როგორ გადაურჩა ნატა ბერეჟიანი მძარცველს

როგორ გადაურჩა ნატა ბერეჟიანი მძარცველს

მსახიობ ნატა ბერეჟიანს ფიცხი ხასიათი აქვს - გურული გახლავთ. სამაგიეროდ, წყენა მალე ავიწყდება. არ უყვარს "შხამიანი" ფერები - ისეთი ცისფერი და მწვანე, რომლებიც მასში საავადმყოფოს კედლების ასოციაციას იწვევს. ჭამა ძალიან უყვარს, მაგრამ არ მოსწონს მაწვნის "სუპი". მისი ცხოვრების მიზანი პროფესიული წინსვლა და შვილის კარგ ბიჭად (და არა - "კაი ბიჭად") აღზრდა გახლავთ.

- ვთქვათ, გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ დედამიწაზე მარტოდმარტო ხარ...

- ვაიმე, ალბათ, ძალიან შემეშინდება. საერთოდ, მშიშარა ვარ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცევი. სადმე კუთხეში, მარტოობაში მოვკვდები (იცინის)...

- რეალურ ცხოვრებაში სახიფათო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- კი. დაახლოებით 10 წლის წინ, სადარბაზოში მძარცველი დამხვდა და ყელზე დანა დამადო. აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია მქონდა: შიშისგან ძალიან აქტიური გავხდი, აბსურდულ რაღაცებს ვეუბნებოდი: "გარაჟებისკენ" არ გამოგყვები, რადგან ტალახია, მე კი ახალი გარეცხილი "ჯინსები" მაცვია და არ მინდა, დამესვაროს-მეთქი (იცინის). სისულელეებს ვლაპარაკობდი. ისიც ვუთხარი, - ცუდი ფეხი გაქვს: 16-სართულიან კორპუსში ყველაზე გაჭირვებულს შეხვდი, 80 თეთრის მეტი ჯიბეში მაინც არ მიდევს. ცუდი ქურდი ხარ, სახეზე დაგიმახსოვრებ და ადრე თუ გვიან, მაინც ამოგიცნობ. ზუსტად ვიცი, არ მომკლავ. ჩემი მოკვლა რომ გნდომოდა, დანას თავიდანვე დამარტყამდი-მეთქი. ამ ყველაფერს პაუზის გარეშე ვლაპარაკობდი. მძარცველი ნასვამი იყო. მერე ლაპარაკი თავადაც დაიწყო: მხატვარი ვარ, აკადემია დავამთავრე, მაგრამ გამიჭირდაო... კიბეზე ვინმე თუ ჩამოივლიდა, სხვებს რომ არ შევენიშნეთ, დანას მუცელზე მადებდა. მთელი 3 საათი (ღამის 2 საათამდე) სადარბაზოში ვისხედით. შიშის შეგრძნებაც აღარ მქონდა. ბევრი ვილაპარაკეთ. თითქოს, დიდი ხანია, ვიცნობდი. თავდაპირველად, ოქროს სამაჯური წამართვა, ბოლოს უკან დამიბრუნა და მითხრა: მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ შენნაირი არანორმალური არასოდეს შემხვედრია. შენ რა უნდა წაგართვა? რამე ღირებული რომ მქონდეს, იმასაც გაჩუქებდიო (იცინის). სახლამდე გაცილება შემომთავაზა, რადგან სხვა სადარბაზოში ვცხოვრობდი. უარი ვუთხარი. ამ უბანში ხელს არავინ გახლებსო, - დამპირდა. ჩვეულებრივად წამოვედი, მაგრამ ლიფტის კარი რომ დაიხურა და მივხვდი, მართლა მარტო ვიყავი, ძალიან ცუდად გავხდი: ისე ვკანკალებდი, არაფერმა მიშველა. მთელი ღამე ვერ მაჩერებდნენ. დარწმუნებული ვარ, იმ ქურდს შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ვეგონე (იცინის). იმ ამბის მერე, დაახლოებით 6 წელი სადარბაზოში მარტო ვერ შევდიოდი.

- პატრიოტი ხარ?

- საქართველოში რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა, მაგრამ ზოგადად, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს.

- ვთქვათ, საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებენ, რომ ნატალია ბერეჟიანი სამშობლოს ღალატშია ბრალდებული და იძებნება...

- ძალიან ბევრს ვიცინებ! არ ავღელდები, საერთოდ არ შევშფოთდები. ზუსტად ვიცი, რაში შეიძლება დამადანაშაულონ და რაში - არა. საინფორმაციო გამოშვებებში იმდენ აბსურდულ რაღაცას აცხადებენ, რომ ალბათ, სხვებიც ბევრს იცინებენ.

- ავტომობილი გყავს?

- არა, მაგრამ ხანდახან დედამთილის ავტომობილს ვმართავ ხოლმე.

- ვთქვათ, ავტომობილის მართვისას პატრულის თანამშრომელი გიყვირის: რომ გადახვალ, გააჩერეო.

- მსგავსი შემთხვევა მართლა მქონდა. საჭესთან ტელეფონზე ვლაპარაკობდი. პატრულის თანამშრომელმა დამიძახა, - მანქანა გადააყენეთო. სერიოზული სახით მოვიდა. ფანჯარა ჩავწიე. - ვიცი, კანონი დაარღვიეო, - მითხრა და უცებ, ამღერდა, - "რომ გადახვალ, გააჩერეეე" (იცინის)... ბევრი ვიცინე. არ დამაჯარიმა, მაგრამ მთხოვა, - მეორედ ასე არ მოიქცეო. მას შემდეგ მობილურ ტელეფონს ყურსასმენები გავუკეთე, - ანუ ჭკუა ჯარიმის გარეშეც ვისწავლე.

- ვთქვათ, პატრულის თანამშრომელი ავტოგრაფს გთხოვს, მერე კი თანამშრომლებს ურეკავს, - მოდით, ციცინიე გავაჩერეო. ძალიან გეჩქარება, მაგრამ პოლიციელებისთვის ავტოგრაფები გაქვს დასარიგებელი. როგორ მოიქცევი?

- არასოდეს არსად ვაგვიანებ - ყველაზე მეტად დაგვიანება მეზიზღება. არის სიტუაციები, როცა შეიძლება, არც მწვადი დაწვა და არც - შამფური (იღიმის). ვფიქრობ, 10 წუთი არ დამღუპავს: არც საქმეს გავიფუჭებ და არც სხვებს დავწყვეტ გულს.

- საზოგადოებაში განსაკუთრებულად პოპულარული შენ მიერ განსახიერებული რომელი პერსონაჟია?

- ალბათ - ციცინო. დიდი ხანია, რაც სერიალი - "გოგონა გარეუბნიდან" ეთერში არ გადის, მაგრამ ციცინო დღემდე ახსოვთ. ამ პერსონაჟზე უხეშად არავის არაფერი უთქვამს, ყოველთვის დადებითად აფასებენ.

- ვთქვათ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა მაყურებელმა სცენაზე ყვავილების ნაცვლად, საზამთრო მოგართვა...

- (იცინის) კულისებში შევალ, საზამთროს გავჭრი და გემრიელად მივირთმევ. არ მიყვარს, როცა სცენაზე ყვავილები მოაქვთ.

- ვთქვათ, მეუღლე გეუბნება, რომ გადაწყვიტა, შენი მენეჯერი გახდეს...

- გამიკვირდება. რთული იქნება, 24 საათი ჩემი საქმეები აგვაროს. ვეტყვი: ჯობია, ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ, საღამოს კი ერთმანეთს მონატრებულები შინ შევიკრიბოთ-მეთქი.

- მაგრამ თუ დაიჟინებს, რომ შენი მენეჯერობა სურს, შეიძლება, ამის გამო უთანხმოება მოგიხდეთ?

- უთანხმოების მიზეზი ყველაფერი შეიძლება, გახდეს. მთავარია, სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზარდოს. მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს.

- შენი ოჯახის შესახებ მოგვიყევი...

- მეუღლე და 7 წლის ვაჟი - დათუნა მყავს. ქმრის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ. ისინი გადასარევი ადამიანები არიან. ბევრი მიიჩნევს, რომ ცოლ-ქმრისთვის ცალკე ცხოვრება კარგია. ალბათ, ასეა, მაგრამ დედამთილ-მამამთილთან ცხოვრებით დისკომფორტი არ მექმნება, პირიქით - ყველაფერში მეხმარებიან.

- უჩინარი რომ იყო, რას გააკეთებდი?

- ძალიან ბევრ ცუდ რაღაცას (იცინის).

- მაგალითად?

- ალბათ, მეორე დილას ბევრი ფულით გავიღვიძებდი.

- ფულის შოვნას არაკანონიერი გზით აპირებ?

- ალბათ, ჩვენს ინტერვიუს ასეთი სათაური ექნება: "ნატა ბერეჟიანი არაკანონიერი გზით გამდიდრებას აპირებს". კი, ასე იქნება, დარწმუნებული ვარ (იცინის)! ჰოდა, გეტყვით, რომ - არა, დიდი თანხის მოპოვებას კანონიერი გზით ვაპირებ!

- როგორ?

- რომ გითხრა, მერე შენც იშოვი ფულს... ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს, თუ როგორ იშოვიდა ფულს, უჩინარი რომ იყოს; ალბათ, თავში ცოტა არ იყოს, ცუდი აზრები გაუელვებთ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება