კონსტანტინე გამსახურდია - ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფასურის გადახდას ანგარებად ნუ მოვნათლავთ

კონსტანტინე გამსახურდია - ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფასურის გადახდას ანგარებად ნუ მოვნათლავთ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ავღანეთში ქართული მისიის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"უკანასკნელ ხანებში ჩვენ საზოგადოებაში წარმოიშვა დისკუსია ავღანეთში ქართული სამხედრო მისიის არსებობასთან დაკავშირებით. მსხვერპლმა ეს დისკუსია კიდევ უფრო გაამწვავა.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიისთვის თვალის გადავლება სავსებით საკმარისია პარალელების მოსაძებნად. ახალი და განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება.

ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი მონაწილეობდა თავისი ჯარით სინდთა (ანუ ინდოეთის) მეფის წინააღმდეგ სასანური ირანის ჯარებთან ერთად. ამ კონტრიბუციას მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო-პოლიტიკური ბალანსისთვის და ქართული სამეფოს დამოუკიდებლობისთვის. ქართული ჯარები ამის შემდგომ მონაწილეობას იღებდნენ არაბებთან ერთად სხვადასხვა სამხედრო კამპანიებში, ისინი იბრძოდნენ მდინარე ჰალისთან, ანატოლიაში ბიზანტიის გადასარჩენად თორნიკე ერისთავის წინამძღოლობით, მოგვიანებით მონღოლებთან ერთად ეგვიპტესა და ირანში. როდესაც მონღოლები ისტორიის ასპარეზიდან გაჰქრნენ, ქართველებს ვხედავთ სეფიანთა ირანის მმართველებთან ერთად იგივე ინდოეთის, ავღანეთის, ერაყის, ოსმალეთის სამხედრო კამპანიებში. აქ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის მმართველთა პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო და უმეტესწილად მიზნად ისახავდა ქვეყნისთვის უსაფრთხოების ფაქტორების გაძლიერებას. ჯარიც ასეთ კამპანიებში ცხადია, იწვრთნებოდა.

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს მონაწილეობაზე რუსეთის სამხედრო წამოწყებებში, თუნდაც ნაპოლეონურ ომში პეტრე ბაგრატიონთან ერთად, რისი შედეგიც იყო მშვიდობა და წესრიგი ევროპაში ვენის სამშვიდობო კონგრესის შემდგომ. ხანგრძლივ ვადებზე საქართველოს წვლილი აქაც მხედველობაში იქნა (და უფრო მეტადაც იქნება) მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება - დამოუკიდებლობა ხომ აღარც გვქონდა. იგივე ითქმის ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე პირველ და მეორე მსოფლიო ომებში რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მხარეზე - ქართულ წვლილს დღევანდელი მშვიდობის მიღწევაში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ დაამცრობს.

როდესაც ქვეყნის უსაფრთხოება გარკვეულწილად დამოკიდებულია მსოფლიო პოლიტიკის დიდ მოთამაშეებზე (და არავინ არ უარყოფს, რომ რუსეთიც ასეთი დიდი მოთამაშეა) კეთილი ვინებოთ და ამ მხრივ საფასურის გადახდას სიგიჟედ და ანგარებად ნუ მოვნათლავთ", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: ცოტნე გამსახურდია - "ნუ ამადლით თქვენს სისხლს და დოლარებს ნურავის"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს