მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი-ლეიტენანტი

მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი-ლეიტენანტი

"ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ, ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს", - მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტის, მირზა გელოვანის ფრონტიდან გამოგზავნილი წერილიდან.

რამდენიმე დღეა, საქართველო ავღანეთში ვაჟკაცურად დაღუპულ ქართველ ბიჭებს გლოვობს. სამწუხაროდ, თუმცა ჩვენს საამაყოდაც, საქართველოს ისტორიაში ასეთი გმირობის ბევრი მაგალითია, არც ქართველების უცხო მიწაზე დაღუპვაა გამონაკლისი. სწორედ რომ დაემთხვა: "გზის" ამ ნომერთან ერთად, "ჩემი რჩეული" II ომში გმირულად დაღუპული ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის შემოქმედების ერთტომეულს გთავაზობთ.

დღეს მირზა გელოვანი 96 წლის იქნებოდა. მის სახლ-მუზეუმს თიანეთში სიძველე ძალიან შეჰპარვია და ხელისუფლების დახმარებას აშკარად საჭიროებს. იქაური ქალბატონი, ციცინო გაბიდაური 24 წელიწადია, სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობს და თითქოს პოეტის ოჯახის წევრადაც კი იქცა ან პირიქით - მირზა გელოვანი გახდა მისი ოჯახის წევრი. მირზაზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონზე ლამის საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ეჭვიანობენ, საყვედურობენ, ჩვენზე მეტად მის სულსა და დანატოვარ სახლ-კარზე ზრუნავო. არადა, ასეთი თავგამოდება რომ არა, ბოლო წლების საქართველოს მძიმე ყოფას იმ ულამაზესი ეზოდან და პოეტის სახლ-კარიდან ვინ იცის, არაფერი დარჩებოდა.

წლებია, ამ კარ-მიდამოში სახალხო დღესასწაული - "მირზაობა" იმართება; წლებია და, საბედნიეროდ, დღემდე, ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს, 5 საათზე ეს ეზო ქალბატონი ციცინოს თაოსნობით, ლიტერატურულ საღამოებს სახელწოდებით "მთაში გაბნეული მარგალიტი" მასპინძლობს. წლების განმავლობაში სტუმრობდნენ და ახლაც სტუმრობენ ამ საღამოებს პატივსაცემი ადამიანები, მელექსეები, მოსწავლეები, ცნობილები თუ უცნობები, ჩამოსულები თუ ადგილობრივები...

ციცინო გაბიდაური:

- თიანეთელებს ძალიან უყვართ მირზა გელოვანი, ლამის ერთმანეთს ეცილებიან ამ სიყვარულში. ადრე, როდესაც მუზეუმში ქალაქის ტელეფონი არსებობდა, აქაურები რომ რეკავდნენ და ვთქვათ, ვკითხავდით, - სად რეკავთო? მუზეუმში ვრეკავთო, კი არ გვპასუხობდნენ: მირზაანთაო! ასე რომ, მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი თიანეთის ოჯახის წევრია მირზა. მისი თაობიდან თითქმის აღარავინ შემორჩა ახლომახლო, სოფლებში სიმონიანთხევსა და ნაქალაქარში - კი ცხოვრობს თითო-ოროლა მისი თაობის, მაგრამ ნაკლებად ურთიერთობენ ჩვენთან. აქ ვინც ცხოვრობდნენ, მირზას მეგობრები, თანაკურსელები, ყველას ვიცნობდი და ბევრი რამ მოუყოლიათ კიდეც ჩემთვის. მირზას მამა, გედეონ გელოვანი მას შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად თელავიდან თიანეთის რაიონში, რაც ცოლად მირზას დედა, ევა მაჩურიშვილი შეირთო, მაჩურიშვილებს ჩაესიძა. თვითონ მირზა ნაქალაქარში დაიბადა, მაგრამ ოჯახი ამ სახლში ცხოვრობდა, სადაც დღეს სახლ-მუზეუმია და მირზას 7 და-ძმაც აქ დაიბადა.

- მოდი, ამჯერად ჩვენი მკითხველისთვის არა მხოლოდ ლექსებით, არამედ მისი მეგობრების მონათხრობით გავაცოცხლოთ მირზა გელოვანი. როგორი იყო, როგორ ცხოვრობდა?

- კარგი ბავშვი იყოო, - ასე ახსოვთ. მამამისი იმ პერიოდისთვის ძალიან განათლებული კაცი ყოფილა, ეკონომისტად მუშაობდა. ამბობდნენ, თამამად ვერ ვურთიერთობდით გედეონთან, ჩვენი მშობლებიც კი ვერ უსწორებდნენ თვალს, ჩოხის კალთაზე უყურებდნენო. მირზას დედაც - ევა შეძლებული ოჯახიდან ყოფილა, ამიტომ გელოვანების სახლ-კარს მუდამ საპატიო ხალხი სტუმრობდაო. აქაურობას დღემდე არ მოვუშალეთ ეს ტრადიცია და თიანეთის ყველა სტუმარს უპირველესად აქ ვიღებთ. ასეთ გარემოში აღზრდილი მირზა კი ძალიან თამამი, ამაყი, ამავე დროს, თავნება და ონავარი ბიჭი ყოფილა. სუსტი ჯანმრთელობა ჰქონია და მისი გაკაჟება ბიძას უკისრია - 9 წლისას თოფის სროლა ასწავლა და 13 წლისა გამოცდილ მონადირეებთან ერთად მიუვალ მთებში დადიოდა დათვებსა და მგლებზე სანადიროდ. იმ პერიოდში ლექსებსაც წერდა. პირველი ლექსი სულაც, 4 წლის ასაკში დაწერა, ლიტერატურულმა საზოგადოებამ კი 18 წლის ასაკში გაიცნო.

- როგორც ვიცი, ბავშვობაში სახელად მირზას არ ეძახდნენ, სინამდვილეში ხომ რეზო ერქვა?

- ნამდვილად რეზო ერქვა, მაგრამ... მოკლედ, ტექნიკუმის თანაკურსელი შეუყვარდა, თიანეთელი მარიამ ცალუღელაშვილი და ცოლად გაყოლა სთხოვა. იმხანად კი შეიძლებოდა 16 წლის ასაკში ქალის გათხოვება, მაგრამ აქაური ტრადიციისამებრ, ჯერ მირზასთან ერთად, მისი მშობლები უნდა მისულიყვნენ მარიამის ოჯახში ხელის სათხოვნელად. მირზა დედასთან ძალიან მორიდებით იყო, თქვენობითაც კი მიმართავდა და ქალისთვის ხელის სათხოვნელად გამომყევიო, ამის თქმა ვერ გაუბედა. ამიტომ საკუთარ დედასთან შუამავლობა მეზობელს, შალვა სისაურს სთხოვა. შალვამ ვერ შეუსრულა მირზას თხოვნა და ეს ამბავიც ჩაიშალა. მისი ახლობლები ჰყვებოდნენ, კარგა ხანს დადიოდა მირზა დადარდიანებული, ჩაფიქრებული და სულ რაღაცებს ჯღაბნიდა ფურცელზე. ერთხელ მეგობარს უკითხავს, რას წერო და უჩვენებია: ცოლად ვერ მომყავს და ფურცელზე მაინც შევაერთო "მარიამი" და "რეზო", მინდა, ჩემს ფსევდონიმად გამოვიყენო და ვარიანტებს ვარჩევო. წერდა: "მირმარ", "მარმირ"... საბოლოოდ კი, "მირზა" დატოვა და ასეც გაეცნო საქართველოს. მარიამი მისი პირველი სიყვარული იყო და ცხადია, ლექსებსაც უძღვნიდა. ორჯონიკიძეში იყო, მარიამის გათხოვების ამბავი რომ შეიტყო. ძალიან განიცადა და მაშინ დაწერა "მწყემსის მუქარა", რომელსაც თავდაპირველად, "ჩემი მუქარა" დაარქვა და მოსწერა კიდეც მარიამს: "დამაცადე, ნატყვიარში დავიფინო ბალახი,/ კვლავ ვიხილო მთები ქარში, ჩემგან გადანალახი./ გაგიტაცო, ლურჯა მალი მიგვაფრენდეს მალვითა,/ მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა..." მარიამს ძალიან კარგი ოჯახი ჰყავდა, მისი შვილები ქუთაისში ცხოვრობენ; ერთ-ერთმა, ქალბატონმა თამარმა გვიამბო, დედას სიკვდილის წინ, სულს რომ ლევდა, მირზა გამოეცხადა, სულ მის სახელს ახსენებდა, მერე კი თქვა, მირზა მოვიდა და უნდა გავყვეო...

- რაკი მირზას სიყვარული ვახსენეთ, მისი ლექსების ადრესატი ვინმე ნინოც ხომ იყო?

- კი, ნინო ახვლედიანი უყვარდა. ეს ბავშვობის სიყვარულად აღარ ითქმის, რადგან ჯარში წასვლის წინა პერიოდს უკავშირდება. თუმცა მანამდეც უყვარდა ერთი გოგონა, პოეტ ალაზა ხაიაურის და - სარა. სარა სოფელ დულუზაურების სკოლის პედაგოგი გახლდათ, მეტისმეტად ამაყი და თავმომწონე ძმები ჰყავდა და სოფელში მის მოსანახულებლად ჩასულ მირზას სარასთან დალაპარაკების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. თუმცა მერე თვითონ ხაიაურებისგან შევიტყვეთ, რომ ბევრი ლექსი მიუძღვნია მირზას სარასთვის. თუნდაც "თმები შოლტები" - "ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით/ გამახსენდება თმები შოლტები./ როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,/ მაინც მივდივარ, მაინც გშორდები..." ფაქტობრივად, მირზასა და სარას სიყვარული მაინც "შორით ალვა, შორით დაგვა" იყო - ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ და მხოლოდ წერილებით ეხმიანებოდნენ. ქალ-ვაჟის წრფელი სიყვარულის ნიმუშია ეს მოკრძალებული წერილები, რომელიც ჩვენს მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება ნინო ახვლედიანს, ის შოვში გაიცნო, სადაც სუსტი ჯანმრთელობის გამო მოუწია ჩასვლამ. იმხანად 21 წლის იყო. ნინოსთან ორთვიანი ურთიერთობის შედეგია საინტერესო რომანი "ასფურცელა და ოქროსთმიანა". მოგვიანებით კი, უკვე პროფესორმა ნინო ახვლედიანმა ულამაზესი მოგონება მიუძღვნა თავის სიყვარულს მირზასთან და ეს მოგონება ლიტერატურაში ნინო ლედიანის ("ლედიანი" ნინოს ფსევდონიმი იყო) მოგონებადაა ცნობილი...

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, შებინდებისას ჩვენს მუზეუმს ოთხი ქალბატონი ეწვია. გავუძეხი მათ და ყველაფერი დავათვალიერებინე. ვხედავდი, როგორ ესათუთებოდნენ და ეფერებოდნენ პოეტის ხელშენახებ ყველა ნივთს და ბოლოს "შთაბეჭდილების წიგნში" რაღაც ჩაწერეს. იმწამს არ წამიკითხავს, რომ გავისტუმრე, მერე ჩავხედე და რამდენიმე თბილ სიტყვასთან ერთად დაეწერათ: "ჩემო მირზა, სანამ შენი თაობა ცოცხალი ვართ, შენ დავიწყება არ გიწერია"... თურმე ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემს მონათხრობს თვალცრემლიანი უსმენდა, მირზას სიჭაბუკის პერიოდის მეგობარი, ნათელა ბერძენიშვილი ყოფილა. მისი სახელი და გვარი კარგად ვიცოდი და წიგნში ამოვიკითხე თუ არა, მაშინვე დავედევნე სტუმრებს... მირზა ძალიან პოპულარული იყო, რადგან ბუნებაც შესანიშნავი ჰქონდა, განათლებაც და გარეგნობაც, ამიტომ ძალიან დიდი და კარგი სამეგობრო ჰყავდა - ქალბატონებიც და მამაკაცებიც. ამიტომ უყვარდა ბევრ ქალბატონს, ხშირად დაფარული იყო ეს გრძნობები და წლების შემდეგ, მირზას ცხოვრების კვლევის პერიოდში ამ ქალბატონების შვილები გვიმჟღავნებდნენ. ლაპარაკობდნენ მისი და თინა მაქსიმელაშვილის, ასევე ნელი ამაშუკელის სიყვარულზე. ვფიქრობ, ზოგი რამ გადაჭარბებულიცაა და მირზას პოპულარობამ და შემდეგ - ნაადრევმა და ტრაგიკულმა სიკვდილმა გამოიწვია ამდენი ლაპარაკი... სხვათა შორის, მირზა ძალიან კარგად ხატავდა და მისი მეგობარი, თინა ოჩიაური ძალიან უწონებდა ნახატებს. მირზა ფანდურზეც უკრავდა და ამბობენ, ძალიან კარგადაც მღეროდაო. საერთოდ, მისი ოჯახი იყო მუსიკალობით გამორჩეული: ყველანი მღეროდნენ, უკრავდნენ, ხოლო მისი და - როენა საოპერო თეატრის სოლისტიც კი იყო.

- რა სამწუხაროა, რომ მირზა გელოვანის საფლავი საქართველოში არ არის. როგორც მახსოვს, ბელორუსიაშია, ვიტებსკის ოლქში...

- კი, ეგრე არის: ბეშენკოვიჩის რაიონია, სოფელ სანიკთან ახლოს, რჟავკის საძმო სასაფლაოზე. ბელორუსებმა საკმაოდ პატივი მიაგეს მათ მიწაზე გმირულად დაღუპულ ქართველ ჭაბუკს: შესანიშნავი საფლავი გაუკეთეს წარწერით: "აქ დაკრძალულია ლეიტენანტი მირზა გელოვანი" და უვლიდნენ კიდეც. ადრე საქართველოდან ხშირად იგზავნებოდა დელეგაციები ბელორუსიაში, ქართველი პიონერებიც ჩადიოდნენ მირზას საფლავზე. ქართული მიწაც ჩაუტანეს და მიაყარეს საფლავს. მახსოვს, მირზას პოეზიაზე შეყვარებული ჩვენებური კაცი, გაზეთ "თიანეთის" მთავარი რედაქტორი თემო ცალუღელაშვილი ახალგაზრდობაში მარტოდმარტო, ზურგჩანთამოკიდებული გაემგზავრა ბელორუსიაში და საფლავზე ღამე გაუთენა პოეტს, უკან დაბრუნებულმა კი ულამაზესი ჩანახატი მიუძღვნა ამ ამბავს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თითოეული თიანეთელის, კიდევ ბევრი ქართველის ნატვრა ვერ ასრულდა და მირზას გადმოსვენება ვერ მოხერხდა. ნეტავ, ოდესმე მაინც დაადგეს საშველი მისი ნეშტის გადმოსვენებას.

პ.ს. "მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე" (ფრაგმენტი მირზას ფრონტიდან გამოგზავნილი წერილიდან).

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს