იუნა შაფათავა: "არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს"

იუნა შაფათავა: "არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს"

სკანდალური და გულახდილი იუნა შაფათავა ერთი კვირის წინ "მეცხრე არხზე" საკუთარი გადაცემით გამოჩნდა. მისი სტუმრები ცნობილი ადამიანები არიან და რთულად განვლილ კარიერულ გზაზე საუბრობენ. ტელევიზიაში მუშაობა იუნას დიდი ხნის ოცნება იყო. რამდენიმე თვის წინ საკუთარი სიმღერაც ჩაწერა. ახლა ფიქრობს, რომ საოცნებო მხოლოდ სასურველი მეორე ნახევრის პოვნაღა დარჩა.

- იუნა, დიდი ხნის ოცნება აისრულე და ტელევიზიაში დაიწყე მუშაობა...

- ორმხრივი სურვილი იყო, რომ "მეცხრე არხზე" დამეწყო მუშაობა. სატელევიზიო გამოცდილება არ მაქვს, არც პრეტენზია, რომ ყველაზე მაგარი ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, ხარისხიანი გადაცემა გავაკეთო. დასაწყისისთვის პატარა გადაცემა მაქვს, შვიდწუთიანი ქრონომეტრაჟით. "16+ იუნა შაფათავა", ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც პარასკევობით "ცხელი შუადღის" შემდეგ გადის. ცოტა პრეტენზიულია, მაგრამ მიხარია, რომ გადაცემაში ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს. გადაცემაში მეყოლებიან სტუმრები, რომლებმაც რთული კარიერული გზა გაიარეს.

- იუნა შაფათავა რატომღაც ღამის გადაცემის წამყვანად უფრო აღიქმებოდა...

- დიახ, იყო საუბარი რამდენიმე პროექტზე. ინტერნეტში გავრცელებული ჩემი გულახდილი ვიდეოებიც სწორედ ამის ნაწილია. ახლა აღარ ვაპირებ არაფრის გაქრობას, როგორც შემდეგ აკეთებენ ხოლმე და იმიჯს ისწორებენ, ეს ჩემი განვითარების სხვადასხვა ეტაპია, მაგრამ დღეს სწორედ იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა.

- ვინ იქნებიან გადაცემაში შენი სტუმრები?

- პირველ სტუმრად დათო ხუჯაძე მყავდა. ძალიან მადლიერი ვარ მისი. ასევე მეყოლებიან "უმა თურმანის" მომღერლები, ანჟელიკა ვარუმი, ლეონიდ აგუტინი, რობერტ სტურუას ვესტუმრე. დაგველოდეთ მე და გივი სიხარულიძეს (იცინის). როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, მასთან სტუმრად წავედი. არაჩვეულებრივად შემხვდა, ახლაც მაჟრიალებს. ვიცი, რომ ბევრი დაელოდება ამ გადაცემას. მე ცარიელი ხელით მივედი და თავად არაჩვეულებრივი კონიაკით გაგვიმასპინძლდა, თავბრუდახვეული გამოვედი იქიდან.

- ალბათ განსაკუთრებული ეთერი იქნება, გივი სიხარულიძე ხომ ყოველთვის სკანდალურია.

- გივი ჩემთვის სკანდალური არ არის, უბრალოდ კოლორიტული პიროვნებაა, ქარიზმატული და დასამახსოვრებელი. უამრავი კომპლიმენტი მითხრა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩაწერის მეორე დღეს პარიზში გაფრინდა, თემურ ბაბლუანის ფილმში იღებენ. სხვათა შორის, ძალიან მინდა თემურ ბაბლუანის გაცნობა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა.

- რა გამოხმაურება მოჰყვა პირველ გადაცემას, ვიცი, რომ ბევრი "მტერი" გყავს...

- უფრო "კეთილის მსურველი" (იღიმება). რაღაც სხვას ელოდნენ, მაგრამ ის "სხვა" შეიძლება შემდეგ კინოში ნახონ. გადაცემაში სოლიდურად მაცვია, როგორც "მეცხრე არხს" შეეფერება, ხალხი რატომ უნდა გავაღიზიანო?! თუმცა ჩემთვის დეკოლტე, ვიწრო, მოკლე კაბა ქალის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია, მით უმეტეს, როდესაც შოუბიზნესში ტრიალებ. ხომ ხედავთ, დღესაც რა ფორმაში ვარ, მაგრამ არხზე იმ იმიჯით ვმუშაობ, რაც გადაცემაში მაქვს.

- იუნა, ყოველთვის "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მოიაზრებოდი...

- მე სამართლიანობის მხარეს ვარ. თუ "ოცნება" გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება, ამას ხმამაღლა ვიტყვი. ცხოვრების ბევრ ეტაპზე მე და ჩემს უმცროს და სოფიკოს, ამის გამო ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. დავკარგე ბავშვობის მეგობარი, მეჯვარე, უთხრეს, ვიცით, ვისთან მეგობრობო. ჩემი ტყუპისცალი დეა დიდი ხანია "ქართუ ჯგუფში" მუშაობს. მე უბრალოდ დეას და ვარ და მაშინ ამიტომ დავკარგე სამსახური. ახლა "ნაციონალების" მხარდამჭერები ჩივიან და ამის გამოა იძულებული ახალი მთავრობა, შეინარჩუნონ ძველი კადრები, საბოლოოდ კი საქმე ზარალდება.

- მართალია, ხშირად თავს არიდებ კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონებზე საუბარს, მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდი?

- ამას გეტყვით, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი. საკმაოდ ამბიციური ლოზუნგი აწერია მის სასახლეს, "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია", - ზოგს ალბათ ბოროტება და სიკეთე თავისებურად ესმის. ყველას გარკვეული ეტაპი აქვს და შეიძლება, მიშა სააკაშვილი სხვა ამპლუაში დაგვიბრუნდეს. სხვათა შორის, საუკეთესოდ წაიყვანდა თოქშოუს, ასევე სიამოვნებით მოვიწვევდი ჩემს გადაცემაში.

- ახალ საპრეზიდენტო კანდიდატზე, გიორგი მარგველაშვილზე რას იტყვი?

- თქვენ ის ხუმრობა იცით, მე რომ მინდოდა, პირველი ლედი გავმხდარიყავი?!. ვოცნებობდი, რომ თავისუფალი ახალგაზრდა მოსულიყო ხელისუფლებაში (იცინის). მარგველაშვილს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ყველა ძალიან აქებს. არ ვარ პოლიტიკურად აქტიური. არ განვიხილავ პოლიტიკოსებს, როგორც მამაკაცებს, კენედი რომ ყოფილიყო ჩვენი პრეზიდენტი და მე მერილინ მონრო ვყოფილიყავი, თავს ავარიდებდი მასთან ურთიერთობას.

- თუმცა პირველი ლედობა გინდოდა...

- (იღიმება) დიახ, მინდოდა, ვის არ უნდა... მინდა, ბევრი რამ შეიცვალოს სიკეთისკენ. პირველი ლედობა ბევრ მოგზაურობას უკავშირდება. რამდენიმე ენა ვიცი, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები