"ახალ ტალღაზე" სალომე ქათამაძე დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს

"ახალ ტალღაზე" სალომე ქათამაძე დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს

იურმალას საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს "ახალ ტალღაზე" ქართველი კონკურსანტი სალომე ქათამაძე ეროვნულ ტურში დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალურმა პროდიუსერმა რუსა მორჩილაძემ განაცხადა, ის და სალომე იურმალაში კონკურსის დაწყებამდე 10 დღით ადრე, 13 ივლისს გაემგზავრებიან.

- იურმალაში 13 ივლისს გავემგზავრებით. კონკურსამდე 10 დღით ადრე დაიწყება რეპეტიციები, რომლის დროსაც სალომე ქათამაძესთან რეჟისორები იმუშავებენ და სასცენო იმიჯს მოარგებენ.

-  წლევანდელ კონკურსზე გარკვეული ცვლილებებია...

- წელს მართლაც ცვლილებები შევიდა ნაციონალური ჰიტების შესრულებაში. ანუ კონკურსანტს შეუძლია სხვა მომღერლებთან ერთად შეასრულოს ეროვნული სიმღერა. წელს სალომე ქათამაძე ჩემს მიერ დაწერილ სიმღერას დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად შეასრულებს. სიმღერაში ქალაქური მოტივებია და კინტაურის თემაცაა გამოყენებული.

- სალომე ინტენსიურად ემზადება საკონკურსოდ. რეპერტუარში კიდევ რომელი სიმღერები შევა?

- სალომე საერთაშორისო ჰიტების პროგრამაში BOYZ II MAN-ის სიმღერას შეასრულებს, ხოლო საავტორო სიმღერის პროგრამაში ჩემს სიმღერას შეასრულებს. მადლობა მინდა გადავუხადო სიმღერების გაორკესტრების (არანჟირება) ავტორებს, ბორიკო შხიანსა და დათო ხუბუკელაშვილს.

- თქვენთან ერთად კიდევ ვინ მოდის კონკურსზე?

- ჯერ მე და სალომე მივდივართ. შემდეგ დათო ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი მაკა საჯაია, პროდიუსერი ნატო დუმბაძე და სხვა გულშემატკივრებიც შემოგვიერთდებიან. თავისთავად იქ იქნებიან რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე. წელს ლეონიდ აგუტინის შემოქმედებითი საღამო გაიმართება იურმალაში. დუეტი "ჯორჯია" აგუტინის სიმღერას სწორედ ამ შემოქმედებით საღამოზე შეასრულებს.

მუსიკალური ფესტივალი "ახალი ტალღა" 23-28 ივლისს გაიმართება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება