მარიტა როხვაძე: "ზურასგან განსხვავებით, საოცრად ეჭვიანი ვარ"

მარიტა როხვაძე: "ზურასგან განსხვავებით, საოცრად ეჭვიანი ვარ"

მარიტა როხვაძე და ზურა ნიქაბაძე სამი წელია, შეყვარებულები არიან. ზურა ამერიკაში, ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს, საქართველოში ყოფნას კი მხოლოდ ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე ახერხებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიტა შეყვარებულს დაშორდა და რომანი ერთ-ერთ მოდელთან გააბა. ისიც თქვეს, რომ მომღერალი თავის ახალ რჩეულთან კოცნას სახალხოდაც არ მოერიდა, მაგრამ ჭორიკანებს იმედი მინდა გავუცრუო, რადგანაც რამდენიმე დღის წინ წყვილი ისევ ერთად შევნიშნეთ და როგორც თავად გვითხრეს, ერთმანეთი ძველებურად უყვართ.

ზურა:

- ჩემთვის აბიტურიენტობა ბევრ უძილო ღამესა და მასწავლებლებთან წანწალთან ასოცირდება, მაგრამ ამ პერიოდში სასიამოვნო რაღაცაც მოხდა - მარიტა გავიცანი; ქართულ ენაში ერთსა და იმავე პედაგოგთან ვემზადებოდით. გაცნობიდან სულ მალე შევატყვე, რომ მოვწონდი. ის პერიოდი იმდენად ტკბილად მაგონდება, რომ დღემდე ზუსტად მახსოვს, მას პირველად რომელ დღეს, რომელ საათზე შევხვდი, რა დროს რა ეცვა და ა.შ.

მარიტა:

- ერთი და იმავე ეკლესიის მრევლი ვიყავით და ვიდრე ახლოს გავიცნობდი, ტაძარში მყავდა შემჩნეული. ის ყველასგან გამორჩეული იყო და ცხადია, დანახვისთანავე მომეწონა. ერთხელ ჩემმა დეიდაშვილმა შეამჩნია, თვალი ზურასკენ რომ გამირბოდა და მითხრა: - ეგ ბიჭი ჩემი მოსწავლეაო... არ მიყვარდა ის დღეები, როცა ქართული ენის გაკვეთილი არ გვქონდა და მას ვერ ვნახულობდი. დავინახავდი თუ არა, რაღაცნაირად ვმშვიდდებოდი.

- პირველად როდის გითხრა, - მიყვარხარო?

- პირველად სიყვარულში თავად გამოვუტყდი (იღიმის).

ზურა:

- როცა გადაწყდა, რომ სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში უნდა წავსულიყავი, ქართული ენის პედაგოგთან საგანში მომზადებაზე უარი ვთქვი, მაგრამ მასწავლებელს გამოვუცხადე: - მართალია, არ ვისწავლი, მაგრამ თქვენთან მაინც ვივლი-მეთქი... რატომღაც, საქართველოში ფიქრობენ, რომ გოგომ ბიჭს სიყვარული არ უნდა აუხსნას. მე კი მარიტას "სასიამოვნოდ" ვაწვალებდი და მჯეროდა, რომ ბოლოს სიყვარულში აუცილებლად გამომიტყდებოდა. ამას განა იმიტომ ვაკეთებდი, რომ თავს ვიფასებდი, უბრალოდ, მიყვარს მისი ემოციები და ამ ყველაფრით ვტკბებოდი. სულ რაღაც 1 კვირის შეყვარებულები ვიყავით, როცა ამერიკაში წავედი.

- ალბათ ძალიან რთული იყო დაშორება, არა?

- სასწავლებლად დეკემბერში გავემგზავრე და 7 თვე მომიხდა იქ დარჩენა. რთულია საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა, მაგრამ სიშორეს დადებითი რაღაცაც აქვს. მაგალითად, ცალ-ცალკე ყოფნამ ერთმანეთის ნდობა გვასწავლა, გრძნობა კი უფრო მეტად გაღრმავდა.

