჯ ჯეი ბი: "ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, ჩემს სუსტ წერტილს რომ გაარტყა"

ჯორჯ ჯეი ბი: "ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, ჩემს სუსტ წერტილს რომ გაარტყა"

ჯორჯ ჯეი ბი ქართული მოდის სივრცეში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ჯერ კიდევ პირველ მოდის კვირეულზე სრულიად განსაკუთრებული იმიჯით ხალხის გაკვირვება გამოიწვია. მას შემდეგ ის მოდის კვირეულების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ჟურნალისტებსა და დამსწრე საზოგადოებას სულ აინტერესებს, რას მოიფიქრებს ახალს ჯეი ბი და ამჯერად როგორი იმიჯით გაგვაოცებს. ინტერნეტსივრცე მოიარა მისმა ახალმა ფოტოებმა, სადაც ერთგან რქებით, მეორეგან კი "მაცხოვრის ეკლის გვირგვინით" არის გამოსახული. მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნით ნათია რეხვიაშვილს, Liy Photography-ს, Louisa's-ს.

-  თბილისის მოდის კვირეულით დავიწყოთ, რომელიც მცირე ხნის წინ გაიმართა. კმაყოფილი ხარ ჩვენებებით? სულ ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ დიზაინერები პირდაპირ კულისებში აკერებენ სამოსს და ა.შ.

-  სახელი "მოდის კვირეული" იმდენს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მილანის, პარიზის თუ ვთქვათ, ქუთაისის, დიზაინერმა პასუხი უნდა აგოს ნებისმიერ კოსტიუმზე, ხარისხზე. როდესაც მოდის კვირეულზე გამოგაქვს კოლექცია, ყველანაირად უნდა იყო მომზადებული ან საერთოდ არ უნდა გამოიტანო. აქ უფრო კომერციაზე აკეთებენ გათვლას. მე, მაგალითად, ხელოვნებას, ჩემს ნამუშევრებს ბაზრისთვის ვერ გავიმეტებ, ჩემი ნამუშევრები ყველასთვის არ არის, მაგრამ რაც აქ კეთდება, იმას კომერციულსაც ვერ ვუწოდებთ. ეს, რასაკვირველია, არ ეხება ყველა დიზაინერს საქართველოში, არის რამდენიმე, ვინც ყველანაირ სტანდარტს იცავს.

-  ვინ არის ის რამდენიმე დიზაინერი, რომელიც სტანდარტს იცავს?

-  პირველი, ვინც მახსენდება, დათუნა სულიკაშვილია. მას ყოველ მოდის კვირეულზე გამოაქვს კოლექცია და ამიტომაც შესაფასებელი მეტია. ჩუბიკასაც დავასახელებდი, უბრალოდ, ის ასე ხშირად არ ჩანს. არადა, ძალიან მაგარია. წელს სიმონ მაჩაბელს ჰქონდა არაჩვეულებრივი შოურუმი. წელს დამამახსოვრდა რია ქებურია, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს. მართლა გენიოსია. გოგონა და ასეთი მაგარი... კაცები თითქმის ყოველთვის უფრო მაგრები არიან, განსაკუთრებით ხელოვნებაში. როდესაც კოლექცია გამოვიდა და შევხედე, ვერ გავარჩიე, მამაკაცის კოლექცია იყო თუ ქალის, რიას მანამდე არ ვიცნობდი. სანამ არ დავინახე, რომ ბოლოს გამოვიდა და გოგონა იყო, მანამდე არ დავიჯერე, რომ ეს კოლექცია ქალს ეკუთვნოდა.

ახლანდელ მოდის კვირეულზე ბევრი არ დამმახსოვრებია. ეს ჩემი ბრალია, მეხსიერება არ მაქვს კარგი თუ უბრალოდ, არ იყო სხვა დასამახსოვრებელი დიზაინერის ჩვენება, ვერ გეტყვით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა გამოიტანა ნამუშევრები, მაგრამ ისინი არ მიხსენებია. ეს ჩემი პრინციპია და მასზე უარს ვერ ვიტყვი. პირფერობა მაღიზიანებს. არასდროს მიმილოცავს დიზაინერისთვის, რომლის კოლექციაც არ მომწონებია. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველა ულოცავდა და მე გვერდით ვედექი. ვფიქრობ, ვიღაცამ ეს ყველაფერი პირდაპირ უნდა თქვას. კრიტიკა ცუდი არ არის. მე რომ ასე შემაფასონ, არ მეწყინება. უარესადაც მაფასებენ და არ მწყინს.

-  რა ფრაზები მოგისმენია საკუთარ თავზე?

-  გულთან არასდროს მიმაქვს. ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, ჩემს სუსტ წერტილს რომ გაარტყა. აღმოჩნდა, რომ ეს დღემდე ვერავინ შეძლო. ბევრი სისულელე უთქვამთ ჩემზე, მაგრამ არ ვიმახსოვრებ. ზოგჯერ ისეთი ჭორი მსმენია საკუთარ თავზე, რომ მითქვამს, ცოტა უფრო ლოგიკური ვერაფერი მოიფიქრეს ჩემს ხასიათთან მიახლოებული-მეთქი (იცინის)?!. ხალხმა რომ უფრო ადვილად დაიჯეროს. სხვათა შორის, ამ ჭორების გამო შემიძლია ამბავი ავტეხო და ყოფილა კიდევაც ასატეხი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია.

-  შენზე ცუდს კოლეგები ამბობენ?

-  კოლეგები ნაკლებად, უფრო დამწყები დიზაინერები. მოდის სფერო იმდენად დელიკატური და საშიში სფეროა, რომ აქ, ვფიქრობ, ყველასთვის ადგილი არ არის. ერთადერთი სფეროა შოუბიზნესიდან, სადაც ყველაზე საზიზღარი კრიტიკაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს საკუთარი თავის წინაშე, რომ აქ გაჩერდე. ვგულისხმობ ცივ ურთიერთობებს, რომლებიც ამ სფეროში არის. სხვათა შორის, ბევრმა კრუელად შემრაცხა, "ფეისბუქში" თუ ვინმეს ვიმატებ, მისგან მადლობები მომდის ხოლმე, არ მეგონა, თუ დამიმატებდიო. ერთხელ გავიღიმე და ვიღაცამ მომწერა, არ მეგონა, საერთოდ თუ იღიმოდიო. ასეთ რაღაცებზე ძალიან მეცინება. ალბათ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა ასეთი აზრი, რომ ჯეი ბი არ იღიმება (იღიმის).

-  პირველი მოდის კვირეულიდან შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

-  სოციალურ ქსელში მიდევს რამდენიმე წლის წინანდელი ფოტოები, დღეს უკვე სხვა ვარ. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. შეცვლას ვარქმევ იმას, როცა რაღაცით წინ ვარ. ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

-  შენთვის კომფორტულია პოპულარობა?

-  პოპულარობა? - ამაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ვინმე პირფერულად გამიღიმებს იმის გამო, რომ ჯეი ბი ვარ. პირიქით, ასეთი რაღაცები მაღიზიანებს. ჯობია, ასეთი ადამიანი საერთოდ არ დამელაპარაკოს. პირდაპირი ვარ და მითქვამს, ნუ მიღიმი, ვიცი, რომ არ გიყვარვარ-მეთქი. ის ადამიანი გაბრუნებულა და წასულა. ამიტომაც ვცდილობ, ასეთ ხალხს საერთოდ არ გამოველაპარაკო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

მარგალიტის "რქები" და მთვლემარე კატა ვიტრინაში - "თბილისის მოდის კვირეულის" უცნაურობები

-თავზე ლანგრით და ვერცხლისფერი კაბით - დიზაინერი ჯორჯ ჯეი ბი მოდის კვირეულზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება