გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს"

 გიგი უგულავა - "დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს"

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს "ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად" არ დათმობს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ არც საქართველოს და არც რუსეთის მთავრობა აკონკრეტებენ, რა იგულისხმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვის გარეშე.

"თვითმფრინავი აქამდეც დაფრინავდა და ადამიანებს წასვლის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ. თუ ურთიერთობის აღდგენაში ვგულისხმობთ მხოლოდ ციტრუსის და ღვინის შეტანას, არა მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს ეს აფხაზეთის დაკარგვის საფასურად მიაჩნდეს. ამიტომ აქამდე ერთი ნიშანდობლივი რამ იყო - მთავრობა საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე, მაგრამ არასოდეს აკონკრეტებდა, რა არის ამის საფასური. დღეს რუსეთმა გადადგა ნაბიჯი და თქვა - ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ამის საფასური იქნება, რომ დათმოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ვთვლი, ეს ის საფასურია, რომელსაც ქართველი ხალხი არასოდეს გადაიხდის, რადგან ეს არის ხარკი და ჩვენ ხარკს არასოდეს გადავიხდით. დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო წართმეულია, ოკუპირებულია და ასეთად დარჩება, ვიდრე არ გათავისუფლდება", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერის აზრით, ვიდრე ეს პრობლემები არ მოგვარდება, რუსეთთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება შეუძლებელი იქნება.

"ან უნდა დავთმოთ, ან ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა, თუნდაც ეკონომიკური სარგებლის ფასად, თუნდაც ღვინის, მანდარინის ან მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს", - აღნიშნა უგულავამ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე russia today-სთან ისაუბრა. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენა სურს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. ვლადიმერ პუტინი რუსეთში ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესვლასაც მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"