მარიტა:

- 7 თვე 7 საუკუნედ მეჩვენებოდა. 24 საათი "სკაიპში" ვიყავით და მასთან ლაპარაკის გარდა, არაფერი მინდოდა. ამ ყველაფერს ცრემლებიც ხშირად ახლდა.

ზურა:

- ახლა სიტუაცია შეიცვალა: ჩვენ-ჩვენი საქმით ორივე უფრო მეტად დაკავებულები ვართ და ამიტომაც გვეჩვენება, რომ დრო შედარებით სწრაფად გადის.

- მარიტა, ზურას უყვარს სიურპრიზების მოწყობა?

- კი, ძალიან უყვარს და ეხერხება კიდეც. მაგალითად, ამას წინათ, დაბადების დღეზე თბილისში, ბიძასთან მომიხდა ყოფნა. ზურა ამერიკაში იყო, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ საჩუქარი გამიკეთა: თურმე, თაიგული შეუკვეთა, რომელიც ძალიან მაღალმა კაცმა შინ მოიტანა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ გამახარა მისმა ამ სიურპრიზმა.

ზურა:

- სიურპრიზები არ გამომდის, რადგან მარიტას სურს, ყველაფერი წინასწარ გაიგოს. ჰოდა, როცა ვცდილობ, რაღაც დავუმალო, იბუტება ხოლმე.

- რამდენი წელი აპირებ ამერიკაში დარჩენას და საერთოდაც, რა პროფესიას ეუფლები?

- მოგეხსენებათ, ახლა კოლეჯში დავდივარ, მომავალში კი უნივერსიტეტშიც ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, სამედიცინო კუთხით. ასე რომ, ზუსტად არ ვიცი, საქართველოში როდის დავბრუნდები. მგონი, ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც სამი წლის განმავლობაში ამერიკიდან ექვსჯერ ჩამოვიდა.

- მარიტამ იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო. ახლა მასზე უფრო მეტად ხომ არ ეჭვიანობ?

- მარიტას იმიჯი არასდროს დამიწუნებია, მაგრამ ახლა ძალიან მომწონს. ერთადერთი, რასაც მიმალავდა, ის გახლდათ, რომ თმა შეიჭრა და შეიღება. იცოდა, რომ მისი გრძელი და ბუნებრივი თმა ძალიან მომწონდა და როცა ვარცხნილობა შეიცვალა, "სკაიპში" მთელი კვირა არ გამოჩენილა, მხოლოდ ტელეფონით ვეხმიანებოდით ერთმანეთს. ბოლოს, როცა მისი ჟღალი თმის ნახვის შესაძლებლობა მომეცა, მხოლოდ ის ვკითხე: - "სად წავიდა ძველი მარიტა?!" თქვენ არ იცით, როგორი სიხარულით მწერდა, თუ როგორ იკლებდა კილოგრამებს...

- მარიტა, არ შემიძლია, არ გკითხო შენი და "მისტერ ვალენტინის" რომანის შესახებ. ხალხი ამბობდა, რომ მის გამო ზურა მიატოვე და ამის დასტურად, შენს ახალ რჩეულს ტუჩებში სახალხოდაც აკოცე...

- ადამიანი, რომელზეც ახლა კითხვა დამისვით, ჩემი მეგობარია. ერთ-ერთ სასტუმროში ჩვენება გაიმართა, რომელშიც ის მონაწილეობდა, მე კი ამ ჩვენებაზე ჟიურის წევრი ვიყავი. ყველაფერი რომ დასრულდა და შედეგები უნდა შეგვეჯამებინა, ცოტა ხნით სკამზე ჩამოვჯექი, ჩემ გვერდით კი მახო იჯდა. გადავუჩურჩულე: - დღევანდელ საღამოზე რას ფიქრობ-მეთქი?.. ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერდნენ: "მისტერ ვალენტინი" და მარიტა ერთმანეთს სახალხოდ კოცნიდნენო. იქ უამრავი კამერა იყო დამონტაჟებული და თუ მართლა "ასეთ ამბებში" ვიყავით, დავიჯერო, კადრები ვერ დააფიქსირეს?! ჩვენზე გავრცელებულმა ჭორმა ყველაზე მეტად, გული იმიტომ მატკინა, რომ ჭორიკანებს ზურა ცუდად ჰყავდათ მოხსენიებული და წერდნენ: "სკაიპმა" ვერ გაამართლაო... ზურამ ეს სტატია რომ წაიკითხა, დამირეკა და მკითხა, - რა ხდებაო? საბედნიეროდ, მას ჩემი სჯერა, მე კი ყველაფერი ავუხსენი.

- ე.ი. ეჭვიანი არ არის...

ზურა:

- არის საკითხები, რაზეც კითხვები მიჩნდება და ამ კითხვებზე შესაბამის პასუხს მოვითხოვ ხოლმე, ეს კი ეჭვიანობა არ არის. ვფიქრობ, მსგავსად რომ არ ვიქცეოდე, მაშინ ადამიანი არ უნდა მაინტერესებდეს.

მარიტა:

- ზურასგან განსხვავებით, მე საოცრად ეჭვიანი ვარ. ჰოდა, ახლა მის ჯგუფელებს "დავერიე". არ მომწონს, სოციალურ ქსელში თბილ სიტყვებს რომ სწერენ.

- დაოჯახებას არ აპირებთ?

ზურა:

- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობთ. არ მაქვს ისეთი სამუშაო, რომლის წყალობითაც ოჯახის რჩენა იქნება შესაძლებელი.

მარიტა:

- როცა გაქვს საშუალება, ისწავლო, იშრომო და უკეთესი მომავალი შეიქმნა - ეს დრო აუცილებლად, მხოლოდ ამისთვის უნდა გამოიყენო. არ მესმის იმ წყვილების, რომლებიც ამბობენ: - ოღონდ ოჯახი შევქმნათ და არ ვდარდობთ, თუნდაც "თოხის ტარზე" ვიცხოვროთო. ზურას აქვს შანსი, ბევრს მიაღწიოს და არც მე გავრბივარ მისგან...

- ამერიკაში წასვლაზე არ გიფიქრია?

- კი, ეს მეც ძალიან მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ მოვახერხებ, რადგან ალბომი უნდა ჩავწერო და კლიპი გადავიღო. იქ რომ წავიდე, თავის დასამკვიდრებლად, ყველაფერი ნულიდან მექნება დასაწყები, ამისთვის კი მზად არ ვარ...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- სწავლას უნივერსიტეტში ვაგრძელებ და ქუთაისის მერიაშიც ვმუშაობ. ვმონაწილეობ კორპორაციულ საღამოებში, რომელიც მეტ-ნაკლებად შემოსავლიანია. რატომღაც, ჩემი ალბომის ჩაწერა გაიწელა და ახლა უნდა გავარკვიო, რა ხდება?!.

- "ჯეოსტარში" გამარჯვების შემდეგ, საჩუქრად, მშენებარე კორპუსში ბინაც გადმოგეცა. მშენებლობა უკვე დასრულდა?

- კონტრაქტში წერია, რომ ბინა მშენებლობის დასრულებისთანავე გადმომეცემა. არც ის ვიცი, რომელი სართულია და არც ის - რამდენი კვადრატული მეტრი. მოკლედ, ისევ ბინის მოლოდინში ვარ, უფრო სწორად, უკვე დამავიწყდა, საცხოვრებელი ფართობი რომ უნდა მქონდეს.

- შეყვარებულ წყვილებს რას ურჩევდით?

- რაც შეიძლება ნაკლებად იეჭვიანონ საყვარელ ადამიანზე - ეს გრძნობა სიყვარულს ანადგურებს. ვიცი, ზოგჯერ ზედმეტი მეც მომდის და მინდა, სახალხოდ ვთქვა: - "ზურა, მაპატიე!"

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება