რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი

ხონის სამკურნალო დაწესებულებაში დავით ჭ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროებმა ჟურნალისტებისთვის დამატებითი კომენტარები გააკეთეს. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ განმარტა, დავით ჭ. პატიმრად აღარ ითვლებოდა.

"ეს ადამიანი პატიმარი ფიზიკურად ვერ იქნებოდა, რადგან ხონის სამკურნალო დაწესებულება არ ეკუთვნის სასჯელაღსრულების სისტემას. ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, 16 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იქნა გაშვებული სამხარაულის სახ. ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული დასკვნის საფუძველზე სამკურნალოდ. 16 მაისიდან ეს ადამიანი აღარ ირიცხება მსჯავრდადებულებში. ის არის ჩვეულებრივი პაციენტი, არ არის პატიმარი", - განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე განმარტა, რომ კანონის მიხედვით, ციხიდან კლინიკაში გადაყვანილ პირებს უტარდებათ ექსპერტიზა 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ და თუკი ექსპერტიზის თანახმად, ადამიანი არის ჯანმრთელი, ის ბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა სანამ დასკვნა დაიდება, არ ირიცხება პატიმრებში და არის ჩვეულებრივი სამოქალაქო პაციენტი.

კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თამარ ბოდოკიამაც.

"ჯანდაცვის სამინისტროში ამ პაციენტთან დაკავშირებით განცხადებაც კი არ შემოსულა. ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს და ასე მოხვდა პაციენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში. როგორ მოხვდა ეს ადამიანი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ამაზე პასუხს ჯანდაცვის სამინისტრო არ და ვერც აგებს. რატომ მოხვდა ხონის ფსიქიატრიულში, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს არც პრეროგატივა აქვს და არც პასუხი უნდა მოეთხოვოს", - განაცხადა ბოდოკიამ.

ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება პატიმრის ფსიქიატრიულში გადაყვანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეკითხვას სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ უპასუხა.

"ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა სასამართლოს და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად ეს მსჯავრდადებული გადაიყვანონ სამკურნალოდ. ეს მოხდა 16 მაისს. 16 მაისიდან ეს მსჯავრდადებული აღარ არის მსჯავრდებული - ის არის ჩვეულებრივი პაციენტი", - განაცხადა კორძაიამ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, - თუ ვინ დანიშნა ექსპერტიზა, კორძაიამ განაცხადა, რომ ექსპერტიზა დაინიშნა სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო სამსახურის მიმართვის საფუძველზე.

გარდაცვლილის ახლობლები გლდანის დაწესებულების ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დამ განუცხადა, ხონის დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა არ შეიძლებოდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.

მისივე თქმით, პატიმრის მკურნალობა მხოლოდ ხუდადოვზე და ქსნის დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, რაც გლდანის დაწესებულების ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა. პატიმარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ტრანსპორტირებაც საფრთხეს შეიცავდა.

"სოზარ სუბარის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხი ჯერ კიდევ არ მოგვსვლია. განცხადებაში მინისტრს მივწერეთ, რომ პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია და დაგვხმარებოდა, მისი ქსნის ან ხუდადოვის კლინიკაში გადაყვანაში. ციხეებში ჯერ კიდევ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ გვგონია. ადამიანის სიცოცხლე წამებს და წუთებს ითვლის. ამ მთავრობას ეს არ უნდა ეშლებოდეს. პატიმრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეგონა, რაღაც სამართალი არსებობდა", - განაცხადა გარდაცვლილის დამ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