რუსეთის საზმაუწყებელმა პუტინის განქორწინების შესახებ ხუმრობის გამო გადაცემა დახურა

რუსეთის საზმაუწყებელმა პუტინის განქორწინების შესახებ ხუმრობის გამო გადაცემა დახურა

რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (ОТР) გადაცემა "სოციალური ქსელი" მას შემდეგ დახურა, რაც ეთერში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მეუღლის განქორწინების შესახებ იუმორისტული სიუჟეტი გავიდა. გადაცემის წამყვანები უახლოეს მომავალში ტელეარხს დატოვებენ.

გადაცემის ავტორთა ჩანაფიქრით, პუტინის შესახებ გადაცემაში მაყურებლისთვის საიტ mashable.com-ზე გავრცელებული ფოტოები უნდა ეჩვენებინათ, რომელთა განთავსებაც, წამყვანების აზრით, პრეზიდენტს გაცნობის საიტზე შეეძლო, თუკი ის ცხოვრების ახალი თანამგზავრის მოძებნას ინტერნეტით დაიწყებდა. საუკეთესოთა შორის მოხვდა პუტინის ფოტო ძაღლებთან ერთად, კოლეგებთან, ცხენზე, დელტაპლანზე და ხეზე.

ჟურნალისტმა ვლადისლავ სოროკინმა, რომელიც გადაცემა "სოციალურ ქსელს" ეკატერინა ვორონინთან ერთად უძღვებოდა, "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სიუჟეტი ეთერიდან მოხსნეს და გადაცემა დახურეს. ამის შემდეგ მათ არხიდან წასვლა არჩიეს.

ცოტა ხნის წინ ОТР-ზე კიდევ ერთი სკანდალი მოხდა. იმავე გადაცემაში სერგეი სობიანინის გადადგომასთან დაკავშირებით გასული ხუმრობა მოსკოვის ვეცე-მერს არ მოეწონა.

"მე და ჩემმა კოლეგამ გადაცემა ჩავწერეთ, სადაც იუმორით და, ჩემი აზრით, შესანიშნავად განვიხილეთ სობიანინის გადადგომა. მოგვიანებით ОТР-ს ხელმძღვანელობას ვიცე-მერი დაუკავშირდა და გააკრიტიკა. დღეს კი Mashable-ით შთაგონებულებმა мамбы.ру-სთვის პუტინის ფოტოების ვიდეო-ვერსია შევქმენით. გადაცემა ეთერიდან მოხსნეს. მაგარია! ასე განაგრძეთ! მაგრამ უკვე ჩვენს გარეშე. შეთანხმებისამებრ, 30 ივნისამდე ვიმუშავებთ და შემდეგ ნახვამდის!", - წერს სოროკინი.

არხის გენერალურმა დირექტორმა ანატოლი ლისენკომ "სოციალური ქსელის" განცხადება იმის შესახებ, რომ გადაცემა პუტინზე ხუმრობის გამო დახურეს, უარყო.

"ეს ყველაფერი ტყუილია, არაფერი დაგვიხურავს. გადაცემის წამყვანები თავს გმირებად ნუ წარმოაჩენენ და ნუ ცრუობენ!", - განაცხადა ლისენკომ. მისი თქმით, გადაცემა ტექნიკური მიზეზებით მოუმზადებელი იყო.

რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა 2013 წლის 19 მაისს დაიწყო. მისი შექმნის ინიციატივით 2011 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოვიდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები