სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს

სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს

"ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახარების მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სუბარის პოსტიდან გათავისუფლებას არ ჩქარობს. "ჭიდაობენ, სუბარს მინისტრობა აღარ უნდა, პრემიერს კი მისი შემცვლელი ჯერ ნაპოვნი არ ჰყავს", - აცხადებს წყარო. როდის დატოვებს მინისტრის თანამდებობას და რა მოხდა რეალურად, პატიმარ ლევან კორტავას შემთხვევაში? "ვერსიას" სოზარ სუბარი ესაუბრა.

- პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება. ამ საკითხზე გენერალურ პროკურორთანაც ინტენსიურად ვსაუბრობ... უბრალოდ, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, კორტავას საქმის ირგვლივ კითხვები რომ ამოვწუროთ, დეტალურად მოვყვები, როგორ გაიპარა შეცდომა და რატომ დაგროვდა ჩვენი მისამართით ამდენი კითხვა: ციხეში ინციდენტი 12 მაისს მოხდა, მეორე დღესვე უკვე ვიცოდით სავარაუდო სურათი. მით უმეტეს, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ პატიმარი კიბიდან დაგორების შედეგად არ გარდაცვლილა. რამდენადაც ვიცი, ლევან კორტავას სამედიცინო მომსახურებაც სწრაფად აღმოუჩინეს, თუმცა, სამწუხაროდ, იგი 23 მაისს გარდაიცვალა. ამასობაში, პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიღო განცხადება, რომ ლევან კორტავას კიბეზე ფეხი დაუცურდა და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, განსაკუთრებით, თავის არეში, მძიმე დაზიანებები მიიღო. დიახ, ეს არასწორი ინფორმაცია იყო, რომლის გასწორებაც სასწრაფოდ მოვითხოვე.

- მსგავს ინფორმაციებს ნაციონალური მოძრაობა ავრცელებდა. თუნდაც ხაშურის ინციდენტი გაიხსენეთ, როცა პოლიციაში სასიკვდილოდ ნაცემ ადამიანზე ითქვა, კიბიდან დაგორების შედეგად გარდაიცვალაო.

- ნაციონალები დღემდე ამბობენ, რომ ის ადამიანი კიბიდან დაგორების შედეგად გარდაიცვალა, ჩვენ კი ტყუილზე მაშინვე დავიწყეთ ხმამაღლა საუბარი. სხვათა შორის, აჟიოტაჟი სწორედ იმიტომ ატყდა, რომ პირველი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამინისტრომ პოზიცია შეცვალა, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით. ის ადამიანი, რომელმაც პრესცენტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და კადრების განყოფილებაში გადავიყვანეთ. ვიცი, რეალურად რაც მოხდა, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ვერ ვისაუბრებ, რადგან ვაღიარებ, ინციდენტი ჩვენ სისტემაში დაფიქსირდა და საზოგადოებაში ჩემ მიმართ უნდობლობაც დიდია. სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებს პენიტენციალურ სისტემაში ვერ გავექცევით, რადგან ციხეებში სხვადასხვა რანგის დამნაშავეები იხდიან სასჯელს. არავის ეგონოს, ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პენიტენციალურ სისტემაში 2012 წელს 60 თვითმკვლელობა და სხეულის დაზიანების 23 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

- სხვა სახელმწიფოების ნაგალითი არ არის ის არგუმენტი, რომელიც დღეს თუნდაც ლევან კორტავას ოჯახს დაამშვიდებს. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ციხეებში დაფიქსირებული არაადამიანური შემთხვევები გახდა. დღეს თქვენ წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ?

- ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები იმიტომ წააგო, რომ ადამიანებს ცოცხებითა და ხელჯოხებით აწამებდა, ავადმყოფებს არ მკურნალობდა და ათასობით ადამიანი დააინვალიდა. რამდენიმე დღის წინ ჯარშიც დაფიქსირდა თვითმკვლელობის შემთხვევა, მოსწავლეებმაც დაჭრეს ერთმანეთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინისტრი მოსწავლეებს მიზანმიმართულად აქეზებს იარაღის გამოყენებაში. მთავარია, ფაქტის დაფიქსირებისთანავე, საქმე გამოვიძიოთ და დამნაშავეებიც სათანადოდ, კანონის შესაბამისად დავსაჯოთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანზე გული შემტკივა. როცა სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვიგებ, მაქვს განცდა, რომ რაღაც დამაკლდა. სხვა რა პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, სისხლისსამართლებრივზე?

- ადრე, მსგავსი შემთხვევებისას, კოალიციის მხარდამჭერები, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მინიმუმ, მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. დღეს კი ისინი ხმას არ იღებენ. რატომ, თქვენ გეპატიებათ?

- კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთში, დღეში, ასეულობით მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ყველას დაფიქსირებისას მინისტრი თანამდებობიდან ხომ ვერ გადადგება? ნაციონალები პატიმრებს თვითონ აწამებდნენ და ფაქტებსაც საგულდაგულოდ მალავდნენ. თუ მსგავსი რამ გაგრძელდება, გეთანხმებით, მინისტრის კი არა, მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ჩვენ ეს მიმართულება არ აგვირჩევია. თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ამ სისტემაში ჩხუბს ან მსგავს ინციდენტებს ვერასოდეს გამოვრიცხავ, მაგრამ დამნაშავეები მალევე დაისჯებიან. სხვათა შორის, მაინტერესებს, რა არის საზოგადოების დაკვეთა - ციხეებში დისციპლინა და მკაცრი რეჟიმი გვქონდეს თუ ადმინისტრაციის ძალადობა აღვკვეთოთ?

- ციხეებში "დუბინკების" გარეშე დისციპლინის დამყარება მიუღწეველია... აღნიშნეთ, ბაჩო ახალაიას მეთოდების გარეშე ამხელა სისტემის კონტროლი შეუძლებელია, ჩვენ კი ეს მეთოდი არ გვინდაო. თქვენ რა მეთოდი გაქვთ შემუშავებული?

- ხშირად, დისციპლინა სწორედ უკანონო ქმედებაში მხილებული ადამიანის კანონიერად დასჯას გულისხმობს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ეს აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა იყო. როცა ბარაკის ტიპის დაწესებულებაში, გეგუთის ციხეში, ოთხი ათასი პატიმარი იხდის სასჯელს და ერთ დიდ ოთახში 600 პატიმარს ერთად სძინავს, სრული კონტროლი წარმოუდგენელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ციხეს 6 ჰექტარი ტერიტორია აქვს, სადაც მთელი დღის განმავლობაში ოთხი ათასი პატიმარი სეირნობს.

ძველი ადმინისტრაცია პატარა ციხეების ნაცვლად, "გულაგის" სტილის ბარაკებს აშენებდა. დიახ, ეს ნაციონალების შეგნებული არჩევანი იყო, რომლის საწინააღმდეგოდაც ჩვენ მივდივართ. გვინდა, ევროპული ციხეები ავაშენოთ, სადაც საკნის ტიპის ოთახები იქნება, ამასთან, ჩვეულებრივი დაწესებულებები, დასაქმების ზონებისგან გაიმიჯნება. აი, ესაა ის ცივილური გზა, რომლითაც მივდივართ და არა ის, რაც ბაჩო ახალაიას ჰქონდა არჩეული.

- სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის გადადგომამდე, თურმე თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა, რადგან "სვამთ და სამინისტრო თავზე გემხობათ". ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ყოფილი მაღალჩინოსნები იმ აუდიოჩანაწერებში საუბრობენ, რომელიც დღეს საქმეში დევს და რომელიც "ვერსიამ" ექსკლუზიურად მოიპოვა.

- სიგიჟეა მსგავსი საუბარი, რადგან ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ. არის რაღაცები, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული ვითარების შესახებ ვიცი, თუმცა ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, ეს ჩემთვის არასერიოზულია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დალევა არ მიყვარს. მაქსიმუმ, ორი ჭიქა დავლიო. ასე გრძელდება უკვე ბოლო 15 წელია.

- არადა, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, შეზარხოშებული სოზარ სუბარი საზოგადოებას კარგად ახსოვს.

- მაშინ დათრობა კი არა, მერწმუნეთ, კვირების განმავლობაში, სასმელი თვალითაც არ მინახავს. თუ რაღაც ვიხუმრე, ეს სიმთვრალეს არ უნდა მივაწეროთ. წარმოიდგინეთ, ჟურნალისტმა მკითხა, გუბაზის ნათქვამზე რას იტყვითო. ეს კითხვა სერიოზულად რატომ უნდა მიმეღო? ასე რომ, არჩევნებამდე რაზეც ლაპარაკობდნენ, გურამ დონაძის მიერ აგორებული პროპაგანდა იყო.

- "ვერსიას" კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან წასვლა გსურთ და ამის შესახებ პრემიერსაც უკვე აცნობეთ. ბიძინა ივანიშვილი კი, ჯერჯერობით, პოსტზე დარჩენას გთხოვთ. რატომ გადაწყვიტეთ 8 თვეში თანამდებობის დატოვება?

- ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი მისია სისტემაში უკვე შევასრულე და გავაკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა - პენიტენციალურ სისტემას უფლებადამცველის ხელი დაეტყო. რეფორმების პირველი ნაწილი უკვე განვახორციელე, სისტემა გაადამიანურდა და ახლა სიამოვნებით მოვკიდებ ხელს სხვა საქმეს.

- მისია თუ შესრულებულია, გამოდის, თანამდებობიდან მიდიხართ?

- მეამაყება, რომ თუ ადრე, ციხეებში დღეში 15 ადამიანი კვდებოდა, მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან დღემდე, მხოლოდ 11 შემთხვევა დაფიქსირდა, მერწმუნეთ, ეს დიდი წარმატებაა. საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა "ცე" ჰეპატიტით დაავადებულთათვის და ამ მიმართულებითაც საამაყო ბევრი მაქვს, თუმცა უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ჯერჯერობით, მინისტრი ვარ და საკმაოდ აქტიურადაც ვმუშაობ.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა