ნანუკა ჟორჟოლიანი: "მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია, ახლა თუ გვექნება, ლონდონს ავირჩევ"

ნანუკა ჟორჟოლიანი: "მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია, ახლა თუ გვექნება, ლონდონს ავირჩევ"

ნანუკა ჟორჟოლიანს მოგზაურობა ძალიან უყვარს და ეს მის გადაცემასაც ეტყობა - ხშირად მოგზაურობს გადამღებ ჯგუფთან ერთად და ამა თუ იმ ქვეყანაში გადაღებულ რეპორტაჟებს გვთავაზობს. ამბობს, რომ ამ სიამოვნებისთვის ფული არასდროს ენანება. ჟურნალისტი პირველ მოგზაურობას სიამოვნებითა და ხალისით იხსენებს. მისი საყვარელი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი ყოფილა...

თურქეთი

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ვგიჟდები. ამ სიამოვნებისთვის ფულის დახარჯვა არასდროს მენანება. მამაჩემთან ერთად, ადრეული ასაკიდან დავდიოდი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება, როცა დასასვენებლად ანტალიაში მე, ნინო შუბლაძე და კიდევ ერთი ჩემი მეგობარი წავედით. ავტობუსით დიდხანს ვიარეთ და სამვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით. საოცარი ის იყო, რომ ცოტა ფული გვქონდა, მაგრამ თითქმის ყველა სურვილის ასრულება შევძელით - შოპინგზეც კი დავდიოდით. თუ ერთდროულად ბევრი დამსვენებელი იღებდა შხაპს, მაშინ ჩვენს ნომერში წყალი წყდებოდა და იყო გადაძახილები - დაკეტეთო. ამ დროს პირველ მეუღლესთან გაშორებული ვიყავი. დაახლოებით 3 წლის შემდეგ, უკვე ირაკლისთან ერთად, ისევ ანტალიაში წავედი და ისევ იმ სასტუმროში დავბინავდით.

მენეჯერთან უკვე დამეგობრებულები ვიყავით და იცოდა, რომ მატერიალურად არ გვიჭირდა. თანაც, ძვირად ღირებულ რესტორნებში, მაღაზიებსა და ბარებში დავდიოდით და უკვირდა, რატომ ვცხოვრობდით ამ სამვარსკვლავიან სასტუმროში. უბრალოდ, შეჩვეულები ვიყავით და მასთან ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებდა. წამოსვლისას ისიც კი გვკითხეს, - ძებნილები ხომ არ ხართო?.. თურქი მამაკაცები ყველაზე მაგრები არიან. მათ იციან ქალის პატივისცემა. საერთოდ, აზიაში კარგი მასპინძლობა იციან... მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია. პირველად ერთად, ანტალიაში ვიყავით, თუმცა მაშინ შეუღლებულები არ გახლდით. ახლა თუ გვექნება თაფლობის თვე, ლონდონს ავირჩევ.

საფრანგეთი

- ევროპაში ყველგან ვარ ნამყოფი, გერმანიის გარდა. აზიის ქვეყნებშიც ბევრგან მიმოგზაურია. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მოგზაურობ. მარიამსა და ირაკლის ფრენის ძალიან ეშინიათ - პანიკაში ვარდებიან, მე კი მათი დამშვიდება მიწევს. 7 თვის ორსული პარიზში, ირაკლისთან, მის შვილებთან და მარიამთან ერთად ვიყავი. ეს პერიოდი არცთუ ისე კარგად მახსენდება: ვერ დავდიოდი, ცუდად ვიყავი, სულ ვიღლებოდი... საშინლად არ მომეწონა მათი სამზარეულო. თუ რომელიმე ქვეყნის სამზარეულო არ მომწონს, მარტივ გამოსავალს ვპოულობ: ყველა ქვეყანაშია ჩინური სამზარეულო და იქ მივდივარ. "მაკდონალდსიც" კარგია, მაგრამ ასუქებს. ფრანგი ქალების უმეტესობა "წვრილი", მაღალი და მოწესრიგებულია. ირაკლი პარიზსა და ლონდონზეა გაგიჟებული. თუ შესთავაზებ, სად წავიდეთო, გეტყვის - პარიზში ან ლონდონშიო. დიდხანს ფრენა არ შეუძლია, ნიუ-იორკში მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ ჩემი ოცნება იყო. სტრესში იყო ამდენი ფრენისგან. ამბობდა, - ეს ქალაქი მხოლოდ შენ გამო მომეწონაო. ხვდებოდა, დიდ ემოციებში ვიყავი. გიჟივით დავდიოდი ქუჩაში...

იტალია

- რომი უკავშირდება გაზაფხულს, დიდ სამეგობრო წრეს, ჩემი და ირაკლის ახალი ურთიერთობის ეტაპს. შესაბამისად, სულ სხვანაირად მახსოვს. იტალიელი ქალები ძალიან მომხიბვლელები არიან, ჩვენსავით მუქი ფერის ტანისამოსი უყვართ და სულ ქოთქოთებენ. იტალიაში საოცრად თბილი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მინდა სიცილიაში წასვლა. იმედია, ამ სურვილს ავიხდენ. რომსა და ლონდონში ყველაზე მეტ ნივთს ვყიდულობ ხოლმე. მილანში თუ გადაწყვეტ რამის ყიდვას, ისეთი "გრძელი" ფასი აწერია, შესაძლოა, მობილურის ნომერი გეგონოს. არ მიყვარს ძვირად ღირებული შოპინგი.

ინგლისი

- ლონდონი ჩემი სუსტი წერტილია, გამორჩეულად მიყვარს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ჩასვლისთანავე შენი ხდება. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, - ნიუ-იორკში არ ყოფილხარ, თორემ შენნაირ ადამიანს ის უფრო მოხიბლავდაო. ამერიკაში მოგზაურობისას მართლაც სუნთქვა შემეკრა, ცუდად გავხდი... სულ გიცინიან. იქ ხვდები, რომ ყველაზე მაგარი ხარ; მაგრამ თუ ოდესმე სადმე ვიცხოვრებდი, ეს ლონდონია. ვგიჟდები ამ ქვეყნის "ნაცრისფერ" ამინდებზე. "ჰაიდ-პარკის" წინ, სკოლაში ვსწავლობდი. შესვენება მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ ბალახზე ფეხშიშველი, წიგნებითა და საჭმლით ხელში ვატარებდი დროს და ვტკბებოდი სილამაზით. ამ ქვეყანაში განსაკუთრებული პარკებია. ხშირად სუნამო და მუსიკა ცხოვრების რაღაც ეტაპს მახსენებს - ასევეა ქვეყნებიც. 2005 წლიდან, ირაკლისთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად დავიწყე მოგზაურობა, რადგან ხალისიც მეტი მქონდა. მეგობრები ხშირად გვახლდნენ თან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო იყო. ლონდონში ყველაზე საქმიანი ქალები ცხოვრობენ. მახსოვს, სკოლაში ავტობუსით მივდიოდი. დავინახე, ქალმა ავტობუსშივე გაიხადა დაბალძირიანი ფეხსაცმელი და ქუსლიანი ჩაიცვა, რადგან სამსახურში მიდიოდა და ეტიკეტი ასე მოითხოვდა. მათ შეუძლიათ, მამაკაცური და ქალური სამოსი ერთმანეთს შეუხამონ და ძალიან მაგრად გამოიყურებოდნენ. უკრაინელი ქალების აღნაგობის მშურს. საქართველოში კი "მიქსია" - ყველანაირ ქალს გადააწყდებით. მალე ხანგრძლივი შვებულება მიწევს და ლონდონს 3 კვირით აუცილებლად ვესტუმრები. დღეში ორჯერ გავალ "ჰაიდ-პარკში", "ნოთინგ-ჰილზზე" ვისეირნებ ყოველდღე, "სტარბაქსის" ყავას დავლევ და აუცილებლად რომელიმე მიუზიკლზე წავალ.

პოლონეთი, ავსტრია

- "კურიერში" მუშაობისას, ყოფილა შემთხვევები - უცხო ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ არაფერი მინახავს. მაგალითად, პოლონეთში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, დასვენების საშუალება არ გვქონდა. ერთხელ გაგვიმართლა, ჩინეთში ყოფნის დროს, რაღაც ადგილების დათვალიერება მოვახერხეთ. ჩინელები ჭიანჭველებივით, თავისთვის დადიან, არ გიყურებენ, ყურადღებას არც კი გაქცევენ.

ვენაში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ვიზიტის დროს, მხოლოდ ერთ ქუჩაზე გასეირნება შევძელით მე და ნათია გოგსაძემ. როცა ამ ქალაქში მეორედ მოვხვდი, მეგონა, სხვაგან ვიყავი. წინა ვიზიტიდან არაფერი მახსოვდა.

- უცხო ქვეყნის სამზარეულოს სიამოვნებით აგემოვნებთ ხოლმე?

- ქართულ სამზარეულოზე ვარ მორგებული. ყველა უცხო კერძის ქართულთან დაახლოებას ვცდილობ. ეგვიპტეში ამოვიჩემე ბადრიჯნის სალათა მხოლოდ იმიტომ, რომ აჯაფსანდალს ვამსგავსებდი. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც მენიუში ყველაზე უცნაურს რასაც წაიკითხავს, იმას უკვეთს.

გართობა

- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, გართობა ან კულტურული ღონისძიებები მაქვს დაგეგმილი. მით უმეტეს მაშინ, როცა მარიამთან ერთად ვარ. ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მისი ასაკის გოგონასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს, მაგრამ ერთსა და იმავე ქვეყანაში მეორედ ან მესამედ ჩასვლისას რაღაც ახალს აუცილებლად აღმოვაჩენ ხოლმე. დუბაიში კვირაში ერთხელ რომ დადიოდე, ახალი შენობა აუცილებლად დაგხვდება. არის ქვეყნები, სადაც ზუსტად ვიცი, რომ ვიშოპინგებ და ასევე არის ქვეყნები, სადაც არაფერს ვიყიდი, მაგალითად - დუბაი. სუვენირები და მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს.

მივლინება

- ჩემი ვალია, მაყურებელს ბევრი რამ "ბრჭყვიალა" ფერებში ვაჩვენო, ვითომ ყველაფერი ასე იოლად მოიპოვება. ყველაზე კარგი გასვლა საბერძნეთში გვქონდა. ძალიან მაგარი ქვეყანაა. იქ გვქონდა იმის საშუალება, 3 დღე დაგვესვენა, რადგან გადაღებებმა წარმატებულად ჩაიარა. დუბაიში ისეთი დასივებული ჩავედი, პირველ დღეს დაგეგმილი გადაღება ჩაგვეშალა. ძალიან ცუდად ვიყავი. მექსიკაში გადაღებები ურთულესი იყო; იქიდან რომ დავბრუნდი, 2 კვირა რეაბილიტაციისთვის დამჭირდა. ინგლისურად არავინ მეტყველებს, რუსულზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. დიპლომატიური კორპუსი უსაფრთხოების გარანტიას არ გაძლევს და გეუბნება: არის უბნები, სადაც არ შემოგყვებითო. ჩვენ სადაც ვიყავით, იმ ქალაქიდან ძალიან შორს არის "სერიალების ქალაქი": იქ დღეში 5 ან 6 სერიას იღებენ. მთელი დღე კომენტარისთვის უნდა ელოდო და შესაძლოა, ვერ მოახერხო ჩაწერა და მეორე დღეს მოგიხდეს მისვლა. გადაცემების ჩაწერა სხვადასხვა ქვეყანაში ისევ გაგრძელდება. ახლო მომავალში ვგეგმავთ გასვლას და ახალ სეზონზე მაყურებელი მსგავს შოუებს კვლავ იხილავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები