ლენუკა ყიფშიძის სინანულის ათი წელი

ლენუკა ყიფშიძის სინანულის ათი წელი

"31 წლის მოდელი ლენუკა ყიფშიძე მიიჩნევს, რომ დროა, ძველი თაობის წარმომადგენლებმა პოდიუმი ასაკით პატარებს დაუთმონ და ალბათ ამიტომაც, ამ ეტაპზე მხოლოდ ფოტოკამერის წინ პოზირებს სიამოვნებით. ლენუკა ცხოვრების 10-წლიან დანაკარგსა და მონაპოვარზე, შვილსა და ძმისშვილზე გვესაუბრა...

- ამჟამად საქართველოში "ჯომა სპორტის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ. ვინაიდან სპორტულ დარბაზში ხშირად დავდიოდი, შემომთავაზეს, - "ჯომას" სახე ხომ არ გახდებიო? ეს ესპანური ბრენდია, მე კი საქმეში რამდენიმე თვის წინ ჩავერთე. ჯერჯერობით, მხოლოდ მძლეოსნებს, მოჭიდავეებსა და ფეხბურთელებს ვმოსავთ. სხვათა შორის, ამ ბრენდის ტანსაცმელი "ვალენსიას" გუნდს აცვია.

- სამოდელო სფეროს ჩამოშორდი?

- ფოტოსესიებში ვმონაწილეობ. ამ ეტაპზე ჩემთვის კამერასთან მუშაობა უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე - პოდიუმზე გავლა, თან - იმასაც ვფიქრობ, რომ დროა, "ძველებმა" პოდიუმი ახალ თაობას დავუთმოთ (იცინის).

- ოჯახი რამდენი წლისამ შექმენი?

- 18-ის გავხდი თუ არა, გავიპარეთ. მშობლებმა იცოდნენ, რომ სანდროს ვხვდებოდი. მაშინ, როცა გათხოვების გადაწყვეტილება მივიღე, არ მიფიქრია იმაზე, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ ბევრ რამეს მოვწყდებოდი...

- რას გულისხმობ?

- პირველ რიგში, სწავლას ვგულისხმობ; მე ის პერიოდი დავკარგე, რომელიც ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომღაც, მოხდა ისე, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან "ჩავიკეტე". ახლობლები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, - ცოცხალიაო?! ბავშვზე იმდენად გადავერთე, ისე ფანატიკურად ვუვლიდი, რომ თავად ვერც ვხვდებოდი, ლაღ ცხოვრებას, სწავლას რომ მოვწყდი. მოკლედ, 20-დან 30 წლამდე პერიოდი უბრალოდ, დავკარგე... მინდა, რაც საკუთარ თავს დავაკელი, ჩემს შვილსა და ძმისშვილში, ნატალიაში "ჩავდო". მათ გამუდმებით იმას ვუმეორებ, რომ ყოველი დღე, ყოველი წუთი უნდა გამოიყენონ... ისე, ჩემმა დიდმა ბებიამ დიდ ასაკში, მეორედ ჩააბარა უნივერსიტეტში და აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, რომ სწავლა არასდროსაა გვიან. ჰოდა, ამჯერად ინგლისური ენის დახვეწას ვაპირებ.

- საკმაოდ პატარა ასაკში გახდი დედა...

- ბავშვის დაბადება უდიდესი სასწაულია! ასეთ დროს ქალს ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს საოცრება შექმენი და მეც, საკუთარი თავი დედამიწაზე ყველაზე მაგარი მეგონა. მახსოვს, როცა ნიკუშას პირველად დავხედე, შოკში ჩავვარდი, მაგრამ ხმა რომ გავიგონე, სულ გადავირიე (იცინის). ის, ვინც ბავშვს საკეისროთი აჩენს, ამ განცდას მოკლებულია. ისე, რომ დააკვირდე, კარგად ხარ თუ ცუდად, სულ დედას ახსენებ: "ვაიმე, დედა!" "დედა, რა კარგია!" გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, დღეში რამდენჯერ ვამბობთ ამ სიტყვას... დედობა ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია. იმ პერიოდში იმდენად ვიყავი ბავშვზე გადართული, რომ ამან ქმართან ურთიერთობაზეც იქონია გავლენა. გული მწყდება, კიდევ ერთი შვილი რომ არ მყავს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გავლილ 10 წელიწადს დაკარგულად მივიჩნევ, ესეც არის. ვერ გადავწყვიტე, რა მინდოდა, ჩამოუყალიბებელი ვიყავი და ამასობაში, დრო თვალსა და ხელს შუა გამეპარა. თუმცა, იმ ათმა წელმა ბევრი რამ მასწავლა, ძალიან შემცვალა და თვალი ამიხილა, ბევრი რამის გადაფასება მოხდა ჩემში.

- შეგიძლია თქვა, რომ დედობამ შენს ცხოვრებაში რაღაცები "შეიწირა"?

- დედობას არაფერი შეუწირია, პირიქით - ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა დედა გახლავართ. უცხო ადამიანები ნიკუშას ჩემს შვილად ვერ აღიქვამენ და ზოგჯერ მეც მავიწყდება, რომ ჩემი შვილია, და-ძმასავით ვართ. დედა, მამა, ყოფილი დედამთილ-მამამთილი მეხმარებიან მის აღზრდაში.

- შვილთან მკაცრი ხარ?

- ძალიან მკაცრი ვარ. არ ვამბობ, რომ ჩემი უნდა ეშინოდეს, მაგრამ შვილთან, მით უმეტეს - ბიჭთან სიმკაცრე აუცილებელია. რაღაც პერიოდი ხშირად ვჩხუბობდით, ახლა კი მეგობრულად ვსაუბრობთ. მის რჩევებსაც ვითვალისწინებ. ძალიან მინდა, და ჰყავდეს, რადგან ვფიქრობ, რომ დაძმობა განსაკუთრებული ფენომენია... ნიკუშა ცურვაზე დადის; ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ დროებით შევწყვიტეთ.

- შენ თქვი, რომ ნატალია შვილივით გიყვარს...

- ის ერთი კვირა დედასთან არის, ერთი კვირა - ჩვენთან და ამ დროს ოჯახში სამი მეგობარი ვართ - მე, ნიკუშა და ნატალია. წარმოიდგინეთ, ზოგჯერ "დეს" მეძახის და ასეთ დროს ვგიჟდები ხოლმე. როცა შვილის მომავალზე ვფიქრობ, იქვე ნატალიაზეც მეფიქრება. ჩემი შვილი და ძმისშვილი ერთად გაიზარდნენ: 12 წლისანი არიან, ერთ კლასში სწავლობენ, ერთმანეთს "დასა" და "ძმას" ეძახიან. უნდა ნახოთ, როგორ უვლის ნატალია - მათი ყურებისას მეღიმება. დიდ ბებიას - ელენეს მახსენებს საუბრის მანერით, მიმიკებით...

- ნიკუშა ბერას კლიპში როგორ მოხვდა?

- ნატალიას და ნიკუშას ბერა ძალიან უყვართ. სოციალურ ქსელში მოგვწერეს, - გვინდა, ნიკუშა კლიპში გადავიღოთო. რა თქმა უნდა, შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით.

- ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება არ მიეცა?

- კი, ასეთი რაღაცებიც თქვეს. მგონია, რომ ხელოვნება და პოლიტიკა სხვადასხვა რამ არის.

- სპორტულ დარბაზებს, სილამაზის სალონებს ხშირად სტუმრობ?

- ყოველდღე სალონში სიარული და სპა-მასაჟები ჩემი ცხოვრების სტილი არ არის, ამის არც საშუალება მაქვს. უბრალოდ, ძალიან მიყვარს თავის მოვლა. ელენე მასწავლიდა, როგორ უნდა მიმეხედა სახის კანისთვის. ცხოვრების ჯანსაღი წესიც მიწყობს ხელს იმაში, რომ კარგად გამოვიყურებოდე: სიგარეტს არ ვეწევი, ყავასაც იშვიათად ვსვამ. ერთადერთი, რასაც ვერ ვახერხებ, ეს ადრე დაძინება და კვების რეჟიმის დაცვა გახლავთ.

- ნიკუშას და ბაბუას როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ზურა ფეხბურთის "მანიაკია". როცა ტელევიზორში მატჩი გადის, ბავშვი ოთახიდან გაჰყავს და ერთად უყურებენ. ნიკუშა ფეხბურთში კარგად ერკვევა... ოჯახში მეუბნებიან, - თუ გათხოვდები, ბავშვს არ გაგატანთო. ზურა იმასაც დასძენს ხოლმე: არ უნდა გათხოვდე; ხომ იცი, ჩვენ ერთმანეთს უნდა შევაბერდეთო (იცინის)...

- დასასვენებლად შვილთან ერთად მიდიხარ ხოლმე?

- ძალიან მიყვარს შვილთან ერთად დასვენება. ნიკუშას გარეშე სიცარიელეს ვგრძნობ. საერთოდ, ის უპრობლემო ბავშვია.

- თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი რომ გამოჩნდეს...

- (მაწყვეტინებს) ნიკუშა უკვე იმ ასაკშია, რომ ვალდებულიც ვარ, მას ამის შესახებ აზრი ვკითხო. მამაკაცმა, რომელთან ურთიერთობასაც გადავწყვეტ, ჩემი შვილიც უნდა შეიყვაროს, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ მასთან ურთიერთობა მეც არ მომინდება!

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება