"ქალი პრეზიდენტი და ლიდერი საქართველოში თამარ მეფის მერე არ ყოფილა!.."

"ქალი პრეზიდენტი და ლიდერი საქართველოში თამარ მეფის მერე არ ყოფილა!.."

ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მისი თქმით, გაუგებარი აღმოჩნდა კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა. "ღირსეული პრეზიდენტობისთვის საკმარისი არ არის, პრემიერ-მინისტრთან მეგობრობდე და ამიტომ გერგოს ქვეყნის პირველი პირის მანდატი..." - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი და მიაჩნია, რომ მისი შანსები რეალურია...

- როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები დაიწყო, გადავწყვიტე, ჩემი წვლილი მეც შემეტანა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ფავორიტი გამოიკვეთება: პირველი მმართველი კოალიციიდან და მეორე - "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელსაც, თუნდაც ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზული შანსი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესებში სხვა პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, 96%-იანი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსვლის დრო წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. ასე არჩეულ ლიდერებს ან სამხედრო შეიარაღებული ჯგუფით ვიშორებთ, ან რევოლუცია ხდება, ან მისი რეიტინგი 12%-მდე ვარდება, მერე კი ქუჩაში დავდევთ. ამასთან, მე დიდი მოთმინებით ველოდებოდი და ვაკვირდებოდი, როგორ გაგრძელდებოდა პოლიტიკური პროცესები ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და მართალი გითხრათ, ძალიან გავოცდი, როდესაც დღეს უკვე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარმოადგინა. მე მის, როგორც კოლეგის, მეცნიერის ან, გნებავთ, დამწყები პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა დაესახელებინათ ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ვინმეს წარმოუდგენია მისი პერსონა პოლიტიკური ბექგრაუნდის გარეშე?!.

- მიგაჩნიათ, რომ მას მცირე შანსები აქვს?

- დიახ, ოღონდ მე ვამბობ "ქართული ოცნების", კონკრეტულად, მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ძალიან მაწუხებს ეს პოლიტიკური რეალობა, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯოხიც რომ წამოაყენოს, მას უკვე დიდი შანსი აქვსო. რა გამოცდილება აქვს მარგველაშვილს, ის, რომ ფილოსოფოსია და ირონიული იუმორი აქვს?.. ასეთი ფსიქოტიპის პრეზიდენტი საქართველოს საკმაოდ ძვირად დაუჯდება. არ მიწყინოს, რომ ასე ვარ მის მიმართ განწყობილი. ალბათ კიდევაც ულოცავენ უკვე პრეზიდენტობას, მაგრამ ეს არ არის გიორგის მიერ განვლილი გზის დამსახურება და თავად ყველაზე კარგად ეცოდინება. მე, როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც ახალი კონსტიტუციით, სულაც არ არის ისეთი უუფლებო, როგორადაც მას დღეს მავანი ექსპერტი ან სულაც კოალიცია წარმოაჩენს. დღესაც და ხვალაც, საქართველოში პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოსტად რჩება. ამიტომაც ამ პოსტზე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მოსალოდნელი კრიზისების განმუხტვა შეუძლია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი შანსები როგორია?

- ასეთ პირობებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი მაქვს, თუმცა ჩემი შანსი პროცენტებსა და ციფრებში არ გამოიხატება, ისევე, როგორც ემოციური რეიტინგებით არ განისაზღვრება. პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატისთვის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, ისიც შიგადაშიგ... ყველასგან განსხვავებით, ჩვენ უკვე შევქმენით პრეცედენტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის ადამიანი, რომელსაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. არადა, რეალობა გვაქვს ასეთი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ასეთ შემთხვევაში, მე მაქვს საშუალება, საქართველოს მთავრობასა და ჩვენს აფხაზსა და ოს ძმებს საუკეთესო გამოსავალი შევთავაზოთ...

პრეზიდენტის გამოცდილებაზე, კომუნიკაციაზე, მის კავშირებსა და უნარებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, ამიტომაც, როდესაც გავიგე, რომ ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილი წარადგინეს, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის მეც მებრძოლა. თუმცა ვაცნობიერებ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართველი ერის ემოციურ დამოკიდებულებას და შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის პოტენციალს, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შესაძლოა, ჩემმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს. არადა, ახლა ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდები.

- შესაძლო დამარცხებას გულისხმობთ?

- ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ქართველი საზოგადოებისთვის ნესტან კირთაძეს გამორჩეული სათქმელი აქვს. ჩემი გამორჩეულობა ჩემი საქმიანობით არის გამყარებული, კერძოდ, ჩემი ღვაწლით ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტად მუშაობისას. ასე რომ, ჩემი შანსები ძალიან რეალურია, მაგრამ მე ამ არჩევნებში პროცენტებს არ ვითვლი, მთავარია, მომეცეს ის პლატფორმა, რაც ჩემი საქმიანობის მიმართულებით მჭირდება. კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატით გასამართ შეხვედრებს ვგულისხმობ. მე მაქვს ახლო კავშირები პარიზში პოლიტიკურ-ეკონომიკურ და დიპლომატიურ წრეებთან, ასევე ბრიუსელსა და ბერლინში. მქონდა ორი ოფიციალური შეხვედრა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ლიდერებთან და ამას წინათ გავგზავნე ოფიციალური წერილი აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან, ჩემს სამშვიდობო ინიციატივაზე.

- რა გიპასუხათ ალექსანდრე ანქვაბმა?

- დიპლომატიური პასუხი გამცა, რომ მიიღო ჩემი წერილი და შემპირდა, რომ გაეცნობოდა... ასე რომ, მე მაქვს შანსი, მთელი საპრეზიდენტო კამპანიის, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით ასეთივე დიალოგი წარვმართო მათთან, აფხაზებსა და ოსებს ვგულისხმობ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა