ქეთი კეკელია - "მეუღლე ჩემს ყველა გადაცემას უყურებს, მასზე ერთგული მაყურებელი არ მყავს"

ქეთი კეკელია - "მეუღლე ჩემს ყველა გადაცემას უყურებს, მასზე ერთგული მაყურებელი არ მყავს"

ცოტა ხნის წინ "მეცხრე არხზე" შუადღის ეთერში ახალი გადაცემა "ცხელი შუადღე" გამოჩნდა, რომელსაც ქეთი კეკელია, შალვა რამიშვილი და ნატა მაღალაშვილი უძღვებიან. მართალია, გადაცემა უფრო განსხვავებული ფორმატის უნდა ყოფილიყო, მაგრამ "მეცხრე არხზე" შალვას გადასვლამ "ცხელ შუადღეს" პოლიტიკური ელფერი შესძინა, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამით გადაცემა ყველა ასაკის მაყურებლისთვის უფრო საინტერესო გახდა.

დღის განრიგი

- მას შემდეგ, რაც სამსახურში გავედი, ჩემი დილა უკვე ოდნავ განსხვავებულად იწყება, თუმცა დატვირთვის თვალსაზრისით, დიდად არაფერი შეცვლილა, მანამდეც ძალიან დატვირთული ვიყავი. ჩემი დილა იწყება რვა საათზე მაღვიძარას თანხლებით, ვაღვიძებ ჩემს უფროს ქალიშვილს, რომელიც ჩემს მეუღლეს მიჰყავს სკოლაში. პირველი, რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ ვზრუნავ ჩემი შვილის ჩაცმასა და საუზმეზე. თუ ვახერხებ, ამასობაში ერთ ფინჯან ყავას ვსვამ, თუმცა მირჩევნია, ჯერ ვისაუზმო და მერე დავლიო. 9 საათს რომ 20 წუთი დააკლდება, ვისტუმრებ ქმარ-შვილს და მერე ვიწყებ ზრუნვას ჩემს საუზმეზე. წონის პრობლემა არასდროს მქონია, ამიტომ ჩემი დილის საუზმე ყოველთვის ნოყიერია და იმ ინგრედიენტებისგან შედგება, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, მაგალითად, მოხარშული კვერცხი და ორცხობილა, ასევე მომწონს ყველი და თურქული ყავა ერთად. ტრადიციად მაქვს დილით ყავის ორჯერ დალევა, არა ორმაგი დოზის, არამედ ორჯერ მირთმევა - ადგომისთანავე მივირთმევ ერთ ჭიქას, სამსახურში წასვლამდე კი მეორეს ვაყოლებ, ამასთანავე ვუყურებ დილის გადაცემებს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ არხებზე. ჩემი განცხრომა გრძელდება დილის 10 საათამდე, სანამ ჩემს პატარა შვილს სძინავს. ათზე ვაღვიძებ და ვამზადებ ბაღში წასასვლელად... ამ დროისთვის ჩემთან მოდის დედა, ცოტა ხანს ვსაუბრობთ, ზემოხსენებულ მეორე ფინჯან ყავას მასთან ერთად მივირთმევ და მერე გავრბივარ ბაღში, საიდანაც სამსახურში ვინაცვლებ.

ტელევიზიაში მისვლისთანავე იწყება ზრუნვა მაკიაჟზე, ვარცხნილობაზე, საეთერო ჩაცმულობაზე. პირველის ნახევარზე ავდივართ სტუდიაში და ვემზადებით ეთერში გასასვლელად...

3 საათის შემდეგ ვგეგმავთ მეორე დღის გადაცემას პროდიუსერებთან ერთად, 5-ის ნახევრისთვის ვთავისუფლდები და მივდივარ ჩემს შვილთან სკოლაში, საიდანაც გავრბივართ ცურვაზე. სანამ ცურვის გაკვეთილი დასრულდება, გამომყავს უმცროსი შვილი ბაღიდან, ვტოვებ სახლში, ვსადილობ თუ ვვახშმობ ამ დროს, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ამის მერე ისევ ცურვაზე გავრბივარ ნატალის გამოსაყვანად.

ასეთია ჩემი დღის რეჟიმი, სულ გადარბენაზე ვარ, ქუჩაში კი არ დავდივარ, დავრბივარ. საათი ჩემი განუყრელი ატრიბუტია, რადგან სულ მას ვუყურებ, რომ სადმე ადრე არ მივიდე, ან არ დავაგვიანო.

ახალი გადაცემა

... მას შემდეგ, რაც ტელევიზიიდან წამოვედი, სხვადასხვა არხის წარმომადგენლები ხშირად მთავაზობდნენ დილის გადაცემის წამყვანობას, მათ შორის იყო "იმედი", "მეცხრე არხმა" სხვადასხვა დროს ორჯერ დამირეკა, მაგრამ უარი ვთქვი, მეორედ რომ დამიკავშირდნენ, ვუთხარი, შუადღეზე მირჩევნია მუშაობა-მეთქი. ხანდახან ისე ხდება, რომ ხვდები, ამ სფეროში შენი თავი ამოწურე და გინდა სხვა საქმე აკეთო, სწორედ ეს განცდა დამეუფლა და ამიტომ წამოვედი "პირველი არხიდან", გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძალიან რთულია ყოველდღე დილის 5 საათზე ადგომა და მუშაობა.

2012 წლის ბოლოს "იმედიც" აპირებდა შუადღის გადაცემის გაკეთებას და "მეცხრე არხიც", მაგრამ ამ უკანასკნელმა დაასწრო "იმედს", შემომთავაზა მუშაობა და მეც დავთანხმდი. მივედი დირექტორთან გასაუბრებაზე და იმ დღესვე ყოველგვარი კასტინგის გარეშე გავაფორმეთ ხელშეკრულება. ჩემ თანაწამყვანებად მაშინ სხვა ადამიანები მოიაზრებოდნენ, მაგრამ ორ კვირაში რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, რადგან შალვა რამიშვილი შემოუერთდა "მეცხრე არხს", მოგვიანებით შემოგვემატა ნატა მაღალაშვილი, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს, ჩვენ ერთად ვმუშაობდით "პირველ არხზე". ასევე ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ნატა ასათიანი, მაგრამ მან საინფორმაციო გადაცემის წამყვანად გადაინაცვლა, შედეგად ამ სამ ადამიანს მიგვყავს გადაცემა.

თავიდან "ცხელი შუადღე" სრულიად აპოლიტიკური უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან ამ ყველაფერში შალვა ჩაერთო, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პოლიტიკამ, იმავდროულად ჩემი და ნატას იდეები შეერწყა, შედეგად კი მივიღეთ გადაცემა, რომელიც ყველა ასაკის მაყურებელს დააინტერესებს.

...სამივე წამყვანს გვყავს პირადი პროდიუსერი, კვირის ბოლოს მათთან ერთად ვგეგმავთ, რაზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი მომავალ სამუშაო კვირას. რასაკვირველია, ხანდახან გვიწევს გადახვევა, მაგრამ ძირითადად მაინც ვიცით, წინასწარ რაზე ვისაუბრებთ.

...მართალია, როცა ამბობენ, კამერამ მონატრება იცისო, მქონდა ორწლიანი პაუზა, მაგრამ ოჯახზე ზრუნვამ მარტივად გადამატანინა ეს ნოსტალგია. რაც შეეხება პირველ ეთერს პაუზის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ღია ეთერში ვმუშაობდი და დღესაც ამ რეჟიმში ვარ, რასაკვირველია, ვღელავდი. საერთოდ, არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი განცდა არ აქვთ ეთერში გასვლის წინ, ღელვა ყოველთვის ახლავს ეთერს; მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირველ გადაცემაზე ისე შევედით ეთერში, არაფერზე მინერვიულია, რაც ჩემი თანაწამყვანების დამსახურებაცაა, ძალიან კომფორტულია მათთან ურთიერთობა, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცი, რაზე როგორი რეაქცია ექნებათ და არ მიჭირს მათთან მუშაობა.

საეთერო იმიჯი

... ჩემს სატელევიზიო ჩაცმულობაზე ტელევიზიამ იზრუნა. სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, მხატვარმა მაკა ჩიჩუამ ინდივიდუალურად შეგვირჩია სამოსი იმის მიხედვით, ვის რა და როგორი გვიხდებოდა, თუმცა გვაქვს საშუალება, საკუთარი გარდერობიც მოვიშველიოთ. ყოველდღიურობაში ძირითადად თავისუფალ სამოსს ვატარებ, იმ შემთხვევაში, თუ წვეულებაზე არ მივდივარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები