ფსიქოლოგი - დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა

ფსიქოლოგი - დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა

საკმარისია, ამა თუ იმ საიტზე, ცნობილ ადამიანებზე მომზადებული სტატია თუ ინტერვიუ განთავსდეს, მკითხველი კომენტარების ნაწილში მაშინვე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს. უმეტეს შემთხვევაში, ეს კომენტარები ნეგატიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნება ლანძღვა-გინებისა და დისკრედიტაციის ობიექტი ხდება... ალბათ საინტერესოა, რატომ არის ბოლო დროს ასე მოჭარბებული საზოგადოებაში აგრესია. ამ თემაზე ”ამბები.გე” ფიქოლოგ-ფიზიოლოგს მარინა კაჭარავას ესაუბრა.

- აგრესია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის და მათ შორის, ადამიანისთვისაც ბუნებრივია, რაც გარკვეულწილად, თავდაცვითი მექანიზმია. აგრესია სჭირდება ადამიანს სპორტშიც, ამა თუ იმ საქმიანობაშიც, რადგანაც ის ენერგეტიკაა, მაგრამ ამაში რაღაც დამანგრეველ ძალას არ ვგულისხმობ. თუმცა, ის აგრესია, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, ბუნებრივია, არის ნეგატიური... ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებია, რეალურად ქაოსია (ომები, გადატრიალებები, გაუთავებელი მიტინგები, სოციალური სიდუხჭირე, უთანასწორობა, უსამართლობის განცდა), რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანებს დაგროვებული ჰქონდეთ დიდი აგრესია. ამასთან, მათ ამ აგრესიის გამოხატვისა და განმუხტვის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. იმასაც ვერ ახერხებენ, რომ პოზიტიური გაგებით, ვთქვათ, წავიდნენ და ირბინონ, ითამაშონ. ასეთ დროს გაღიზიანებულ ადამიანს გაბრაზება გადაუვლის ხოლმე, რადგანაც აგრესიის დროს ჰორმონების მიერ გამოტყორცნილ ნივთიერებას კუნთები მოიხმარს და გაბრაზებაც ეხსნება.

მაგრამ საქმე ის არის, რომ არ ვიცით ბრაზის, აგრესიის, ემოციის მართვა. ამიტომაც არის, რომ ამდენმა დაგროვებულმა უარყოფითმა მუხტმა გამოსავალი ერთმანეთის მიუღებლობაში ჰპოვა. არ შეგვიძლია მივიღოთ განსხვავებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს. არა თუ მივიღოთ, მისი გადაკეთება გვსურს, არა თუ გადაკეთება, მასზე ძალადობა გვინდა, მისი ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა. ამასთან, ისტორიულად საოცარი კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ დღეისათვის ეს ყველაფერი მოშლილია. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ გამარჯობის თქმა, ან მოკითხვა: როგორ ხარ. კომუნიკაციაა უპირველესად, ადამიანის მიღება ისეთად, როგორიც არის.

ადამიანი ისე უნდა მიიღო, რომ პირობა არ უნდა წაუყენო. ეს ეხება მშობლებსა და შვილებს, და-ძმას, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს. მიღება კომუნიკაციის ერთ-ერთი "ოქროს წესია". ასევე მნიშვნელოვანია ემპათიის უნარი, რომელიც ადამიანებში ასევე ნაწილობრივ დაკარგულია.

- რას გულისხმობთ?

- ემპათია იმას ნიშნავს, რომ თავი სხვის ადგილას დააყენო, დაინახო მისი გაჭირვება, იგრძნო მისი მდგომარეობა. შეეცადო, მისი თვალით შეხედო სამყაროს. პიროვნება თუ ასე მოიქცევა, აგრესიული სხვა ადამიანის მიმართ ვეღარ იქნება. მას მეტი ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის უნარი ექნება.

- როგორც ჩანს, ადამიანს ადამიანის შეწყნარება ყველაზე მეტად უჭირს?

- დიახ და განსაკუთრებულად ამა თუ იმ პიროვნების უპირობო მიღება. დიახ, გვიჭირს ემპათია, რადგანაც გვაქვს ან სიმპათია, ან ანტიპათია. ემპათია კი სხვა რამ გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომწონხართ, ან არ მომწონხართ, რაც მაინც შეფასებითი დამოკიდებულებაა. ემპათია ნიშნავს იმას, რომ მე მესმის თქვენი!

- ალბათ, შეფასებითი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობას აფუჭებს.

- დიახ, მართალი ბრძანდებით. თანაგანცდა ზოგადად ურთიერთობაში აუცილებელია... სოციალური ქსელი იმის საშუალებას იძლევა, რომ დავინახოთ, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები ლანძღვითა და უშვერი სიტყვებით აგრესიას, რითაც ასე ვთქვათ, გულს იფხანენ...

იმას, რასაც ვერ ახერხებენ ცხოვრებაში, შეუძლიათ, სოციალური ქსელის საშუალებით მოახერხონ. ვირტუალური სამყარო ამის საშუალებას იძლევა, - ადამიანს ნიღბავს და ოცნების ასრულების საშუალებასაც აძლევს. ჰოდა, ის იქ არის საოცრად აგრესიული, გულწრფელიც და მთელი მისი უარყოფითი დამოკიდებულებით შეუძლია, ადამიანი ტალახში ამოსვაროს...

ეს ადამიანები სოციალურ ქსელში ცდილობენ, ფსევდონიმით წარდგნენ, ან შეცვლილი სახელითა და გვარით იმის გამო, რომ შემდგომ არ მოეკითხოთ. მოგეხსენებათ, ასეთი აღვირახსნილი აგრესია არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს და როგორც წესი, აგრესია აგრესიას იწვევს. მაგრამ ამ უკუკავშირის არ არსებობის გამო ისინი ცალმხრივად ეწევიან ამ ლანძღვა-გინებას, დისკრედიტაციას. ასე რომ, ბევრი კარგი და სამაგალითო ადამიანი სოციალურ ქსელში ისეთი გალანძღული, შეურაცხყოფელი "ეპითეტებით" შემკულია, რომ გავოცებულვარ...

ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ ესა თუ ის ადამიანი ვიღაცის ჩარჩოსა და ღირებულებათა სისტემაში არ ჯდება, ამიტომ შეუძლია, შეურაცხოფა მიაყენოს... ბევრი რამ არ მომწონს და ბევრის ქცევა არ მსიამოვნებს, მაგრამ არ მაქვს უფლება, ადამიანს რამეზე მივუთითო. პედაგოგის რანგშიც კი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ადამიანი, ანუ უნდა იცოდეს, როგორ ასწავლოს. სწავლება კი ხდება არა დირექტივებით, მენტორული ტონით, ლანძღვა-გინებითა და მუშტი-კრივით, არამედ ჩემი მეორე პიროვნებისადმი დამოკიდებულებით.

დიახ, ჩემი პოზიცია არის ისეთი, რომ ის მივიღე, პატივს ვცემ მის პიროვნებას, მაგრამ შეიძლება, მისი ქცევა არ მომწონდეს. თუ ასე დავაფიქსირებ ჩემს აზრს, მაშინ ის ადამიანი ამას გაიგებს და მიიღებს. მაგრამ თუ ლანძღვა-გინებას დავიწყებ, ლანძღვას არავინ მოუსმენს. კრიტიკა არავის უყვარს! სამწუხაროდ, სხვებს ვაკრიტიკებთ მთელი გულითა და დიდი ძალისხმევით და ჩვენ მიმართ მომართული კრიტიკა არ მოგვწონს. იმიტომ, რომ კრიტიკა თავის თავში შეიცავს განკითხვას. ჩვენ ვაძლევთ თავს უფლებას, ვლანძღოთ, ვაკრიტიკოთ, ვაგინოთ სხვა, რაც არ არის ქცევის, ან მოვლენის ანალიზი, რაც მისაღებია, მაგრამ აქ ლაპარაკია უპირობო ლანძღვა-გინებაზე, თავსლაფისა და ერთმანეთისთვის ტალახის შესხმაზე... ამ მოვლენაზე საუბარი ნამდვილად საჭიროა და არ მიმაჩნია, რომ მასზე მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ, ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. აზრის შეფუთვას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ამ პოზიციას, ფსიქოლოგიაში "სენდვიჩს" უწოდებენ: "პლუსი, მინუსი, პლუსი".

- ეს რას ნიშნავს?

- ვთქვათ, მე მაქვს რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება თქვენი ქცევისადმი, თქვენი პიროვნებისადმი, შეფასებისას ჯერ ის პოზიტიური უნდა აღვნიშნო და მერე ვთქვა ნეგატივი და საუბარი ისევ პოზიტივით დავასრულო.

- ე.ი. ამ ფორმულას "სენდვიჩი" იმიტომ ჰქვია, რომ შუაში ნეგატივი ექცევა, არა? - კი და ასეთ შემთხვევაში ადამიანი ამას გადაყლაპავს, მიიღებს, მოისმენს.

-არის კიდევ ასეთი სავარჯიშო, რომელსაც ჩემს პაციენტებთან ვიყენებ: როდესაც მათზე ამა თუ იმ პიროვნებისგან დიდი აგრესია მოდის, ვთხოვ ხოლმე, რომ იმ პიროვნების, რომელიც მათზე აგრესიას ახორციელებს, 10 დადებითი თვისება მოიფიქრონ ანუ ვისზეც არიან გაბრაზებულები. პაციენტები მეწინააღმდეგებიან, მეუბნებიან, რომ მას დადებითი თვისება საერთოდ არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს (ეს რისთვის არის იცით, რომ იმ ადამიანს გაუჩნდეს მეტი პოზიტივი მეორე პიროვნების მიმართ). როგორც კი შეეცდებიან ხოლმე, მოწინააღმდეგეში კარგი თვისება დაინახონ, მის მიმართ დამოკიდებულებაც ეცვალებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ანუ ვისაც არ აქვს სწორი კომუნიკაციის უნარი, ეს აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს.

- ამ საქმეში ალბათ, სახელმწიფოც უნდა ეხმარებოდეს ადამიანს...

- საერთოდ უნდა ტარდებოდეს ამა თუ იმ სამინისტოს მიერ რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო ტრენინგი სოფლებში, ქალაქში, სკოლებში, მშობლებთან. ადამიანის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები (რა ასაკში რა მოსდის და რატომ, ზოგადად როგორ უნდა მიმართო ადამიანს) სწავლას ექვემდებარება. ადამიანი "სუფთა ფურცელი" ხომ არ იბადება? ჩვენ დედის მუცლიდან მთელი ჩვენი გენეტიკური მონაცემები მოგვყვება, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სოციუმს, რომელშიც ვცხოვრობთ ანუ ოჯახს, სადაც ვიზრდებით, გარემოს, ქუჩას, სოფელს, სადაც გიწევს ყოფნა... ადამიანს ავიწყდება ერთი რამ: როგორც არ უნდა, რომ მოექცნენ მას, ისე არ უნდა მოექცეს სხვას! ის, რომ ერთხელ უკვე გამლანძღეს, მაგინეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში ერთგვარი გამშვები მექანიზმი უნდა ჩაერიოს და გავხდე აგრესორი, მლანძღველი. ასეთი ადამიანები ბავშვობაში ტრავმირებულები არიან, ზოგი საკუთარი მშობლებისგან არის უარყოფილი, ყველა რაღაც პრობლემიდან მოდის და შემდეგ რიკოშეტით ჯავრს იყრის ზოგადად სამყაროზე ანუ საზოგადოებაზე.

- იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დავძლიოთ, ალბათ ამის სურვილი უნდა არსებობდეს...

- ადამიანები სხვანაირად გამოიყურებიან და ხშირად სულ სხვანაირები არიან. მადლობის თქმისას და ბოდიშის მოხდისას თავის ტვინში ენკეფალინი გამოიყოფა (სიამოვნების ჰორმონი). როდესაც მადლობას ვიხდი და ბოდიშს ვეუბნები ვინმეს, ეს უპირველესად ჩემთვის არის კარგი და არა თქვენთვის. ეს ქრისტიანულადაც ასეა, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს მეცნიერულადაც ასე ყოფილა. მოკლედ, ყველაფერს სწავლა უნდა, რაც ოჯახში უნდა მოხდეს. მშობლებმაც უნდა მოუხადონ ბოდიში შვილებს და მადლიერება გამოხატონ. დიახ, ამ ყველაფრის სწავლა ასეთი ფორმით ხდება.

- მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემების მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ საზოგადოება არარეალიზებულია...

- ჩვენ ძირითადად გვყავს ფუსტრირებული, არარეალიზებული საზოგადოება, რომელსაც ანეკდოტურ სიტუაციაში უწევს ცხოვრება. რაკი არარეალიზებული ვარ, ამიტომ გაბრაზებული ვარ მშობლებზე, ნათესავებზე, მასწავლებლებზე, მინისტრებზე, მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ღმერთზე და ყველაფერზე, ეს არის მისი პოზიცია... ამიტომ ჩემგან დასაშვებია აგრესია და დაუნდობელი ვხდები ყველასა და ყველას მიმართ.

არარეალიზებულ ადამიანს ბევრი დრო აქვს და ხდება შურიანიც. ვინც ამბობს, რომ შურიანი არ ვარ, ის გარკვეულად ცრუობს. თუკი მავანმა რაღაცას მიაღწია, რაღაც გამოუვიდა, შურით შეპყრობილი ადამიანები ამბობენ, რომ მან წარმატებას ვიღაცის დახმარებით მიაღწია, რადგანაც რეალურად უნიჭოა... მინდა, ერთ მტკივნეულ თემასაც შევეხო, ტელევიზიით ხშირად უხამსობას აჩვენებენ, სიყვითლე და ჭორები ჭარბობს, რომელიც ადამიანს გემოვნების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ მაქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ჟურნალისტი გავლანძღო...

- ტელევიზიით უამრავი ქართული თუ უცხოური სერიალი გადის, რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს. ეს ადამიანები ისე არიან ჩართულები მასში, რომ სერიალის სიუჟეტს რეალურ ცხოვრებასთან აიგივებენ. იმ პერსონაჟების გარშემო მაყურებელი ერთიანდება, მის ცხოვრებაში სერიოზულად იჭრება.  რას იტყვით ამაზე? რა არის ეს ფენომენი?

- მათი ყურებით ბევრი ადამიანი ერთობა. ეს სერიალები ადამიანებში კონფლუენციას აჩენს.

- რას გულისხმობთ?

- ხდება შეთქვეფა სერიალის სიტუაციასთან და იკარგება ზღვარი. არადა, საზღვრები თუ დავკარგეთ, მაშინ საქმე ძალიან ცუდად არის. რადგანაც საზღვრების დაკარგვა (შეთქვეფა) ოჯახში, ცოლ-ქმარს შორის, შვილებთან, ზოგადად ნებისმიერ ურთიერთობაში დიდი ტკივილსა და პრობლემებს იწვევს, რადგანაც პიროვნულ ჩამოშლას იწვევს. როდესაც ყველაფერს დავივიწყებ, შევიჭრები სერიალში და იქ ვიწყებ ცხოვრებას, უკვე იქაურობას ვალაგებ კიდეც და სიტუაციას ჩემს ჭკუაზე ვაყენებ. ეს კი სრული შიზოფრენიაა! გახლეჩვა. ზოგადად შიზოფრენიულ, ფსიქოტურ წრეში გვიწევს ცხოვრება. როდესაც ადამიანები სხვისი ანუ სერიალით ცხოვრობენ, განიცდიან, ნერვიულობენ, პირადს კარგავენ. აი, ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნე, ხდება სრული პიროვნული ჩამოშლა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც დედები დაოჯახებული შვილების ცხოვრებაში ისე იჭრებიან, რომ მათ ცხოვრებას უფუჭებენ და უნგრევენ... ჩვენ გარშემო ყველაფერი მგონი, სპეციალურად ხდება, რომ ადამიანმა დაკარგოს საკუთარი ყოფითი, სოციალური პრობლემა და აღარ იფიქროს მასზე, რითაც ხალხის მასობრივად დადებილება ხდება.

- მოკლედ, გარშემო მასობრივი ფსიქოზია...

- დიახ, საზოგადოება დეზორიენტირებულია. დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია